x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
გონების კონტროლი ჩერნობილის ტრაგედიიდან "აზროვნებით ჩადენილ" დანაშაულამდე - ადამიანის ფიქრების ფარული მოსმენების ტექნოლოგიები
image


ფიქრი - როგორც თითქმის უხილავი, მაგრამ რეალური დანაშაული - პირველად გხვდება ჯორჯ ორუელის 1948 წელს დაწერილ ნახევრად უტოპიურ რომანში, სახელწოდებით "1984", სადაც ის სხვა დანაშაულთა შორის ყველაზე უმძიმეს კრიმინალურ აქტად არის მიჩნეული. ფიქრთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ადამიანის თავში ყალიბდება, "თითქმის უხილავი" იმიტომ ვთქვით, რომ დღეს მეცნიერები უკვე რეალურად მუშაობენ ადამიანის ფიქრების წაკითხვასა და მათში კრიმინალური პოტენციის შემცველი დეტალების ამოცნობაზე. ამ მხრივ უკვე შემუშავებულია გარკვეული ტექნოლოგიებიც. ნეორიფსიქოლოგიის პროფესორი ბარბარა სააკიანი წერს, რომ მართალია, ჯერ კიდევ საფრთხილოა ადამიანის ფიქრების წაკითხვაზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მაგრამ ყველაფერი მაინც სწორედ ამ მიმართულებით მიდის და არცთუ შორეულ მომავალში შესაძლებელი გახდება ადამიანის შესაძლო კრიმინალურ ქმედებათა აბსოლუტური სიზუსტის ამოცნობა.


ჯორჯ ორუელის რომანის "1984" სიუჟეტი ტოტალიტარულ სახელმწიფოში - ოკეანეთში ვითარდება, სადაც ფიქრითი დანაშაულის კატეგორიაში ექცევა ნებისმიერი თუნდაც მოუზომავი ჟესტი ან სიტყვა. მმართველი პარტია დანაშაულად მიიჩნევს სახის არასათანადო გამომეტყველებასაც კი, რაც ასევე ფიქრითი დანაშაულის ერთ ერთ სახეობას წარმოადგენს და მას მიმიკით ჩადენილი დანაშაული ეწოდება. ამ ტიპის დანაშაულებზე კონტროლს ახორციელებს ფიქრის პოლიცია, ხოლო ეჭვმიტანილი ადამიანების დაკითხვა "სიყვარულის სამინისტროში" წარმოებს. ადამიანების თვალთვალსაც ეს სპეციალური პოლიცია ახორციელებს, ახლო ნათესავების დახმარებით და სპეციალური ტელეეკრანის გამოყენებით, რომელიც ერთი შეხედვით, უწყინარი ტელევიზორია, სინამდვილეში კი, სათვალთვალო კამერას წარმოადგენს. ლიტერატურას რომ თავი დავანებოთ, ახლახან იაპონიის საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა: ბინებში ნებაყოფლობით მოთავსებულ ვითომდა, ჩვეულებრივ, მაგრამ თავისი დანიშნულებით სათვალთვალო ტელევიზორებთან დაკავშირებით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს მსგავსი მზაკვრული ექსპერიმენტების შეჩერებას. ჯგუფის აქტივისტები აცხადებენ, რომ მათზე ტარდება არაჰუმანური სამეცნიერო ცდები და მათი ყველა მოქმედება, ფიქრიც კი, კონტროლდება. მიუთითებენ იმაზეც, რომ ზოგჯერ ასეთი ჩარევის დაუფარავი დემონსტრირებაც კი ხდება და ტელეეკრანიდან საკუთარი ფიქრისა და ნათქვამის გამეორება მოესმით.


საგანგაშოა, რომ ფანტასტიკისა და ირონიული უტოპიის სფეროს კიდევ უფრო სცილდება რამდენიმე სამეცნიერო სიახლე: 2006 წელს ფსიქოლოგმა ჯონ დილან ჰაინესმა ჩაატარა ექსპერიმენტები ფუნქციონალურ მაგნიტო_რეზონანსულ ტომოგრაფიაში. დღეს ეს ნეიროვიზუალიზაციის ყველაზე აქტიურად განვითარებული სფეროა. ეს ექსპერიმენტები მოიცავდა: ინდივიდის ფიქრის ვიზუალურ ამოცნობას, ფიქრის დინამიკური პროცესისათვის თვალის მიდევნებას, სიცრუის დეტექტორის მოქმედებას და პიროვნების არაცნობიერი აზროვნების გაშიფვრას. ამ ოთხი აღმოჩენის შედეგები იმდენად ხელშესახები იყო, რომ ფსიქოლოგმა ისინი "ტვინის წაკითხვის" საერთო ტერმინით განსაზღვრა. მოცემული მეთოდის გამოყენებით ექიმებსა და მეცნიერებს ინდივიდების ფიქრების წაკითხვა შეუძლიათ.



