x
image
მანჩო 777
დასაბამიდან დღემდე შექმნილი ყველაზე უცნაური და უნიკალური წიგნები
თქვენ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ყდა, ფურცლები, ტექსტი და ილუსტრაციებია? - ცდებით, ჩემო ძვირფასებო! იცოდით, რომ გარდა ჩვეულებრივი წიგნებისა, თურმე კიდევ არსებობს ელექტრონული და დაწნეხილ ჰაერზე დამზადებული, საქამრე და ორმხრივი, სილუეტებიანი, სანელებლების და გამოსაცხობი წიგნებიც კი?



image



წიგნების სამყარო მეტად მრავალფეროვანი და მრავალწახნაგაა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ შეექმნათ უნიკალური, სხვებისაგან გამორჩეული წიგნები, რომელთა დანიშნულება წაკითხვის გარდა მკითხველის გაოცება იყო. ტექნოლოგიების არნახული განვითარება ბოლო წლებში გამოსულ წიგნებსაც შეეხო, შედეგად კი მივიღეთ მოცულობითი, ანატომიური, გეოგრაფიული, ცხოველების, ანიმაციური და კიდევ უამრავი სხვა სახის 3D წიგნები.

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი კაცობრიობის ისტორიაში შექმნილ ყველაზე უცნაურ, განსაკუთრებულ, უნიკალურ წიგნებს .




1. მინიატურული მრგვალი წიგნი (1480 წელი)



image


ხელით დამზადებული ილუსტრაციებიანი მინიატურული წიგნი უკვე იმსახურებს ჩვენს აღფრთოვანებას, მაგრამ თუ ის მცირე ზომასთან ერთად მრგვალიცაა, - ეს უკვე საოცრებაა. ამ წიგნის დიამეტრი 9 მილიმეტრს არ აჭარბებს და მასში 266 გვერდია. შთამბეჭდავია, არა?- ნამცეცა შედევრის სისქე სულ 3 მილიმეტრია და ის იხურება ძალიან ორიგინალური შესაკრავით, რომელიც მორთულია აზრობრივი გრავიურებით. გარდა ამისა, წიგნის შემქმნელმა უცნობმა ბელგიელმა მხატვარმა არამარტო შესანიშნავად გააფორმა ეს საღვთისმეტყველო წიგნი ულამაზესი ილუსტრაციებით, არამედ თითოეული განყოფილებისათვის შექმნა 30 უნიკალური ასობგერა. წიგნი ორ ენაზეა: ლათინურსა და ფრანგულზე.



2. საქამრე წიგნი (1589 წელი)



image



მრგვალი წიგნის შექმნიდან თითქმის ასი წლის შემდეგ დღის სინათლე იხილა მოსახერხებელი ფორმატის ასეთმა უცნაურმა წიგნმა, რომელსაც ქამარზე მიბმულს ატარებდნენ. წიგნი მაგრდებოდა ქამარზე თასმით და ამგვარად შესაძლებელი იყო მისი წაკითხვა წელიდან მოუხსნელად ნებისმიერ მდგომარეობაში. ეს წიგნი ალბათ წიგნის ყველა მოყვარულის ოცნებაა.



3. მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი ( გამოცემის თარიღი უცნობია)



image


მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი "ახალი აღთქმაა", რომლის სისქე 2, ხოლო სიგანე 5 მმ-ს უდრის. წიგნის წასაკითხად გამადიდებელი ლუპაა საჭირო, რადგან მხოლოდ 600-ჯერ გადიდების შემთხვევაში შეძლებთ ასოების გარჩევას.



4. გიგასის კოდექსი ანუ "ეშმაკის ბიბლია" (მე-17-ე საუკუნე)



image


გიგასის კოდექსი, ანუ "ეშმაკის ბიბლია" წარმოადგენს შუა საუკუნეების ყველაზე დიდ მანუსკრიპტს. მას ხშირად მოიაზრებენ, როგორც მსოფლიოს რვა საოცრებიდან ერთ-ერთს. წიგნს მისტიურ ელფერს მატებდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც მისმა ავტორმა სული ეშმაკს მიჰყიდა.

