x
image
პროფესორი
გია მებონია, რომელმაც ნატოს სარდლობის პოლკოვნიკი კოსოვოში სცემა

image


როდესაც სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურს აცნობეს, მებონიამ კოსოვოში ნატოს სარდლობის პოლკოვნიკი სცემაო, პირზე დუჟმორეული მეთაური უკანასკნელ ხმაზე ჩაჰყვიროდა ყურმილში (გეგონებოდა ტელეფონის გარეშე უნდა ხმა მიაწვდინოს თავის ოცმეთაურს კოსოვოშიო) „დააპატიმრეთ და გადმოაგზავნეთ საქართველოში სასწრაფოდ და აქვე გავასამართლებთ როგორც სამშობლოს მოღალატეს“-ო.

(აბა რა, როგორ შეიძლებოდა ნატოს მაღალი რანგის ოფიცრის ფიზიკური შეურაცხყოფა, მერე რა რომ მან წიხლი კრა მაგიდას, რომელზეც ქართველ ჯარისკაცებს ხატების კუთხე ჰქონდათ მოწყობილი ყაზარმაში)

მაშინ ბიჭებმაც გიაზე არანაკლებ ივაჟკაცეს. როგორც კი მისი დაპატიმრების ბრძანება მოვიდა, მთელმა ოცეულმა იარაღი დაყარა და ჯარისკაცებმა ერთხმად განაცხადეს: „გიამ ყველა ჩვენთაგანის გასაკეთებელი გააკეთა და თუ ის მოღალატეა, მაშინ ჩვენც მოღალატეები ვყოფილვართ და ყველა ერთად გაგვასამართლეთო“.

ეს უკვე სკანდალი იყო, და ამიტომ საქმე მაშინვე დახურეს.

შეიძლება იმათ, ვინც გიას არ იცნობდა, თქვას, რა გასაკვირია, ახალგაზრდა იყო, თავში უქროდა, ალბათ ვერც კი ხვდებოდა რა შარში ყოფდა თავსო…

წლების შემდეგ, როცა უკვე რაიონის გამგებელი იყოს, სოფელში კაცი მოკლეს, დილით, პირდაპირ თავისი სახლის წინ, ქუჩაში.

გიას როგორც კი აცნობეს, მაშინვე იქ გავარდა, მეც თან გავყევი. შემთხვევის ადგილმდე 300-400 მეტრი იქნებოდა დარჩენილი როცა ათეულობით ავტომატებით შეიარაღებულ პოლიციელს გადავეყარეთ. მათ გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოსახლეობას არ უშვებდნენ და თვითონაც ადგილზე იდგნენ.

გიას შეკითხვაზე რა ხდებოდა, მათმა უფროსმა უპასუხა, რომ მოკლული პირდაპირ ქუჩაში ასვენია, მკვლელი კი იქვე ბუჩქებშია ჩასაფრებული და იმუქრება, ვინც ახლოს მოვა ყველას დავხოცავო. ადგილი ისეთია ვერანაირად ვერ მივუდგებით, ბიჭებს ხომ ვერ შევაკლავ, ამიტომ ცენტრს დავუკავშირდი და გვითხრეს, რომ სპეცრაზმს გამოაგზავნიან და მათ მოსვლამდე ადგილზე დავრჩეთ.

კარგი, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ მე ვერ დაველოდები სპეცრაზმს. იქნება და ის კაცი ჯერაც ცოცხალია და ყოველ წამს აქვს მნიშველობა — თქვა გიამ და წინ წავიდა. მე, სოფლის რწმუნებული და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი და თანამშრომელი მაშინვე უკან მივყევით.

— გია რას შვრები, — ვკითხე მაინც, თუმცა ვიცოდი ვერ გადავათქმევინებდი.

— პოლიციელების მესმის, ბრძანებას ვერ გადავლენ, მაგრამ მე აქ რა გამაჩარებს. მირჩევნია მეც მომკლან ვიდრე კურდღელივით ჩირგვში დავიმალო სპეცრაზმის ლოდინშიო-მიპასუხა.

-იარაღავის ხმარება მაგათ სპეცრაზმელებს ნაკლებ არც შენ გეხერხება, ავტომატი მაინც გამოგერთმია ყოველი შემთხევვისთვის, — ვუთხარი ისევ.

— არა, იარაღიანს თუ დაინახავს, აუცილებლად გვესვრის, უიარაღოდ კი რაღაც შანსი მაინც გვაქვს… იმ დღეს გადავრჩით, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ, დაახლოებით მსგავს სიტუაციაში, არ დაინდეს უღმერთოებმა…

მას შემდეგ 10 წელი შესრულდა დღეს...

გია, შენ 33 წლის ასაკში იმდენი მოასწარი, ბევრს რომ 33 სიცოცხლე არ ეყოფოდა. ამიტომაც უყვარდი ყველას, ამიტომაც მიგაცილებდა უკანასკნელ გზაზე ათასობით თვალცრემლიანი ადამიანის კილომეტრებზე გაჭიმული, ყვავილების ზღვაში ჩაძირული პროცესია.

თითქოს შენზე დაუწერიაო ბატონ ტარიელს:

„სიცოხლე უნდა ქარიშხალს გავდეს, მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი,
მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს, მაგრამ არცერთთან სჭამო სირცხვილი!“

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით, მადლიერებით და მონატრებით, შენი ხვიჩა


image

0
537
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0