x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85018
  • ვიდეო:335251
  • სურათი:443821
სტოკჰოლმის სინდრომი #9

image

თავი მეცხრე
მირზა და ის ქალი საავადმყოფოში მივიდნენ. მირზას სახეზე მხოლოდ ლოთი ეწერა, ქალს კი ბევრი რამ, მკვეთრი კი მხოლოდ ერთი იყო, – დაბნეულობა.
ერთკაციან პალატაში, ჭაღარა ქალი იწვა, თვალებდახუჭული და სახეშეწუხებული კვნესოდა. მირზამ ნაბიჯებს აუჩქარა, ცოტა სიმთვრალეც შეერია ნატერფულებს და გვერდულად მიუახლოვდა ავადმყოფი დედის საწოლს, დაკოჟრილი ხელი თავის ტორებში მოიმწყვდია, ეამბორა და სასთუმალთან ჩაიჩოქა.
-როგორ ხარ დე…
-მკვდარი…-უპასუხა ქალმა ისე რომ ძლიერად მოჭუტული თვალები არცკი გაუხელია.
-ვიპოვით, უკვე ეძებენ, ეჭვმიტანილიც ჰყავთ…
ქალმა თავი შვილისაკენ მიატრიალა და თვალი გაახილა. სევდისფერი იყო. უიმედო. სველი. უსიტყვოდ გადმოსცემდა ყველა ემოციას რაც მის სულსა თუ სხეულში გაბნეულიყო. უცებ ამ “ხბოს თვალებმა” ტრანსფორმაცია განიცადეს და ზიზღით გაივსნენ. იმ ქალს მიშტერებოდნენ მირზას რომ მოჰყვა ფინია ძაღლივით. ის კი თავჩაქინდრული იდგა და ხელჩანთის საკიდს აწვალებდა. ჭაღარათმიანს არაფერი უთქვამს მხოლოდ უყურებდა, უყურებდა ბოროტი დედინაცვლის თვალებით. მირზამ დედის მზერას გააყოლა თვალი.
მირანდა დაინახა. წამით ისევ იგრძნო რაღაც სიბრალულის ბიძაშვილი გრძნობა და ირონიულადაც კი ჩაეღიმა. მაგრამ სწრაფადვე გააქრო სახიდან ღიმილი და ირონია მხოლოდ თვალებში ჩატოვა. სულ სხვანაირი ახსოვდა ეს ქალი. ძლიერი, მებრძოლი, საკუთარ თავში დარწმუნებული. მაშინ მისი სიტყვა კანონი იყო. ვერავინ დაარღვევდა, ვერც თავად ქალი. სწორედ ასეთი უყვარდა, მკაცრი და ურყევი. ახლა კი თავჩაქინდრული იდგა და ხელჩანთის საკიდს აწვალებდა.
აღარ ჰგავდა ქალღმერთს.
ახლა ის დასჯილ ბავშვს ჰგავდა, რომელიც ცდილობს დაანახოს მშობლებს როგორ განიცდის დანაშაულს. სინამდვილეში კი პატარა სპექტაკლს დგამს და გულში ფიქრობს, რომ სიამოვნებით გაიმეორებდა იმავეს…
უყურებდა კაცი ყოფილ ქალღმერთს და ტკბებოდა მისი დაცემით. ტკბებოდა იმ უხილავი იარებით ქალს რომ მიწაზე დანარცხებამ და ასფალტზე ხანგრძლივმა გახოხიალებამ დააჩნია სახეზე. დადაღა. წაართვა შარავანდედი. სინათლე. ფრთები და ყველაფერი რაც წმინდა იყო მასში. მირზას ეს რაღაცნაირად აღაგზნებდა და სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ეს სიამოვნება მოგვრილი საკუთარი “მე” ორმაგად სძულდა და აღიზიანებდა. წამის მეასედებში მის გოებაში ორი საპირისპირო ადამიანი იბრძოდა. ორი რადიკალისტი. ერთს – უყვარდა, ეცოდებოდა. მეორეს – სძულდა, ტკბებოდა მისი ტკივილით. ამ ორის ბრძოლაში შვილის აჩრდილმა მანდილი ჩააგდო და მირზამ დედას მავედრებელი მზერა მიაპყრო.