მანუსკრიპტის მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია – ის 75 კგ-ს იწონის, ამიტომ მის გადასაადგილებლად მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო. სიგრძეში ერთ მეტრამდეა, სიგანეში 0.5 მ, სისქით კი 22 სმ., აქვს ხის ჩარჩო და მორთულია მეტალის ნაკეთობებით. წიგნი შედგება 310 ფურცლისგან (620 გვერდი), რომლებიც დამზადებულია საუკეთესო ხარისხის პერგამენტისგან. ეს მასალა კი 160 ცხოველის, სავარაუდოდ ვირების გატყავებით მიიღეს. არსებობს ეჭვი, რომ რამდენიმე ფურცელი, უფრო ზუსტად 10 ცალი, დაკარგულია, თუმცა სად გაქრა ისინი, ეს არავინ იცის. წიგნის გვერდები გაფერადებულია წითლად, ლურჯად, ყვითლად, მწვანედ და ოქროსფრად. დიდი ასოები გამუქებულია და გამოყოფილი. ერთი ვერსიით, წიგნს სახელი " სატანის ბიბლია" ეწოდა ლუციფერის ილუსტრაციის გამო 290-ე გვერდზე, თუმცა არსებობს სხვა, უფრო საინტერესო ლეგენდა ამ სახელთან დაკავშირებით.



image



ლეგენდა ასე ჟღერს: ერთმა ბერმა, რათა თავისი ცოდვები გამოესყიდა, აღთქმა მისცა, რომ ერთ ღამეში დაწერდა ბიბლიას. როცა ბერი მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მან დახმარება სატანას სთხოვა. სანაცვლოდ ეშმაკმა ბერს სული მოსთხოვა და უბრძანა მისი სურათი დაეხატა ბიბლიის ერთ-ერთ გვერდზე. თუ რა დაემართა სულწაწყმედილ ბერს, ამაზე ლეგენდა სდუმს, თუმცა ისედაც ნათელია, რომ შეთანხმება ბნელეთის მოციქულთან მას კარგს არაფერს მოუტანდა.

თავის ეპოქაში ეს იყო ერთადერთი ბიბლია, რომელშიც სატანის გამოსახულებას შეხვდებოდით.



5. ორმაგი წიგნი ( მე-16-ე საუკუნე)



image

ასეთ წიგნებს ხშირად ''სიამის ტყუპებს'' უწოდებენ მათი უჩვეულო აკინძვის გამო, რომელიც ორ, თემატურად მსგავ წიგნს ერთად კრავს. ყველაზე ხშირად ეს მეთოდი გამოიყენებოდა ძველი და ახალი აღქმის ერთ წიგნად შესაკრავად.



6. დაფაზე დაწერილი წიგნი (მე-17-ე საუკუნე )



image


ეს წიგნი, რომელიც ძველ სარკეს ჰგავს, შეიცავს ანბანს და რამდენიმე მარტივ ტექსტს დამწყები მკითხველისათვის, სახელური კი გაკეთებულია იმისათვის, რომ ბავშვმა იოლად აიღოს ხელში (იმ დროს წიგნები გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე ახლა). გარდა ამისა, ეს არის ეგრეთ წოდებული "რქიანი წიგნი", რომლის ფურცლები სიმყარისათვის დაფარულია სპილოს ძვლის თხელი ფენით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს წიგნი დაუვარდებოდა, მას დაზიანება არ ემუქრებოდა.



7. წიგნი, რომელიც მუშაობს დაწნეხილ ჰაერსა და ელექტროდენზე (1949 წელი)



image



აი თურმე როგორი იყო ის - თანამედროვე ელექტრონული წიგნების წინაპარი. ეს ქმნილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი იქნებოდა ელქტრონული წიგნი, პლანშეტი რომ არ გამოეგონებინათ. უნიკალური წიგნი გამოსცა ესპანელმა მწერალმა და მასწავლებელმა ანხელა რობლესმა და ის მოქმედებაში მოდიოდა დაწნეხილი ჰაერის საშუალებით. ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ მასში შეიძლებოდა კაფსულების ჩატვირთვა სხვადასხვა ტექსტებით და გარკვეული ფრაგმენტების გადიდებაც კი.



8. ყველაზე დიდი წიგნი მსოფლიოში (2010 წელი)



image


2010 წელს ფრანკფურტში გამართულ წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე შეკრებილ საზოგადოებას მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნი სათაურით “დედამიწა” წარუდგინეს. წიგნის სიმაღლე 4 მეტრია, სიგანე გადაშლილ მდგომარეობაში - 7 მეტრი და წონა - 1452 კილოგრამი.



