x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ადამიანის ბუნება მიდრეკილია როგორც კარგის, ისე ცუდისაკენ. იგი მზადაა, მიიღოს სიკეთეცა და ბოროტებაც, ღვთის მადლიცა და ბოროტი ძალაც
imageეშმაკის გამოცდა

ადამიანის ბუნება მიდრეკილია როგორც კარგის, ისე ცუდისაკენ. იგი მზადაა, მიიღოს სიკეთეცა და ბოროტებას, ღვთის მადლიცა და ბოროტი ძალაც.



ღმერთი ძალას არ ატანს ადამიანის თავისუფალ ნებას, არ აიძულებს მას სიკეთის ქმნას, არამედ მხოლოდ მოკრძალებით მიუთითებს საკუთარი არსებობის შესახებ და ცხოვნების გზისაკენ მოუწოდებს. სული კი საკუთარი ნებითა და მიდრეკილებით აკეთებს არჩევანს: ან იცხოვროს ღმერთთან მისი წმიდა ნების შესაბამისად, ანდა თავის ნებაზე, ისე, რომ შედეგებზე არ იფიქროს.



იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ნებით ცხოვრობენ და ვნებებს იკმაყოფილებენ, ბევრი საუბარი საჭირო არ არის, რამეთუ საკუთარი ნება ჯოჯოხეთური თესლია, რომელსაც სული სატანჯველში მიჰყავს. ხოლო იმ ადამიანებთან, რომლებიც ღვთის ნების შეცნობასა და მის მორჩილებას ცდილობენ, შესაძლოა და საჭიროცაა ბევრი საუბარი, რათა დავეხმაროთ მათ ამ სათნო საქმეში.



ნუ იფიქრებთ, რომ ამპარტავნება ისეთი ვნება და სულიერი ავდმყოფობაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს და ამიტომ მხოლოდ ზოგიერთისთვისაა დამახასიათებელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცოდვით დაავადებულია მთელი კაცობრიობა, გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჭეშმარიტად თავდაბალნი. მაგრამ ეს დაავადება სხვადასხვა სტადიაშია, ამასთან ერთად, მოჩვენებითი, ფარისევლური მორჩილებითაა დაფარული. ამიტომ იგი სრულად არ გამოვლინდება და ხშირად სრულყოფილად არცაა შეფასებული.




ადამიანთა მოდგმის მტერი სხვადსხვა ცოდვებსა და დანაშაულის სურვილს აღგვიძრავს. იგი ეშმაკი, მზაკვარი და სასტიკია. მან კარგად იცის თითოეული ჩვენთაგანის მიდრეკილებანი და მოხერხებულად ესხმის თავს განსაკუთრებით იმ ადამიანის სუსტ ადგილს, ვისაც ძლიერი ნებისყოფა არა აქვს.



არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეშმაკი ადამიანს ადვილად აგდებს ამპარტავნებაში. ჩვენი სული ხომ ღვთის ხატად და მსგავსად სუფთა, ნათელი და სათნოებებით აღსავსეა. თავისი ბუნებითაც სული ყოველივე კარგის, კეთილშობილის, ამაღლებულისაკენ მიისწრაფვის. მას სურს, ყოველთვის პირველ რიგში იყოს, რაც შეიძლება, სწრაფად მიაღწიოს სრულყოფილებას, ნეტარებას.



მაშ, მითხარით საქებარი არაა სულის ეს მიდრეკილებანი? რასაკვირველია, საქებარია! მაგრამ საბრალო, გამოუცდელი სული ვერც კი მოასწრებს გამორკვევას, რომ პირველი ნაბიჯებისთანავე ეშმაკის მზაკვრულ ქსელში ხვდება. და რაც მეტად მიისწრაფვის იგი პირველობისაკენ, სრულყოფილებისაკენ (მისი საერო გაგებით), თავისი გამოუცდელობით სულიერი ხელმძღვანელის, სულიერი მოძღვრის გარეშე სულ მეტად და მეტად ებმება ბოროტის მახეში.



