x
image
ლანა92
შტაზი - "უფროსი ძმა" გდრ-ში

შ ტ ა ზ ი

image

სახელწიფოებრივი არსებობის ისტორიაში არსებობდნენ ქვეყნები, რომელთა უმაღლესი მმართველობა ეფუძნებოდა საკუთარ მოქალაქეებზე, საზოგადოებაზე აღმასრულებელი ორგანოებით მუდმივი და საყოველთაო კონტროლის სისტემას. მათ პოლიციურ სახელმწიფოებს უწოდებდნენ.

ცნობილი პოლიციური სახელმწიფოები იყო: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეა, საბჭოთა კავშირი, ჰიტლერის ნაცისტური გერმანია (ნაციონალ-სოციალიზმი), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ). ისინი მკვეთრად უპირისპირდებოდნენ დემოკრატიულ "სამართლებრივ სახელმწიფოს", სადაც პოლიციური ძალაუფლება რეალურად მიმართულია კანონიერების, მოქალაქეთა უფლებების დაცვისკენ.

პოლიციური სახელმწიფოების მართვის ძირითად მექანიზმად მოიაზრებოდა მოქალაქეთა პირადი და საზოგადო ცხოვრების ტოტალიტარული, საყოველთაო კონტროლი და თვალთვალი, რისთვისაც მსგავსი ტიპის სახელმწიფოებში მოქმედებდა სპეციალური ორგანო. საბჭოთა კავშირისათვის ასეთი ორგანო იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი "სუკი", ნაცისტურ გერმანიაში - სახელმწიფო საიდუმლო პოლიცია "გესტაპო", გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ-ში) - უშიშროების სამსახური "შტაზი" (Stasi).

image

"შტაზი" წარმოადგენს აბრევიატურას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურისა, რომელიც გაუქმდა ჯერ კიდევ გერმანიის გაერთიანებამდე. შტაზი უბრალოდ და მხოლოდ გერმანელებისაგან შემდგარი სამოქალაქო არმია კი არ იყო, არამედ რეალურად იგი ასახავდა მთლიანად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ-ის) საზოგადოების ცხოვრების ისტორიის გარკვეულ ეტაპს.

ცნობილი პუბლიცისტი - კლაუს ჰართუნგი შტაზს უწოდებს "საზოგადოებას საზოგადოებაში". მისი ფუნქციონირების ოფიციალურ ფუნქციად სახელდებოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ-ის) მოქალაქეთა და თვით ამ სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა, თუმცა სინამდვილეში "შტაზი" საკუთარი ხალხის დაშინების, თვალთვალის, გაკონტროლების, შევიწროებისა და მონური მორჩილების პოლიტიკას ემსახურებოდა და არა დაცვას.

შექმნის მიზეზების, მუშაობის თავისებურებებისა და მოქალაქეებზე ზემოქმედების ხასიათის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურს - "შტაზის" დღეს აიგივებენ ჯორჯ ორუელის მიერ რომანში "1984" აღწერილ "უფროსი ძმის" საყოველთაო თვალთვალისა და მოსმენის სისტემასთან.

image

გდრ-ის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრება შტაზის აგენტებმა ჯოჯოხეთად აქციეს.

"შტაზი" ბერლინის კედლის დაცემამდე აღმოსავლეთ გერმანიაში (გდრ-ში) აკონტროლებდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. მუდმივი თანამშრომლების გარდა, გდრ-ის უშიშროების სამსახურისათვის მუშაობდა 100 000-მდე მოქალაქე.

გდრ-ის პოლიციურ მეთვალყურეობას დაქვემდებარებული ცხოვრების სფეროებზე წარმოდგენას გვიქმნის "შტაზის" განყოფილებები:

"1.ტელეკომუნიკაციის მეთვალყურეობის განყოფილება (რომელშიც მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენა მიმდინარეობდა);

2.რადიოს უშიშროების უზრუნველყოფის განყოფილება (ცენზურა);

3.ინფორმაციის უშიშროების უზრუნველყოფის განყოფილება (ცენზურა);

4.სპორტული გაერთიანება "დინამოს" ცენტრალური ბიურო;

5.კულტურის, ეკლესიისა და იატაკქვეშეთის განყოფილება;

6.კერძო პირთა უშიშროების უზრუნველყოფის განყოფილება;

7.სახელმწიფოს ლტოლვილთა და ემიგრაციის განყოფილება (რომელიც გდრ-დან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაქცევის მსურველთა და ორ გერმანულ სახელმწიფოზე გახლეჩილ ოჯახთა წევრების ერთმანეთთან უთიერთობას მეთვალყურეობდა" [https://ka.wikipedia.org/wiki/პოლიციური-სახელმწიფო].

