x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
არასტანდარტული ლოგიკური გამოცანები – III ნაწილი (პასუხები აქვს)
image


1. ბანკის ძარცვა


კოლერიჯის საოლქო ბანკის განყოფილება, რომელიც კუთხის უცნაურ შენობაში იყო, ერთი მხრიდან მთავარ ქუჩაზე გადიოდა. ბანკის მენეჯერის, რიჩარდ ვესტის დაქვემდებარებაში სულ 5 კაცი იყო. ბანკის გასაღები კი მხოლოდ 3 თანამშრომელს ჰქონდა: მენეჯერს, მის მოადგილეს და დამლაგებელს.

პარასკევს, შობის წინ, ადგილობრივმა მოვაჭრეებმა ბანკში კვირის შემოსავალი შეიტანეს. ფული ძველ სეიფში ინახებოდა, რომელიც მენეჯერის კაბინეტში იდგა და სეიფის გასაღებიც სწორედ მას ჰქონდა.

ბანკის დაკეტვის წინ, მენეჯერის კაბინეტის კარს ღიას ტოვებდნენ, რომ სეიფის გაკონტროლება გარედან ყოფილიყო შესაძლებელი. ბანკს, რა თქმა უნდა, სიგნალიზაცია ჰქონდა, რომლის გათიშვა, ბანკის გახსნიდან, 30 წამის შემდეგ შეიძლებოდა, ხოლო დამატებითი დაცვისთვის, ბანკს დაცვის პოლიციის თანამშრომელი ემსახურებოდა, რომლის მოვალეობაში ბანკის გარე პერიმეტრის დაცვა შედიოდა. პოლიციელი, ძირითადად, ბანკის შესასვლელთან იდგა და დროდადრო შენობას გარს უვლიდა. ყოველი შემოვლის შემდეგ, ის კარზე დაყენებულ საჭვრეტელში იყურებოდა, რომლიდანაც სეიფის კარი ჩანდა.

დასვენების დღეების შემდეგ, დამლაგებელი ბანკში შევიდა და დაინახა, რომ სეიფის კარი აცეტილენური ლამპარით იყო გატეხილი. ადგილზე მისული პოლიცია დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან დაცვის თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ პოსტი არ დაუტოვებია და რომ პერიმეტრის შემოვლის შემდეგ, რომელსაც სულ 10 წუთი სჭირდებოდა, სეიფის კარს ამოწმებდა. ხოლო პოსტი დამლაგებლის მისვლამდე, რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. მეორე მხრივ, – სეიფის გასატეხად, მინიმუმ 1 საათი მაინც იყო საჭირო.


კითხვა: ვინ და როგორ გატეხა სეიფი?


დახმარება, კითხვა–პასუხით:

– დაცვის თანამშრომლის წასვლიდან, დამლაგებლის მოსვლამდე, საკმარისი იყო დრო, რომ სეიფი გაეტეხათ?

– არა.


– დაცვის თანამშრომელი პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობას?

– დიახ.

– ბანკის კარი გატეხეს, რომ სეიფამდე მიეღწიათ?

– არა.



2. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე


პამელა ველსს ერთდროულად სამი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ამის შესახებ მთელი ქალაქი ჭორაობდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მხოლოდ ამ სამმა მამაკაცმა არ იცოდა ერთმანეთზე არაფერი.

ერთხელ, დილით ადრე, შემოდგომის მოღრუბლულ და წვიმიან დღეს, ინსპექტორ ჯონსს დაურეკეს. რეკავდა მეტისმეტად აღელვებული პაულ ჯონსონი, პამელას თაყვანისმცემლებიდან ერთ-ერთი, რომელმაც აცნობა, რომ იმ დილით, პამელას ქალაქგარეთ მდებარე ვილაში მიაკითხა და შესასვლელში ცემით მოკლული ქალის გვამი აღმოაჩინა. ინსპექტორმა პაულს ადგილზე დარჩენა სთხოვა, თავად კი დანაშაულის ადგილზე გაემგზავრა.

მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, ინსპექტორმა დაკითხვაზე 3 ეჭვმიტანილი დაიბარა ― პამელას მეგობარი მამაკაცები: პაულ ჯონსონი, პიტერ სმიტი და დევიდ ბრაუნი.

პიტერ სმიტმა განაცხადა, რომ წინაღამეს ქალაქში საერთოდ არ იყო და რომ პამელას სასტუმროდან 23:00 საათზე დაურეკა, რომ კვირის ბოლოს შეხვედრზე შეთანხმებულიყო.