2009 წელს ნეირომეცნიერმა მარსელ ჯასტმა შემოიტანა ტერმინი "ფიქრის იდენტიფიკაცია". ის ატარებდა ექსპერიმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტურად დადასტურებულიყო ინდივიდის ფიქრების სახეობა და მათი მდინარება. ამავე მეთოდებით შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ დანაშაულის, არამედ სიკეთის, სიყვარულისა თუ პირფერობის ემოციების წაკითხვა.


ასევე დიდი ხანია გამოჩნდა ნეიროკომპიუტერული ინტერფეისები, რაც იძლევა ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირების საშუალებას. პირველი ამ სფეროში იყო ავსტრალიური კომპანია "იმოტივი". საყურადღებოა ისიც, რომ უსაფრთხოების სფეროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა ტვინის ტალღების იდენტიფიცირებამ მთლიანად შეცვალოს თითის ანაბეჭდისა და ხმის ტემბრის საშუალებით პიროვნების დადგენის პრაქტიკა.


ტვინის სკანირების მექანიზმის სრულყოფის კვალდაკვალ მოსალოდნელია, დღის წესრიში დადგეს საკითხი, რამდენად ეთიკურია ასეთი ტექნოლოგიები და რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათი გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია იმის გარკვევა, ჩაითვლება თუ არა ტვინის სკანირება მტკიცებულებად, რაც დნმ_ს ან სისხლის ანალიზს ჩაენაცვლება.

2000 წლიდან "ტვინის ენცეფალოგრამის ანაბეჭდის" გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს შეერთებული შტატების სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში.


ექიმი დონალდ მარკსი ნიუ ჯერსის შტატიდან მუშაობს ფიქრების ჩაწერაზე და შემდეგ მათ წაკითხვაზე უკვე ჩაწერილ მდგომარეობაში. შემუშავებული ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია ნანახი სიზმრების ჩაწერაც და ეს მომსახურება უკვე საჯაროც კი ხდება, თუ რა თქმა უნდა, მსურველს შესაბამისი თანხა აღმოაჩნდება. ჩაწერილი ფიქრების გამეორება შესაძლებელია როგორც ეკრანზე, ასევე - თქვენსავე თავში. ეს ინოვაციური კომპანია, რომელსაც "მილენიუმ მაგნეტიკ ტექნოლოჯი" ჰქვია, მოწინავე ტექნოლოგიების კომერციალიზაციას ახდენს და კლიენტებს საკუთარი სიზმრებისა თუ ფიქრების ჩაწერისა და რეალურ დროში დაკვირვების სრულ პაკეტს სთავაზობს. დოქტორ მარკსის სიტყვებით, ეს ტექნოლოგია დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ფიქრების დავიწყების ეშინიათ და სურთ მათი საიმედოდ შენახვა.


კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორებმა უკვე დიდი ხანია, მიაღწიეს წარმატებას ვირთხებში მახსოვრობის ფორმირებისა და წაშლის მიმართულებით. ზოგიერთი ტექნოლოგია, რომელიც ადრე მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში შეიძლებოდა გვეხილა, დღეს უკვე პრაქტიკაში გამოიყენება და მახსოვრობის წაშლის საშუალებასაც იძლევა.

2012 წლის მარტში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა: "ფიზიკის ახალ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღები, მიზანმიმართული ენერგიის იარაღები, გეოფიზიკური იარაღები, ტალღის ენერგიის იარაღები, გენეტიკური იარაღები, ფსიქოტრონული იარაღები და ა.შ. შეტანილია სახელმწიფო უზრუნველყოფის პროგრამაში 2011-2020 წლებისთვის". მაშინ მსოფლიოს მედია ფართოდ გამოეხმაურა ასეთ ღია განაცხადს, რაც სახელმწიფოს მხრიდან ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების პირდაპირ აღიარებას წარმოადგენდა. ასეთი ექსპერიმენტები 60_იან წლებში ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებიდან იწყება, რაც ადამიანის ტვინში მარტივი ბგერების შეყვანას გულისხმობდა. მხოლოდ ორმა გაზეთმა - კოლუმბიის "ელ სპეკტაროდმა" და ბრიტანულმა "დეილი მეილმა" აღწერა სრულად, თუ რა სახის იარაღებს მოიცავდა ეს ექსპერიმენტები.


