x
image
ილია მარტყოფლიშვილი
რას აპირებენ დედოფლისწყაროელები არჩევნების მეორე ტურზე? - გამოკითხვა

image


ამ დღეებში დედაქალაქიდან დედოფლისწყაროში მცირე სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე. სულ ხუთი მგზავრი ვიჯექით მანქანაში. ჯერ ისედაც გადაჭარბებულად პოლიტიზირებულნი ვართ ნებისმიერ დროს და, მით უმეტეს, არჩევნების წინ, როდესაც უკვე მეორე ტურია და მხოლოდ ორ კანდიდატს შორის გვიწევს არჩევანი. ჩვენი „განუკურნებელი სენია“ არჩევნებისას სუბიექტური დამოკიდებულება და არა ის, თუ ვინ მეტად გამოადგება ქვეყანას, მითუმეტეს, რომ კანდიდატები თავს არ იწუხებენ პროგრამების, სამომავლო ხედვების გაცნობით. ჩვენთან საარჩევნო კამპანიის ძირითადი ხაზი ურთიერთბრალდებები, ტყუილმართალით თავის მოწონება, ცილისწამება და სხვა უღირსი საქციელია. მოსახლეობაც შესაბამისად იქცევა და მსჯელობისას სწორედ ასეთ მეთოდებს იყენებს. ჰოდა, ჩვენს „მარშუტკაშიც“ ჩაჯდომიდან 5 წუთში უკვე პოლიტიკა შემოიჭრა ჩვენს ურთიერთობაში. ქცევის მანერაც კარგად გვაქვს „დამუღამებული“ ჩვენი პოლიტიკოსების დამსახურებით და ემოციების ფრქვევით, იმის მცდელობით, რომ ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებს, ის იქნება მართალი, ყველა ცდილობს, თავისი აზრის მტკიცებით ფორმაში წარმოჩენას.


ერთ მამაკაცს (მძღოლი საერთოდ არ ჩარეულა საუბარში და „იობის მოთმინებით“ იტანდა ამ ყველაფერს, და 4 ქალბატონს შორის გამართულმა „ბჭობამ“ ხმის უმრავლესობით გამოკვეთა, რომ ეს მთავრობა დიდი ვერაფერი ბედენაა, გავღარიბდით, არ არის სამუშაო, კრიმინალმა და წვრილმანმა ქურდობამ მოიმატა, ხალხი იმდენად დაბეჩავდა უპოვარ-უქონლობისაგან, რომ აღარაფერი აინტერესებს, ფიქრობენ, რომ ვინც გინდა მოვიდეს მთავრობაში, მათი საშველი არც ყოფილა და არც იქნება, რომ სათავეში მოქცეულები პირად სიკეთეებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ქვეყანაზე, რომ ანაზღაურების ასეთი სხვაობა დაუშვებელია _ ზოგიერთ ჩინოვნიკს ათასობით და ათი ათასობით ლარი ჰქონდეს ხელფასი და ზოგს 500-600 ლარი, უსამართლობაა თუ არა დანაშაული, რომ 180 ლარი პენსია ადამიანების მასხარად აგდებაა, რომ რასაც აკეთებენ, ისიც ვერ დაუნახვებიათ ხალხისთვის, რომ... და კიდევ მრავალი რომ, მაგრამ ისიც აღნიშნეს, რომ შიშში აღარ ცხოვრობენ, მასიურად დარბევები და ადამიანთა დატერორება, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება თითქმის აღარ ხდება, გზების მოასფალტება და ქუჩის განათებები ინტენსიურად იზრდება, რომ საბავშვო ბაღებში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა- გარემონტდა, გათბა, აღიჭურვა, კვება გაუმჯობესდა, რომ ციხეში პატიმართა უფლებები მეტად არის დაცული და პირობებიც უკეთესია და სხვა. თუმცა, ეს ყველაფერი არასაკმარისია იმისათვის, რომ აღტაცებული იყო ხელისუფლებით და ორი ხელით აძლევდე ხმას მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომლის გარშემოც უამრავი ჭორ-მართალია აგორებული.


