x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ემიგრანტი ქალის ცხოვრება საბერძნეთში - ცირა წიკლაური: „აქ ჩვენი პატარა საქართველოა“
image


ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გავიდა საზღვრებს გარეთ. ზოგი ომს გაექცა, ზოგი სტიქიას, ზოგიც ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის დევნას, თუმცა, უმეტესობა ამას ეკონომიკური გაჭირვების გამო აკეთებს. დღეს ჩვენ გიამბობთ ჩვენს თანამოქალაქეზე, რომელიც 13 წელია, საბერძნეთის ემიგრანტია და წასვლამდე თავისი კვალი დატოვა რაიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. აქ ყოფნის შემთხვევაში შეეძლო უფრო ღრმა და შინაარსიანი კვალის დატოვება, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მასაც ემიგრაციაში მოუწია ცხოვრების გზის გაგრძელება. ჩვენი სტუმარია ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად ნაცნობი, ძალიან თბილი, პოზიტიური და მომხიბვლელი ქალბატონი _ ცირა წიკლაური.


მინი ბიოგრაფია-1966 წელს დავიბადე და გავიზარდე ჩემს საყვარელ დედოფლისწყაროში, მყავს სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი, მეექვსეს ველოდებით.. ჩემს შვილიშვილებს ჯერ არ მოვფერებივარ და სკაიპით, მესენჯერის მეშვეობით ვეფერები, ეს ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის, შვილები ხომ უჩემოდ გაიზარდნენ და ახლა შვილიშვილებიც ასე იზრდებიან, მათი სუნი არ ვიცი, მათ არ შევხებივარ, ერთხელ არ მიკოცნია... მხოლოდ ეკრანს მიღმა ვუგზავნით ერთმანეთს კოცნებს, ვირტუალური მოფერებით სურვილს და სიყვარულს ვერ იკმაყოფილებ, ძალიან ძნელია... უფროსი გოგონა -თეონა აქ მყავს თავისი ოჯახით და ესენი ცოტა მიმსუბუქებენ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერც მათ ვხვდები. სალომე და აჩი თბილისში ცხოვრობენ, კარგი ოჯახები აქვთ, სიძეები და რძალი კარგები მყვანან, დედის გულს კი მეტი რა უხარია... მოგესალმებით დიდი მონატრებით ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ამხანაგებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეზობლებს და ყველა იმ ხალხს, ვისაც ვახსოვარ და ვუყვარვარ. მეამაყება იმის თქმა, რომ ჩემს რაიონს 20 წლის განმავლობაში (1985-2005 წწ.) გვერდით ვედექი კულტურული ღონისძიებების გალამაზებაში.


image
1985-89 წლებში ვმუშაობდი კულტურის სახლში სამეჯლისო ცეკვების წრის ხელმძღვანელად, ქალბატონი ნელი გობეჯიშვილის გვერდზე დგომით და ხელშეწყობით ჩვენი ანსამბლი ყველა ღონისძიებაზე წარმატებით გამოდიოდა. 1990-2005 წლის ჩათვლით ვმუშაობდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში და ანსამბლ „შირაქში“ ასისტენტად. პარალელურად გახსნილი მქონდა ტანვარჯიშის წრეც, სადაც ქალებიც დადიოდნენ, ზოგი ჭარბი წონის პრობლემით, ზოგი ჯანმრთელობის და ზოგიც გაკაჟების მსურველნი, გვქონდა ბავშვებისთვის „ბასტი-ბუბუს“ წრეც, ძალიან ტკბილად მახსენდება ეგ დრო, ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვქონდა და ერთმანეთზე ვზრუნავდით..


- ცირა, შენ აქ აქტიურად იყავი ჩაბმული ჩვენი რაიონის კულტურული ცხოვრების განვითარების საქმეში, რამ გიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ?

- ბავშვები რომ წამოიზარდნენ, დადგა გაჭირვების ჟამი ჩემი ოჯახისთვისაც, შემოსავალი აღარ გვყოფნიდა, თბილისში სწავლას და ბინის ქირას დიდი თანხები სჭირდებოდა და ბევრი ფიქრის მერე, მეც გადავწყვიტე, დავდგომოდი ევროპის გზას ჩემი შვილების საკეთილდღეოდ. ჩემი დაიკო მაკა, რომელიც უკვე საბერძნეთში იყო და იცოდა ჩვენი გაჭირვების შესახებ, თავისი ხუთი შვილის ლუკმას უნაწილებდა ჩემს შვილებს და ფულს ხშირად გვიგზავნიდა. 2005 წლის ოქტომბერში მაკას ხელშეწყობით ჩამოვედი საბერძნეთში სამი წლით და კი შემოვრჩი ცამეტი წელი...

– ვისაც უცხოეთში ყოფნა არ გამოუცდია, ბევრს ჰგონია, რომ იქ უკეთესია, თუმცა, არავინ იცის იქ მყოფებზე უკეთ, რა ჯაფა და ფსიქოლოგიური წნეხი ადგათ მათ, როგორც იტყვიან „იქ სჯობს, სადაც არა ხარ“, რას გვეტყვი ამაზე?

