x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85019
  • ვიდეო:335252
  • სურათი:443821
სტოკჰოლმის სინდრომი #10

image

თავი მეათე

-კბილის ჯაგრისი მოგიტანე!-უთხრა ბიჭმა და დივანზე ცელოფნის პარკი დადო.

-კიდევ?-ჰკითხა გოგონამ, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ლაქისთვის კედელზე.

-სხვა რამეც გინდოდა?

-საღებავები…

-საღებავები?-გაუკვირდა ბიჭს. -შენ რა, ხატავ?

-რაღაც ასეთი…

-და მაინც რას ხატავ?

-შენი საქმე არაა!-უყვირა ლილიმ და თვალი თვალში გაუყარა.

-შენი თავი პრინცესა ხომ არ გგონია ბრძანებებს რომ იძლევი?-მშვიდად ჰკითხა ბიჭმა.

-პრინცესა რომ ვიყო, პირელ რიგში შენს ჩამოხრჩობას ვბრძანებდი, ასე რომ არა… არ მგონია…

-ამ სიბნელეში როგორ აპირებ ხატვას, ეს ფანჯარა გეყოფა სინათლის წყაროდ?

-არა, არ მეყოფა…

-მაშინ საღებავები არ ყოფილა საჭირო…

-ნათურა დატოვე ანთებული…

-არა…

-გუშინ ხომ დატოვე?

-გუშინ დამრჩა…

-იქნებ სხვა დროსაც დაგრჩეს ხოლმე?

-არ დამრჩება გოგონი… – უთხრა ბიჭმა, ირონიულად გაუღიმა და კარისაკენ გატრიალდა.

-არ მჭირდება!-იყვირა ლილიმ, დივანზე დადებული კბილის ჯაგრისი აიღო და ბიჭს ესროლა. სამიზნეს ისევ ასცდა. „აშკარად სამუშაო აქვს მიზანში ამოღებაზე“ გაიფიქრა ბიჭმა. კბილის ჯაგრისი აიღო და დივანზე დააგდო.

-წყალიც გინდა?

-თბილი წყალი, -თქვა გოგონამ და თავი ხელებში ჩარგო… ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა.

-პატარა ბავშვი…

-ბავშვი შენ ხარ!-ისევ აყვირდა ლილი. ბიჭი კი ისევ ისტერიულ სიცილს აგრძელებდა. გოგონამ ხელების ქნევა დაიწყო და ერთი-ორი მუჯლუგუნი ბიჭსაც უთავაზა. -კარგი ახლა, ეგეთები არ იყოს! -უთხრა ბიჭმა და მისი ხელები თავის ტორებში ჩაკეტა. გოგონა გაჩერდა. თავი ისევ ჩაქინდრა და წაიჩურჩულა:

-გაეთრიე…

ბიჭმა ხელები გაუშვა და უსიტყვოდ გავიდა.

კარის ზღურბლს რომ გადააბიჯა გონების ჭიები ახლა მის თავში შეძვრნენ. ერთი ყველაზე გრძელი მატლი, რომელიც ალბათ ამ სამატლეთის მთავარსარდალი იყო ტვინში ქინძისთავებს ურჭობდა და თან გაჰკიოდა:

„ნერვებს გიშლის ეგ ბავშვი, რატომ აძლევ მბრძანებლობის უფლებას?“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

აი, ყველაზე პატარა, თითქმის თოთო მატლი კი ჟელიბონივით რბილი და ფუმფულა მთავარსარდალს არ ეთანხმებოდა:

„ბავშვია, არც კი ესმის რას ნიშნავს ტყვე… შეეშვით…“

„ჭკუა უნდა ვასწავლოთ!“-იმეორებდა მთავარსარდალი.

„ბავშვია…“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„ბავშვია…“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„ბავშვია…“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„ბავშ…“ჟელიბონისებრი მატლი გონებიდან კინწისკვრით გააგდეს… დარჩენილები კი ერთხმად იმეორებდნენ:

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

„აქ უფროსი შენ ხარ!“

ბიჭმა თავი ამაყად ასწია, ციხისკარისებრი ანგიანი სიმახინჯე წიხლით შეაღო, გოგონას თავს წაადგა, დოინჯი შემოირტყა და დაიღრიალა:

-აქ უფროსი მე ვარ!