-ნუ შეჭამთ ერთმანეთს… – მერე ქალს გახედა და ისევ დედას ემთხვია ხელზე, - ახლა არა…
მიუხედავად მოზღვავებული აზრებისა თუ ემოციების, მამაკაცის მშვიდმა ხმამ ორივე ქალი ადგილზე გაყინა და მათ არაფერი უთქვამთ.
ზავი დაიდო.
არავინ არავის შეჭამდა.
მიუხედავად საყოველთაო შიმშილისა.
ლილის ხათრით ამას არ იზამდნენ.
უცებ ქალს გაეღიმა. გაეღიმა შიგნიდან. ისე რომ არავის დაუნახავს. თავადაც კი ვერ იგრძნო. უბრალოდ მიხვდა რომ ეღიმებოდა. საკუთარმა უნებლიე ფიქრმა მიახვედრა. “როგორ შეძლო ჩვეულებრივმა ლოთმა ორი აბობოქრებული, სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული, გამწარებული ქალის, ორი დედის ადგილზე გაყინვა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით?”
თითქოს, ინანა კიდეც მისგან წასვლა, მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს. მხოლოდ რამდენიმე წამით.
…და ღიმილი ისევ გაქრა.
***
პალატის კარი გაჭრიალდა.
ორი ფორმიანი შემოვიდა. კაცი და ქალი. კაცი გაბღენძილი იყო, მაღალი, მაგრამ ღიპიანი. ტიპური პოლიციელი. თმაში ჭაღარასთან ერთად სიმელოტეც შეჰპარვოდა, ალბათ ორმოცს უკვე გადაცილებული იქნებოდა, მაგრამ თავის ასაკზე დიდს ჰგავდა. როგორც ყველა პოლიციელი. ქალი კი პირიქით, ალბათ ასაკში მათ შორის დიდი სხვაობა არ უნდა ყოფილიყო, (რაზეც მის თვალებთან არსებული პატარა ჩაღრმავებები მეტყველებდნენ). მაგრამ კაცზე ოცი წლით უმცროსივით გამოიყურებოდა. შავთმიანი იყო, ზედმეტად შავთმიანი. სავარავუდოდ იღებავდა… ჭაღარების ჩასახოცად. კაცზე ბევრად დაბალი იყო. ბევრად გამხდარი და ბევრად უკეთაც გამოიყურებოდა. მაგრამ მაინც იყო რაღაც რაც მამაკაცს უკეთესი ჰქონდა. თვალები. ღია ცისფერი და მეტყველი. ქალის თვალები კი უსიცოცხლო იყო. უინტერესო. არც ლამაზი ფერის გახლდათ და არც ყურადღებას იპყრობდა. ის ჩვეულებრივი თვალები იყო, თაფლისფერი და ბანალური.
ხელში რაღაც ფურცლები ეკავათ და მოხუც ქალს იმ ზარის შესახებ ეკითხებოდნენ, რომელმაც აქ მოახვედრა. ქალმა დეტალურად უამბო, სახეზე ეწერა როგორ სტკიოდა ყველა სიტყვა, მაგრამ მამაცურად უძლებდა. იმედი ჰქონდა თუ არცერთ ნიუანსს გამოტოვებდა გოგონას უფრო მალე მიაკვლევდნენ. პოლიციელმა ქალმა “იმ დღის ” შესახებ ჰკითხა:
-რაიმე ახალი ხომ არ გაგახსენდათ, რაც შეიძლება გამოძიებას დაეხმაროს…
-არა, – ამოიკვნესა ქალმა.