"Zeretzung"-ის სახელით იყო ცნობილი გდრ-ის უშიშროების სამსახურის, "შტაზის" მიერ ადამიანების ფსიქოლოგიური დემორალიზებისათვის გამოყენებული უცნაური და უსასტიკესი მეთოდი. 1970-1980-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიაში "Zeretzung"-ის მეთოდი მიმართული იყო დისიდენტურად მოაზროვნეთა წინააღმდეგ, რათა ისინი ფსიქოლოგიური შეტევით, იერიშით ჩამოეშორებინათ საზოგადოებრივ სფეროებში აქტიურობისათვის.

"შტაზელები" პერიოდულად ჩუმად შედიოდნენ შერჩეული მსხვერპლის ბინაში, საყოფაცხოვრებო ნივთებს უცვლიდნენ ადგილს, მაღვიძარას აყენებდნენ უცნაურ, ძილისთვის განკუთვნილ დროზე, მაცივრებში დებდნენ ოჯახისათვის უცხო საკვებს, ხშირად რეკავდნენ ტელეფონზე და ყურმილის აღებისას დუმდებოდნენ.

imageშინ დაბრუნებული "შტაზის" სამიზნე მოქალაქეები ბინაში აღმოჩენილ ქაოსსა და უცნაურობებს მიაწერდნენ საკუთარ წარმოსახვას, ფსიქიკური მდგომარეობის გართულებას და ვარდებოდნენ დეპრესიაში. "შტაზის" მიერ ინსცენირებული ჰალუცინაციების ეფექტს, ფსიქოლოგიური განიარაღების ვერაგულ მეთოდს შერჩეულ მსხვერპლთა, დისიდენტთა უმრავლესობა მიჰყავდა რეალურ ფსიქიკურ აშლილობამდე და აღნიშნულ ნიადაგზე, რიგ შემთხვევებში თვითმკველობამდეც კი.

2017 წელს გამოცემა "Bild"-ის მიერ გავრცელებული მასალიდან ირკვევა, რომ გდრ-ის უშიშროების სამსახურს, "შტაზს" "კაგებესა" და "გესტაპოზე" მჭიდრო, მყარი დაზვერვის სისტემა ჰქონდა, თითო "შტაზელზე" 166 მოქალაქე მოდიოდა.

image"შტაზის" აღზევების წლებში აღნიშნულ სამსახურთან თანამშრომლობდა 274 000 ადამიანი, აგენტ-ინფორმატორთა ქსელი კი 500 000-მდე მოქალაქეს მოიცავდა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის უშიშოების სამსახურის, "შტაზის" აგენტებს დასავლეთ ბერლინში არსებული ყველა პოლიტიკურად საინტერესო ობიექტის (სასტუმრო "სავოიას" ყველა სათავსოს, სატელეფონო სადგურებისა და კომუტატორების, დასავლეთ ბერლინის კომისარიატების) გასაღები ჰქონდათ და მათ არ გამოეპარებოდათ რომელიმე პოლიტიკოსის ან მნიშვნელოვანი პიროვნების, დასავლეთის მოკავშირე ძალების მეთაურთა საიდუმლო საუბრები.

image"შტაზელებს" გასაღებებით ამარაგებდა ადგილობრივი, დასავლეთ ბერლინელი ზეინკალი. ეს უკანასკნელი "შტაზთან" 1975 წლიდან თანამშრომლობდა და სანაცვლოდ მნიშვნელოვან თანხას იღებდა, თუმცა, შენიღბვის მიზნით, მოკრძალებულად აგრძელებდა ცხოვრებას.