გოგონა გაოცებული, წყლიანი თვალებით უყურებდა, ქვედა ტუჩი უნებლიედ აუთრთოლდა და ზედას მოსწყდა. ვერაფერი უთხრა. ბიჭმა კი გაუმეორა:

-აქ უფროსი მე ვარ, გაიგე?-მერე ხელიდან კბილის ჯაგრისი გამოსტაცა და გავიდა. ისევ დაავიწყდა ნათურისთვის სინათლის წართმევა… გოგონას ისტერიული სიცილი აუტყდა.

იცინოდა.

დიდხანს.

ან ტიროდა.

კარს უკან ატუზულ ბიჭს მოეჩვენა რომ იცინოდა. მერე ფეხის თითიდან ისევ შეუღოღდა ის ჟელიბონისებრი და წაიჩურჩულა:

„მგონი ტირის..“

„იცინის!“ აყვირდნენ დანარჩენები.

„არა, ტირის…“ გაიმეორა ჟელიბონისებრმა.

„იქნებ მართლა ტირის?“ იკითხა კიდევ ერთმა მატლმა.

ამჯერად, ორი მატლი გააძევეს გონებიდან მთავარსარდლის ბრძანებით…

გადაწყდა რომ …

იცინოდა…

ბიჭს დასცინოდა.

ჭკუის სწავლებას იმსახურებდა.

უნდა სცოდნოდა ვინ იყო უფროსი!

ბიჭმა თავში ხელები დაიშინა და ყველა გამოყარა იქიდან, მთავარსარდლის ჩათვლით.

მერე უფრთხილესი ნაბიჯებით კარს გასცილდა.

კბილის ჯაგრისი ისევ ხელში ეკავა.

***

ბინძური დივანი.

ბინძური ოთახი.

ბინძური კედლები.

ბინძური კბილები.

ბინძური ჰაერი.

ჩასუნთქული სიბინძურე.

დაბინძურებული აზრები.

…და ბინძური ლილი…

„ალბათ საუკუნე გავიდა რაც არ მიბანავია…

მთელი საუკუნე გავიდა და არაფერი შეცვლილა.

არაფერი იცვლება არსად.

ალბათ, სახლში ისევ მეძებენ. ათასი საუკუნეც რომ გავიდეს არ შეწყვეტენ ძებნას და ვერასოდეს მიპოვიან…

რომც მიპოვონ ვერ ამომიცნობენ…

ბინძური მე…

მე სხვა მე.

სხვა.“

ოთახის ერთადერთმა ნათელმა წერტილმა ბჟუტვა დაიწყო.

…და გასკდა.

სიბნელე.

ლილის ჩაეძინა.

ისე ღრმად როგორც არასდროს. სიზმარიც კი ნახა.

„ლილის ფეხები აქვს. ნამდვილი, თავისი ფეხები. ისინი თავისით დადიან. ლილის შეუძლია მათი მართვა. ლილი მსუბუქია. ბუმბულზე მეტად მსუბუქი. თეთრი, ყვავილებიანი კაბა აცვია და ქალაქის კარგად ნაცნობ ქუჩებში ფეხშიშველი მიაბიჯებს. მხოლოდ ახლა ხვდება რომ ფეხსაცმელი არ აცვია, მაგრამ სულ ერთია. მას არ სჭირდება ფეხსაცმელი.

მას აქვს ფეხები!

ნამდვილი, თავისი ფეხები და რაც მთავარია მათზე დგომა შეუძლია.

მსუბუქად.

მარცხის გარეშე.

ვიღაც ქალი ძლიერად ჰკიდებს ხელს და გარბის.

სახე არ ჩანს.

მაგრამ ქალია, მისი სავსე მკერდი და ზურგზე დაყრილი თმა ამას ამტკიცებს.

თმით ლილის ჰგავს.

დედა…

დედა უფრო მაგრად უჭერს ხელს და სადღაც მიათრევს.

ახლადფეხადგმულ ლილის უჭირს სწრაფად სიარული.

