x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფონდი „ქართუ“ შავ სიაში მყოფი 600 000 პირის საბანკო სესხებს მთლიანად დაფარავს
image


ამის შესახებ ფინანსთა მინისტმა ივანე მაჭავარიამა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამას გარდა, შეგახსნებთ, დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება:

.

“მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.


.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს.

.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე.

.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.

.

ამ 600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება”

.

“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

.

“ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მიდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას. ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს – უფრო ჯანსაღს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა”, – განაცხადა პრემიერმა..

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0