90-იანი წლების დასაწყისიდან, გდრ-ის უშიშროების სამსახურის არქივში დაცული დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ მიღებული კანონების საფუძველზე, გერმანიაში დაიწყო "შტაზელების" ლუსტრაცია."შტაზის" საიდუმლო არქივის წლების შემდგომ გახსნამ ფარდა ახადა ყველა იმ ბოროტებასა და სისასტიკეს, რომლის ნაწილიც გერმანელი საზოგადოებისათვის თავის დროზეც აშკარა იყო, თუმცა მოქალაქეებს მამხილებელი მტკიცებულებები და დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არ გააჩნდათ. გდრ-ის უშიშროების სამსახურის დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი დოკუმენტები საიდუმლო ადგილას ინახებოდა და მათი ხელში ჩაგდების შემთხვევაშიც კი ვერავინ ბედავდა მრისხანე "შტაზთან" დაპირისპირებას.

"შტაზის" არქივი იყო ერთგვარი "პანდორას ყუთი", ყოველგვარ უბედურებათა წყარო, რომლის გახსნისას "ამოფრინდებოდა" უამრავი სახის ბოროტება, სიავე, დანაშაული და გავრცელდებოდა მთელ აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებაში, გდრ-ის ყველა მოქალაქეზე, ყველას მოუტანდა ზიანს.

image

90-იან წლებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებამდე, მარტის არჩევნების შემდგომ, დადგა საკითხი "შტაზის" ლიკვიდირებისა და მისი საიდუმლო არქივის გასაჯაროებისა, რაც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სერიოზული უთანხმოების საგანი გახდა. "შტაზელები", რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ სიმართლეს ემსახურებოდნენ, არ თმობდნენ თავიანთ პოზიციებს, მეორე მხრივ, დაზარალებული მოქალაქეები მოითხოვდნენ მოვლენათათვის სწორი ინტერპრეტაციის მიცემასა და სამართლიანობის აღდგენას.

პროგრესისტები ხვდებოდნენ, რომ "შტაზის" გარშემო კონფრონტაცია საზიანო იქნებოდა გერმანიის ორი ნაწილის გაერთიანების მიმდინარე პროცესისათვის და გამოვიდნენ საკითხის განხილვის დროებით შეჩერების წინადადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილი მოსალოდნელი იყო, რომ "შტაზელები" გააქრობდნენ თავიანთი შავბნელი საქმეების ამსახველ მასალებს და ქვეყნის გაერთიანების საქმეშიც უარყოფით როლს ითამაშებდნენ. "შტაზელები" თავიანთი ღირებულებებითა და მორალური სტანდარტებით აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ აღმოსავლეთ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან და კიდევ უფრო მეტად შორს იდგნენ დასავლეთ გერმანიის მცხოვრებთაგან. ისინი ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების "კვლავგაერთიანებას" აღიქვამდნენ საფრთხედ და უფრო მეტიც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, "შტაზელები" გდრ-ში პუტჩის მოწყობას გეგმავდნენ ამ პროცესის შესაფერხებლად.

უშიშროების სამსახურის, ე.წ. "შტაზის", როგორც გდრ-ის გადმონაშთისა და ანარეკლის, პრობლემა იყო ის ერთ-ერთი ძირითადი ბარიერი, რომელიც "კვლავგაერთიანებულ" გერმანიაში ხელს უშლიდა საზოგადოების ინტეგრაციას. მოქალაქეთა ნაწილი აუცილებლად მიიჩნევდა "შტაზის" საქმიანობის შესწავლასა და დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას, სხვები ერთიანი გერმანელი ერის იდეის წარმატებით ხორცშესასხმელად მზად იყვნენ ეროვნული შემწყნარებლობის გამოვლენისთვის.

"შტაზის" საიდუმლო არქივში დაცული დოკუმენტები ძირითადად უმაღლეს მმართველთა 40-წლიანი უკანონო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ინახავდა და მათი შესწავლის გარეშე წარმოუდგენელი იყო ათასობით დაზარალებული მოქალაქის რეაბილიტაცია და სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნება. ამასთანავე, თავს იჩენდა ორმაგი მორალურ-სამართლებრივი სტანდარტი: "შტაზელები", როგორც დამნაშავეები და როგორც რეჟიმის მსხვერპლნი.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ 6 თვეს "შტაზის" არქივის საკითხმა კულმინაციას მიაღწია, რადგან საიდუმლო დოკუმენტების გამოაშკარავება და "შტაზელების" შავბნელი საქმეების გამოძიება უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე მეტად მათთვის დანაშაულების დამკვეთ ძალას - გდრ-ის მმართველ გუნდს, "წითელ ელიტას" აშინებდა.