საქმე იმაშია, რომ ბოროტი ძალა ადამიანს ატყუებს, უნერგავს რა მას დამახინჯებულ სწავლებას ნეტარების შესახებ. სთავაზობს მას დროებით, მიწიერ „ნეტარებებს“; ეხმარება ასეთი ნეტარების მიღწევაში და მზაკვრულად უმალავს ადამიანს, რომ მისი ცხოვნება და ჭეშმარიტი მარადიული ნეტარება უკუპროპორციულია მიწიერი, სწრაფადწარმავალ „ნეტარებისა“. ეს რომ ყველამ იცოდეს და მთელი სერიოზულობით, კარგად გაიაზროს იგი საკუთარ თავში, ბოროტი ძალა უძლური აღმოჩნდებოდა და ადამიანებს ვერ ჩაუნერგავდა ამპარტავნების განზრახვას თვით მათი აურაცხელი კეთილი საქმეების გამოც კი. ყველა გულწრფელად ეტყოდა საკუთარ თავს:



- რით შემიძლია თავის ქება? მხოლოდ უძლურებითა და ნაკლოვანებებით. თუ რაიმე კარგი გამაჩნია, ყველაფერი ღვთისგანაა! - და თავისი თავმდაბლობით განდევნიდა ბოროტ ძალას.



მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ადამიანი უფრო დიდი სურვილითა და ყურადღებით უსმენს თავისი მტრის ხმას, ვიდრე თავისი მაცხოვრისას. ვიწრო, ეკლიანი და მძიმეა მორჩილი და თავმდაბალი ქრისტიანის გზა, იგი მსხვერპლს მოითხოვს... მას ღვთისა და მოყვასისათვის საკუთარი თავის უარყოფა სჭირდება. ამ გზაზე კი ეშმაკი გამუდმებით გამოსცდის. საჭიროა დიდი ნებისყოფა, რათა ადამიანი საცდურს არ დანებდეს, არ შეუშინდეს გამოცდასა და ბრძოლას ბოროტ ძალასთან.



ფართო, სწორი და მსუბუქი გზა ადამიანისა (მე მას ქრისტიანს არ ვეძახი), რომელიც ეშმაკის ნებაზე ცხოვრობს, თავის ვნებებს მიჰყვება და მის მოთხოვნებს ასრულებს. გარეგნულად იგი ია-ვარდითაა მოფენილი... მაგრამ ხანგრძლივია იგი?



აი, ჩვენს წინაშეა დამახასიათებელი მაგალითი - ამპარტავნება. ბოროტი ძალა მისი უხილავი თანამგზავრი იყო და ეხმარებოდა ცხოვრებისაგან მიეღო ყოველივე, რისი მიღებაც მოკვდავ ადამიანს შეუძლია: ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, სილამაზე, სიმდიდრე, პატივი და დიდება, თავბრუდამხვევი წარმატებები, ნიჭი, ტალანტი - ყოველივე წინ დაუფინა უხილავმა მზაკვარმა თანამგზავრმა, ოღონდაც გაეღვიძებინა მასში ყველაზე დამღუპველი ვნება - ამპარტავნება. უზრუნველი ადამიანი ადვილად აღმოჩნდა ფართო გზაზე, ტკბებოდა მოჩვენებითი ბედნიერებით და მისთვისვე შეუმჩნევლად აღმოჩნდა უფსკრულის პირას... გარშემომყოფთათვის აუტანელი გახდა და მას უკვე გაურბოდნენ. აღარ იჩენდნენ ინტერესს მისი პიროვნების მიმართ, აღარ გამოხატავდნენ აღფრთოვანებას მისი ნიჭიერებით, ტალანტით და მაშინ მან ყველა შეიძულა. მთელი მისი არსება სიბნელემ მოიცვა, გონება ებინდება და იგი შეშლილობამდე მიდის. ცხოვრების აზრი დაკარგულია, რჩება ერთადერთი ხსნა - ტანჯვის შეწყვეტა, ყოველივეს დავიწყება... ეშმაკს უხარია! კიდევ ერთი მსხვერპლი - საბრალო თვითმკვლელი, რომელიც მისი სამუდამო მონაპოვარი ხდება.



აი, ასეთ სამწუხარო დასასრულამდე მივყავართ ამპარტავნებას. პასუხი თავისთავად ცხადია.