გარბის.

ფეხები ერთმანეთში იხლართება.

ლილი ასფალტზე ეცემა.

დედა არ ჩერდება.

ისევ გარბის .

ლილი ასფალტზე მიხოხავს.

მუხლებზე კანი წითლად იღებება.

არამხოლოდ მუხლებზე.

ფეხები სულ წითელი აქვს და ასფალტსაც აწითლებს.

დედა არ ჩერდება.

ლილის სტკივა.

ლილი ისევ კარგავს ფეხებს.

ლილი ყვირის.

დედა არ ჩერდება.

ლილი ყვირის მაგრამ მისი ხმა არავის ესმის…

არც დედას.“

გოგონა ბოლო ხმაზე ბღავის. ბიჭს არც კი წარმოედგინა თუ ადამიანს მსგავსი ხმის გამოცემა შეეძლო. არამხოლოდ ადამიანს, ზოგადად ცოცხალ არსებას. ლილი განწირული ყვირის და ძილს ვერ ეყრება. სძინავს ლილის მაგრამ სტკივა. ბიჭსაც ეტკინა. შიგნით სადღაც გულის პატარა კუნჭულში.

-გაიღვიძე, -ძლიერად უბიძგა გოგონას ხელი. გოგონა კი ისევ საწყალობლად ბღაოდა. ხმა ჩაეხლიჩა. ახლა უხმოდ ღრიალებდა. უფრო ხაოდა…

-გაიღვიძე!-მუშტი ჩასცხო პირდაპირ გულში. გოგონამ სწრაფად გაახილა თვალები და წამოჯდა.

-კარგად ხარ?-ჰკითხა ბიჭმა თითქმის ჩურჩულით.

-ჰო…-უპასუხა გოგონამ და დივანს მიეყრდნო. სიცოცხლეგამოცლილ ფეხებზე ხელის ისტერიკული ზემოთ-ქვემოთ სმა დაიწყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავის, საკუთარ ფეხებს კი არა სხვის, უცხოს ფეხებს ზელდა.

-ცუდი სიზმარი ნახე?

-ჰო…

-ყვიროდი…

-ბოდიში თუ გაგაღვიძე…

-ასეთი რა ნახე?-სწრაფად შეცვალა ბიჭმა სასაუბრო თემა.

-დედაჩემი…

-დედაშენმა შეგაშინა?-გაოგნდა ბიჭი.

-ტკივილმა…

-სულ სველი ხარ…-უთხრა ბიჭმა და პერანგის პირით სახის მოწმენდა დააპირა.

-მომაშორე შენი ბინძური ხელები!-ხელის აქნევით უყვირა ლილიმ.

-უმადური გომბიო…-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.

მატლები.

ცუდი მატლები.

ათას საზიზღრობას ჩასჩიჩინებდნენ. მათი ღრიანცელს საერთოდ ჩაეხშო ორი კეთილშობილი მატლის საუბარი. მხოლოდ ალაგ-ალაგ ისმოდა მათი წკავწკავი.

„ცოდოა, “

„ბავშვია, “

„ეშინია, “

„სტკივა…“

ბიჭმა ბოლო სიტყვა ძლიერად ჩაბღუჯა. ბაგეები შუაზე გაეპო და თითქოს თავისით, ბიჭის ნებართვის გარეშე ალაპარაკდნენ.

-ფეხები გტკივა?-თან ისევ დადო ცალი მუხლი ცივ იატაკზე. ესეც მექანიკურად. გოგონამ სახე მოღუშა, სურდა ბრაზი მაგრამ ბრაზი არსად ჩანდა. სასაცილოდ რომ არ გამოსვლოდა, ბღვერას მოუხმო და დაბღვერილი მზერა სტყორცნა მის წინ ჩამუხლულ მამაკაცს, რომელსაც პერანგზე ღილები არათანაბრად შეეკრა.

„ალბათ, ყვირილმა გააღვიძა. ჩქარობდა.“

მპერდის სეგმენტი დალანდა. ბნელოდა, მაგრამ როგორც ჩანს გარეთ სავსე მთვარე იყო. იმ პატარა სარკმელშიც კი ატანდა. ან იქნებ ლილის თვალები მიეჩვია სიბნელეს?