ელექტრომაგნიტური იარაღის გამოყენების მიმართულებით ექსპერიმენტები დიდი ხანია წარმოებს აშშ_სა და რუსეთში, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ დაბალი სიხშირის ტალღებმა უშუალოდ ინდივიდის აზროვნებაში ჩანერგონ სხვადასხვა რჩევები თუ ბრძანებები. ელექტრომაგნიტური ზემოქმედების მაღალმა დოზამ შეიძლება შინაგანი ორგანოების დაზიანება, ქცევის კონტროლის მოშლა და თვითმკვლელობაც კი გამოიწვიოს.


2007 წლის იანვარში გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" წერდა, რომ 2002 წელს საჰაერო ძალების კვლევითმა ლაბორატორიამ შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მიკროტალღებს, რათა ინდივიდის თავში გააგზავნოს გარკვეული სიტყვები. კვლევითი ლაბორატორიის სპიკერმა რიჩ გარსიამ არ მოისურვა ამ საკითხებზე საჯარო დისკუსია და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის შინაგანაწესის მიხედვით, მიკროტალღურ სამუშაოებზე კომენტარის გაკეთება არ არის ნებადართული.

რუსული გაზეთები 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი უშედეგო პუტჩის დროს წერდნენ, რომ გენერალმა კონსტანტინე კობეცმა გააფრთხილა მოსკოვის თეთრი სახლის დამცველები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იყო მათ წინააღმდეგ გონების კონტროლის ტექნოლოგიაც გამოეყენებინათ.


image


ამავე პერიოდში გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" 1991 წლის 27 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელ მეცნიერთა ლიგის პრეზიდენტის ვიქტორ სედლეცის დეკლარაცია, რომელშიც სიტყვასიტყვით ასეთი რამ ეწერა: "როგორც ექსპერტი და იურიდიული პირი ვაცხადებ, რომ კიევში მიმდინარეობს ფსიქოტრონული ბიოელექტროგენერატორების მასობრივი წარმოება, რაც ძალზე საგანგაშო მოვლენაა. მე დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ სწორედ კიევში წარმოებული გენერატორები იქნა გამოყენებული პუტჩის დროს, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ ასეთი გენერატორების გამოყენება ნამდვილად განხორციელდა". იქვე აღნიშნული იყო, რომ პერსონალის არაკვალიფიციურობის გამო გენერატორების გამოყენების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.


რუსეთში დაახლოებით 2000 ადამიანს აქვს საჩივარი შედგენილი, რაც უკავშირდება ორგანიზმისათვის საზიანო რადიაციის მიღებას და ნერვული სისტემის მოშლას. ასევე დიდი რაოდენობის ხალხი აწერს ხელს საჩივრებს აშშ_ში, ევროპაში, ინდოეთში, იაპონიასა და ჩინეთში. რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ ლოპატინმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმას უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობდა, წარადგინა კანონპროექტი, რომელიც შეეხებოდა ასეთი ტექნოლოგიების გამოყენების აკრძალვას. საკუთარ წიგნში "ფსიქოტრონული იარაღები და რუსეთის უსაფრთხოება" (მოსკოვი 1999 წელი), ის აღიარებს, რომ რუსეთი ატარებს ექსპერიმენტებს შემთხვევით ადამიანებზე. ის წერდა, რომ ამ ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია სასამართლოს გზით უნდა მოხდეს. ვლადიმერ ლოპატინი 1999 წელს ვიზიტით იმყოფებოდა აშშ_ში, როგორც საბჭოთა კავშირის სამხედრო რეფორმის კომიტეტის წარმომადგენელი და თავდაცვისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებზე დიკ ჩეინისთან ჰქონდა შეხვედრა. ცოტა ხანში ვლადიმერ ლოპატინი პოლიტიკური სარბიელიდან გაუჩინარდა. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, დარჩენილია სულ რაღაც ხუთი წელიწადი, სანამ ამ ტიპის იარაღი ოფიციალურად შეავსებს რუსეთის თავდაცვის არსენალს. 1997 წელს, როდესაც ალიასკაში ამერიკამ "ჰაარპ"_ის (HAARP - High Frequency Active Auroral Research Program - მაღალსიხშირიანი ზემოქმედებით პოლარული ნათების კვლევის პროგრამა) სისტემის აშენება დაიწყო, რომელსაც საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ფუნქციასთან ერთად კლიმატური იარაღის დანიშნულებაც აქვს და შეუძლია ტვინის სიხშირეების გადაცემაც, რუსეთმა გამოხატა სურვილი, დაეყენებინა საკითხი გონების კონტროლის ტექნოლოგიების აკრძალვასთან დაკავშირებით. რუსეთის დუმამ და შემდეგ უკვე დსთ_ის საერთაშორისო ასამბლეამ მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ევროპის საბჭოს, რათა მიეღოთ საერთაშორისო კონვენცია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და მათი გამოყენების თაობაზე. ეს საკითხი განხილული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანთან, კოფი ანანთან.


