x
მეტი
  • 21.05.2019
  • სტატია:90190
  • ვიდეო:340094
  • სურათი:452493
გროზნოს ცხელი ნოემბერი

image- ჯოჰარ დუდაევი ელცინთან შეხვედრას უკვე დაჟინებით მთხოვს, - წამოიწყო საუბარი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა კორჟაკოვმა, - ოღონდ ეგაა, ფულის გადახდას უარობს. მეტიც: ამბობს, თუ შეხვედრას არ მომიწყობთ, ყველას გავაგებინებ, მილიონების საფასურად როგორ თანამშრომლობდით ჩვენთანო.
- ეგ ამბავი პრეზიდენტს არ მოეწონება, - საუბარში პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსი ბარსუკოვი ჩაერთო.

-
არწივი თანდათან ძალიან საშიში ხდება, - ჩაილაპარაკა კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსმა სტეპაშინმა.

- არადა, დუდაევს, მგონი, თქვენიანად თვლიდით. ესტონეთიდან თქვენ გადმოიყვანეთ, არც არჩევნებში გამარჯვებისთვის შეგიშლიათ ხელი. როგორც ჩანს, ხანდახან კა-გე-ბეც ცდება, - შენიშნა ირონიულად ვიცე-პრემიერმა სოსკოვეცმა.
სტეპაშინი დუმდა.

- პრეზიდენტი დაგვიბერდა, - თქვა უეცრად, ომი ჩეჩნეთში მისი კარიერის კრახი იქნება, ბორია-რეფორმატორი (სტეპაშინმა ელცინი იგულისხმა) ვერ ხვდება, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარება საბოლოოდ რუსეთის რღვევას გამოიწვევს, თუმცა მანამდე საზოგადოებრივი აზრი უნდა მოვამზადოთ.
- როგორ? - იკითხა ვიცე-პრემიერმა.

- მაგალითად, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩეჩნები დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ტერაქტებით იწყებენ, - და ამას თქვენ მიხედავთ, - მიუბრუნდა სტეპაშინი ფედერალური უშიშროების სამსახურის მოსკოვის ოლქის სამმართველოს უფროს სავოსტიონოვს.

ვახშამი გვიანობამდე გაგრძელდა...

1994 წლის 18 ნოემბერს, მოსკოვში, მდინარე იაუზაზე რკინიგზის ხიდი აფეთქდა. თუმცა აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მანამდე აფეთქდა, სანამ ზედ მატარებელი გაივლიდა. გამოძიებამ ტერაქტში ჩეჩნური კვალის ძიება დაიწყო.

1994 წლის 21 ნოემბერს გროზნოში, პრეზიდენტის რეზიდენციის ბაღში იჩქერიის პრეზიდენტი ფიქრს მისცემოდა. მას თან ახლდა პირადი მცველი მუსა იდიგოვი.
- ალაჰი მოწმეა, რუსეთი ომს დაიწყებს, - მოსკოვის ტერაქტიც ამიტომ მოაწყვეს, - თქვა ჯოჰარმა, - პრეზიდენტთან შეხვედრას ვერ ვახერხებ, ფულს ითხოვენ.
- ბევრს? - ჰკითხა მუსამ.
- ექვს მილიონს.
- დოლარს? - ჩაეძია გაკვირვებული იდიგოვი.
- დოლარს... მაგრამ აღარ მივცემ. ვეცადე, დამეშინებინა, მაგრამ მგონი, შევცდი, - ჯოჰარის ტონს შეშფოთება ეტყობოდა, - ომი არ აგვცდება, მუსა, - დუდაევი მოულოდნელად გაჩუმდა და ცოტა ხნის მერე დასძინა, - მათ ამისთვის აქ ოპოზიცია ჰყავთ.
- ჩეჩნები იჩქერიას ომისთვის არ გაიმეტებენ, - დაბეჯითებით თქვა მუსა იდიგოვმა.
- ზვიადსაც ასე ეგონა, - ქართველები თბილისს ომისთვის არ გაიმეტებენო, მაგრამ...
მუსა იდიგოვმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ბაღში ჩეჩნეთის თავდაცვის კომიტეტის თანამშრომელს მოჰკრა თვალი.