დევიდ ბრაუნსაც ჰქონდა ალიბი, – ის წინადღეს ოფიციალურ წვეულებაზე იყო, საკმარისზე მეტი დალია და კოლეგასთან დარჩა.

პაულ ჯონსონმა კი თქვა, რომ პამელასთან წინაღამეს იყო და მათ მეორე დღისთვის ექსკურსია დაგეგმეს. დაახლოებით, 21:30 საათი იქნებოდა, სახლში, ქალაქის მეორე ბოლოში რომ წავიდა. დილით, მიუხედავად იმისა, რომ გაწვიმდა და ექსკურსიისთვის შესაფერისი ამინდი არ იყო, შეთანხმებულ დროზე მაინც მივიდა ვილაში.

«ბატონო ჯონსონ, თუ დარწნუნებული ხართ, რომ წინაღამე სწორედ ისე გაატარეთ, როგორც მოჰყევით, მაშინ თქვენ პამელა ველსის მკვლელობისთვის გაპატიმრებთ» – განაცხადა ინსპექტორმა.


კითხვა: როგორ მიხვდა ინსპექტორი, რომ მკვლელი ჯონსონი იყო?


დახმარება, კითხვა–პასუხით:

– დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი ფაქტები არ ემთხვეოდა პაულის ჩვენებას?

– დიახ.

– ეს შეუსაბამობა პაულის მანქანით მისვლასთან არის დაკავშირებული?

– დიახ.



3. ორმაგი მკვლელობა


მამაკაცმა შეიტყო, რომ მის მეუღლეს საყვარელი ჰყავდა და რომ ისინი მის მოკვლას აპირებდნენ. მან გადაწყვიტა, მათთვის გეგმები ჩაეშალა და როდესაც ისინი მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, ორივე მოკლა. ხვდებოდა რა, რომ პირველი ეჭვმიტანილი სწორედ ის იქნებოდა, მან პოლიციის ცრუ კვალზე დაყენება გადაწყვიტა. მკვლელობის იარაღიდან მხოლოდ ანაბეჭდების წაშლით, ის საკუთარ თავს ვერ უშველიდა და მან დანაზე ადამიანის ანაბეჭდები გადაიტანა, რომელსაც პირადად არ იცნობდა.


კითხვა: ეს როგორ გააკეთა?


დახმარება, კითხვა–პასუხით:

– მამაკაცის პროფესიას რამე კავშირი აქვს გამოცანის გასაღებთან?

– დიახ.

– დანაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები მის პატრონამდე მიიყვანდა პოლიციას?

– არა.



4. უცნაური მყიდველი


დიდი მარკეტის დაკეტვის წინ, სავაჭრო რიგებს შორის ქალი დადის, რომელიც ყურადღებით არჩევს პროდუქტს და ეტლში აწყობს. ამის შემდეგ, ის მაღაზიიდან გადის. თუმცა, არც სალაროს მომსახურებით სარგებლობს და პროდუქტის საფასურსაც არ იხდის.


კითხვა: ახსენით, ეს როგორ უნდა ხდებოდეს?


დახმარება, კითხვა–პასუხით:

– ქალმა გზა მოძებნა, რომ თავიდან აეცილებინა გადახდა?

– არა.

– მაღაზიის თანამშრომლები ხედავდნენ, რას აკეთებდა ის?

– დიახ.



5. შემთხვევა ტბაზე


მადლენი სრულ სიმშვიდეში და ჰარმონიაში ცხოვრობდა, ვიდრე ქმრის სმოკინგის ქიმწმენდაში ჩაბარება არ გადაწყვიტა. მას ყველაფერი ჰქონდა: უმშვენიერი სახლი, ხედით ჟენევის ტბაზე, რომელიც ქ. ჟენევის სიახლოვეს მდებარეობდა, ჰყავდა მეუღლე რენე, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა ბანკ Romande-ში და საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა. თავად მადლენი ლოზანაში მდებარე იურიდიული ფირმის Deverin‑Millefleurs თანადამფუძნებელი იყო და მადლენს და რენეს 10 წლის ტყუპი ― ქალ-ვაჟი ჰყავდათ. მაგრამ, როდესაც მადლენმა ქმრის სმოკინგის ჯიბეების ამოსუფთავება დაიწყო, მისი იდეალური სამყარო გაქრა ― ჯიბეში მან სასიყვარულო წერილი აღმოაჩინა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობრის, დიზერის მიერ იყო დაწერილი. ის რამოდენიმე დღის მანძილზე იტანჯებოდა, არ იცოდა, გაეფუჭებინა თუ არა, ურთიერთობა მეუღლესთან.

