x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
"მე-კონცეფცია" და მე-ს ასპექტები

"მე" - ერთ-ერთი ყველაზე რთული და ფუნდამენტური საკითხია ფსიქოლოგიასა და, ზოგადად, სოციალურ მეცნიერებებში. რა არის ჩვენი ძირითადი მახასიათებლები? რითი გამოვირჩევით? რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია? საკუთარი თავის შესახებ არსებულ დინამიკურ-ფსიქიკურ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს თვითშეფასებას, თვითრეგულაციას, თვითაღქმას, მოსაზრებებს საკუთარ მოტივებსა და ღირებულებებზე, მიზნებზე, გეგმებზე, განზრახვებზე, მოლოდინებზე, მე-კონცეფცია ეწოდება. მე-კონცეფცია ეხმარება ადამიანს საკუთარი იდენტობის განცდაში.

image
როგორ ვღებულობთ ცოდნას საკუთარი თავის შესახებ? - შევეცდებით ეს განვსაზღვროთ მე-ს ასპექტების მიხედვით.

1. "მე-სქემა" – სქემა ზოგადად აღნიშნავს აზროვნებისა და ქცევის ორგანიზებულ პატერნს, რომელიც სისტემატიზებას უწევს ობიექტების, ადამიანების ან სიტუაციების შესახებ არსებულ ინფორმაციას. მე-სქემა აღწერს იმ განზომილებებს, რომლის ფარგლებშიც ადამიანი საკუთარ თავს აფასებს. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა ორიენტირეული იყოს პირად დამოუკიდებლობაზე (უარი თქვას კოლეჯში სწავლის დაფინანსებაზე ოჯახის მიერ, თავად უზრუნველყოს საკუთარი თავი ფინანსურად, არ სთხოვოს დახმარება მეგობრებს რთულად შესასრულებელ დავალებაში) ან პირიქით, ძალიან დამოკიდებული იყოს ძმაზე, დაზე, ექიმზე, უფროსზე და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევვაში, ადამიანს აქვს მე-ს მკაცრი სქემა, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელ-ურთიერთდამოკიდებულ განზომილებას.
თუმცა, ყველა მე-სქემა როდია პოზიტიური. ადამიანებს საკუთარი უარყოფითი მახასიათებლების შესახებ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ზედმეტი წონა აქვს, მაშინვე ყურადღებას აქცევს კვებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა ჭამოს და შეიძლება კალორიებიც კი დაითვალოს. წონის-სქემის არსებობის შემთხვევაში, ადამიანი ყურადღებას აქცევს კვებასთან დაკავშირებულ სხვების ქცევასაც.

2. "შესაძლებელი-მე" – მოიცავს იმ მიზნებს, როლებს, სტატუსებს, რომელიც ადამიანისთვის ამჟამად არ არის დამახასიათებელი და რომლისკენაც ის მიისწრაფვის. შესაძლებელი მე-ს უმეტესობა პოზიტიურია, რადგან ადამიანი საკუთარ თავს მომავალში დადებითად წარმოიდგენს, (შემდგარი იურისტი, წარმატებული ფსიქოლოგი) თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია, მე შეიცავდეს მომავალთან დაკავშირებულ შიშს. (ალკოჰოლის მოხმარებისას, ადამიანი ალკოჰოლიკად ჩამოყალიბების საფრთხეს ხედავს) არ არის გასაკვირი, რომ შეშინებული-მე ქმნის შფოთისა და დანაშაულის განცდას. შესაძლებელი-მე მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული, ის ადამიანს ეხმარება, რომ საკუთარი თავის შესახებ ცოდნის მობილიზება მოახდინოს და მიზნის მისაღწევად დაგეგმოს შესაბამისი ქმედებები.