9. ძაფებიანი წიგნი ჰიპერლინკებით (2010 წელი )



image



ეს შესანიშნავი წიგნი წარმოადგენს ერთი გერმანელი სტუდენტის სადიპლომო ნამუშევარს და ეწოდება "სიზმრების აზრები". ტექნიკის ეს სასწაული წარმოადგენს სამეცნიერო, ფილოსოფიური და პოეტური ტექსტების კრებულს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სხვადასხვა ფერის ლამაზი ძაფებით. თავად ავტორი ასე აღწერს ამ წიგნს: "წიგნი კონსტრუქციულად შესრულებულია, როგორც სიზმრების მოდელი ძილის დროს. ძაფები თვალნათლივ გვიჩვენებს მის დახლართულობას და სინატიფეს".



10. წიგნი, რომელიც იწვის (2013 წელი)



image



ეს არის რეი ბრედბერის ცნობილი წიგნის - ''451 ფარენჰეიტით'' შესანიშნავი კონცეფცია, რომელიც გარეგნულად ასანთის კოლოფს წარმოადგენს. ძალიან სიმბოლური ინტერპრეტაციაა იმ წიგნისათვის, რომლის უამრავი "თანამოძმე" იგნორირების კოცონზე დაიწვა.



11. "როგორ დავიცვათ საქათმე გობლინებისაგან" (2013 წელი)



image



ბრი­ტა­ნულ­ი ჟურ­ნალ­ი Bookseller ყოველწლიურად გადასცემს პრე­მიას Diagram ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და­სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე წიგ­ნებს. ჟურ­ნა­ლის მკი­თხველ­თა შო­რის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად 2013 წელს Diagram-ის ლა­უ­რე­ა­ტი წიგ­ნი - "რო­გორ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი სა­ქათ­მე გობ­ლი­ნე­ბის­გან" გახ­და. მან ხმა­თა 38% და­აგ­რო­ვა. ამ წიგ­ნის ავ­ტო­რი რე­ჯი­ნალდ ბე­ი­კე­ლია.



12. სენსორული წიგნი (2014 წელი)



image


წიგნების სამყაროს ეს ნოვაციური ეგზემპლარი სახელწოდებით "გოგონა, რომელიც ქსელშია ჩართული", კითხვის დროს გასაოცარ შეგრძნებებს იძლევა - მისი ყდა აღჭურვილია 150 პროგრამური შუქდიოდით და კომპლექსური ხელსაწყოების ჟილეტით, რომელიც უზრუნველყოფს გათბობას, ვიბრაციას, შეკუმშვას, რაც აძლევს მკითხველს უჩვეულო შეგრძნებებს. მაგალითად, გარკვეული ადგილების კითხვის დროს წიგნს შეუძლია მოგანიჭოთ ის შეგრძნებები, რასაც განიცდის მთავარი გმირი, კონკრეტულად ეს გამოიხატება გულის აჩქარებაში სპეციალური ბალიშების მეშვეობით ან სხეულის გარკვეული ადგილების გათბობაში.



13. წიგნი-ტრანსფორმერი (2014 წელი)



image


ამ უჩვეულო ქმნილების ყდაზე დატანილი თერმოსაღებავი თბება კითხვის დროს და თანდათანობით ხსნის საინტერესო მრავალფენიან დიზაინს. თითოეული დიზაინი შექმნილია სხვადასხვა მხატვრის მიერ და სრულად შეესაბამება წიგნის სათაურს - "რიტორიკა, როგორც დიზაინის ხელოვნება".



14. საბავშვო წიგნი, რომლიდანაც შეიძლება ხე გავზარდოთ (2015 წელი)



image


ამ გასაოცარი არგენტინული საბავშვო წიგნიდან კი ხის გაზრდაა შესაძლებელი. წიგნი დაწერილია იმისათვის, რომ ბავშვებს აუხსნან, თუ რისგან და როგორ კეთდება წიგნები. იგი დაბეჭდილია ეკოლოგიურად სუფთა ტიპოგრაფიული საღებავით ბიოლოგიურად სუფთა ქაღალდზე... და ეს ყველაფერი არაა! წიგნის ფურცლებზე დამაგრებულია ტროპიკული მცენარის - ჟაკარანდას თესლი. ასე რომ, როცა ბავშვი წიგნს წაიკითხავს, მას შეუძლია ის დაფლას მიწაში, დაასხას წყალი და დაელოდოს ხის ამოსვლას, რომლისაგან ახალ-ახალ წიგნებს გააკეთებენ. შესანიშნავია, არა?