ერთხელაც, საღამო ხანს, მან შვილები სასეირნოდ ძრავიანი ნავით წაიყვანა. 2 საათის შემდეგ, მარტო დაბრუნდა, შოკში იყო და შეშლილივით იქცეოდა. პოლიციაში მან პიკნიკის დროს მომხდარი, ტრაგიკული ისტორია მოჰყვა. მისი თქმით, ბავშვებმა ტბაში რაღაც დაინახეს, ამოღება უნდოდათ და ნავიდან გადაცვივდნენ. ხოლო, მადლენმა მათი გადარჩენა ვერ შეძლო.

ეს ისტორია საეჭვოდ მოეჩვენა პოლიციას, რადგან მადლენი კარგად ცურავდა და მათ ეს იცოდნენ. ამასთან, მისი სამოსი მშრალი იყო. სავარაუდოდ, ქალს ბავშვების გადარჩენა არც უცდია. პოლიციელებს საშინელი ეჭვები უფრო განუმტკიცდათ, როდესაც სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და დიზერის წერილი აღმოაჩინეს.

რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, მადლენმა ყველაფერი აღიარა. თუმცა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მაგისტრატის გამომძიებელმა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა არ მოითხოვა.


კითხვა: რატომ?


დახმარება, კითხვა–პასუხით:

– ეს მოვლენები მართლაც შემთხვევითი იყო?

– არა.

– რენემ აპატია მადლენს, როდესაც ისტორიის სრული ვერსია მოისმინა?

– დიახ.


image

პასუხები:



1. მენეჯერის მოადგილე დამლაგებელს შეეკრა. მათ ფოტოსურათი დაამზადეს სეიფის ნატურალური ზომის და ის სეიფის წინ მოათავსეს ისე, რომ დაცვის თანამშრომელს შეძლებოდა დანახვა და იმაში დარწმუნება, რომ ის დაზიანებული არ იყო. დილით, სამუშაოზე მისულმა დამლაგებელმა ჯერ ფოტოსურათი გაანადგურა და მხოლოდ ამის შემდეგ ატეხა განგაში.

2. წვიმა დილით დაიწყო და როდესაც ინსპექტორი დანაშაულის ადგილზე მივიდა, მან შეამჩნია, რომ პაულ ჯონსონის ავტომობილის ქვეშ მიწა მშრალი იყო, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მანქანა ამ ადგილზე, წინაღამის შემდეგ იდგა.

დანაშაულის მოტივი კი ეჭვიანობა იყო: პაულმა მოისმინა პიტერის და პამელას სატელეფონო საუბარი და ეჭვიანობის სცენები გაუმართა ქალს. რისხვის მოზღვავების დროს, მან თავი ვეღარ გააკონტროლა და შანდალი ჩაარტყა მას თავში. შემდეგ, გათენებას დაელოდა და პოლიციაში დარეკა.

3. მკვლელი სასამართლოს პათოლოგანატომი იყო. მან ანაბეჭდები მიცვალებულიდან აიღო და მკვლელობის იარაღზე გადაიტანა. ხოლო შემდეგ, გვამის კრემაცია მოახდინა, მისი ოჯახის სურვილის შესაბამისად.

4. ეს ქალი ― მაღაზიის თანამშრომელია. მის მოვალეობაში პროდუქტის დახარისხება და ვადაგასული საქონლის დახლებიდან აღება შედის.

5. ბავშვები არ დაღუპულან. მადლენმა ისინი მეგობართან დატოვა, რომელსაც ენდობოდა. მას იმედი ჰქონდა, რომ სასოწარკვეთილი სიტუაცია, რომელიც მან შექმნა, რენეს შექმნილი სიტუაციის გაანალიზებაში დაეხმარებოდა.

მადლენის წინააღმდეგ, შეეძლოთ საქმე ცრუ მოწმეობის ბრალდებით აღეძრათ, მაგრამ შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, ეს არ გააკეთეს.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageარასტანდარტული ლოგიკური გამოცანები – II ნაწილი (პასუხები აქვს)

5 გამოცანა «ტვინის განძრევის» დიდოსტატებისთვის (პასუხები აქვს)

პატიმრის დილემა. ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)


0
313
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0