1999 წელს ევროპარლამენტი ითხოვდა, აკრძალულიყო ადამიანებზე მანიპულირების განხორციელების ტექნოლოგიები, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს პუბლიკაციები, სადაც ლაპარაკია, რომ ევროპარლამენტი პირიქით, ფართოდ იყენებს "ჰაარპ"_ის სისტემას მთელ მოსახლეობაზე ზემოქმედებისათვის.

დღემდე არ არსებობს კანონი, რომელიც ასეთ ტექნოლოგიებს აკრძალავს. მხოლოდ რუსეთსა და ამერიკის რამდენიმე შტატში იკრძალება ამ ტექნოლოგიების წარმოება თუ გაყიდვა. მაგალითად, მიჩიგანის შტატში ეს გათანაბრებულია მასობრივი განადგურების იარაღით ვაჭრობასთან. ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის ფიქრებს აკონტროლებს, სინთეტიკურ ტელეპატიასაც უწოდებენ. ელექტრომაგნიტური იმპულსებით და სხვადასხვა საშუალებებით, როგორიცაა მიკროტალღები, ინფრა და ულტრა ბგერები, ტელევიზია, სატელიტები და სხვა, ხდება პიროვნების აზროვნების წარმართვა.


1972 წელს რუსეთი მიკროტალღებით ბომბავდა აშშ_ს საელჩოს მოსკოვში. საპასუხოდ ცენტრალურმა სადაზვერვო სამართველომ წამოიწყო "პროექტი პანდორა", რათა აღმოეჩინა, არსებობდა თუ არა აშშ_ს საელჩოში ელექტრომაგნიტური რადიაცია, რაც დადასტურდა კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ 60-70_იანი წლებიდან ცივი ომი ამ მიმართულებითაც უკვე გაჩაღებული იყო.

ფიქრის კონტროლთან დაკავშირებით გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსის" 1976 წლის 20 მარტის ნომერში ნორმან კემპსტერი წერდა, რომ ფიქრის კონტროლის მექანიზმები არცთუ ისე შორეულ მომავალს უკავშირდება.


საბჭოთა კავშირში ფსიქოტრონიკის ცენტრი იყო ნოვოსიბირსკი. 70_იან წლებში სამხედრო ნაწილებში ტარდებოდა გონებაზე დისტანციური ზემოქმედების ცდები. "კაგებე" და თავდაცვის სამინისტრო იყენებდა სპეციალურ იმპულსებს ტვინზე ზემოქმედებისთვის, რათა ოფიცრებსა და ჯარისკაცებში გაზრდილიყო გაბედულება და დათრგუნულიყო დამოუკიდებელი აზროვნება. ეს ტექნოლოგია სპეცნაზზე და ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებზეც გამოიყენებოდა. დღეს საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი გზავნილების გადაცემა შესაძლებელია უკვე ტელეფონით, ტელევიზიით, გნებავთ რადიოს საშუალებით, და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ასეთ გზავნილებს მიიღებს, გონებაზე მანიპულირების მსხვერპლი შეიძლება გახდეს. 1968 წელს გადაღებულ საბჭოთა პერიოდში პოპულარულ უნგრულ დეტექტივში "ლომი ემზადება ნახტომისთვის" სწორედ მსგავსი მექანიზმია ნაჩვენები - იქ ამ უტოპიურ ხელსაწყოს "ულტრაბგერითი ვიბრატორი სუპერსონიკი" ჰქვია - როდესაც ტელეფონით გადაცემული ბგერის საშუალებით ცდილობენ სატელეფონო ზარის ადრესატის მოკვლას.