დუდაევს შეატყობინეს, რომ ნაურსკის რაიონში (სტავროპოლის მხარის საზღვარზე) რუსები სამხედრო ძალებს, მძიმე ტექნიკასა და ქვეით ბატალიონებს უყრიდნენ თავს.

1994 წლის 23 ნოემბერი ქალაქ შალში ჩვეულებრივად გათენდა. დილის ნამაზის შემდეგ სატანკო პოლკში ტექნიკის გამართვა-გაწმენდას შეუდგნენ, მეომრები რუსებთან მომავალ ომზე ლაპარაკობდნენ. მოულოდნელად ქალაქის თავზე 9 რუსული სამხედრო შვეულმფრენი გამოჩნდა. მათ გუგუნზე მოსახლეობა ქუჩაში გამოვარდა. არავინ იცოდა, რა ხდებოდა. ანაზდად შვეულმფრენებმა რაკეტები დაუშინეს სამხედრო ნაწილსა და საცხოვრებელ უბნებს. თავზარდაცემული ხალხი დაიბნა.ქუჩები დაჭრილ-დახოცილებით აივსო...

24 ნოემბერს გროზნოს აეროპორტში ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც რუსეთის შვიდმა სამხედრო შვეულმფრენმა სარაკეტო იერიში მიიტანა გროზნოს აეროპორტზე. იმ დროისთვის იქ ექვსი სამოქალაქო თვითმფრინავი იდგა.

- თვითმფრინავიდან მგზავრების ჩამოყვანას ვერ ვახერხებთ, - სასოწარკვეთილი უხსნიდა აეროპორტის დისპეტჩერი ვიღაცას ტელეფონით.

თვითმფრინავები შვეულმფრენების სამიზნედაა ქცეული, მსხვერპლი დიდია. ჯერჯერობით, ჩვენი მონაცემებით ექვსი კაცი დაიღუპა, 25 - დაჭრილი გვყავს. მოგვაშველეთ სასწრაფო დახმარების მანქანები. საჰაერო დარტყმებმა ასაფრენი ბილიკი გაანადგურა...

- აშკარად გროზნოზე შეტევა აქვთ განზრახული, - დუდაევი ცდილობდა, სიმშვიდე არ დაეკარგა.
საგანგებო თათბირზე გროზნოს დაცვის გეგმა განიხილებოდა... მოულოდნელად კაბინეტში ჯოჰარის ძმისშვილი ლეჩე დუდაევი შემოვიდა, ხელში ფურცელი ეკავა.
- ეს ქალაქში ვნახე, - მოსახლეობა ავრცელებს, - მიაწოდა პრეზიდენტს. ჯოჰარმა ფურცელს დახედა: - "ჩეჩენო, იცოდე, გროზნო შენი სულია. გროზნო თუ წაგართვეს, მაშასადამე, სული წაგართვეს. უსულოდ კი ჩეჩენი აღარ ხარ". დუდაევს თვალები გაუბრწყინდა "ქალაქს დავიცავთ", - გაიფიქრა მან და ფურცელი თათბირის მონაწილეებს ღიმილით მიაწოდა.

25 ნოემბერს იჩქერიის დედაქალაქს ჩეჩნეთის დროებითმა საბჭომ (დუდაევის ოპოზიცია) ოთხი მხრიდან შეუტია.

ჯოჰარ დუდაევს რომ მოახსენეს, შტურმი დაიწყოო, მოწინააღმდეგის ძალები როგორიაო, იკითხა.

- ჩვენი ინფორმაციით, გროზნოს შტურმში მონაწილეობს 1200 ჯარისკაცი, 50 ტანკი, 80 ჯავშანტექნიკა და 6 გამანადგურებელი ჩე-27, - იყო პასუხი.
- ამას ჰქვია ოპოზიციური ძალები?.. რუსეთის არმიის ნაწილები გვებრძვიან, - გაცხარდა დუდაევი.

- მოსკოვში დროებითი საბჭო აცხადებს, - დუდაევის რეჟიმის მხარდამჭერთა შორის დემორალიზაციაა და ისინი ქალაქს ტოვებენო, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა თაიმაზ აბუბაქაროვმა.

