x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პედაგოგ მაყვალა პაპუაშვილის ცხოვრება ნიუ-იორკში – „ოკეანის გაღმაც სამშობლოზე ფიქრში“...
image


მასწავლებლის პროფესია ყველასათვის ნაცნობი და ახლობელია. ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ყველას გვყავს მასწავლებელი და, ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ პედაგოგის პიროვნებას და პროფესიონალიზმს მნიშვნელოვანი კვალის დატოვება შეუძლია ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე. ეს პროფესია ბავშვების სიყვარულს და საქმის უსაზღვრო ერთგულებას მოითხოვს, რომ შენს აღზრდილებს თამამად შეეძლოთ გითხრან: ”ვინც ვარ და რაც ვარ, შენით შევძელი და საგზლად შენი ამაგი დამაქვს”.


დიახ, სწორედ ასეთ, ყველა მისი ნამოწაფარისთვის საყვარელ და პროფესიონალ პედაგოგზე უნდა შევაჩეროთ დღეს ჩვენი მკითხველის ყურადღება. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ქალბატონი მაყვალა პაპუაშვილია დღეს გაზეთ „შირაქის“ სტუმარი შორეული ამერიკიდან. მაყვალა მასწავლებელმა წელიწადნახევრის წინ დატოვა მშობლიური კუთხე, სულ რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში მოვისმინე მისი საინტერესო ინტერვიუ ამერიკულ რადიო „საუნჯესთან“ და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, უკვე მერამდენე ღირსეული და პატრიოტი ქართველი დაგვაკლდა (თუნდაც დროებით) ამ პატარა დედოფლისწყაროში და გადავწყვიტე, ეს დანაკლისი ოდნავ მაინც შეგვევსო მასთან გასაუბრებით.


_ მაყვალა მასწავლებელო, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ?


- „სამოცდახუთიც ჩავათავე ფეხაჩქარებით, წლები

- დარდით და სიხარულით გაჯერებული,

აღმართ-დაღმართი მოვიარე სწრაფი ნაბიჯით,

კიდევ ბევრსა მთხოვს გული ჩემი გაურჩებული,

უფალს მადლობა აწ გავლილი ყოველი დღისთვის,

ამ სამყაროში უთვალავი ფერთა ხილვისთვის,

სილამაზისა და სიცოცხლის სიყვარულისთვის,

კიდევ მადლობა, გასავლელი ხვალინდელისთვის...“


დიახ, სამოცდახუთი წელია დავდივარ ამ უკიდეგანო დედამიწაზე და თითოეულ „ხეს, ბალახის ღეროს ვკოცნი ვეხვევი, ვეტყვი მიყვარხარ“... იყო ბავშვობა, ბაღის ასაკი, მოსწავლეობა, (წითელწყაროს პირველ საშუალო სკოლაში), სტუდენტობა და მერე ისევ სკოლა, ჩემი მშობლიური სკოლა, ოღონდ უკვე მასწავლებლად. გამოვიარე წლები ლამაზი, ლაღი, შემდეგ უხელფასობა, გაყინულ საკლასო ოთახებში მუშაობა, გაჭირვება, გათოშილი ხელებით დაფაზე ვწერდით და ინტერესით ვიხილავდით ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებს. სიცივისგან ათრთოლებული ხმით ვსაუბრობდით კლასიკოსების შემოქმედებაზე, მამულზე, მის წარსულსა და აწმყოზე, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, მოყვასის სიყვარული, შრომის გასურვილება, მართლის თქმის პრინციპი _ აი ჩემი გაკვეთილების უცვლელი თემები. ვტკბებოდით პოეზიით და ვერაფერს გვაკლებდა ყოფითი პრობლემები.


– ვიცით, რომ პოეზიით ხართ გატაცებული, თქვენი არაერთი ლექსის მოსმენით ბევრჯერ მოვხიბლულვართ...