ჰო, ალბათ ასეა…

კატასავით.

ძაღლივით.

და სხვა ცხოველების მსგავსადაც, რომლებიც დიდი ხნის სიბნელეში ხეტიალის შემდეგ მიეჩვივნენ მას. გაითავისეს. და ახლა სიბნელე მათთვის აღარ არის დაბრკოლება.

„ქოსა ყოფილა. ახლანდელი ბიჭები უფრო „ბანჯგვლიანები“ არიან. იქნებ იპარსავს? ან რაიმე საშუალებით იცლის? მაგრამ არ ეტყობა, მგონი ქოსაა…“ ფიქრმა ლილის ხელი აიღო და ბიჭის მკერდს მიაბჯინა. უნდოდა შეემოწმებინა ქოსა იყო თუ ხელოვნური ქოსა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როდესაც მისი ხელი ბიჭის მკერდს შეეხო.

შეკრთა.

ორივე.

-ფეხები არა, აქ მტკივა, -თქვა გოგონამ ხრინწნარევი ხმით. თან სიამაყეს გრძნობდა, ასე კარგად რომ გაამართლა უცნაური ქმედება მისი დაუმორჩილებელი ხელისა. მერე კი ირონიულად დაამატა:

-ფეხებს ვერ ვგრძნობ…

-მაპატიე, ვერ მოვზომე. ძლიერად დაგარტყი.

„სიბრალული საშინელი გრძნობაა.“ აყვირდა მთავარსარდალი.

„მიაგდე და წადი.“ აჰყვნენ სხვებიც.

„დატოვე!“

„წადი!“

„წადი!“

„წადი!“

„წადი!“

ბიჭი ისევ მექანიკურად ამოძრავდა. დანაშაულის მსგავსი გრძნობა შეესო სხეულში.

„ატკინე…“ ამოიკვნესა ჟელიბონისებრმა.

ბიჭი მას აღარ უსმენდა.

აღარავის უსმენდა.

უბრალოდ ნელი ნაბიჯებით კარისაკენ მიაბიჯებდა.

-მიდიხარ?-ისევ უნებლიედ ჰკითხა ლილიმ.

-ჰო…

-დარჩი რა…

ბიჭი მობრუნდა, ეს რაღაც ახალი იყო. ეს ის გოგონა არ იყო რომელიც მოტაცების დღიდან მის დამცირებას ცდილობდა?

მასზე ძლიერი ნებისყოფის იყო,

მის ნერვებზე ისე უკრავდა როგორც არფაზე,

…და ახლა რა?

ტრანსფორმაცია?

უნდოდა მისი მზერა დაეჭირა. ფიქრობდა რომ ეს რაღაც ახალი მახე იყო მისთვის, რომელიც უფრო მეტად დაამცირებდა.

„გატყუებს!“

„არ გატყუებს…“

ისევ ომი მატლებში.

ყველა მატლი გონების მიღმა.

უყურებდა და ხედავდა როგორი დაუცველი, პატარა, სუსტი და ნაზი არსება იყო მის წინაშე. როგორ არ ჰქონდა ამ არსებას საერთო იმასთან რომელიც ასე უმოწყალოდ ლანძღავდა.

-რატომ?

-მეშინია…

-სიზმრის?

-ჰო…

-ჩემი რატომ არ გეშინია?

-ალბათ, საკმარისად საშიში არ ხარ…

-კარგი…-თქვა ბიჭმა და ხელები გადააჯვარედინა.

-რა კარგი?-იკითხა თითქმის სულწასულმა ლილიმ.

-დავრჩები…

-თავზე ნუ მადგახარ აჩრდილივით, დაჯექი…

-იატაკზე? – ირონიულად იკითხა ბიჭმა, - ალბათ, გახსოვს ის სკამი… რა ბედიც ეწია.

-გასწიე ჩემი ფეხები და დაჯექი!-იყვირა ლილიმ. ეს არ იყო მისი ჩვეული, მბრძანებლური ტონი, ეს იყო შიში.

მარტო დარჩენის შიში.

***

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0