x
მეტი
  • 18.11.2019
  • სტატია:96651
  • ვიდეო:343692
  • სურათი:458554
"შენ იარე და გზა გამოჩნდება" - ინტერვიუ გიორგი სისაურთან
გიორგი სისაური 22 წლის კალიგრაფი და ხუთი წიგნის ავტორია,

14 წლის ასაკში ლუვრის ექსპერტებმა მისი ხელნაწერები შედევრებად გამოაცხადეს, თვითონ გიორგი კი-ვირტუოზად.
ის, ასევე, თანამშრომლობდა "შანელის" მოდის სახლთან-ამზადებდა ღია ბარათებსა და მოსაწვევებს ექსკლუზიური სტუმრებისთვისა და პარტნიორებისათვის. როგორც თვითონ აღნიშნავს, 50-მდე ჩაწერილი ინტერვიუდან ეს საუკეთესო და ყველაზე გულწრფელია:



image



-მოგესალმები გიორგი, პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ შენნაირი ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდები გვყავს... საზოგადოება ნაწილობრივ იცნობს შენს შემოქმედებას, მაინტერესებს, გაქვს თუ არა რაიმე სიახლე...



-მოგესალმებით, იშვიათია ხოლმე არანორმალრად გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ჩემი სურვილით დავჯდე და ხელნაწერები შევქმნა იმ ტექსტების მიხედვით - რისი გადაწერაც მსურს, ვინაიდან მსხვილ დაკვეთებს როგორც წესი ძალიან დიდი დრო მიაქვს. ის, რასაც ადამიანები უყურებენ და რაც აღაფრთოვანებთ მათ - ჩემი ხელნაწერის სისადავე, დახვეწილობა თუ ვირტუოზული შესრულება შიგნით ჩადებული კონცეპტებითა თუ სიმბოლოებითურთ - ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ერთი საზედაო ასოს შექმნა 12 საათიდან 2-3 დღემდე თავაუღებელ შრომას საჭიროებს. სწორედ ამ ყველაფრის გამო (დაკვეთების გამო) ყურადღების მიღმა მრჩებოდა ის, რისი შექმნაც მსურდა. ახლა კი სწორედ ის ეტაპი მიდგას ცხოვრებაში, როცა გადავწყვიტე მეტი ყურადღება „შემოქმედის შთაგონებას“ დავუთმო და შევქმნა ტექსტები, რომელზე მუშაობაც ყოველთვის მსურდა. მათ შორის ვაპირებ გადავწერო ჩემი ნაწარმოები, არქაული ენით დაწერილი თეოსოფიური და ჰიმნოგრაფიული პოემა „სიცოცხლის ყვავილი“, რომელიც გაჯერებულია სიმბოლოებით და წარმოადგენს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების „აპოკალიპსის“ ინტერპრეტაციას.



image



-როდის შექმენი პირველი ხელნაწერი და სად ინახება იგი?



-პირველი ხელნაწერი რაც შევქმენი იყო ჩემივე ნაწარმოები. 14-15 წლის ასაკში. რაც შეეხება ხელნაწერებს, რომელიც მას შემდეგ შემიქმნია მობნეულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ევროპაში, აზიასა თუ ამერიკაში. ეს ხელნაწერები ინახება გალერეებში, მუზეუმებში და კერძო კოლექციებში. მაგალითად, პაპ ფრანცისკე I - ისთვის შექმნილი ხელნაწერი ვატიკანშია დაცული. რაც შეეხება სასულიერო ტექსტებს - ხშირად მიწევდა ტროპარ-კონდაკებისა თუ სხვადასხვა ლოცვანის გადაწერა.



image



-გარდა ქართულისა რომელ ენებზე გაქვთ ხელნაწერები შექმნილი?


-დამწერლობები ყოველთვის იყო ჩემი გატაცება - იქამდე სანამ ჩემს ერთ-ერთ პროფესიად არ იქცა. ხელნაწერები შემიქმნია ბერძნულ, არაბულ, ივრითულ, ლათინურ, გოთიკურ დამწერლობებზე - მათ შორის ჰინდზეც.




-ასეთი ახალგაზრდა არქაულ ქართულ ენაზე წერთ წიგნებს. რატომ გაგიტაცათ და დაგაინტერესათ ოკულტიზმმა, საკრალურმა გეომეტრიამ? შესაძლოა კალიგრაფიის მიხედვით ადამიანის შეცნობა?


