x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ეპისკოპოსი ნიკოს კაზანძაკისის წიგნის ''ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების'' წინააღმდეგ

სასულიერო პირი ნიკოს კაზანძაკისის წიგნის ''ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების'' წინააღმდეგ მრევლს მოუწოდებს


image


მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის მიმართვა
მინდა მივმართო მორწმუნე საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომელიც ჯერ კიდევ ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გზაზე დგას და სურვილი აქვს გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობის ლიტერატურას. აქამდე ვცდილობდი კომენტარი არ გამეკეთებინა წიგნის შესახებ, რომელიც აკრძალული წიგნების თაროდან ითარგმნა, რათა ერთგვარი რეკლამა არ გამეწია ამ გამოცემისთვის. საუბარია “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებაზე”, რომლის ავტორიც გახლავთ ბერძენი ნიკოს კაზანძაკისი. მაგრამ ვინაიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთგვარი პროპაგანდა ამ წიგნის გაცნობის თაობაზე, თავს მოვალედ მივიჩნევ განვმარტო თუ რატომ არ შეიძლება ზემოთ ხსენებული, მკრეხელური ლიტერატურის ჩვენს მაგიდებზე მოხვედრა. ამ წიგნში დამახინჯებულად არის აღწერილი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სახე. ქრისტე მაცხოვარი წარმოჩენილია, პიროვნებად, რომელიც “მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია”. წიგნი ფსიქოლოგიური რომანია და განსაკუთრებით იგრძნობა მაში ნიცშეანური ფილოსიფიისა და ფროიდისეული გავლენა, რაც უდიდესი მკრეხელობაა. ამ ლიტერატურის წინააღმდეგ თავის დროზე გამოვიდა ელადის ეკლესიის წმინდა სინოდი, რომელმაც განკვეთა და ანათემას გადასცა წიგნის ავტორი. მის წინააღმდეგ ასევე გამოდიოდნენ ათონის წმინდა მამები, მათ შროის წმინდა პაისი ათონელი
ეს წიგნი არის ღვთის მგმობელი და მკრეხელური შინაარსის, რომელიც შეურაცხყოფს, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას, ისე მორწმუნე ადამიანს. დაე, ნუ დაიდებს ბინას ჩვენს სახლებში ეს სატანის სულით გაჟღენთილი წიგნი, რომელსაც შეუძლია ჩვენს მოზარდებს დაუმახინჯოს ცნობიერება და ცოდნა, ჭეშმარიტი მესიის- ქრისტეს შესახებ.
“ამისთვის გეტყვით თქვენ”- ამბობს უფალი, “ყოველი ცოვაი და გმობაი მიეტევოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტევოს კაცთა, ” “არცა ამას სოფელსა, არცა მერმისსა.”


image



ამაზე კომენტარი გააკეთა თავდ მთარგმნელმა:



ათია მთვარელიძე, მთარგმნელი: „საეკლესიო წრეების მიერ გაკიცხული წიგნები ყოველთვის იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს. ბევრი მწერს მეუფე გიორგის სტატუსის შემდეგ და მეკითხებიან, სად იყიდონ წიგნი ან მისი ელექტრონული ვარიანტი.


მე მხოლოდ მთარგმნელი ვარ ამ წიგნის. აგრესია უფრო მძიმე და აუტანელია ხოლმე, როცა ქართველი მწერლები წერენ ეკლესიისთვის მიუღებელ ტექსტებს. გავიხსენოთ ლაშა ბუღაძის, ზაზა ბურჭულაძის, ერეკლე დეისაძის ან სხვა ავტორების წიგნები.


50-იანი წლების მერე აღარავის მოსვლია თავში აზრად, რომ კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ აეკრძალა, საერთოდაც ეს ტექსტი, როგორც აკრძალული ლიტერატურა აქტუალური აღარც ყოფილა 1950-იანი წლების შემდეგ. ერთადერთი საპროტესტო ტალღა აგორდა 1990-იან წლებში, საბერძნეთში, მარტინ სკორსეზეს ფილმის ჩვენებისას, რომელიც ამ ტექსტის მიხედვით გადაიღეს.


