x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მხოლოდ უთავმოყვარე ერს შეუძლია ორ პარტიად დაყოფა და ერთმანეთის დაჭმა ამ ორი პარტიის გამო მაშინ, როცა არცერთი არაფერში არგია...
image

მთელი ერთი საღამო და მთელი ერთი დილა ვფიქრობდი - რომ ამ ქვეყანაში არ არის ჩემი ადგილი - ქვეყანაში - სადაც, მხოლოდ ქოცი და ნაცია - არ არის ჩემი და ჩემი შვილის ადგილი...

ცოტა ხნის წინ - სამსახური დავკარგე იმის გამო, რომ ჩემი ნაცობა აწუხებს ადამიანებს...

ცოტა ხნის წინ მე ადამიანები დავკარგე - რომლებსაც ქოცი ვგონივარ და ჭკუას მარიგებენ, რომ არც ერთი სამსახური არ ღირს ქოცობად...


მერე ორივე ერთად ობიექტურობაზე და სიმართლეზე მელაპარაკება...

თავიან სიმართლეზე მელაპარაკებიან და ჩემი წილი სიმართლე უნდა გადავყლაპო, უნდა გადავისროლო სანეხვეზე, უნდა მოვკლა ჩემი წილი სიმართლე, მათი წილი სიმართლის გამო...

ქვეყანა იღუპება, თურმე, თუ არ ავირჩევთ ვაშაძეს...
ქვეყანა დაიღუპება, თურმე, თუ ზურაბიშვილს არ მივცემთ ხმას...

ფარისევლები ხართ, თუ ჭკუასუსტები - ვერ ვხვდები - ამდენი ხანი რომ ერთად სძოვს ნაცი და ქოცი - ამდენი ხანი რომ თავზე გენგრევათ ქვეყანა - არჩევნების წინ გაიგეთ?
ვინც არ უნდა გაიმარჯვოს - ორივე იმიტომ მოდის, რომ ისევ ერთად მოგვძოვონ...

მხოლოდ უთავმოყვარე ერს შეუძლია ორ პარტიად დაყოფა, და ერთმანეთის დაჭმა ამ ორი პარტიის გამო, მაშინ როცა, არც ერთი არაფერში არგია...

მთელი ერთი საღამო და მთელი ერთი დილა ვიფიქრე ქვეყნიდან გადახვეწაზე, რადგან არ არის ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი - არ მოიძებნა...

მაგრამ, მერე დავფიქრდი - რისთვის მივდიოდი იმ უცხო ქვეყანაში - ადამიანური ცხოვრებისთვის და ფიზიკური გადარჩენისთვის, ხო?

უნდა წავიდე, დავჯდე და ვიწუწუნო - რომ არ დამიტოვა სამშობლომ ჩემი წილი ადგილი - იმას კი არ ვიტყვი - მე თუ დავუტოვე სამშობლოს მისი წილი ადგილი...

უნდა წავიდე და ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად - ჩემი შვილი ვერ უნდა გაიზარდოს ქართველად - მიწის მადლი არ ექნება, ახლობლის, მეზობლის, სისხლით ნათესავის ძალა არ ეცოდინება - ნაკლული იქნება ჩემი შვილი, მაძღარი, ჩაცმული, განათლებული იქნება - მაგრამ ნაკლული - სამშობლონაკლული, გულნაკლული, სისხლნაკლული, ენანაკლული, მიწანაკლული, წინაპრებნაკლული - არ გავზრდი ნაკლულ კაცს.

უნდა წავიდე და სხვის მოხუცს და ბავშვს მოვუარო - მაშინ, როცა ჩემი ქვეყანაა ახლა სნეული, დავრდომილი და მისახედი, საპატრონო და მოსავლელი - ჩემი ქვეყანაა, ჩემი და ვის დავუტოვო მოსავლელად, ვის ჩავატოვო ხელში?

სად ჯანდაბაში წამსვლელი ვარ...
ფიზიკური გადარჩენისთვის, დაუმადლებელი პურისთვის, არსებობისთვის არ წავალ...
მეძახონ ნაცი და ქოცი, მლანძღონ ნაცებმა და ქოცებმა - დავდივარ და ვფიქრობ: ჩემს მიწას ვუყვარვარ მე, ჩემი წინაპრების ოფლით და სისხლით გაჯერებულ მიწას...

ჩემს მიწას ჯიჯგნიან და იყოფენ, იყოფენ და აბეტონებ სასახლეებისთვის, იყოფენ და სათბურებს იშენებენ - სათბურებს იშენებენ და ჩვენ გვიტკიცებენ, სოფლის მეურნეობა ბასტაო - მაგათთვის არბასტა და ჩვენთვის ბასტა...

დავდივარ და ვფიქრობ, როგორი დიდი და ძლიერია ჩემი მიწა, რომ ამდენი ხანია ჯიჯგნის და იყოფს ნაცი და ქოცი, ჯიჯგნის და ჰრყვნის ნაცი და ქოცი, ჯიჯგნის და შეურაცხყოფას აყენებს ნაცი და ქოცი და მაინც იმის ძალა და თავი აქვს - მე ვუყვარდე - მე, ასე არანაცი და ასე არაქოცი, მე - არავინ...

ჩემი საქართველო არ არის ნაცში და ქოცში - მაგრამ, ჩემი საქართველო აქ არის...
ჩემი შვილის საქართველოც აქ არის - უჭირს ახლა ჩემი შვილის საქართველოს და კეთილი ინებოს, ჩემმა შვილმა და ისე იცხოვრობს, როგორც გაჭირვებული სამშობლოს შვილს შეჰფერის...image

1
189
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
189
  
2018, 5 ნოემბერი, 18:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1