x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქარის წისქვილები ანუ ერთი წარმატების ისტორია
მას სახელად უილიამ კამკვამბა ჰქვია. უილიამი წარმოშობით მალავიდანაა. ადგილობრივ ნაგავსაყრელზე შეგროვებული ნარჩენებით მან ქარის წისქვილი ააგო და ამან მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.



image



ამ ფოტოსურათზე, რომელიც უილიმის ღარიბული სახლის კედელზე კიდია, თავად უილიამ კამკვამბა და მალავის პრეზიდენტი ბინგ მუტარიკია აღბეჭდილი. ეს იგივეა, რომ თქვენ პრეზიდენტ მარგველაშვილთან, უკაცრავად, უკვე სალომე ზურაბიშვილთან გქონდეთ სურათი გადაღებული ან უფრო მეტიც, ზურაბიშვილთან და ტრამპთან ერთად. . .



image




უილიამის მშობლიური სოფელი უიმბი (მალავის სახელმწიფო) ეკვატორზე მდებარეობს. გეოგრაფიაში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ეკვატორზე ღამე ძალიან სწრაფად დგება - 6 საათზე ცა უკვე ვარსკვლავებითაა დაფარული და ბოლო წლებამდე უიმბის ცას სწორედ მხოლოდ ვარსკვლავები ანათებდნენ დაღამებიდან დილამდე. ქარის წისქვილები - ამბიციური და მეოცნებე პატარა უილიამის დიდი ოცნება იყო, რომელმაც უკეთესობისაკენ შეცვალა არა მარტო მისი თანასოფლელების ცხოვრება, არამედ ერთი უბრალო მალაველი ბიჭი საქვეყნოდ ცნობილ პიროვნებად აქცია. უილიამი ოცდამეერთე საუკუნის რაინდია, მაგრამ ის ქარის წისქვილებს კი არ ებრძვის, არამედ აშენებს მათ.

მისი ავტობიოგრაფია, დაწერილი ჟურნალისტ ბრაიმენ მელაერის მიერ, სახელწოდებით ''ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა'', ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com. -ის გაყიდვების ბესტსელერი გახდა.



image



უილიამ კამკვამბას ისტორია ძალიან ჰგავს მისი თანატოლი აფრიკელი ბავშვების ისტორიას: ღატაკ ოჯახში გაზრდილ უილიამს ოცნებაც კი არ შეეძლო სკოლაში სწავლაზე, რადგან მისი მრავალსულიანი ოჯახი საარსებო სახსრებსაც კი ვერ პოულობდა და ნახევრად შიმშილობდა. ახლა ის იოჰანესბურგის საუკეთესო საინჟინრო აკადემიაში სწავლობს. ერთ დროს ის უბრალო, არაფრით გამორჩეული ბავშვი იყო, ახლა კი ხშირად იწვევენ ტელევიზიებში და საავტორო გადაცემებში. დღეს უილიამის მშობლები მეფეებივით ცხოვრობენ და ხშირად მასპინძლობენ ჟურნალისტებს, რომლებსაც სიამაყით უჩვენებენ თავიანთ 19 დუიმიან ტელევიზორს, რომელიც მალავის ღარიბ სოფელში ენით აუწერელ ფუფუნებად ითვლება ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ძალიან ძვირი ღირს - ერთი ადამიანის რამდენიმე წლის ხელფასი; მეორე და მთავარი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ელექტროენერგია მხოლოდ ქალაქებს და ზოგიერთ მდიდარ სოფელს მიეწოდება, ისიც გრაფიკით და შეფერხებით, ხოლო უილიამის მშობლიურ სოფელში უწყვეტი 24-საათიანი ენერგომომარაგებაა. გარდა ამისა, ახალგაზრდა კაცის მშობლები ბედნიერნი არიან, რადგან თავიანთ შვილს ტელევიზორში ხშირად ხედავენ.