3. "მე-ს შეუსაბამობები" – "რეალურ მე"-სა და "იდეალურ მე"-ს (როგორიც მინდა, რომ ვიყო) შორის განსხვავება გავლენას ახდენს ჩვენს წარმოდგენასა და ქცევაზე. მე-ს შეუსაბამობა იწვევს ძლიერ ემოციას. როდესაც ჩვენ აღვიქვამთ შეუსაბამობას ჩვენ შესაძლებლობებს, მახასიათებლებსა და იდეალურ მე-ს შორის, განვიცდით იმედგაცრუებას, უკმაყოფილებას ან მწუხარებას, თვითშეფასების დაწევას. მაგალითად, მინდა ვიყო უნივერსიტეტის ჟურნალის რედაქტორი, თუმცა ვერ ვიღებ ამ პოზიციას და განვიცდი მწუხარებასა და იმედგაცრუებას. თუმცა განსხვავება რეალურ მე-სა და მშობლის ან მეგობრის იდეალურ მე-ს შორის ქმნის შფოთვას. მაგალითად, თუ მამა წარმატებულ მეწარმე შვილზე ოცნებობს, მაგრამ შვილი აცნობიერებს, რომ მას ეს არ გამოსდის, შვილს დაეუფლება შფოთვა და არა მწუხარება. რაც უფრო მნიშვნელოვანია რესპონდენტისთვის თვისება, მით უფრო ძლიერ ემოციასგამოხატავს ის.

4. მე და "თვითრეგულაცია" – თვითრეგულაცია იძლევა საკუთარი ქცევის გაკონტროლებისა და მართვის შესაძლებლობას. ძალიან ხშირად თვითრეგულაცია ავტომატურად ხდება, ყოველგვარი გაცნობიერებისა ან დაფიქრების გარეშე. ჩვენ ვპასუხობთ გარემოს სტიმულებს, რაც ჩვენ ქცევას წარმართავს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ძალიან შეგნებულად, აქტიურად ვერევით და ვაკონტროლებთ ჩვენს აზრებს, რეაქციებსა და ქცევებს. ადამიანის მიერ საკუთარი რეაქციებისა და პასუხების გაკონტროლება, უარყოფა და შეწყვეტა მე-ს მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს.

5. "მოქმედი-მე" – მე-კონცეფციის იმ ასპექტს, რომელიც მიესადაგება კონკრეტულ სიტუაციას, ეწოდება მოქმედი მე-კონცეფცია. მაგალითად, სწავლის პროცესში აკადემიური მე არის დომინანტური, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს აზრებსა და ქცევებს, ხოლო როდესაც ვიხსენებთ პარასკევს დაგეგმილ წვეულებას, მაშინ სოციალური მე აქტიურდება. მოქმედი მე-კონცეფცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეყრდნობა მთლიან მე-კონცეფციას და მართავს ჩვენ სოციალურ ქცევას სპეციფიკურ სიტუაციაში და გვიბიძგებს კონკრეტულ კონტექსტში ადეკვატური ქცევისაკენ.

6. "კომპლექსური-მე" – მე-ს სხვა ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვანია მე-ს რეგულაციისათვის, მის კომპლექსურობას გულისხმობს. ზოგიერთი ადამიანი საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ ერთი ან ორი მიმართულებით ფიქრობს, ზოგი კი – სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. მაგალითად, კოლეჯის ერთი სტუდენტი თვლის, რომ ის მხოლოდ სტუდენტია და, შესაბამისად, შეხედულება საკუთარი თავის შესახებ დამოკიდებულია კურსის წარმატებით თუ წარუმატებლად დასრულებაზე. ხოლო ზოგიერთი უფრო კომპლექსურად ფიქრობს საკუთარ თავზე, მაგალითად, რომ არის სტუდენტი, შვილი, მეგობარი გოგონა, მეთვალყურეთა გუნდის წევრი და დასაქმებული. კომპლექსური მე-ს არარსებობის შემთხვევაში, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ სფეროში წარმატება, ხოლო ამ სფეროში წარუმატებლობა ძალიან მტკივნეულად აღიქმება. მაგალითად, თუ სტუდენტი მხოლოდ შეფასებაზე არის ორიენტირებული, მაშინ დაბალი ქულის მიღება შეიძლება ძალიან განიცადოს და დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. ადამიანები, რომლებიც უფრო კომპლექსურები არიან, მე-ს სხვა ასპექტების ხარჯზე, ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამენ რომელიმე სფეროში წარუმატებლობას და ჩავარდნას. მაგალითად, აკადემიური მოსწრების დაქვეითების შემთხვევაში, სტუდენტმა შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს და ამით უკეთ გაუმკლავდეს აკადემიურ წარუმატებლობას. ამდენად, კომპლექსური მე ადამიანს იცავს ცხოვრებისეული სტრესებისაგან და ხელს უშლის დეპრესიასა და ავადმყოფობას, რაც შეიძლება წარუმატებლობით იყოს გამოწვეული.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0