image1990 წლის გაზაფხულზე, "შტაზის" საქმეზე შედგენილი სპეციალური სამოქალაქო კომიტეტისათვის განსაკუთრებით აქტუალური იყო გდრ-ის უშიშროების სამსახურში დაცული დოკუმენტების განადგურების შესახებ მსჯელობა. წევრთა ნაწილი, რომლებიც უნდა ვიფიქროთ, რომ ხელმძღვანელობდნენ გდრ-ის ჯერ კიდევ მოქმედი მმართველების მითითებით, ემხრობოდნენ არქივის გაუქმებას, ნაწილი- მის გდრ-ის ისტორიის ნაწილად განხილვას, სხვებიც პირდაპირ მოითხოვდნენ მის გაუხსნელ დანაშაულებრივ ქმედებათა ამსახველ დოკუმენტებად კვალიფიცირებას.

ცნობილი ისტორიკოსის, იენს გიზეკეს მიხედვით, კომიტეტის წევრები, რომლებიც ითხოვდნენ "შტაზის" მასალების გაუქმებას, ასრულებდნენ გდრ-ის ხელისუფლების დაკვეთას და შემდგომშიც მათგან ჩამოყალიბდა "კვლავგაერთიანებული" გერმანიის მთავრობის ოპოზიციური ძალა, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივ ინტეგრაციას.

1990 წელს პარალელურად დაიწყო ფუნქციონირება მეორე სამოქალაქო კომიტეტმა, რომელიც ორიენტირებული იყო გდრ-ის უშიშროების სამსახურის საიდუმლო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.მისი საქმიანობა პირველ კომიტეტთან შედარებით მოწესრიგებული იყო."შტაზის" საქმეზე მეორე სამოქალაქო კომიტეტმა დაინტერესებული პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩამოაყალიბა საიდუმლო დოკუმენტების საკითხისადმი ალტერნატიული მიდგომები. ერთი ვარიანტი ითვალისწინებდა მასალების კომპეტენტური პირებისათვის გადაცემას, მეორე - მათი განადგურების საკითხის პლებისციტის საფუძველზე გადაწყვეტას.

მეორე კომიტეტის საქმიანობაც არც ისე ეფექტიანი იყო, კამათი სცილდებოდა სამართლებრივ სივრცეს და იჭრებოდა მორალურ განზომილებაში.ამასთანავე, უმრავლესობა მაინც "შტაზის" საიდუმლო დოკუმენტების განეიტრალებას, განადგურებას უჭერდა მხარს.

"შტაზის" საქმის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე - ვერნერ შულცი მიიჩნევდა, რომ საკითხის გადაწყვეტა გაერთიანებული სამოქალაქო კომიტეტის, როგორც გარდამავალი ინსტიტუტის, უმრავლესობის შეხედულების საფუძველზე გაუმართლებელი იყო და პრობლემის საღად განსჯას ანდობდა მხოლოდ ქვეყნის ისტორიკოსებსა და იურისტებს.

"შტაზის" საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე მოქმედებდა კიდევ ერთი ჯგუფი, ჰანს მოდროვის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ჯგუფი თანამშრომლობდა უშუალოდ გდრ-ის ხელისუფლებასთან და მისი დავალებით კომიტეტს სთავაზობდა საკითხის გადაწყვეტის 3 გზას:

1.დაეწყოთ მძიმე დანაშაულებრივ ქმედებათა გამოძიება;

2.შეესწავლათ უშიშროების სამსახურის არქივი, მაგრამ არ დაესაჯათ "შტაზელები";

3.გაექროთ, გაენადგურებინათ "შტაზში" დაცული საიდუმლო დოკუმენტები და უშიშროების მუშაკტა შესახებ ინფორმაცია.