_ უკეთესია, მხოლოდ ფინანსური კუთხით, კარგია, სამუშაო რომ გვაქვს და მშვიდად ხარ, როცა იცი, რომ შენ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ, მაგრამ შვილების გარეშე ცხოვრება გაუსაძლისია, შენი დარდი და მწუხარება აქ არავის აინტერესებს. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ჩემმა დამ თავისი სამუშაო დამითმო, სანამ მივეჩვეოდი, ისიც ჩემთან იყო, მასწავლიდა ენას, საჭმელებს, საქმეს. ერთხელაც ჩემი ქალბატონი ეკითხება ჩემს დას, სულ რატომ ოხრავს, არ მოვწონვარო? მერე მივხვდი, რომ აქ ჩვენი ნოსტალგია და წუხილი არავის აინტერესებს და ნელ-ნელა შევეგუე, ერთი წელი ძალიან გამიჭირდა. 2005 წლის ზაფხულში დედა და 23 წლის ძმისშვილი გარდამეცვალნენ, ყოველ ღამე ვტიროდი, ლევანი ჩემი პირველი სიხარული იყო, ვერ აღვწერ და არავის ვუსურვებ, ასეთი ტკივილის გამოცდას, მითუმეტეს, ოჯახს მოწყვეტილებისას. მაგრამ, აქ ყოფნას თავისი დადებითი მხარეებიც ახლავს, რა თქმა უნდა, მაგალითად, როცა იცი, რომ შენ შვილებს გული აღარაფერზე სწყდებათ, სწავლა რომ მათთვის ხელმისაწვდომი ხდება, ნელ-ნელა ოქროსაც გამოიხსნი ლომბარდიდან და სიღარიბიდან ამოსვლას იწყებ... იშვიათია, აქ ვინმემ შენი ტკივილი გაგიგოს, უნდა სულ უღიმო ყველას, გინდა თუ არ გინდა ეს. ისე, რაც მართალია, ბედი მწყალობს, სულ კარგი ოჯახი მხვდება, თბილი ხალხი, ადვილად ვეგუები ყველას. ზოგი ვერ უძლებს და ერთ-ორ თვეში უკან ბრუნდებიან ხოლმე. როდესაც გადაწყვეტს ადამიანი ემიგრანტობას, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად, რადგან აქ შენს თავს აღარ ეკუთვნი, შენი მე გვერდზე უნდა გადადო და დილიდან საღამომდე სხვისი მოთხოვნების და პრეტენზიების ქვეშ იცხოვრო, ახლა მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნა და უპასუხოს კითხვას _ სჯობია თუ არა იქ, სადაც არ ხარ? მაგრამ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდის ადამიანი ამ ყველაფერს, მანამდე ვერ გააცნობიერებს ჩვენი ცხოვრების ტვირთის სიმძიმეს.


image

_ ცირა, მოგვიყევი, როგორია ერთი ემიგრანტი ქალის ერთი დღე?

– მეც, როგორც სხვა დანარჩენი გოგოები, დილიდან საღამომდე ვმუშაობ. ბოლო სამი წელი ორ ოჯახში ვიყავი. ძირითადად მოხუცებს ვუვლი. დღის მეორე ნახევარში, ყოველდღე, სხვა ოჯახში მივდიოდი, საღამოს კი ისევს ვბრუნდებოდი მოხუცებთან, 17 საათი ფეხზე ვიდექი, სულ სირბილით მიწევდა აქეთიქეთ წასვლა, ერთხელ ავტობუსისთვის უნდა მიმესწრო და დავეცი, ხელი სამ ადგილას გადამიტყდა, ხალხმა გამოიძახა სასწრაფო, ორი თვე მეორე სამუშაოზე ვეღარ დავდიოდი, მაგრამ მოხუცებს მაინც ვუვლიდი და ვბანდი ცალი ხელით, ღამე ტკივილები არ მაძინებდა, საშინელი დღეები გამოვიარე, მაგრამ აქ ასეთი ამბები ხშირად ხდება ხოლმე და ეს არის ჩვენი ქალების ხვედრი, სამწუხაროდ... ბევრ სიმწარეს ისე ვითმენთ და ვიტანთ, ოჯახს არც ვატყობინებთ, რომ არ ინერვიულონ... სექტემბრიდან მხოლოდ მოხუცებთან ვარ, ეტყობა, წლებს თავისი მიაქვს, ის ჯანმრთელობა და ენერგია აღარ მაქვს...

- როგორ გამოიყურება შორიდან ჩვენი ქვეყანა?