მოკამათეთა შორის გამოირჩევა ერთი ქალბატონი, რომელიც, მიუხედავად იმისა, იფიცებოდა, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ და იუთუბზე უფრო ხშირად შევდივარ-ხოლმეო, აშკარად „რუსთავი-2“-ის ლექსიკითა და ფაქტებით „იგერიებდა“ დანარჩენებს. ჯერ ზოგადად, მერე კი დაკონკრეტდა და თქვა: სწორედაც ვაშაძეს ვაძლევ ხმას, ერთპარტიული ხელისუფლება არ მომწონს და თუნდაც ვაშაძეს სააკაშვილი მოჰყვეს, რა პრობლემაა, რა დაგიშავათ მიშამო?! ამის თქმა იყო და „მარშუტკაში“ პოლიტიკურმა ტემპერატურამ ზღვარს მიაღწია; გადმოულაგეს და გადმოულაგეს მიშას „გმირობები“- ეს ეკლესიების ბულდოზერებით და სატვირთო მანქანებით ნგრევა, ქონების და ბიზნესის დაყაჩაღება-წართმევა, 7 ნოემბერი, იმედის დარბევა, 26 მაისი, გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობები, ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ ცემა და სულხან მოლაშვილის წამება ციხეში, ციხის ბუნტი, ციხეში არსებული გაუსაძლისი წამება, პანკისის ხეობაში ლაფანყურის ოპერაცია და დახოცილი ვითომ ტერორისტები, ფოტოგრაფების გახმაურებული საქმე, მოსმენები, ტყუილები „წინსვლა-აყვავებაზე“, მათი სითავხედე და წნეხი - „სულს ამოგხდით.“ „ორი გვამი მჭირდება“, „ნულოვანი ტოლერანტობა _ ყველა ციხეში!“ და უამრავი სხვა რამ, მაგრამ ამაოდ, ნირი ვერ შეაცვლევინეს ქალბატონს. პირველი ის ჩავიდა „მარშუტკიდან“ და მაინც თავისას გაიძახოდა: „უფალმა უკეთ იცის, ვის მოგვავლენს მხსნელად, მე ჩემი აზრი და ჩემი რწმენა მაქვს და ვერავინ შემაცვლევინებსო“. „მარშუტკაში“ დარჩენილმა „უმრავლესობამ“ ერთი აზრი გამოიტანა, ასეთები იშვიათები არიანო და დაასკვნა, რომ, მართალია, არც მთავრობით არიან კმაყოფილი და არც სალომეთი, მაგრამ მაინც ესენი ურჩევიათ.


ავტოსასდგურში დავიშალეთ, მძღოლმა ამოისუნთქა და თქვა: ნეტავ მალე დამთავრდეს ეს არჩევნები, დავიღალე ამდენი სისულელის მოსმენით ჭკვიანისა თუ უჭკუოსაგანო. მე კი სურვილი გამიჩნდა, ამ ხალხმრავალ ადგილზე პატარა ჟურნალისტური კვლევა ჩამეტარებინა. და აი, რას ფიქრობს ხალხი;


ომარი წ. - ხევსურების უბანში ვცხოვრობ. ჩვენთან ისეთ ქუჩებზე დაეგო ასფალტი და გაკეთდა საღვარეები, სიზმარშიც ვერ ვნახავდით. ოთხი შვილი მყავს, ორი სკოლაში დადის, ორიც _ ბაღში. ჩვენგან ცოტა შორსაა საბავშვო ბაღი, მაგრამ მაინც დამყავს, კარგი კვებაა, სახლში ვერც კი ვახერხებთ ამდენს, სითბო და სისუფთავეა და, რაც მთავარია, არავითარი გადასახადი, მთავრობა ფარავს ყველაფერს. დღიურად ვმუშაობ, სადაც ვიშოვი, არაფერს ვთაკილობ _ კიდეც ვბარავ, კიდეც ვტვირთავ, შეშის დაჩეხვაზეც მივდივარ, მშივრები არ ვართ, მაგრამ... ხალხს ეკონომიურად ძალიან უჭირს, მაგრამ ყველა გზა კუჭზე ხომ არ გადის, როცა ჩვენს წინაშე არჩევანია, ქვეყნის სასიკეთოდ უნდა ვიაზროვნოთ. მე ხმას მივცემ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, მაგრამ, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს მთავრობაში. ადგილობრივ ხელმძღვანელებთან პრეტენზია არ მაქვს, რის საშუალებაც აქვთ, აკეთებენ.