-ძველი ენა ჩემთვის ის ქართულია, რომელსაც მე ცოცხალ ენას ვუწოდებ. იგი გაჯერებულია განსაკუთრებული, შეურყვნელი ენერგეტიკითა და სიბრძნით. ენა, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, თან მოსასმენადაც ძალზედ სასიამოვნოა, ჰარმონიულია. ეს არის ჩვენი დედა ენა! და არა დღევანდელი ქართული, რომელიც თავის თავს სამწუხაროდ აღარ ჰგავს. მას ”სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია” და მე ამ ენით ვაზიარებ მსმენელს თეოსოფიურ პოეზიას. ამ ენით ვადიდებ უფალს და მთელ ზეციურ სამყაროს. ეს არის ჩვენი საუნჯე! ამ ენით ვართ თანაზიარნი უფალთან! ამ ყველაფრის გათავისება, ვფიქრობ ყოველი ჩვენგანის ვალია. ჩემი თვითმიზანი ყოველთვის იყო ამ წმინდა ენის აღორძინება - არქაული ქართულის, რომელსაც ყოველთვის ღმერთების ენას ვუწოდებდი. ვერავინ იტყვის როგორია შემოქმედებითი პროცესი, რადგან ასეთ დროს მთელი არსებით ვერწყმი სამყაროსა და პირველსაწყის ენერგიას, ასეთ დროს ქრება რაციონალური მიმართებები შენსა და სამყაროს შორის, და რჩება მხოლოდ ის, რაც ამოძრავებს ყველაფერს. შემოქმედის შთაგონება დაუშრეტელია, და როდესაც ადამიანი ასეთი ხარისხის შემოქმედებას კიდებს ხელს, მაშინვე იპყრობს ეს ენერგია მათ. ქართული ენის დღევანდელი სახე - წიაღიდან გამოსვლას ჰგავს, მე კი ვცდილობ ის პირველსაწყის სათავეს დავუბრუნო.

რაც შეეხება ოკულტიზმსა თუ საკრალურ გეომეტრიას - ჩემთვის ის სამყარო სადაც ვმოღვაწეობ, სავსეა ინფორმაციული ველებით, რომელსაც ან ვამჩნევთ, ან ვერა. ან ვითავისებთ, ან ვატარებთ. მიუხედავად ჩემი ქრისტიანული მრწამსისა, ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თვალსაწიერი განმევრცო და მიმეღო ინფორმაცია იმ ყველაფრის შესახებ, რასაც კი მოუღწევია ჩვენამდის სამყაროს მისტიკური გამოცდილების კვალდალვალ. ამიტომაც ვცდილობდი ღრმად ჩამეხედა ისეთ სფეროებში, როგორიც არის, რელიგიები, ასტროლოგია, ასტრონომია, ეზოთერიკა, ოკულტიზმი, ეკუმენიზმი, კაბალისტიკა, საკრალური გეომეტრია თუ სხვა. ამოუწურავია ღვთაებრივი ენერგიის ნაირგვარობა, როდესაც ის სიტყვისა თუ ფორმის სახით აღწევს მატერიალურ სამყაროში - და როდესაც ამ ყოველივეს ადამიანი ითავისებ, ხვდები, რომ ღმერთი ჩვენშია და ჩვენ ვართ მისი ნაწილი - და აღარ დავეძებთ მას ბრმად და ხელების ცეცებით სადღაც, ზეცის მიღმა. თუმცა ერთია - ასეთი ცოდნის მიღება ზოგისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

კალიგრაფიის მიხედვით ადამიანის ფსიქოტიპაჟის გამოცნობა რთულია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დედა და და ფსიქოლოგები მყავს, არასდროს ყოფილა ეს სფერო ჩემთვის უცხო. და მათ შორის არც ადამიანთა ფსიქოტიპის დადგენა.



image



- ხელოვანებს ეძნელებათ საზოგადოებასთან ურთიერთობა, მათთან საკუთარი თავის გაიგივება, ხომ არ გიჭირთ „უბრალო მოკვდავებს“ შორის ცხოვრება?