ბოლო ორი ვარიანტი რადიკალური ლიბერალიზმის გამოვლინება იქნებოდა, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილის (დამნაშავე "შტაზელების") რეაბილიტაციითა და დაზარალებულ მოქალაქეთა, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მსხვერპლთა უფლებების შელახვით, ამავდროულად, ემიჯნებოდა დემოკრატიის პრინციპებს.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ "შტაზის" არქივი გაეხსნათ.საიდუმლ დოკუმენტების გამომზეურებისა და უშიშროების მუშაკთა დოსიეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა არაერთი დანაშაული, მათ შორის "დამსმენთა ინსტიტუტის" წევრობა.

image"დამსმენთა ინსტიტუტის" წარმომადგენლები თანამემამულეებზე უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციას აწვდიდნენ გდრ-ის უშიშროების სამსახურს, თუმცა მათი დიდი ნაწილი თავს ცნობდა არა დამნაშავედ, არამედ დაზარალებულად, მმართველი ძალის ზემოქმედებისა და იძულების მსხვერპლად.

"დამსმენთა ინსტიტუტი" ფუნქციონირებდა მთელი გდრ-ის ტერიტორიაზე და მუშაობდა უშიშროების სამსახურისათვის.წევრთა რიგებში იყვნენ არა მხოლოდ მოხალისეები, საკუთარი ნებით მომუშავეები, არამედ გამცემლურ საქმიანობას იძულებით ეწეოდნენ ხელოვანები, მეცნიერები, მწერლები, პოეტები და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.

ინტელიგენციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "შტაზის" არქივის გამომზეურებისა და ერის სამოქმედოდ დარაზმვის საქმეში. გონებრივი შრომის მუშაკები ისწრაფვოდნენ ქვეყნის გაერთიანებისაკენ და ამ გზაზე არ ერიდებოდნენ ჯერ კიდევ მოქმედი გდრ-ის უშიშროების სამსახურის მიერ მათზე ზემოქმედების ფაქტის მხილებას.

"შტაზის" არქივის გამოძიება აყენებდა "დამსმენთა ინსტიტუტის" იძულებითი წევრების, ინტელიგენციის წარმოამდგენლების პასუხისმგებლობის საკითხსაც, რაც მიდიოდა ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შელახვამდე.დამნაშავეთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ადამიანები, რომლების რეალურად რეჟიმის ზემოქმედების მსხვერპლი იყვნენ და მათი დასჯა გაუმართლებელი იქნებოდა მორალური გადმოსახედიდან.სამოქალაქო კომიტეტმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგად მიაღწია ერთადერთ შეთანხმებას, გდრ-ის ყველა მოქალაქეს ეძლეოდა უფლება, მიეღო ინფორმაცია საკუთარი დოსიეს შესახებ.უმრავლესობის მხარდაჭერით, ასევე, გადაწყდა, რომ დაუშვებელია "შტაზის"არქივის ემპირიული შესწავლა, რადგან ამ შემთხვევაში გდრ-ის მოქალაქეთა მეოთხედი (25%) ბრალდებულად წარმოჩნდება.

მრგვალი მაგიდის მუშაობა მიანიშნებს იმაზე, რომ მისი წევრები ერიდებოდნენ რადიკალურ ნაბიჯებს, ცდილობდნენ პასუხისმგებლობის პარლამენტის სამსჯავროსათვის გადაბარებას.დასავლეთ გერმანიის საზოგადოება ამ პერიოდში ინტეგრაციის საკითხებით იყო დაკავებული და შეგნებულად უარს ამბობდა "შტაზის" არქივის საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.აღმოსავლეთ გერმანიის ანუ გდრ-ის აქტიური მოქალაქეები, ბონელი პროგრესისტები კი შიშობდნენ, რომ მხილების შემთხვევაში, "შტაზელები" შურს იძიებდნენ ქვეყნის გაერთიანების პროცესის შეფერხებით და ამიტომ ემხრობოდნენ საიდუმლო დოკუმენტების განადგურების იდეას.ბონელი პროგრესიტების ეჭვი საფუძვლიანი იყო, რადგან 1990 წლის ზაფხულში, როგორც კი წამოიჭრა "შტაზის" არქივის განხილვის საკითხი, დაინტერესებული მხარეები ახმაურდნენ გერმანიის გაერთიანების პროცესის წინააღმდეგ.ამას ადასტურებს ისტორიკოს გიზეკეს სიტყვებიც, რომ "ჰონეკერის" მთავრობისა და "შტაზელების" საერთო ინტერესი იყო უშიშროების სამსახურის არქივის გაუვნებელყოფა, განადგურება და მათ შესაძლოა, ხელი შეეშალათ გერმანიის "კვლავგაერთიანებისათვის".

