x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას წერს საქართველოში მოგზაურობაზე ვისოცკის შესახებ დაწერილ წიგნში მარინა ვლადი?
image ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი - წყვილი წინააღმდეგობრივი ცხოვრებით, ბევრი სირთულით, ქარტეხილებითა და უსაზღვო სიყვარულით.


მათი სიყვარულის ისტორიის, ერთად გავლილი გზის დავიწყების სურვილის მიუხედავად, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ამოძრავებდა, მათი ამბავი მაინც დაუვიწყარ ლეგენდად დარჩა უამრავი ადამიანისთვის.


ორივე მათგანი ხელოვანი იყო: ვლადიმერ ვისოცკი - მსახიობი, მომღერალი და პოეტი, მარინა ვლადი კი - მსახიობი და მომღერალი. ქალების გულთამპყრობელმა ვისოცკიმ და მომხიბვლელმა ფრანგმა მსახიობმა ერთმანეთი 1967 წელს გაიცნეს. ვლადი ვისოცკისთვის მესამე ცოლი იყო.

ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ მათ საქორწინო მოგზაურობა საქართველოში გაატარეს


ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი

მარინამ საყოველთაო აღიარება 1950-იანი წლების ბოლოს მოიპოვა ანდრე მიშელის ფილმით "ჯადოქარი", როგორც ჰყვებიან, სწორედ მისი მიბაძვით გავრცელდა ქერად შეღებილი სწორი თმა. 1967 წელს მარინა ვლადი იუტკევიჩის მოწვევით საბჭოთა კავშირში ჩამოდის, ფილმის, " სიუჟეტი პატარა მოთხრობისთვის", გადასაღებად, სადაც ხვდება ვისოცკის. სწორედ აქედან იწყება მათი სიყვარულის ისტორიაც. მათი თანაცხოვრება არ იყო ადვილი, ვისოცკის ალკოჰოლზე დამოკიდებულება პრობლემებს უქმნიდა, როგორც კარიერაში, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ვლადი უდრტვინველად იტანდა უხეშ ქმედებებს, გადაცდომებსა და გართულებებს, რაც მათ ურთიერთობას ახლდა თან. ვისოცკი კი ცდილობდა, გადაელახა ეს მიჯაჭვულობა და სიყვარულის გამო მაინც დაჰბრუნებოდა ფხიზელ ცხოვრებას.


თავად ვლადიმერ ვისოცკის ეკუთვნის ფრაზა:


" ათასჯერ მართალიც რომ იყო, რა მნიშვნელობა აქვს, როცა შენი აყვარელი ქალი ტირის?"

ვისოცკი 1980 წელს გარდაიცვალა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარინა ვლადმა დაწერა წიგნი: " ვლადიმრი, ანუ შეწყვეტილი ფრენა", სადაც აღწერა მათი თანაცხოვრების საინტერესო მომენტები და ვისოცკის სიცოცხლის ბოლო პერიოდი.

წიგნში მარინა ვლადი საქართველოში მოწყობილ მათ საქორწინო მოგზაურობასაც აღწერს.

image

ქორწილი ვიწრო წრეში, ვისოცკის სახლში აღუნიშნავს წყვილს. ერთ-ერთ სტუმარს, მხატვარ ზურაბ წერეთელს კი მათთვის საქართველოში მოგზაურობა უჩუქებია. როგორც მარინა ვლადი იხსენებდა, ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო მოგზაურობა იყო.

მათ ბათუმსა და თბილისში 14 დღე გაატარეს.

წიგნში მარინა ვლადი წერს:


" ეს მოგზაურობა დაუვიწყარი ხდება ჩვენთვის. სად არ ვყოფილვართ მას შემდეგ, რამდენი გემით გვიმოგზაურია. ყველგან მეფურად გვხვდებოდნენ, მაგრამ ასე კარგად არსდროს გვიგრძნია თავი. შეიძლება იმიტომ, რომ ეს ჩვენი პირველი მოგზაურობა იყო, თანაც საქორწინო.

ვისოცკი და ვლადი გემთან სახელად " საქართველო" ვლადიმრ ვისოცკი და მარინა ვლადი ცნობილ გემთან "საქართველო", რომლითაც ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ.