- ვნახოთ, - ორაზროვნად ჩაეღიმა ჯოჰარ დუდაევს.

რუსეთის არმიის მაიორი პეტროვი დროებითი საბჭოს სამხედრო შტაბში 26 ნოემბერს, გამთენიისას დაიბარეს და უბრძანეს, - თქვენ ჩაიბარებთ სამ ტანკს ეკიპაჟით და შეეცდებით გროზნოს ტელეცენტრის დაკავებას. ცენტრს დუდაევის მილიცია იცავს და არ გაგიჭირდებათ. ტელეცენტრს ავიღებთ და გროზნო ჩვენი იქნება, - კმაყოფილი ტონი ჰქონდა შტაბის წარმომადგენელ ჩეჩენ ოფიცერს.

"თქვენი კი არა, ჩვენი", - გაიფიქრა პეტროვმა, ირონიულად გაეღიმა და ოფიცერს თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
შტაბიდან გამოსული პეტროვი ტანკებისკენ გაემართა.

26-ში, შუადღისას, მაიორ პეტროვის ტანკებმა ტელეცენტრი აიღეს, ჩეჩნურ მილიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
- მეგონა, ჩეჩნებთან ბრძოლა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ რაღაც უცებ გაიქცნენ, - ტრაბახობდა ერთი ჯარისკაცი.
- გროზნოში როგორ მოხვდით? - დაინტერესდა მაიორი პეტროვი.

- გვითხრეს, თუ გროზნოში არ წახვალთ, ბინების განაწილებას რომ დაიწყებენ, არ შეგხვდებათო, - უპასუხა ჯარისკაცმა. სხვებმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს.
- შენ? - მიუბრუნდა მაიორი, ჯარისკაც დრობინს.
- მე სხვა მიზეზი მაქვს, - კუშტად მიუგო ჯარისკაცმა.
- მაიორო, სამეთაურო პუნქტთან კავშირის აღდგენა არ ხერხდება, - მოახსენა მეკავშირემ პეტროვს.
- არც ამათ აქვთ? - მიანიშნა ხელით ოპოზიციის მეომრებზე.
- არა, არც მაგათ.
"უცნაურია", - ამის გაფიქრებაც ვერ მოასწრო მაიორმა, რომ უეცრად სროლა ატყდა.
- ალყაში გვაქცევენ, - იღრიალა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა და მიწაზე მოცელილი დავარდა.
პეტროვმა გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ მისი ერთი ტანკი აფეთქდა.
- რა ვქნათ? - დაუყვირა მაიორმა ოპოზიციის მეთაურს.

- ვერაფერს ვიზამთ. ეს ხომ ჩეჩნების ცნობილი აფხაზური ბატალიონია, - ხელები გაასავსავა მეთაურმა და მაიორის განცვიფრებული სახის დანახვაზე დაუმატა, - ამ ბატალიონმა სოხუმი აიღო... ნამდვილი კაციჭამიები არიან. გაიქეცით, თავს უშველეთ...

პეტროვი მოსაუბრეს აღარ უსმენდა. მისი ყურადღება მიიპყრო დრობინმა, რომელიც მწყობრიდან გამოსულ მეორე ტანკზე ავარდა ტყვიამფრქვევით ხელში.
- რას შვრები, გაგიჟდი, დრობინ?ჩამოდი, მოგკლავენ, - უყვიროდა პეტროვი.

- ესეც თქვენ, აფხაზეთისთვის... ძაღლებო, ესეც თქვენ, სოხუმისთვის!.. - ყვიროდა დრობინი და ცეცხლს არ წყვეტდა.
მაიორი პეტროვი გაშეშდა, გონზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა დაინახა, როგორ ჩამოვარდა დრობინი ტანკიდან.
ალყა ვიწროვდებოდა. ოპოზიციური ძალების მეომრებმა გაქცევით უშველეს თავს, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მაიორი პეტროვი და რამდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის დაჭრილი დრობინი, ჩეჩნებმა ტყვედ აიყვანეს და მილიციას გადასცეს.