-ოთხი წლის წინ ვიყავი ჩამოსული საქართველოში 9 წლის ინტერვალის მერე, ბიჭის ქორწილისთვის ჩამოვედი და ორი თვე დავრჩი, ბევრი რამ დამხვდა ინფრასტრუქტურულად წინ წასული, მაგრამ ხალხის გაჭირვებაზე სულ მეტირებოდა, როდის უნდა დაეწიოს საქართველო თუნდაც ამ საბერძნეთს. აქ ისეთი ლამაზი და კომფორტული სოფლები აქვთ, ვერ მიხვდები, რომ სოფელში ხარ. ყველას ისეთი ლამაზი სახლი აქვს, ლამაზი ეზოებით, ღობეები, აივნები, ყვავილები...ბევრჯერ მიფიქრია, ნუთუ არავის უჭირს აქ? სოფლად თუ ქალაქად აქაური ღარიბები მანდაურ მდიდრებს გვანან...ამ ყველაფერზე გული ძალიან მტკივა ხოლმე...

-მოსახლეობას შორის თუ გაავლებ პარალელს?

-საერთოდ თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება ქართველებთან. ჩვენ ჩვენ ვართ, ქართველებისნაირი ერი მსოფლიოში არ მეგულება, სტუმრისთვის სულს ამოვიღებთ, ოღონდ მათ ვასიამოვნოთ, გინდაც მეორე დღეს მშივრები დავრჩეთ, ათასნაირ საჭმელს გავამზადებთ, თავს ვაწონებთ, ააქ? დიდად არ იწუხებენ თავებს, ორი, დიდი-დიდი სამნაირი და მორჩა. ქორწილში ვიყავი და ზუსტად ორი თავი საჭმელი იყო, ხაჭაპური და მაკარონი ან კარტოფილი ხორცით, მშიერი წამოვედი... იქნებ ამიტომაც აქვთ ბევრი? გასვენებაში სუფრებს არ ამზადებენ, მხოლოდ ყავა და პეჩენია და თითო ჭიქა არაყი... აქ 1-2 ჭიქაზე შეუძლიათ მთელი საღამო იქეიფონ, ჩვენთან რაც ქორწილ-ქელეხებში სასმელი ისმება, აქ მთელი ცხოვრება ჰყოფნით... მე აქ მთვრალი ქუჩაში და საერთოდაც, ჯერ არ მინახავს... ყველა მუშაობს, ფუსფუსებენ, არ თაკილობენ, ოღონდაც თავი შეინახონ. ახალგაზრდები ან სწავლობენ ან მუშაობენ, რა ვიცი აბა, მე მანდ ჩემი დედამთილისთვის ძლივს ვიშოვნე მომვლელი, უჭირთ, მაგრამ, თაკილობენ, აი ეს კი ნამდვილად არ მესმის...


image

– ცირა, მგონია, რომ ერთი საქართველო მანდ არის, ჩვენი დიასპორა, როგორ ახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, როგორ ეხმარებით ერთანეთს?

– რათქმაუნდა, „აქ საქართველო ჩვენც გვაქვს, პატარა“. არსებობს ათენის ქართული სახლი და განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, სადაც დიდები თუ პატარები ეუფლებიან ცეკვას, სიმღერას, ხატვას, უცხო ენებს, არის ქართული საკვირაო სკოლები და ბევრი სხვა რამ. პირველად რომ ვესტუმრე ცენტრ „კავკასიას“, ცეკვის გაკვეთილი ტარდებოდა დარბაზში და დოლ-გარმონის ხმა რომ გავიგე, მუხლები ამიკანკალდა, საოცარი ემოცია მქონდა, ეს იყო 12 წლის წინ... აქაც შევიძინე მეგობრები, თვეში ერთხელ დავდივართ ექსკურსია-მოლოცვებზე ქალბატონ ნინია ახვლედიანის ხელმძღვანელობით. გვიხარია ერთმანეთის ნახვა და მოფერება, ვცეკვავთ, ვმღერით და სუფრებსაც ვშლით ქართულს. საღამოს კი ისევ ვუბრუნდებით ჩვენს სამსახურებს ემოციებით დატვირთულნი და ეს ემოცია მომავალ გამოსასვლელ დღემდე მიგვყვება... ვლოცულობთ და სანთელს ვუნთებთ ჩვენს გარდაცვლილებს, ჩართულები ვართ „სიკეთის ქალაქში“ და წვლილი შეგვაქვს გაჭირვებული ხალხის კეთილდღეობისათვის, ვცდილობთ აქაური „პატარა საქართველოდან“ ჩვენი გაჭირვებული თანამემამულეებისადმი თანაგრძნობა და სიყვარული გამოვხატოთ.


ბოლოს, მინდა მადლიერება გამოვხატო ბერძენი ხალხის მიმართ, რომელთა ნდობითა და პატივისცემით ჩვენ დღეს აქ ვართ და ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას გვერდში ვუდგავართ. ჩვენ ამათ გაგვატანინეს თავები და ფეხზე დაგვაყენებინეს ოჯახები, შეუძლებელია, უმადური იყო და ეს სიკეთე ვერ დაინახო. გეფერებით ყველას, ჩემს საყვარელ დედოფლისწყაროელებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და მალე გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას! ათენი, 2018 წელი, 16 ნოემბერი, ცირა წიკლაური.

ესაუბრა ელზა ხარაშვილი

გაზეთი „შირაქი“

0
430
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0