ლამაზთვალებიანმა თავის მეწყვილეს რაღაცნაირად გადახედა, მანაც მსგავსი რაღაცნაირივე მზერით უპასუხა. აშკარად რაღაც უთხრა “თავის ენაზე” და მანაც “უპასუხა”.
-ხომ იპოვით ჩემს შვილს, -ამოიოხრა მირანდამ.
-რა საკვირველია, ქალბატონო, გამოძიება ყველაფერს აკეთებს ამისთვის…
-იმედია, -შხამიანი გესლით თქვა მწოლიარე ექს-დედამთილმა.
-კარგით, მაშინ ჩვენ წავალთ, თუ რამეს გაიხსენებთ…
-დაგირეკავთ, -ჩაეჭრა მირზა და სიტყვა არ დაამთავრებინა ლამაზთვალა პოლიციელს, - ნახვამდის…
-ხომ ნამდვილად იპოვიან, -მიუბრუნდა ყოფილ ქმარს და მავედრებელი მზერა სტყორცნა ქალმა.
-იპოვიან, აბა რას იზამენ!- არც თუ დამაჯერებლად წაილუღლუღა მირზამ…
-ჩემს ფეხებს იპოვიან! -იყვირა მოხუცმა, - დაკარგულ გოგონას კი არა, მობილურ ტელეფონს ვერ პოულობენ…
-დედა…
-თავი დამანებე! -უყვირა ქალმა, -დამეხმარე აქედან მივდივართ, -მოხუცი საწოლზე წამოჯდომას შეეცადა, მაგრამ გულში რაღაცამ მოუჭირა და ვერ შეძლო. – მე თვითონ ვიპოვი ჩემს გოგონას!-თითქოს ყვირილი სურდა ისევ, მაგრამ ვეღარ შეძლოო მიუწყდა ქალს ხმა.
-დედა დამშვიდდი, მაგათ იმედზე ჩვენც არ ვართ, -დააწვინა მოხუცი და საბანი გაუსწორა, - კერძო დეტექტივს დავიქირავებთ…
-საუკეთესოს…-ჩაერთო საუბარში მირანდა, რამაც მოხუცი ქალი უფრო გააღიზიანა. ამ მოღალატის ყურება თითქოს საკმარისი არ იყო, ხმის ამოღებასაც რომ ბედავდა, უნდოდა მისთვის ეყვირა, გაელანძღა, გაეგდო თავისი პალატიდან, მაგრამ ზავი ხმას უკმენდდა.
-აქ დგომით ვერ იპოვით ბავშვს!-თქვა ქალმა, -ვიღაც მანიაკის ხელშია და აქ მადგახართ თავზე, წადით საქმეს მიხედეთ! -ქალმა ტაში შემოჰკრა და ხელები გაიქნია, - “ჰაიდა….” მოშორდით აქედან!
კაცი ისევ წინ წავიდა, ქალი ისევ ფინიასავით აედევნა. მოხუცი კი საბანში ჩაიკარგა, აქვითინდა. ემოციამ იმძლავრა. ბალიშში ჩაემხო და აღრიალდა. ყრუდ, მაგრამ დაჭრილი დათვივით ბღაოდა. ექთანი კარს უკან იდგა, ებრალებოდა მაგრამ უძლური იყო. უცებ გონება გაუნათდა და კარს გასცილდა. მალევე დაბრუნდა, ხელში ნემსი ეჭირა. ისე მივიდა ქალის საწოლთან, ისე შეაშხაპუნა მის ვენაზე გამობმულ პატარა მილში, რომ ემოციებთან მარტო დარჩენილ მოხუცს არაფერი გაუგია. ნელ-ნელა მისი ღრიალი მიჩუმდა, კვნესაში გადაიზარდა, ბოლოს კი – გაქრა.
ქალს ჩაეძინა და მასთან ერთად მიიძინა ტკივილმაც.

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0