x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
როგორ გადაარჩინა დედის სურათმა ნიკო ბაგრატიონი სიკვდილს
image

ნიკო ბაგრატიონი, იგივე ნიკო ბური, ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს ეკუთვნოდა. 1899 წელს იგი აფრიკაში გაემგზავრა ლომებზე სანადიროდ, რა დროსაც შეიტყო ანგლო-ბურების ომის დაწყების შესახებ. ბურები ჰოლანდიიდან და საფრანგეთიდან სამხრეთ აფრიკაში გადმოსახლებული ხალხის შთამომავლები იყვნენ, რომლებმაც აფრიკაში ორანჟისა და ტრანსვაალის რესპუბლიკებს ჩაუყარეს საფუძველი. ალმასით მდიდარი ტერიტორია ინგლისელების ინტერესში მოექცა და მალე ანგლო-ბურების ომი დაიწყო, რა დროსაც თავგადასავლების მოყვარულმა, რაინდული სულის მქონე ნიკომ გადაწყვიტა, განსაცდელში მყოფ ბურებს დახმარებოდა.


"დიდმა, ძლიერმა, ცივილიზაციით მოამაყე ინგლისმა ომი გამოუცხადა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ პატარა ხალხს – ბურებს.
ქალაქში ხმაური თანდათან ძლიერდებოდა. ადამიანები ყვიროდნენ, ერთმანეთს ეხლებოდნენ, სადღაც მიიჩქაროდნენ.
გაზეთების გამყიდველი ბავშვები საოცრად გაჰკიოდნენ და ცეცხლწაკიდებულივით დარბოდნენ აქეთ-იქით. ხალხის მღელვარებამ მეც შემიპყრო.
დავბრუნდი სასტუმროში. სასტუმროს პატრონმა მითხრა:
– საზიზღრები არიან ეს ინგლისელები! თავისუფლების მოყვარული ბურები სურთ აქციონ მონებად, ხოლო მათი ქვეყანა – კოლონიად.
გამახსენდა საყვარელი საქართველო! მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი – დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.
ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა, თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც".
ნიკო ბაგრატიონი.

image


ეგვიპტიდან სამხრეთ აფრიკაში ჩასული ნიკო ტრანსვაალის პრეზიდენტს, პაულ კრიუგერს შეხვდა, რომელმაც ბაგრატიონიების შთამომავალი, ქართველი პრინცი დიდი პატივით მიიღო და ტრანსვაალის არმიაში ჩარიცხა. ანგლო-ბურების ომი, მიუხედავად ინგლისელების უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობისა, (ნახევარ მილიონიანი ბრიტანული არმია 80 000-მდე ბურს ებრძოდა) 3 წელიწადს გაგრძელდა თავისუფლებისმოყვარე ბურების მედგარი წინააღმდეგობის გამო. ინგლისელები ტყვედ ჩავარდნილ ბურებს სასტიკად უსწორდებოდნენ და არც მშვიდობიან მოსახლეობას ინდობდნენ, მაშინ, როდესაც ბურები ტყვე ინგლისელებს ღირსეულად ეპყრობოდნენ და მალევე ანთავისუფლებდნენ. სხვათა შორის, ბურებმა ტყვედ ჩაიგდეს დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილიც. ომის მიწურულს ბურები პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდნენ და დიდ ზარალს აყენებდნენ ინგლისელებს, თუმცა გამარჯვება არ ეწერათ. ერთ-ერთი ბრძოლისას ნიკო ბაგრატიონი ბურების ჯართან ერთად ტყვედ ჩავარდა. ვნახოთ, როგორ იხსენებს იგი ამ მომენტს.


"გენერალმა კრონიემ ვეღარ გაუძლო ამდენი ხალხის წამებას. იგი იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. დავყარეთ იარაღი. ინგლისელებმა განაგრძეს შეტევა. ბურებმა კი ყველა ფრონტზე დაიწყეს უკან დახევა.

მაშ ასე, მე უკვე ტყვე ვარ. ტყვეების ერთი ნაწილი გაგზავნეს წმინდა ელენეს კუნძულზე. ნაწილს, ყოველგვარი სამსჯავროს გარეშე დახვრეტა მიუსაჯეს. მათ შორის ვიყავი მეც.
ყველაზე უფრო ის მაწუხებდა, რომ ორი წლის განმავლობაში სამართლიანობისთვის ბრძოლისა და გმირი ხალხის რესპუბლიკის დაცვისთვის, ათასგვარ ტანჯვაგამოვლილი მტერს უნდა დავეხვრიტე, როგორც ავაზაკი.

დაღამდა. ურიცხვი ვარსკვლავები აკიაფთდნენ სუფთა ცაზე. გამახსენდა საქართველო, ჩემი სახლ-კარი მუხრანში, მოხუცი დედა...ნათსავები...მეგობრები.
ერთხელ ვილბუამ მითხრა, რომ ფრანგულ, ხშირად ამერიკულ გაზეთბშიაც შენზე ბევრს წერენო, ალბათ, ახლა ჩემი დახვრეტის ამბავსაც გამოაქვეყნებენ. თუ ეს ამბავი რუსულმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს და მათი მეოხებით დედაჩემმა გაიგო ჩემი ცხოვრების ასეთი სავალალო ბოლო, ეს იქნება პირდაპირ საშინელება მოხუცისთვის!
დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო.

ირიჟრაჟა. ყველანი ფეხზე წამოგვყარეს. დასახვრეტად. გამზადებულთა შორის იყვნენ ახალგაზრდა და მოხუცი ბურები, რომლებიც ამაყად თავაწეულნი იდგნენ მოღერებული ლულების წინ. მე ყველასგან გამოვირჩეოდი ჩემი არაჩვეულებრივი სიმაღლისა და იერის გამო.
ვიდექი უძრავად. ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა – სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.
ერთმა ოფიცერმა შორიდან თვალი გამიშტერა, მერმე ახლოს მოვიდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ბოლოს ხელში სურათი შემნიშნა და გამომართვა. რაღაც გაკვირვება დაეტყო. დედაჩემს ქართული ძველებური ყურთმაჯებიანი კაბა ეცვა და ჩიხტი-კოპი ეხურა.

– ვინ არის ეს ქალი ასე უცნაურად მორთული? – მკითხა მან.
– დედაჩემია! – ფრანგულად ვუპასუხე მე.
–დედა? შენ თვითონ ვინ ხარ?
–ქართველი! გვარად ბაგრატიონი!
ამის გაგონებისთანავე ოფიცერმა მყისვე უკან დაიხია, მერმე ბრძანა ჩემი მწკრივიდან გამოყვანა და სადღაც გაიქცა. მალე იქაურობას მომაშორეს".

ომის მიწურულს ნიკო ბური, როგორც სამხედრო ტყვე, წმინდა ელენეს კუნძულზე გადაიყვანეს, სადაც რამოდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ იგი აღარასოდეს დაბრუნდებოდა სამხრეთ აფრიკაში.

0
467
2-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0