რადიოტალღების, კომპიუტერული ჰიპნოტური ბგერებისა და ელექტრომაგნიტური ველების გარდა, შეიარაღებაში არსებობდა ულტრაბგერითი პისტოლეტი, რომელსაც შეეძლო მოეკლა კატა 50 მეტრის მანძილზე.


არსებობს ეჭვი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებული საიდუმლო ტექნოლოგიები შესაძლოა, უკონტროლო მიმოქცევაშიც მოხვედრილიყო. რუსეთის ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი ვიქტორ ბარანნიკოვი, რომელიც 1993 წლის სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობის მიზეზით თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, ცოტა ხნით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს მემორანდუმით ყველას აფრთხილებდა, რომ მაფიას ხელთ აქვს ეს ტექნოლოგია, მაგრამ პოლიციამ ძალზე მწირი მტკიცებულებები აღმოაჩინა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის დუმა სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს და შეადგინა კანონპროექტი "ინდივიდის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც არეგულირებს როგორც ქვეცნობიერ რეკლამირებას და ფსევდორელიგიურ სექტებს, ასევე სახელმწიფო კონტროლს აწესებს კერძო მფლობელობაში არსებულ ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ფსიქოტრონული იარაღი. დღეს, რუსეთის გარდა მხოლოდ ბულგარეთში მოქმედებს მსგავსი კანონი, სადაც ასეთი აღჭურვილობის ფლობა კანონით აკრძალულია. ფსიქოტრონულ იარაღს ""ეკოლოგიურად სუფთა იარაღს" უწოდებენ. ის არ აზიანებს არც შენობა_ნაგებობებს, არც ბუნებას, არამედ მხოლოდ ინტელექტს ანადგურებს და ზომბად აქცევს ადამიანს, თუმცა არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ის გარემოებებიც, რომ გონებაწართმეული ადამიანის პირადი ტრაგედია მასშტაბური უბედურების მიზეზიც შეიძლება გახდეს.


უკვე 30 წელი შეუსრულდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფას და დღემდე არსებობს ვერსიები, რომ მისი გამომწვევი მიზეზები "ჰაარპ"_ის სისტემასთან და ფსიქოტრონულ იარაღთან არის დაკავშირებული.

1982 წელს იური ანდროპოვის მითითებით ჩამოყალიბდა ფსიქოტრონიკის ცენტრი. მთავარი ლაბორატორია მოთავსებული იყო მიწისქვეშა ნაგებობაში, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრით იყო დაშორებული. იქ შემუშავდა ფსიქოტრონული გენერატორების რამდენიმე სახეობა და იქვე იყო განლაგებული ადამიანის ტვინზე ზემოქმედების რადიოლოკაციური კომპლექსები, - კოდური სახელწოდებით "სფერო", რომლებიც ორად ორი იყო მთელ სსრკ_ში - ერთი ჩერნობილში და მეორე კრასნოიარსკში. "კაგებე"_ს ცენტრალური ფსიქო_ფიზიოლოგიური ლაბორატორიის მეცნიერ_თანამშრომელი მაინა პოლიაჩენკო ამ მოვლენებთან დაკავშირებით გვიყვება: სამეცნიერო_საწარმო გაერთიანება "ენერგიის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვალერი კანიუკა სათავეში ჩაუდგა ქალაქ კოროლიოვში საიდუმლო კომპლექსს, სადაც სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1986 წლის 27 იანვრის საიდუმლო დადგენილებით შეიქმნა სპეციალური ფიზიკური ველების გენერატორი, რომელიც გათვალისწინებული იყო მოსახლეობის უზარმაზარი მასების ქცევის კორექტირებისთვის.