image



მაინც საიდან დაიწყო უბრალო მალაველი ბიჭუნას წარმატების ისტორია. მოდით, მოვლენებს თანამიდევრულად მივყვეთ: 12 წლის უილიამმა დაწყებითი სკოლა დაამთავრა. მის მშობლებს სწავლის გასაგრძელებლად სახსრები აღარ გააჩნდათ, თუმცა ძალიან განიცდიდნენ, რომ ჭკვიან და ინტერესიან ბავშვს შესაბამის განათლებას ვერასოდეს მისცემდნენ. ბიჭუნა ელექტროხელსაწყოებით დაინტერესებას სულ პატარაობიდანვე იჩენდა. ის რადიომიმღებებს (რომელიც მის სოფელში ერთადერთ საინფორმაციო წყაროდ ითვლებოდა) შლიდა და თავიდან აწყობდა. პატარა უილიამმა საოცრად კარგად შეისწავლა მათი კონსტრუქცია და სულ მალე მან რადიომიმღებების შეკეთება დაიწყო. ბიჭუნას პატარა ოთახი სავსე იყო სადენებითა და სხვადასხვა დეტალებით. ის ოცნებობდა საშუალო სკოლაში ესწავლა, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნება გახლდათ. შეიძლება, უილიამის მშობლებს მოეძებნათ სახსრები მისი სწავლისათვის, მაგრამ 2011 წელს ქვეყანაში საშინელი შიმშილობა დაიწყო, რადგან სიმინდის მოსავალი, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ძირითად საკვებს წარმოადგენდა, თითქმის არ მოვიდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე მალავის რესპუბლიკა სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა. მის ძირითად კულტურას სიმინდი წარმოადგენს, გარდა ამისა, მოჰყავთ პამიდორი, ლობიო, ყაბაყი და სალათა, მაგრამ საშინელი გვალვების გამო მოსავალი იმ წელს თითქმის არ მოვიდა და ქვეყანა საშინელმა შიმშილობამ მოიცვა. საკვების გარდა, მალავიში დიდ პრობლემას წყალი წარმოადგენს. სასმელ წყალს უიმბელები მეზობელი სოფლიდან ეზიდებოდნენ. სარწყავი წყლის არსებობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. კამკვამბების ოჯახს უილიამის სწავლისთვის სულაც არ ცხელოდა, რადგან ქვეყნის უამრავი ღატაკი ოჯახის მსგავსად, ისინიც მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ გადაეტანათ შიმშილობის წელი. უილიამის სწავლის გაგრძელებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო -მთავარი ამ შემთხვევაში რთული წლის გადატანა იყო.

სოფელი უიმბიშში, სადაც უილიამი ცხორვობდა, მოზარდი ბიჭუნების ერთადერთი გასართობი სოფლის ცენტრში უსაქმოდ ხეტიალი, მარიხუანას მოწევა და დალევა იყო, მაგრამ უილიამს სულ სხვა მიზანი და ინტერესი ჰქონდა. წიგნები იყო ის, რისკენაც ბიჭუნას გამუდმებით მიუწევდა გული, თუმცა აფრიკის პატარა ღარიბ სოფელში წიგნის შოვნაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ერთხელაც უიმბისის დაწყებით სკოლაში აშშ-დან ჰუმანიტარული დახმარება მოვიდა - ბევრი, ბევრი წიგნი. უილიამი ხარბად დაეწაფა მათ და რაც ყველაზე საოცარია, ბიჭუნა ყველაზე მეტად იმ წიგნებით დაინტერესდა, რომლებშიც ენერგიის მიღების ალტერნატიულ წყაროებზე იყო საუბარი. სწორედ ერთ-ერთ წიგნში წააწყდა ის ფოტოს, რომელზეც ქარის წისქვილი იყო აღბეჭდილი. ბიჭუნა დაფიქრდა და მიხვდა, რომ ამ მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი იყო ელექტროენერგიის მიღება ქარისაგან. ქარი იყო ერთადერთი რამ, რაც მის მშობლიურ სოფელს "თავსაყრელად" ჰქონდა - და უილიამმაც დაიწყო ქარის წისქვილის აგება. ინგლისური ენა მან არც ისე კარგად იცოდა, ამიტომ საჭირო ლიტერატურის კითხვის დროს გამუდმებით ლექსიკონს იშველიებდა. ბიჭუნამ საკუთარი ხელით გააკეთა საჭირო ინსტრუმენტები: ბურღი, სახრახნისი და სხვა იარაღები. წისქვილის ფრთები ბამბუკის ტოტებისაგან გამოჭრა, ბოძების მაგივრად კი ნაგავსაყრელზე ნაპოვნი დაჟანგული მილები გამოიყენა და ერთ მშვენიერ დღეს უილიამის მიერ აგებული ქარის წისქვილიდან მიღებული ენერგიით რადიო ამუშავდა, თუმცა ეს დიდი წარმატების მხოლოდ დასაწყისი იყო.