-- პოეზია ჩემი ჰობია, რომელიც უფლის მადლითაა გაჯერებული, თუმცა, ჩემი ლექსები მხოლოდ ჩემს გულს ახარებს და საზოგოდოების ყურადღების ღირსად არ მიმაჩნია. ერთი წელი და ექვსი თვეა, უკვე ამერიკაში ვიმყოფები. „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს ვმასპინძლობდი ორი წელი. ჩვენს სკოლაში მოღვაწეობდა ჯოუთან (ჯეკი) ბრენდსი. შრომისმოყვარე და ქართული კულტურის დიდი ქომაგი გახლდათ. ხშირად გვესაუბრებოდა ამერიკის ყოფა-ცხოვრების შესახებ და მე გამიჩნდა ამ ქვეყნის ნახვის სურვილი. 2013 წელს შევედი ამერიკის საკონსულოში და უმალ მოვიპოვე 10 წლიანი ვიზა, თუმცა, ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მაშინვე არ გავქცეულვარ ამერიკაში. 4 წელი საქართველოში ვიყავი. მიმძიმდა სამშობლოს, ოჯახის, სკოლის, მშობლების დატოვება...მაგრამ, ერთ დღეს, რომ იტყვიან, ცამოწმენდილზე ავად გავხდი და აღმოვჩნდი წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფოში, სადაც ე.წ „სტენდირება“ გამიკეთეს. ამან ძალიან შემაშინა და გადავწყვიტე, დიაგნოზის დაზუსტების, გამოკვლევისა და მკურნალობის მიზნით წამოვსულიყავი ქალაქ ნიუ იორკში, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს ექიმს, ჩვენი სკოლის აღზრდილს _ ნინო პოპიაშვილს.) ამერიკაში, ამ უცხო ქვეყანაში, თუ არავინ დაგეხამარა, ძალიან ძნელია გზა გაიკვალო. და მეც ჩვენი რაიონის მკვიდრმა, ყველასათვის საყვარელმა ექიმმა, გულიკო ყოჩიაშვილმა მარტო სახლი კი არა, გულის კარიც გამიღო, მარტოსულობა ადვილად დამაძლევინა. გულიკოს ძალიან დიდი გული აქვს, მხოლოდ სიკეთისა და სიყვარულის სატარებლად. მადლობა ამისთვის მას. ძალიან მინდოდა, ჩემი საყვარელი საქმე აქაც გამეგრძელებინა და გამიმართლა კიდეც. ნიუ-იორკში არის ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, სადაც ემიგრანტის შვილებს ქარულ ენას ვასწავლი. სულ ახლახან ქართული კულტურის ცენტრმა „საუნჯემ“ შემომთავაზა, რომ მშობლიური ენის სწავლების ღირსეულ საქმეს ჩავუდგე სათავეში. „საუნჯის“ დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის ქართველი ხალხისთვის კარგად ნაცნობი, ანსამბლ „მზიურის“ წევრი პირველი „მზიურელი“ ნიკო ნადირაშვილი. ვის, ვის და ყველაზე მეტად ემიგრანტის შვილებს სჭირდებათ ქართული სულის შენარჩუნება, ქართული სისხლი და გენი რომ გადავარჩინოთ, უნდა ვაზიაროთ „დედაენას“, სწორედ ემიგრანტების შვილებმა უნდა იცოდნენ, რა არის სამშობლო, საიდან მოდიან, ფესვები როგორ ეძახით, როგორ მოვედით დღემდე და რომ სამშობლოს სიყვარული მუდამ გულით უნდა ვატაროთ.


image


– გვესაუბრეთ მანდაურ ყოფა-ცხოვრებაზე...


- ამერიკა ეკონომიკურად ძლიერი და გამართულია, ამიტომ მას ოცნებების ასრულების ქვეყნად მიიჩნევენ. დავდივარ სხვისი ქალაქის ქუჩებში და გულდაწყვეტილი ვფიქრობ, ვისზე ნაკლებია ჩემი ხალხი და ქვეყანა, რომ არა აქვთ ასეთი ცხოვრების პირობები? რატომ გვყავს ამდენი გაჭირვებული? სოციალურად დაუცველი? რატომ ფიქრობს ჩემი ხალხი მხოლოდ თავის გადარჩენაზე და არა ბედნიერებაზე? ერთი რამ მაოცებს, 2-3 საუკუნეში როგორ შეძლეს ასეთი ქვეყნის აშენება და განვითარება?აქვე მაქვს პასუხი _ შრომით! აქ ყველა მუშაობს, დილიდან ფუტკრებივით მიიჩქარიან სამსახურებში, ყველამ თავისი საქმე იცის! მაღალია პასუხისმგებლობის გრძნობა, კანონი კანონობს, უსამართლობა ფეხს ვერ იკიდებს...


– რამდენად ძნელია სამშობლოდან ასე შორს ყოფნა და როგორ უადვილებთ ერთმანეთს ყოფას?

– სამშობლოდან შორს ყოფნა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ემიგრანტობა ასეთი რთული იქნებოდა, გენატრება ყველა და ყველაფერი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველებს აქ განსაკუთრებით უყვართ ერთმანეთი, თანადგომა და დახმარება აადვილებს აქ ყოფნას. ქართული ეკლესია, ქართული კულტურის ცენტრები, საზეიმო შეკრებები ჩვენიანებს აახლოვებს და შესაბამისად, დარდსაც უმსუბუქებს.


– ყველაზე დიდი სამი ნატვრა...

– ნატვრა ბევრი აქვს ადამიანს, მაგრამ სამ ნატვრას მართლაც გამოვყოფდი: -ჩემი ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო! -საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვგვიდგინე, უფალო! -სამშობლო ისე გამიძლიერე, რომ არცერთი ქართველი არ ფიქრობდეს მის მიტოვებას!


– რას უსურვებთ სამშობლოში დარჩენილ თქვენს ყველა ახლობელს და გულშემატკივარს...

- ყველას, ვისაც ვჭირდებოდი და მე მიტოვება მომიხდა, ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვთხოვ, მიყვარხართ და მენატრებით! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2019 წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული, სიყვარული და, რაც მთავარია, ხვავი და ბარაქა! არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს უფლის წყალობა და მფარველობა! ნიუ იორკი, 2018 წელი, 7 დეკემბერი, სიყვარულით, თქვენი მაყვალა პაპუაშვილი.

ელზა ხარაშვილი

0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0