ეთერ ს. - „სხვა გზა არ არის, კიდევ ერთი წელი „ოცნებაში“ უნდა გავატაროთ, ვნახოთ, როგორ შეასრულებს ბიძინა ამ დაპირებას. თუ ძველი დაპირებებივით „გადაგვაგდო“, აღარ გავჩუმდებით. რაც შეეხება ნაცების მობრუნებას, ზღაპარია. მათი ნდობა არ შეიძლება, რასაც გინდა შეგვპირდნენ. ხომ გაგიგონიათ: „... დაჩვეულს ვერ გადააჩვევო.“ ისინი ისეთივე სულსწრაფობით, ეიფორიით, აჟიტირებულები გვპირდებიან იმას, რისიც თავადაც არ სჯერათ. მათი მობრუნებით ქვეყნის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. გვახსოვს, სააკაშვილი ისეთი ემოციებით ყვებოდა ხოლმე გაკეთებულ წვრილმან საქმეებზეც კი, რომ ტყუილსაც გაჯერებდა, გვექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში შეუქცევადი აღმშენებლობა უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობდა, ერთი ობიექტის ოთხივე რაკურსით გახსნა და ტაშის გრიალი ეხერხებოდათ. ესენი კი ისე უემოციოდ, წყნარად იტყვიან ხოლმე გაიხსნა მინი- ქარხანა, გზა, ხიდი, ლტოლვილებს გადაეცათ ბინებიო და სხვა, რომ ჩვეულებრივ ამბად აღიქმება. არადა, როცა ციფრებს ასახელებენ, ექვს წელში იმაზე მეტი საქმე გაკეთდა, ვიდრე იმ უბედურ ცხრა წელში“.


ნინო წ. - „ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ვართ: გადართავ „რუსთავი 2-ზე“, ვაშაძე ქვეყნის გადამრჩენად არის წარმოჩენილი, სალომე ზურაბიშვილი კი - ქვეყნის დამღუპველად. გიჩნდება აზრი, ვაშაძეს მივცემ ხმასო, გადმორთავ „იმედზე“, სალომეს მიმართ გაგიჩნდებათ სიმპათიები; რაც შეეხება პოლიტიკურ თოქ-შოუებს, ყველგან ერთიდაიგივე სიტუაციაა: ვისმენთ დაპირისპირებული პარტიების ურთიერთბრალდებებს, შეურაცხყოფას, წივილ-კივილსა და უცენზურო მიმართვებს, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ ისწავლეს დებატების ანბანიც კი. იმის მაგიერ, რომ არგუმენტირებული მტკიცებულებებით დაგვანახონ სიმართლე, ისაუბრონ იმაზე, თუ რას შეცვლიან, რომ ქვეყანა და ხალხი ამ გაჭირვებიდან გამოიყანონ, რაშიც ვართ ჩავარდნილები, მარტო ერთმანეთის თვალში ბეწვს ეძებენ და საკუთარში დირეს ვერ ხედავენ. ასეა თუ ისე, მე მაინც სწორი არჩევანი სალომე ზურაბიშვილი მგონია“.


ზურაბი - „ახლა არ არის დრო, ძალადობრივი რეჟიმი დავაბრუნოთ, ხმა უნდა მივცეთ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და არჩევნების დამთავრებისთანავე ჩავურთოთ წამზომი მთავრობას, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საქართველოს იმიჯის დაუზარალებლად წარმართოს საგარეო პოლიტიკა“.


ზეინაბი - „ამასწინათ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ნინო სამადაშვილმა დასკვნით ფრაზაში თქვა, რომ „უნდა გავიხედოთ წინ და უკან _ უკან ყურებაში კისერი არ მოვიტეხოთო და წინ ვაშაძე იგულისხმა მთელი თავის გეგმებით: სააკაშვილის და მთელი მისი გუნდის შეწყალებით. არადა, სააკაშვილი პასუხობს: „კი მაგრამ, რა მჭირს მე შესაწყალებელი, უკაცრავად?“ ეს ხომ აშკარაა, რომ ის არაფერს არ ნანობს და კვლავაც გააგრძელებს ქონების ჩამორთმევას და „ხალხისთვის დარიგებას“. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და ძალიან მტკივნეულადაც. ბევრი რამ მახსენდება იმ პერიოდიდან უარყოფითად, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ მისი ნათქვამი: „რა მოხდა, ერთი ორი ქვაღორღიანი სოფელი დაიკარგაო“, - ეს როგორ უნდა დავივიწყოთ?! ერთი სიტყვით, არა უნდა ვუთხრათ ნაცმოძრაობას და გავაგებინოთ, რომ მათი დრო დამთავრდა, ისინი პოლიტიკური არენიდან უნდა წავიდნენ და მისცენ საშუალება ქყვეყანა მშვიდად განვითარდეს იქნება ეს „ოცნების“ პირობებში თუ სხვა, ახალი პოლიტიკური ძალის პირობებში. ასეა, ახლა ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გამოვხატოთ ჩვენი ნება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ისე, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს შეგვეფერება“.

ნაირა გორაშვილი

1
272
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
272
  
2018, 29 ნოემბერი, 0:23
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1