image


უფრო მძლავრი და დიდი ქარის წისქვილის ასაგებად მეტი მასალა იყო საჭირო, ამიტომ უილიამი გამუდმებით დაძვრებოდა ნაგავსაყრელებზე, თანასოფლელებს თხოვდა ამა თუ დეტალისათვის გამოსადეგ ნივთებს, ისინი კი მას დასცინოდნენ და შეშლილს ეძახდნენ, იმდენად აბსურდული ეჩვენებოდათ ბიჭუნას საქმიანობა, მაგრამ ის სულაც არ წამოეგო ამ პროვოკაციას და მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გააორმაგა. ერთხელაც მას გაუმართლა და ნაგავსაყრელზე გატეხილი ველოსიპედი იპოვა; სწორედ მისგან გააკეთა უილიმმა გენერატორის ჯაჭვი და საკისრები... და აი, დადგა დრო, ქარის წისქვილის პირველი საცდელი გაშვებისა. საღამოს მთელი სოფელი უილიამის ქმნილებასთან შეიკრიბა, ისინი ელოდნენ მომენტს, თუ როგორ ჩაფლავდებოდა მისი სამთვიანი წვალების შედეგი. დასცინოდნენ ქარის წისქვილის ფრთებთან მოფუსფუსე ბიჭუნას და თანაგრძნობას უცხადებდნენ დედამისს, რომ ასეთი უტვინო და სულელი შვილი გაზარდა (თქვენი არ ვიცი, მკითხველო, მაგრამ მე ამ სიტყვების წერისას თვალწინ დამიდგა ჩვენებური "შერეკილები" და მისი მთავარი გმირი ერთაოზი თავისი ფანტასტიკური ცათმფრენით ).


კულმინაციური მომენტი მაშინ დადგა, როცა გენერატორის ასამუშავებლად აცოცებული უილიამი ფრთების დარტყმის ძალამ კინაღამ ძირს გადმოაგდო, თუმცა მან მოასწრო ხის ხარიხაზე ხელის წავლება და მიწაზე მშვიდობიანად დაბრუნება. ქარის გავლენით ფრთებმა სულ უფრო სწრაფად დაიწყო ტრიალი და რამდენიმე წუთის შემდეგ ნათურა აინთო. მაშინ უილიამი მხოლოდ 13 წლის იყო.


ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ, რათა ახლოდან შეეხედათ ამ უცნაური ქმნილებისათვის, რომელიც დენს იძლეოდა. უილიამს ახლა უკვე სხვა თვალით უყურებდნენ, თუმცა მისი სწავლის გაგრძელების საკითხი კიდევ 4 წლით გადაიდო.

სულ მალე უილიამმა დენი გაიყვანა საკუთარ სახლში და მოახდინა ყველა ოთახის ელექტროფიცირება. მან საკუთარი ხელით გააკეთა ავტომატური გადამრთველი, რომელიც ამჟამაც ჩიკაგოს მეცნიერების და ტექნოლოგიის მუზეუმში ინახება. გარდა ამისა, უილიამი ექსპერიმენტებს ატარებდა ბიოგაზის მისაღებად და ცდილობდა თხის ნეხვისაგან სუფთა ენერგიის მიღებას, თუმცა ეს ექსპერიმენტი მას არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, იმატა ქარის წისქვილების რიცხვმა და სოფელ უიმბის თითქმის ყველა ოჯახი ელექტრონმა გაანათა. რაც მთავარია, ელექტროენერგია მათთვის სრულიად უფასო იყო.