" ... ჩვენს დაქორწინებას ძველ თბილისში აღვნიშნავთ, ნამდვილ ძველებურ ქორწილს გვიხდიან ქართველები. დიდ დარბაზში შავსამოსიანი ქალები ფსუსფუსებენ. ყველანაირი ქართული კერძი დევს მაგიდაზე, სუფრა ძვირფასი ჭურჭლითაა გაწყობილი თავიდან ბოლომდე.

რას არ ნახავთ აქ - ქორფა მწვანილები თაიგულივით გაუწყვიათ ქალებს. კიტრის მწნილიც კი შევამჩნიე. ლობიო, საცივი.. გარეთ კი მწვადი იწვება.


ჩვენ სუფრის თავში ვსხედვართ, თეთრები გვაცვია და ერთმანეთის ხელი გვიჭირავს.

თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს:

- დაე, იმ მუხის ხისგან გამოთალონ თქვენი სასახლე, რომელსაც ჩვენ დღეს დავრგავთ აქ, თქვენი ქორწილის დღეს.

ყველა ჯიხვის რქით სვამს სასმელს, რომელსაც ყანწს ეძახიან. ძველი ბროლის ჭიქები მხოლოდ წყლისთვის დგას მაგიდაზე..


პირველს მეორე სადღეგრძელო მოსდევს:

- დაე, თქვენმა შვილიშვილებმა გადამყიდველებისგანაც ვერ შეძლონ თქვენს სპექტაკლზე დასაწრები ბილეთების ყიდვა!


ახლა უფრო დიდი ყანწები მოაქვთ, ვცდილობ, ყველა დავლიო, მაგრამ არ შემიძლია. და მეც ჩემ უკან მდგომ ბიჭს ვაწოდებ ამ უცნაურ სასმისს. სტუმრები ტრადიციისამებრ, ბოლომდე სვამენ და არავინ დგება სუფრიდან.

საოცარი მასპინძლობა იციან საქართველოში, სადღეგრძელოებს ბოლო არ უჩანს.

imageვლადიმრ ვისოცკი, სერგო ფარაჯანოვი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია. თბილისი




გვიან ღამით მოუხერხებლად წამოედე მაგიდას და ააყირავე, ჭურჭელი ძირს ცვივა და იმსხვრევა. სირცხვილისგან არ ვიცით, სად დავიმალოთ, ბოდიშს ვუხდით მასპინძელს. ის კი საპასუხო ჟესტს აკეთებს - გადარჩენილ ჭურჭელს ერთიანად ძირს ყრის და ამსხვრევს. შემდეგ მეფესავით იძლევა ბრძანებას და სუფრა თავიდან იშლება. თამადა ამბობს:


ძალიან კარგი, დავიწყოთ თავიდან!


და გრძელდება მხიარულება. უეცრად ერთი სტუმარი ხმამაღლა აცხადებს:

- ჩვენი დიდი სტალინის სადღეგრძელო არ დავლიოთ?

სუფრაზე უსიამოვნო სიჩუმე ჩამოდგება. ქართველი ინტელიგენცია სერიოზულად დააზარალა სტალინის რეჟიმმა. თუკი სტუმართაგან მას ვინმე პატივს სცემს, ამას მასპინძელი, ისევე როგორც ჩვენ, ნამდვილ ბოროტმოქმედად მივიჩნევთ...


გაისმის მრავალხმიანი ქართული სიმღერა ტკბილი, ვაჟკაცური და მებრძოლი სულისკვეთების ერთდროულად..


ამასობაში გათენდა. გარეთ მამლის ყივილი ისმის.