-ყველანი "უბრალო" მოკვდავები ვართ, მაგრამ თუ ცოტახნით მაინც დავივიწყებთ, რომ ხორცის სამოსელში ვართ ჩაკეტილები და გარდა ხორცისა, გვაქვს სული -რომელიც "მარადიულის" ნაწილია - სიტყვა "უბრალო" მაშინვე გაქრება ჩვენი შინაგანი ცნობიერებიდან. (თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ უბრალოება ყველაზე ძვირფასი სამკაული, სამშვენისია სულისა). მყავს საოცარი მეგობრები, (მცირე წრე, რა თქმა უნდა), რომლებიც ამ ყველაფერში ჩემთან ერთად ცხოვრობენ, მყოფობენ. ვცდილობ მათ ის სამყარო შევთავაზო, რომელშიც მე მიწევს ცხოვრება, დავანახო ის "არარეალური რეალობა" რაზეც ვსაუბრობდი. არსებობს სამყარო "უთვალავი ფერითა" და გამოვლინებით, რომელსაც მატერიალური თვალით ვერ ვხედავთ. ყოველი დღით ვცდილობთ გავულამაზოთ ცხოვრება ერთმანეთს, გავაღიმოთ ერთმანეთი, დავაფიქროთ, ახალი შრეები გავხსნათ, ერთად ვეძიებით ამ უკიდეგანო სამყაროს. თუმცა ყოველთვის მაქვს დრო იმ სამყაროსთვის, რომელიც ჩემშია ჩანერგილი და რომლის მეშვეობითაც ჩემს "არამატერიალურ მეგობრებთან" ვმეგობრობ. რომელთაც "ჩემს ლურჯ ანგელოზებს" ვეძახი. ასეთი ცხოვრება კი იმაზე საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ურთიერთობები...



image



-საკმაოდ პატარას, 15 წლის ასაკში დაგიწერიათ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა „მათხოვრის დღიურები“, რამ შთაგაგონათ მისი დაწერა და გწამთ თუ არა ბედისწერის?


-არასოდეს ვიცი საით გამიტაცებს კოსმოსის ხმა, შესაბამისად გამიჭირდება პასუხის გაცემა კითხვაზე - თუ რამ დამაწერინა ეს ნაწარმოები.

რათქმაუნდა ბედისწერის მწამს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავად წერენ თავიანთ ბედს. ან ცვლიან თავიანთ ბედისწერას. მთავარი ადამიანის ცხოვრებაში ქმედებაა - რომ არასოდეს ჩაქრეს ის სხივი, რომელიც ჩანერგილია ჩვენში. ასეთნაირად ვიტყოდი: საკუთარი ბედისწერის შემოქმედი გახლავართ „ღმერთთან თანაავტორობით“.

ჩემს მეხუთე წიგნში „მისტიკში“ ერთი ფრაზა წერია ასეთი: „შენ იარე და გზა გამოჩნდება!“ - სწორედ ეს სიტყვებია ჩემი ბედისწერის კალამი, რომლითაც ვერწყმი სამყაროს.



image



-21-ე საუკუნეში რომ არ დაბადებულიყავით, რომელ დროს აირჩევდით საცხოვრებლად?


-ხშირად მეუბნებიან, რომ ამ საუკუნისა არ ვარ, (ოღონდ არ ვიცი წარსულს მიმაწერენ ხოლმე თუ მომავალს) მაგრამ ჩემი მიმართება დროსთან - განსხვავდება იმ ზოგადი წარმოდგენებისგან, რომ დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიხატება. რომ სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დრო არ არსებობს. ადამიანური წარმოდგენებით ის, მატერიალური სამყაროს მონაპოვარია, რომელიც „ბატონობს“ ყველაზე და ყველაფერზე. ის იშვა სიცარიელედან, დაერქვა სახელი და მართავს კაცობრიობას. მაგრამ არსებობენ ადამიენები, რომელთაც შესწევთ ძალა დროის უარყოფისა და არსებობენ ისეთებიც ვისთვისაც დროის მარყუჟები უბრალო კარია სხვა სივრცეებში გადასასვლელი. შესაბამისად, სამყარო სწორედ ისეთია, როგორი წარმოდგენაც გვაქვს მასზე.



image


-ხუთი წიგნის ავტორი ხარ, რაზეა თქვენი ბოლო წიგნი „მისტიკი“? რა შეგიძლია გვითხრა შენს პიროვნებაზე?