ფსიქოტრონული პროგრამები მუშავდებოდა ორ სადგურზე: "ჩერნობილ-2" და "კრასნოიარსკი-26". ჩერნობილის აფეთქების შემდეგ სადგურმა "ჩერნობილი-2"_მა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო 1987 წელს აშშ_მა დაადანაშაულა საბჭოთა კავშირი რაკეტსაწინააღმდეგო უსაფრთხოების 1972 წლის ხელშეკრულების დარღვევაში. ასევე შეწყდა კრასნოიარსკის სადგურის დაგეგმილი დამატებითი მშენებლობაც. ამდენად გაჩნდა მოსაზრება, რომ ფსიქოტრონული ზემოქმედების ქვეშ მოექცა პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ატომური სადგურის გამართულ მუშაობასა და მის უსაფრთხოებაზე. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდა ე.წ. ბელოვეჟის შეთანხმების გაფორმებაც და დსთ_ს ჩამოყალიბება, რათა საბჭოთა კავშირს აღარ ჰქონოდა "ჰაარპ"_ის ტიპის საერთო კომპლექსური სისტემის არსებობის შესაძლებლობა.


საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის ფსიქოტრონიკის შესაძლებლობები მეტნაკლებად უკვე ცნობილი იყო საზოგადოებისათვის, რადგან უკვე ოცამდე ინსტიტუტი მუშაობდა აღნიშნული მიმართულებით.

საგულისხმოა, რომ ფსიქოტრონული იარაღის ფართოდ გავრცელებას ამჟამად ხელს უწყობს ფიჭური კავშირგაბმულობის გაჩენა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მობილური ტელეფონების ქსელი წარმოადგენს ანტენა_გადამცემების უზარმაზარ ბადეს, რომელიც ფსიქოტრონული კონტროლისა და ზემოქმედებისათვის გამოიყენება. თანაც, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება კონკრეტულ აბონენტზე ზემოქმედება. გარდა ამისა, დასაშვებია, რომ ფსიქოტრონული ზემოქმედება განხორციელდეს არჩევნების დროს როგორც მედიაზე, ასევე მოსახლეობაზე.


ადამიანი გამოიყენება როგორც ზომბი, რომელსაც უგზავნიან სხვადასხვა ბრძანებებსა და მითითებებს. შეწინააღმდეგება ძალიან ძნელია, რადგან ასეთი ბრძანებები შეიძლება შეიცავდეს მუქარასაც. ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს ხელს უშლიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, უკრძალავენ საცხოვრებელი ადგილის მიტოვებას, რათა ექსპერიმენტი არ შეფერხდეს. ასეთი ტელეპატიური ზემოქმედების ჯგუფი აღმოჩენილი იქნა კიევში, რომელიც საკუთარ მსხვერპლთან დაკავშირების დროს საკუთარ თავს "თეთრ ძმებად" წარმოადგენდნენ, ზოგჯერ კი უცხოპლანეტელების, ტიბეტელი მაჰათმების ან თვით იესოს სახელითაც კი მოქმედებდნენ. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელ პროგრამას იყენებდა ოპერატორი და რა ინტელექტი მქონე მსხვერპლთან ჰქონდათ საქმე. ეს იყო სამხედრო_სამედიცინო ხასიათის ექსპერიმენტები. ჯგუფს სათავეში ედგა 1941 წელს დაბადებული ინჟინერ_კიბერნეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იური კრივონოგოვი, რომელიც პიროვნებაზე ფსიქიკური ზემოქმედების სპეციალისტი იყო. ის მუშაობდა ნოვოსიბირსკის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, ნიკოლაევსკის ფსიქოტრონიკის ცენტრში, სადაც "კაგებეს" ეგიდით ამერიკის "ცსს"_ს გონების კონტროლის მექანიზმების საწინააღმდეგო საშუალებები მუშავდებოდა. "პერესტროიკის" დროს კრივონოგოვი კრიშნაიდი გახდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაარსა სექტა "თეთრი საძმო" და "სულის ინსტიტუტი - ატმა". 1996 წელს ექსტრემისტული რელიგიური მოღვაწეობის გამო იური კრივონოგოვს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან გვარი გადაიკეთა, იური სილვესტროვად იქცა და ამჟამად კიევის ერთ ერთ უნივერმაღში მუშაობს. კიევში ანატოლი ბერიძე-სტახოვსკის მიერ შექმნილი უნიკალური სამკურნალო გენერატორების დაახლოებით 50 ერთეულია დარჩენილი მის ყოფილ პაციენტებთან. ძალზე საშიშია ამ გენერატორების დაშლა, მათმა უბრალო გახსნამაც კი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ამ სამკურნალო აპარატების ფსიქოტრონულ_საბრძოლო იარაღად გამოყენებაც შეიძლება.

0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0