თავმდაბალი ადამიანი კი ნეტარ დასასრულამდე მიდის: მარადიულ სიხარულში, მარადიულ ნეტარებაში. დიახ, გულახდილად რომ ითქვას, მართლა ასე მძიმე და რთულია უბრალო მოკვდავი ქრისტიანის გზა, რომელიც ხალხის საზოგადოებრივი მსახურების აღთქმით არაა შებორკილი? თავმდაბალი ადამიანისთვის მხოლოდ გზის დასაწყისია მტკივნეული, შემდეგ კი სათნოებებში ვარჯიში ჩვევაში გადაიზრდება და იგი აღარ განიცდის ეშმაკის გამოცდას, პირიქით, გახარებულია საკუთარ თავზე მოპოვებული თითოეული გამარჯვების შემდეგ. ხოლო მაშინ, როდესაც იგი საბოლოოდ განმტკიცდება ამ სათნოებაში, ბოროტი ძალა ვეღარ ბედავს მასთან მიახლოებას, რადგან თავმდაბლობა ამარცხებს ეშმაკებს და განსდევნის მათ.



მაშინ ეშმაკი ცდილობს, ძილში აცდუნოს იგი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი ნაკლებად წარმატებულია, რადგან ჭეშმარიტად თავმდაბალი ადამიანი ყველასათვის სასიამოვნო და საყვარელია.



რაოდენ არამიწიერი სიხარული აღავსებს თავმდაბალი ადამიანის სულს! რა სულიერი სიმშვიდე! როგორი რეალური სიახლოვე და ურთიერთობა ღმერთთან!



განსაცდელი სასარგებლოა ჩვენთვის. ის გამოსცდის, განწმედს და აცისკროვნებს სულს და გვიჩვენებს, რაოდენ ძლიერია ჩვენი რწმენა. ამიტომ განსაცდელის ჟამს სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, საჭიროა, მამაცურად ებრძოლო მას და, რაც მთავარია, არ დაუშვა აზრი: „მე სხვებზე უკეთესი ვარ“. პირიქით, სისხლითა და ოფლით უნდა არწმუნებდეთ საკუთარ თავს: „მე ყველაზე უარესი ვარ“. უნდა ეცადოთ, საკუთარ თავში იპოვნოთ ის, რაც ამ აზრს განამტკიცებს. ოღონდ, ნურასოდეს დაივიწყებ, რომ, რამდენი განსაცდელი და უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, ისინი ყოველთვის გამოცდად უნდა მიიღო და არა ღვთისაგან დავიწყებად. ეს ბევრ ქრისტიანს ემართება. სწორედ ამიტომ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, რამეთუ თავს უარყოფილად თვლიან.



გამოცდა არის გზა, რომელსაც ღვთის შემეცნებამდე მივყავართ. ყოველგვარი უბედურება, გასაჭირი და განსაცდელი ანგრევს ჩვენს სულს. მაგრამ მწუხარეთა სანუგეშოდ ქრისტე ბრძანებს: „ხმა-ყოს ჩემდამო და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ (ფს. 90, 15-16).



განსაცდელის ჟამს ჩვენ უკეთ და ნათლად შევიცნობთ, რომ არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ ღმერთი (და მისი ყოვლადწმიდა დედა) ანუგეშებს ჩვენს მწუხარებას, განკურნავს სნეულებს, შეგვეწევა სიღარიბის ჟამს, სიკვდილისაგან გვიხსნის; შევიმეცნებთ იმასაც, რომ იგი ჩვენი ცხოვრების, ცხოვნებისა და ბედნიერების ერთადერთი წყაროა. ამიტომ ყოველგვარი მწუხარება უნდა გვიხაროდეს, არ უნდა ვდრტვინავდეთ და სასოწარკვეთილებას არ უნდა ვეძლეოდეთ.image

2
166
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
166
  
2018, 23 ნოემბერი, 12:57
მადლობა გაიხარე მეც გილოცავ ;)
2018, 23 ნოემბერი, 12:36
ძალზე საინტერესოა. გიორგობას გილოცავ....
0 1 2