x
იოსებ გრიშაშვილის ლექსები – "ქალი მსახიობი", ''შენ გაირყვნები''

imageქალი მსახიობი


ჰოდა, აი, ერთ მაგალითს მეც მოგითხრობ, გამიგონე –
ერთი ქალი გავიცანი, მსახიობი ანტიგონე!
შემიყვარდა! შევუყვარდი! ამას თითქმის ყველა გრძნობდა, -
...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!
დაკავშირებული სურათი
მას შევწირე ყოველივე, ყოველივე, რაც მებადა,
ის დავბადე მე ჩემს ლექსში, ლექსიც მისგან დამებადა,
მე ვმღეროდი შოთას ჰანგებს, ის კი ჩანგზე ხმას აწყობდა, -
...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!
ო, მან ჩემი სიყვარული, უმტვერო და ფრთახასხასა,
ვერ განჭვრიტა დინჯის თვალით, ვერ ახსნა და დააფასა;
მან მომპარა ყოველივე, რაც ჩემს ლხენას შეადგენდა,
მომპარა და ეხლა, ეხლა? დარჩა მხოლოდ ეს ლეგენდა:
დაკავშირებული სურათი
მაგონდება - ვსეირნობდი ერთხელ ბაღჩის ლარნაკ ტანზე,
შემოიჭრა ამ დროს იგი, შემომიკრა ლარნაკ ტანზე,
თან ამბობდა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვე
და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე!
გიპოვე!" ტიკტიკებდა, მეხვეოდა, ზვიადობდა, მღამიობდა, -
...მაგრამ თურმე მსახიობი, ცხოვრებაშიც მსახიობდა.
დაკავშირებული სურათი
და, შემთხვევით - მესამე დღეს - მეც ვეწვიე ჩვენს თეატრსა,
თამაშობდნენ ერთ პიესას ცნობილსა და ნაინატრსა,
და, რომ ლექსით დამეოკა აშლილობა ჩემი ნერვის
- მე სცენაზე ვერ ვამჩნევდი მსახიობთა გარდა ვერვის.
ამ დროს - ღმერთო, - შემოიჭრა ჩემი სატრფო და ამ ქალმა
ჩაიხვია ვიღაც ვაჟი, ვაჟიც ხვევნით მიესალმა.
ქალმა უთხრა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვე
და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე, ძლივს გიპოვე!.."
სთქვა და... სთქვა და ამ სიტყვებზე ჩამოეშვა ხელად ფარდა,
მოეწონათ მსახიობი, ყველა ერთხმად ახარხარდა;
მხოლოდ ერთი ამ ხარხარში ცრემლის ფრქვევით კვლავ ამბობდა:
- ეხ, მართლაც რომ მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!
image

შენ გაირყვნები

შენ გაირყვნები... აშკარა არი...

ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.

შენი სხეული ნაქანდაკარი, ხელიდან ხელში წავა ფარულად.

შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა, მე ასე ვფიქრობ...

მე ასე მჯერა... შენ გაირყვნები...

ო, ისე ტლანქად, როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!

შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,

დაგეწურება მკერდი მტევნებად -

და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,

სიძვა, მრუშება აგედევნება.

მოგენატრება ეს სიყმაწვილე, როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,

და იტყვი: რისთვის დავანაწილე მე სიყვარული ხარისხეულად!

imageრა მომელოდა და რა დამარქვეს! ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?

სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს, რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?

მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფევ, სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -

მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.

არც ჩამოკრული, არც საყვედური, მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.

მე, ბედნიერი და უბედური - წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.

გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ, მომიახლოვდი... მომეცი ხელი...

თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი.


მარიამ ალექსიძის (მარიჯანის) საპასუხო ლექსი იოსებ გრიშაშვილს:image

მე ხომ გარყვნილი არ დავიბადე,

მქონდა აზრები, გრძნობა უმანკო,

მქონდა ფიქრები, გულს რომ ზედ ადევს,

მქონდა ნამუსი - ქალწულს რომ ამკობს.

როცა ბაზარზე ჩემი სხეული

გამოვიტანე გროშების ფასად,

როცა სახლიდან გამოქცეული

ვიქეც გარყვნილად და ქუჩის ხასად -

შენ ხომ პირველმა გამომიწოდე

ჩემი მაზანდა სპილენძის ფული

და ახლა კიდევ გარყვნილს მიწოდებ!

რისთვის გამირყვენ უმანკო გული?

მე გავირყვნები - აშკარა არის,

მე გავირყვნები, ეს ვიცი, ძლიერ,

მაგრამ ამაყი, გწამდეს მარად ვარ,

მას შენ არ მოგთხოვ, რაც დამეკარგა,

და თუ დღეს შემხვდი, რომ გამიმთელო

გული, რომელიც აწ დაზიანდა,

ო, ვერასოდეს გაიტან ლელოს -

დაგაგვიანდა! დაგაგვიანდა!

0
590
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0