ყველაზე განსაცვიფრებელი საჩუქარი წინ გველოდება:

შევაღებთ თუ არა ჩვენი ოთახის კარს, ვხედავთ - ხალიჩაგაფენილი იატაკი სხვადასხვა ხილითაა მორთული. საწოლზე კი მდიდრული შალია გადაფარებული. რომელსაც ორი სიტყვა აწერია " სერგეი ფარაჯანოვი". სერიოჟამ, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს, ჩვენთვის ასეთი სიურეალისტური გარემო მოიფიქრა. ვცდილობთ ფეხი არ დავაგდათ, ხილი არ გავჭყლიტოთ და ისე მივაღწიოთ საწოლამდე. ძალაგამოცლილი ვეყრებით ლოგინზე და მაშინვე ვიძინებთ.

imageვლადიმრ ვისცკი და მარინა ვლადი ბიჭვინთაში, გემი "საქართველო"


ერთ დღეს თბილისის ქუჩებში ვსეირნობთ და ერთი მეგობარი მაღალფანჯრიან სახლზე მიგვითითებს.

- აქ ცხოვრობს მხატვარი ლადო გუდიაშვილი. მოდილიანის, მატისის, დელონეს მეგობარი. 20-იან წლებში იგი პარიზში ცხოვრობდა. მამაჩემი მახსენდება და გიჩურჩულებ, რომ მას აუცილებლად ეცოდინებოდა ლადო გუდიაშვილი. მამა სწორედ იმ ადამიანების წრეში ტრიალებდა, ვისთანაც ქართველი მხატვარი მეგობრობდა. შენ ჩუმად ისმენ ამ ყველაფერს და მოულოდნელად მთავაზობ, შევიდეთ ამ სახლში. მომწონს შენი გადაწყვეტილება და ზარს ვრეკავ..


მოხუც ქალს ოთახიდან დიდ დარბაზში გავყავართ, კედლები ნახატებითაა მოფენილი.. უეცრად იღება შუა კარი და ვხედავთ, მოდის ძალიან ლამაზი სახის შუახნის მამაკაცი, ჭაღარა თმით, მბრწყინავი თვალებით. ის ჩვენკენ გაშლილი ხელებით მოემართება. - არ შემეძლო ისე მოვკვდარიყავი, რომ ვლადიმირის ქალიშვილი არ ჩამეკრა გულში. ღმერთს მადლობა, რომ მოხვედი შვილო.


უდიდესი ქართველი მხატვარი - ლადო გუდიაშვილი

შემდეგ სუფრასთან გვეპატიჟება.. ითხოვს, მოუტანონ ფოტოსურათები. აცახცახებული ხელით მითითებს იგი ერთ ფოტოზე გამოსახულ ორ მამაკაცზე. მათ ერთმანეთისთვის ხელი გადაუხვევიათ და ღიმილით იყურებიან ფოტოობიექტივში. მაშინვე ვცნობ მამას და ლადოს ყველაზე ცნობილი მხატვრების გარემოცვაში.


ქართული ტრადიციის მიხედვით, ქეიფი გვიან ღამემდე გრძელდება.. უკვე გვიანაა, მხატვარი გვაცილებს, კიდევ ერთხელ მძლავრად ჩამიკრავს მკერდში. გული მიჩუყდება. ვიცი, რომ ვეღარასოდეს ვნახავ მას. მოვდივარ და გულში ვიხუტებ მის ნაჩუქარ ფოტოსურათს, რომელზეც მამაჩემი და თვითონ არიან აღბეჭდილნი, ლამაზები და ახალგაზრდები, ხალისით რომ უღიმიან ცხოვრებას. " - მარინა ვლადი " ვლადიმირი, ანუ შეწყვეტილი ფრენა".

თარგმანი: სვეტა კვარაცხელია.

ფოტოზე ვისოცკი და მარინა ვლადი ბათუმში, მათ უკან გემი "შოთა რუსთაველი"

image

როგორც წლების შემდეგ იხსენებდა მარინა ვალდი, მისი შეგრძნებები არ განელებულა და მოგონებებს საქართველოზე მის გულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.


4
982
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
982
  
2018, 17 ნოემბერი, 14:37
დიდი მადლობა! სტიმულია თქვენი სიტყვები..
2018, 17 ნოემბერი, 6:41
ძალიან საინეტრესო იყო,ახალდაქორწინებულები რომ აქ იყვნენ ჩამოსულები ეგ კი ვიცოდი,მაგრამ ასე დეტალურად არა და უნიკალური ფოტოებიც ძალზე საინტერესოა
0 1 4