მეუფის სტატუსის მიხედვით, რომელსაც ხალხი აზიარებდა, მივხვდი, რომ მას ტექსი არ აქვს წაკითხული და ციტატები, რაც მოჰყავს, ჩემს მიერ დაწერილი ანოტაციიდანაა ამოკრეფილი. წიგნის გაკიცხვისას მეუფის მყარი არგუმენტი იყო, ის, რომ ტექსტი საბერძნეთის ეკლესიამ ანათემას გადასცა.


ჩვენთვის საყვარელი და საამაყო „ვეფხისტყაოსანიც“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ სასულიერო პირების მიერ იდევნებოდა.


ვფიქრობ ზედაპირული დამოკიდებულებაა, მხოლოდ ანოტაციის მიხედვით გსურდეს შექმნა ტექსტის მიმართ უარყოფითი განწყობები.


წიგნი არის იმაზე, რომ ქრისტეს ჰქონდა ადამიანური ბუნებაც და კაზანძაკისი უღრმავდება ამ საკითხს. გვაჩვენებს, რა გზას გადის იესო ადამიანობიდან ღმერთობამდე, როგორ განიღმრთობა ეტაპობრივად. ავტორი არ ხედავს საკითხს ისე, რომ იესო ღმერთად დაიბადა დედამიწაზე და მისი დაბადების ფაქტით ღმერთად უკვე შედგა, არა – ავტორი გვიჩვენებს რთულ და წინააღმდეგობრივ გზას, რომლის ბოლოსაც არის ჯვარი, როგორც განღმრთობის მწვერვალი.


რა გზას გადის, რამხელა საცდურებია, როგორი მსხვერპლის გაღება უწევს წიგნის პერსონჟს გზაზე, ამაზეა ტექსტი. თითოეულმა მკითხველმა შესაძლოა კაზანძაკისის ქრისტეში საკუთარი თავი, საკუთარი ტკივილები აღმოაჩინოს. წიგნს ფანტასტიური შესავალი აქვს, რომელშიც კაზანძაკისი ამბობს, რომ მან დაწერა მებრძოლი ადამიანის აღსარება, ამბობს იმასაც, რომ იმედი აქვს წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანები კიდევ უფრო შეიყვარებენ ქრისტეს, რადგან დაინახავენ, როგორ იბრძვის ის ზუსტად ისე, როგორც იბრძვიან ადამიანები. მკითხველები დაინახავენ, რომ ქრისტე იმარჯვებს ცდუნებებზე, რაც ნიშნავს, ადამიანსაც აქვს შანსი იყოს გამარჯვებული, მივიდეს უფრო ახლოს ღმერთთან.


ეს ყველაფერი დოგმატურ აზროვნებასთან წინააღმდეგობაშია, მაგრამ ლიტერატურას არ ევალება ფეხდაფეხ მისდევდეს კანონიკურ ლიტერატურას.


ეკლესიას, რელიგიებს, ეშინიათ ქრისტეს ინტერპრეტაციული, ინდივიდუალური გადააზრების, მასის მოაზროვნე ადამიანებად გარდაქმნის ეშინია არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ ზოგადად, რელიგიებს.


ესქილე, როცა აღწერს, რატომ დასაჯა პრომეთე ზევსმა, ამბობს, რომ დასჯის მთავარი მოტივი იყო არა ცეცხლის მოტაცება, არამედ ის, რომ მან ადამიანებს ცოდნა მისცა ცეცხლის სახით, გააგებინა, რომ ადამიანები თავად არიან პატარა ღმერთები და შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც.


ცოდნა ეხმარება ადამიანს, რომ აღმოაჩინოს საკუთარი ძლიერება. ქრისტიანობაც გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისა შექმნა, მაგრამ ამავე დროს ამის გამცნობიერებელი ადამიანი საშიშიცაა რელიგიისთვის.


ქრისტიანობა არის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი რელიგია, ამაში მარწმუნებს ყველა ის სასულიერო ტექსტი, რასთანაც მიწევს შეხება პროფესიული საქმიანობის გამო. თუმცა ქრისტიანობა იქცა ადამიანის შემზღუდველ, მართვის საუკეთესო ინსტრუმენტად. მარტივია მიაწოდო ადამიანებს მხოლოდ ფორმულები და უთხრა, რომ ამ ფორმულებს მიღმა არ იაზროვნო, რადგან ასე უფრო კარგად შეგიძლია მართო მასა. ეს ხელს აძლევს სახელმწიფოებს, ხელს აძლევს რელიგიას“


image

0
231
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0