გერმანიის რესპუბლიკის პროგრესულად მოაზროვნე ფრთა მიუთითებდა ორმაგ საფრთხეზე:"შტაზის" არქივის გარშემო სკანდალი, ერთი მხრივ, ხელს უშლიდა ქვეყნის გაერთიანებას, მეორე მხრივ, უშიშროების სამსახურის შავბნელი საქმეების გამოძიება საზოგადოებაში გამოიწვევდა განხეთქილებას, "ერთი ერის ორ საზოგადოებას შორის დაპირისპირებას". "შტაზის" საკითხი, მართალია, არ წარმოადგენდა ერთადერთ სირთულეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საზოგადოებების ინტეგრაციისათვის, მაგრამ იყო პირველი ბარიერი ამ გზაზე.

image"შტაზის" არქივის შესწავლასთან დაკავშირებული ნეგატიური პროცესების შესარბილებლად 1990 წლის 24 აგვისტოს გაერთიანებულმა სამოქააქო კომიტეტმა მიიღო უშიშროების სამინისტროსა და "შტაზის" წევრთა პესონალური მონაცემების დაცვის შესახებ საგანგებო კანონები, რომელთა თანახმადაც:

1."შტაზის" არქივი, როგორც ისტორიის ნაწილი, უნდა შეესწავლათ პოლიტოლოგებს, ისტორიკოსებსა და სხვა შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე პირებს;

2.უშიშროების სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა პერსონალური მონაცემების გადამოწმებისას უნდა დაცულ იქნას მოქალაქის უფლებები;

3.უნდა განხორციელებულიყო დაზარალებულთა რეაბილიტაცია უმცირეს დროში;

4.ყოფილი და მოქმედი მთავრობის წევრების საქმეები უნდა შეესწავლათ ობიექტურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების მკაცრად დაცვით;

5.პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფი უნდა გაკონტროლებულიყო, რომ მას მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ბრალდებულთა სამოქალაქო უფლებები.

გერმანიის სახალხო პალატის დეპუტატები მიუთითებდნენ საგამოძიებო ჯგუფების კომპენტენტურობის ნიშნით დაკომპლექტებაზე, ყოველი საქმის გამოძიების პროცესზე კონტროლის დაწესების აუცილებლობასა და მიზანშეწონილობაზე.

1991 წელს გაერთიანებული ბუნდესტაგის მიერ "შტაზის" არქივის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, იოაჰიმ გაუქის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. საკიტხის ამგვარმა გადაწყვეტამ მოქალაქეთა შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა, ორ საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ ყოფილი კოლეგები, მეგობრები, მეზობლები; ყველას პირზე ეკერა მკვლელების სახელები და მკვლელობების ამბები. "შტაზის" არქივის გახსნა და უშიშროების სამსახურის აგენნტთა ლუსტრაციის პროცესის დაწყება უარყოფითად აისახა სამოქალაქო ერთიანობაზე, გერმანიის "კვლავგაერთიანებაზე", რადგან საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო.

აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეთა ერთი ნაწილი დადებითად აფასებდა "შტაზის" არქივის გამომზეურებას და ამ პროცესში ხედავდა სამართლიანობის აღდგენის, ერთიანი, სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების წინაპირობას, მეორე ნაწილი კი აღიქვამდა მას გერმანიის "კვლავგაერთიანების" გზაზე საზოგადოებრივი ინტეგრაციისათვის ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორად.

აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებიდან ერთი წლის თავზე გაიხსნა "შტაზის" არქივში აქამდე საიდუმლოდ დაცული პირველი გახმაურებული საქმეები. 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა 6 გდრ-ის მაღალჩინოსნის: ჰონეკერის, მილკეს, კესლერის, ალბრეხტის, შტოპისა და შტრელეტცის სასამართლო პროცესები.

მილკე თავდაპირველ ჩვენებაზე აცხადებდა, რომ "შტაზი" გდრ-ის უშიშროების სამსახური იყო - მმართველი პარტიის ფარი და მახვილი. მისი ბოლო ჩვენება ერთდროულად შეიცავს თავის მართლებასა და მონანიებას. მილკე მისი და კოლეგების უკანონო ქმედებებს ამართლებდა იმით, რომ ძლიერი სახელმწიფოსათვის მსგავსი სამუშაოები აუცილებელი იყო და მას იძულებით ასრულებდნენ.