15. "ვიკიპედია" ქაღალდზე



image



ალბათ ყველა თქვენგანმა იცის, რომ ''ვიკიპედიაში'' გაცილებით მეტი სტატია, განმარტება და ინფორმაციაა, ვიდრე ყველაზე სრულყოფილ ენციკლოპედიაში, ამიტომ ერთი შეხედვით მისი წიგნად გამოცემა შეუძლებელიც კი ჩანს, თუმცა დიზაინერ რობი მეტიუსს ძალიან სურდა ამის გაკეთება და მან მართლაც შექმნა 5000 გვერდიანი ''ქაღალდის ვიკიპედია'', რომელშიც ინტერნეტ-ენციკლოპედიის ინგლისური ვერსიის ყველაზე ხშირად მონახულებადი გვერდები შეიტანა.



16. სამგანზომილებიანი წიგნები



image



ცნობილი ფრანგი მხატვარ-ილუსტრატორი ბენჯამენ ლაკომბი ქმნის მოცულობით წიგნებს ისეთ ცნობილ საბავშვო ნაწარმოებებზე, როგორიცაა "პინოქიოს თავგადასავალი", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "მადამ ბატერფლაი" და სხვა.



17. წიგნი-გვირაბი


image



ადამიანს, რომელიც კომპიუტერთან ბევრს მუშაობს, შეიძლება განუვითარდეს ეგრეთ წოდებული "გვირაბის სინდრომი" ანუ "ჩაკეტილი არხის სინდრომი". ალბათ სწორედ ამ ფაქტმა შთააგონა ამ უნიკალური წიგნის ავტორებს შეექმნათ გვირაბის მსგავსი წიგნი, რომლიც ქალაქებს ნიუ-იორკს და ნიუ-ჯერსის აკავშირებს ერთმანეთთან.



18. წიგნი-საათი


imageწიგნი-საათი შედგება სამი წიგნისაგან, რომლებიც ჩვეულებრივი დანიშნულების გარდა ასრულებენ საათის ფუნქციას. ციფრების 3 ("three") და 9 ("nine") მეშვეობით იოლად შეძლებთ დროის გაგებას.



19. კულინარიული რეცეპტების წიგნი, რომლის წასაკითხადაც ის უნდა "გამოაცხოთ"



image



ეს უცნაური წიგნი ხორვატმა გამომცემლებმა შექმნეს. ამა თუ იმ რეცეპტის წასაკითხად წიგნი ფოლგაში უნდა შეახვიოთ და ღუმელში "გამოაცხოთ", რადგან ტექსტი მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ჩნდება.



20. ბიოგრაფიული წიგნები, რომლებსაც სახის ფორმა აქვს



image


ნიდერლანდების გამომცემლობამ Gerschreven Portretten ჰოლანდიის წიგნის კვირეულზე წარადგინა ოთხი წიგნი-ბიოგრაფია, რომელთაც აქვთ იმ ადამიანების სახის ფორმა, ვის ბიოგრაფიასაც აღწერენ. ეს ოთხი ცნობილი პიროვნებაა: ებრაელი გოგონა ანა ფრანკი, რომელიც ცნობილი გახდა მისი დღიურის წყალობით, მხატვარი იმპრესიონისტი ვინსენტ ვან-გოგი, ფეხბურთის მწვრთნელი ლუი ვან გალი და პუბლიცისტი კადერ აბდოლა.



სტატიის ბოლოს კი ბონუსი: სულ რამდენიმე თვის წინ შექმნილი ანატომიური წიგნი, რომელიც მოსწავლეებს და სტუდენტებს ადამიანის ანატომიის შესწავლას გაუადვილებს.





P.S. ძვირფასო მკითხველო, თქვენი არ ვიცი და მე კარგად ვისიამოვნე ამ სტატიის წერისას... ზოგიერთი ამ უჩვეულო წიგნის არსებობის შესახებ მეც მხოლოდ დღეს შევიტყვე. მჯერა, რომ ვერავითარი ტექნიკური პროგრესი, ვერანაირი კომპიუტერული ტექნოლოგიები ვერ შეცვლის წიგნს-ამ უძვირფასეს განძს. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანისათვის ცოდნის მიღების, თვალსაწიერის გაფართოების და ინტელექტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი წყარო.

4
242
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
242
  
2018, 14 ნოემბერი, 0:05
მაგარია :)
2018, 11 ნოემბერი, 0:06
მადლობა, მაგრამ როგორ ხედავ, ხალხს წიგნები ნაკლებად აინტერესებს :)
2018, 10 ნოემბერი, 16:51
აი, ეს მესმის
2018, 10 ნოემბერი, 9:47
ძალიან საინტერესოა :3
0 1 4