-ჩემი მეხუთე წიგნი „მისტიკი“ - არის ჩემი დაბადებამდელი მოგონებები, რომელიც ალბათ ყველას აქვს, თუმცა დალექილია ჩვენში ქვეცნობიერულად ყოველივე ეს. არ ვგულისხმობ წინაცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება იყოს ისევ ამ სამყაროსეული წარსული სულისა. გზა, რომელსაც გადის სული. (ეს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ დოგმატურ მოძღვრებას თუმცა შეგრძნებისეულად შეიძლება ამოტივტივდეს ეს გამოცდილება ყოველ ჩვენგანში). „მისტიკი“ ჩემი სულის გზაა, რომელსაც დღესაც მივყვები. მეორესმხრივ ეს არის ფილოსოფიური მოთხრობა - ზღაპარი, რომელიც მკითხველს ხან აატირებს, ხან დააფიქრებს ისეთ უჩვეულო საკითხებზე, რომლებიც არქეტიპულად ჩანერგილია ჩვენში. ერთგვარი ალეგორიაა, რომელიც სულის ისეთ სიღრმეებს ეხება, რომელიც აღვიძებს მათში მიძინებულ ღვთიურ სივრცეებს.

რა შემიძლია ჩემი პერსონის შესახებ გითხრათ? თუ თავს დავანებებთ ყოფით ცხოვრებას, რომელიც ისეთივე ჩვეულებრივია, როგორიც შეიძლება იყოს 22 წლის ადამიანის ცხოვრება და საკუთარ თავს შევხედავ, როგორც მხოლოდ შემოქმედს გეტყვით, რომ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები იმ საქმიანობას, რასაც ვემსახურები - ეს იქნება ჩემი სამწერლობლო მოღვაწეობა, მხატვრობა თუ კალიგრაფიის ხელოვნება. ინსპირაციის ქვეშ მყოფი ადამიანი იშვიათად ეკუთვნის თავის თავს. ღვთაებრივი ენერგიის გამტარობა ისეთი ჯვარია, და ისეთ გზაზე სიარული, სადაც შეცდომების დაშვების უფლება პრაქტიკულად არ გაქვს. (მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შემშინებია დაცემის). აქაც იმავეს ვიტყოდი - როდესაც ადამიანი, ქმნი „უფალთან თანაავტორობით“ ხელოვნებას, კულტურას, შენაქმარს ვერასდროს დაარქმევ საკუთრივ შენსას. როდესაც ჩემს შემოქმედებაზე მიწევს საუბარი, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის ერთიანი სიცოცხლის ძალის ფორმადქმნის გამოვლინება. შემოქმედი ბადებს! ამ ყოველივეს „არარეალურ რეალობას“ ვუწოდებ. ჩემი შემოქმედების ზოგადი კონცეფციაც სწორედ ეს არის - რომ არსებობს რაღაც, რაც უსასრულობის მიღმაა... არსებობს სივრცე რომელსაც ვერ ვხედავთ მაგრამ შევიგრძნობთ არქეტიპულად. არსებობს ენერგია, რომელიც გვკვებავს, არსებობს ხელოვნება რომელიც ფეთქავს... კრეაციის ენერგიით გაჟღენთილი ჩემი ხელოვნება სცდება დიალექტიკურ მატერიალიზმს და ფსევდოფილოსოფიურ დოქტრინებს. ეს კოსმოსის ხმაა - ქაოტური მდუმარება - რომელიც გვბადებს... სამყაროს ღვთაებრივი მეტამორფოზა, რომელიც გვშობს... კოსმოპოლიტური და ვიტალური ბმა, რომელიც ერწყმის საზრისს. ჩემი შემოქმედებით ვცდილობ გადმოვცე სამყაროს უსასრულობის ტრიუმფალური ზეობა და თანაზიარი გავხადო ადამიანი ამ შესაქმისეული მისტერიისა.


image
image

image
image

image

ასევე, დაგაინტერესებთ:


ულამაზესი ქართული ხელნაწერები-ეს ყველამ უნდა ნახოს!


გაიცანით ნიკა ღუნაშვილი -ქართველი ბიჭი, რომელიც საოცარ ხელნაწერებს ქმნის!


1
334
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
334
  
2018, 15 დეკემბერი, 1:00
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1