იმავე საღამოს ტყვეები ჯოჰარ დუდაევის პირად დაცვას ჩააბარეს. ტყვეების ნახვა ჯოჰარ დუდაევმაც ისურვა.
სანამ პრეზიდენტი მაიორ პეტროვს ესაუბრებოდა, მუსა იდიგოვმა დაჭრილი დრობინი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
- მითხრეს, რომ შენი გაჩერება გაუჭირდათ, - გამომწვევად უთხრა დრობინს, - ასეთი რა მიზეზი გაქვს ჩვენთან საბრძოლველად?
- თქვენ რა მიზეზი გქონდათ აფხაზეთში? - ჯიქურ მიახალა დრობინმა.

აფხაზეთის ხსენებაზე მუსა იდიგოვს პირი გაუშრა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- ახლა არ მითხრა, რუსეთის არმიის ჯარისკაცს აფხაზეთი განაღვლებს, - ქირქილით უთხრა იდიგოვმა.
- მე სოხუმელი ვარ, - მოუჭრა დრობინმა.
- ქართველი ხარ? - მოუბრუნდა უცებ ქართულად დუდაევი.
"საიდან იცის ქართული ჯოჰარმა? - გაიფიქრა მუსამ, - ალბათ ზვიადმა ასწავლა."
- დედა მყავს ქართველი, - მიუგო ქართულადვე დრობინმა და პრეზიდენტს გაუღიმა. ჩეჩნები უხერხულად თავდახრილნი იდგნენ, ხმას არც მაიორი პეტროვი იღებდა.
- ქართველები რომ არა, შამილს ესენი ვერ დაატყვევებდნენ, - თქვა უცებ მუსა იდიგოვმა და ხელი პეტროვისკენ გაიშვირა.
- მუსა, მაგის დრო არ არის ახლა, - მიმართა ჯოჰარმა მცველს, - ტყვეებს კარგად მოექეცით.
ის იყო, გასვლა დააპირა, რომ მაიორ პეტროვის ხმა დაეწია:
- გროზნო ვისია?
- ჩვენია, ჩვენი, - გაეცინა დუდაევს და ოთახიდან გავიდა.
იმავე ღამეს პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე ცნობილი გახდა, რომ დროებითმა საბჭომ დაკარგა 500 კაცი, 200 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა, 20 ტანკი განადგურდა, დანარჩენი კი ჩეჩნებს ჩაუვარდათ ხელში.

- ჩვენი გამარჯვების და იმის ნიშნად, რომ გროზნოში რუსეთის არმიის ნაწილები იბრძოდნენ, 28 ნოემბერს გროზნოს ქუჩებში სამხედრო ტყვეები ჩაატარეთ, - თქვა თათბირის დასასრულს ჯოჰარ დუდაევმა და დაამატა, - ტყვეებს კარგად მოექეცით.



პრეზიდენტის ოთახში სინათლე გათენებამდე ენთო. ჯოჰარ დუდაევს ძილი არ ეკარებოდა. მასთან ლეჩე დუდაევი შევიდა.
- იქნებ ცოტა დაისვენო, ომი ხომ დამთავრდა, - უთხრა ღიმილით.
- ომი ჩეჩნეთში ახლა დაიწყება, რუსებმა ეს ოპერაცია ომის პროვოცირებისთვის წამოიწყეს... მაგრამ ნეტავ ვცდებოდე, ლეჩე, - ღრმად ამოისუნთქა ჯოჰარმა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო...

28 ნოემბერს კრემლში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა შედგა.
- ჩეჩნეთის საკითხი რუსეთის პოლიტიკის სუსტი რგოლია და სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას, - რიხიანად თქვა პრეზიდენტმა ელცინმა და მაგიდაზე მუშტი დაარტყა, - ამიტომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ჩეჩნეთში იძულებითი მშვიდობის დასამყარებლად სამხედრო ოპერაცია ჩავატაროთ, რათა საბოლოოდ გავათავისუფლოთ ჩეჩნეთი დუდაევის ბანდიტური რეჟიმისა და დამოუკიდებლობაზე ოცნებისგან.
ელცინის უკან მჯდარ კმაყოფილ სტეპაშინს ჩაეღიმა...


image

0
321
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0