1995 წლის 13 ნოემბერს შპიონაჟის, "დამსმენთა კომიტეტის" დანაშაულებრივი საქმიანობის ბრალდებით გდრ-ის პოლიტბიუროს წევრების (ჰაგერის, კლაიბერის, შაბოვსკის, კრენცის და სხვების) წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესების ტალღა დაიწყო.

image"შტაზის" არქივის შესწავლა ამით არ შემწყდარა. ყოფილი "შტაზელების" მუქარის მიუხედავად, დაიწყეს ძველი საქმეების გამოძიებაც, რაც შეეხო მმართველი ჯგუფისა და "შტაზის" არა მხოლოდ ხანდაზმულ, არამედ უკვე გარდაცვლილ წევრებსაც. ყველაზე ხმაურიანი იყო მესაზღვრე ჯარისკაცთა საქმეები, რომელიც ითვალისწინებდა მძიმე დანაშაულებათა გამოძიებას.

გდრ-ის მესაზღვრეები ბერლინის კედლის აგებიდან დანგრევამდე პერიოდში ხვრეტდნენ ათასობით თავისუფლებისათვის მებრძოლს. განსაკუთრებით რეზონანსული იყო 1962 წლის 17 აგვისტოს მკვლელობა, როცა 18 წლის პეტერ ფეხტერმა ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილიდან გასვლა სცადა, მაგრამ სამხედრო პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. მეორე დღეს ბერლინის ორივე მხარეს სასტიკად გააპორტესტეს მომხდარი, მოქალაქეები ადანაშაულებდნენ პოლიციას, მესაზღვრეებსა და რუსებს. კრემლიც და გდრ-ის მმართველი ძალაც იძულებული გახდა, რეაგირება ჰქონოდა აღნიშნული მკვლელობის ფაქტზე. ეს იყო პირველი და ამავდროულად, ერთადერთი საქმე, რომელიც მყისიერად, მაშინვე გამოძიებულ იქნა და დამნაშავეც - დასჯილი.

1998 წლიდან გაიმართა მესაზღვრე ჯარისკაცთა საქმეებზე სასამართლო პროცესების, "კედლის დამცველთა პროცესის" მეორე ეტაპი, რომელიც 2000 წელს დასრულდა.180 ბრალდებულიდან 60 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, თითოეული მინიმუმ 2-3 მკვლელობაში იყო მხილებული. მათი საქმეების გამოძიებიდან რამდენიმე თვეში 5000 სახალხო პოლიციელისა და სხვა სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა საქმეზე გაიმართა სასამართლო პროცესები. 1994 წლიდან პარალელურად წარმოებდა გდრ-ის პერიოდში მოღვაწე გამომძიებლების, იურისტების, მოსამართლეების, პოლიტბიუროს წარმომადგენელთა საქმეების გამოძიება. მათი საქმეების გამოძიება ფედერალური სასამართლოს დაქვემდებარებაში იყო და უმეტესობამ ფულადი ჯარიმით შეინარჩუნა თავისუფლება.

სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების დამცველები მიიჩნევდნენ, რომ "შტაზის" საიდუმლო საქმეების გახსნა საბოლოოდ მოსპობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების, მათი საზოგადოებების ინტეგრაციის შესაძლებლობას. ამიტომ ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე სასამართლო პროცესებს და მხარს უჭერდნენ ბრალდებულთა ახლობლების მიერ გამართულ შიმშილობის აქციებს.

90-იანი წლების შუა მონაკვეთისათვის გერმანიის გაერთიანებულ ფედერაციაში განსაკუთრებით გამძაფრდა საზოგადოებრივი არეულობის საფრთხე. "შტაზის" არქივის გახსნისა და გდრ-ის პერიოდის დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების შედეგად დამნაშავეთა დასჯისა და დაზარალებულთა რეაბილიტაციის იმედი ხალხში ჩაქრა, რასაც დაერთო აღმოსავლეთ ნაწილში ეკონომიკური ფონი. სოციოლოგები წუხდნენ საზოგადოების დაქსაქსვის საშიშროებაზე და ფედერალურ ხელისუფლებას ურჩევდნენ, მოეთხოვათ შესაბამისი ორგანოებისაგან "შტაზის" საქმეებზე სასამართლო პროცესების შეწყვეტა.