image


2012 წლის ნოემბერში უილიამის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ერთხელ მის სოფელს მალავის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. სოფლელებმა მათ სიამაყით უჩვენეს უიმბის მთავარია ღირსშესანიშნაობა - ქარის წისქვილები. ჩინოვნიკები დედაქალაქში გაემგზავრნენ, თუმცა სულ მალე დაბრუნდნენ უკან ჟურნალისტებთან ერთად. ისინი უილიამ კამკვამბას ოჯახს ესტუმრნენ და დაინტერესდნენ ნორჩი გამომგონებლის ისტორიით. ქარის წისქვილების ამბავი ჯერ გაზეთის ფურცლებზე მოხვდა, შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა. ცოტაოდენი ხნის შემდეგ სოფელს ნიგერიული პროგრამა TEDGlobal-ის დირექტორი ემეკა ოკაფორი ეწვია (პროგრამა მეცნიერების, გამომგონებლების და რაცონალიზატორების საქმიანობის პროპაგანდითაა დაკავებული).

იმ მომენტიდან, როცა ოკაფორიმ კამკვამბების სახლის ზღურბლს გადააბიჯა, მოზარდი უილიამის ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. 2013 წლის დასაწყისში ის თავის ცხოვრებაში პირველად ჩაჯდა თვითმფრინავში და TEDGlobal-ის კონფერენციაზე გაემგზავრა, სადაც ის პროგრამის დირექტორმა მიიწვია. პატარა, დარცხვენილი ბიჭუნა დარბაზის კუთხეში იყო ატუზული, როცა მასთან TEDGlobal-ის დირექტორი მივიდა და სთხოვა, სიტყვით გამოსულიყო და კონეფერენციის მონაწილეებისათვის მოეთხრო, თუ როგორ გააკეთა მან ქარის წისქვილები. შიშისა და მღელვარებისაგან მიცვალებულივით გაფითრებული ყმაწვილი თვალებდახრილი მილასლასდა ტრიბუნასთან და ძლივს ამოილუღლუღა ორიოდე სიტყვა: "მე ძალიან ვეცადე...და გამომივიდა". მცირეოდენი პაუზის შემდეგ დარბაზი, რომელიც მიხვდა, რომ უილიამის გამოსვლა სულ ამ ოთხიოდე სიტყვით შემოიფარგლებოდა, ფეხზე წამოდგა და მხურვალე ოვაციებით დააჯილდოვა მორცხვი ბიჭუნა. ამაზე ეფექტური და ემოციური გამოსვლა მათ არ ახსოვდათ. უილიამის მიერ წარმოთქმული სიტყვები კონფერენციის დევიზი გახდა. მეცნიერები, სწავლულები, გამომგონებლები, ექიმები დიდხანს უკრავდნენ ტაშს და აპლოდისმენტებით ამკობდნენ პატარა გამომგონებელს.

ამჟამად ულიამი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საინჟინრო აკადემიაში სწავლობს და მუშაობს. ის სტუდენტებს ასწავლის, თუ როგორ უნდა მიიღონ ენერგია მზის ბატარეების დახმარებით. უილიამს სჯერა, რომ მსოფლიოს მომავალი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას ეკუთვნის. მის სოფელს კი ისევ ანათებს ქარის წისქვილებისაგან მიღებულ ელექტროენერგიაზე მომუშავე ნათურები. ერთი ქარის წისქვილი ამუშავებს ტუმბოს, რომელიც უილიამის მიერ აშენებული ჭიდან წყალს ტუმბავს. უიმბელ ქალებს უკვე აღარ უხდებათ წყლის მოსატანად მეორე სოფელში წასვლა, ისინი უილიამის ჭის წყლით სარგებლობენ. ახალგაზრდა გამომგონებლის თაოსნობით სოფელში გაიხსნა საშუალო სკოლა, სადაც ღარიბი გლეხების შვილებს შეუძლიათ განათლების მიღება. უილიამის მშობლები კი თითქმის ყოველდღიურად მასპინძლობენ ჟურნალისტებს და სიამაყით უყვებიან მათ თავიანთი შვილის შესახებ, რომელიც საკუთარი ცოდნის, ნიჭის და ქარის წისქვილების წყალობით გახდა ცნობილი პიროვნება.



image




1
213
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
213
  
2018, 8 დეკემბერი, 2:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1