"შტაზის" არქივის გახსნისა და საიდუმლო საქმეების გამოძიების შედეგად 60 000 ადამიანის ბრალეულობა დადასტურდა, თუმცა მოსალოდნელი საზოგადოებრივი იწესრიგობის საფრთხეების გათვალისწინებით, უმრავლესობა ფულადი ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს, მხოლოდ 2 %-ს გამოუტანეს განაჩენი.

გაერთიანებული გერმანიის ფედერალური ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ "შტაზის" არქივის საკითხი მშვიდობიანად მოეგვარებინა და დაზარალებულების რეაბილიტაციაზეც ეზრუნა. ხელისუფლებამ საზოგადოებრივ მშვიდობასა და ზავს მიაღწია იმით, რომ "შტაზის" საქმიანობით დაზარალებულ მოქალაქეებს მისცა ფულადი კომპენსაცია მომავალი ცხოვრების მოწყობისათვის.

კრიტიკოსთა ნაწილი გერმანიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებას მკვლელ "შტაზელთა" დაუსჯელობასთან დაკავშირებით არასამართლიან ნაბიჯად განიხილავს, თუმცა მეორე ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს, სახელმწიფო ინეტრესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე.

"შტაზის" საკითხი აქტუალური იყო 2000 წლის ოქტომბრამდე. ეროვნული ფორუმის გადაწყვეტილებით, ისტორიკოსებს ნება დართეს, გამოეკვლიათ "შტაზის" საქმიანობა, როგორც ქვეყნის ისტორიის ნაწილი და მასზე დაეწერათ მონოგრაფიები. ფედერალურმა ხელისუფლებამ ასევე, იზრუნა ყველა დაზარალებულის კომპენსირებასა და რეაბილიტაციაზე, "შტაზის" უკანონო საქმიანობაში იძულებით თუ ნებაყოფლობით ჩართული წევრების საზოგადოებაში ინტეგრირებაზე.

"შტაზის" საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლები დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში და განათლების მიღების შესაძლებლობაც მიეცათ. ყოფილი "შტაზელები" იქცნენ ბროკერებად, სავაჭრო აგენტებად, პირადი დაცვის წევრებად, სადაზღვევო კომპანიათა მუშაკებად.1500-მდე ყოფილმა "შტაზელმა" მუშაობა დაიწყო ფედერალურ პოლიციაში. "შტაზელთა" ნაწილიც ლანდთაგებსა და ბუნდესთაგში წარმოამდგენლებად გვევლინებიან. "შტაზელთა" ხანდაზმული თაობა კი ისევ წარსულს მისტირის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ-ის) გაიდეალებას აგრძელებს, ოცნებობს ძველი გავლენის დაბრუნებაზე.

ამდენად, "შტაზის" საკითხი საყურადღებოა არა მხოლოდ მისი "გდრ-ის პოლიტიკურ აჩრდილად" მოაზრების გამო, არამედ უფრო იმ მხრივაც, რომ იყო ერთ-ერთი პირველი და მთავარი ბარიერი "გერმანელთა ერთობის", პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტეგრაციის მიღწევის გზაზე.

წყაროები:

1. გვახარია გოგი, "შტაზი" - ორუელის სისტემა "ანტიფაშისტურ ქვეყანაში" (ნაწილი პირველი), 26 მარტი, 2016, https://www.radiotavisupleba.ge/a/citeli-zona/27636947.html

2.პოლიციური სახელმწიფო, https://ka.wikipedia.org/wiki/პოლიციური-სახელმწიფო

3.საიდუმლო პოლიცია, https://ka.wikipedia.org/wiki/საიდუმლო-პოლიცია

4. "Zeretzung" (ადამიანების ფსიქოლოგიური დემორალიზაციის უცნაური მეთოდი), სექტემბერი 27, 2014, http://genia.ge/?p=17776

5."კაგებესა" და "გესტაპოზე" მჭიდრო დაზვერვის ქსელი "შტაზის" ჰქონდა, 2017, 06/10, http://for.ge/view.php?for-id=49332&cat=6

6.შტაზი, https://ilearn.ge/germanuli/tag/შტაზი/

7. სამეცნიერო ლიტერატურა

1
271
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
271
  
2018, 28 ნოემბერი, 1:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1