x
image
მანანა თურმანიძე
ჩამეხუტე და მომისმინე
image

ხალხთან ჩახუტებას ვიწყებთო და სიმართლე უნდა ჩავახუტო ძვირფას ხელისუფლებას!

ჩამეხუტე, მაგრამ მომისმინე! ცოლთან ჩახუტება რომ გინდა, თუ მშიერი გყავს ოჯახი, აუცილებლად გეტყვის, ჯერ საჭმელის ფული მოგეტანა და მერე დავდგებოდი ჩახუტების ხასიათზეო!


მე თუ მკითხავ, ასეთი გაღატაკებული ხალხის ხელისუფლება, როგორიც საქართველოშია, ძვირადღირებული ავტომობილებით კი არა, ველოსიპედებითაც კი არ უნდა გადაადგილდებოდეს, ფეხით უნდა დადიოდეს, რომ უკეთ გაიგოს მოსახლეობის გასაჭირი. ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, მთავრობას ხალხის პულსზე უნდა ეჭიროს მუდმივად ხელი და საარსებო მინიმუმზე ათასჯერ მეტი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, თუკი დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს!



მიწისქვეშა გადასასვლელებში რომ ჩავდივარ, ერთი კითხვა მაწუხებს მუდმივად, ბოლოს როდის ისარგებლეს ნეტავ მთავრობის წევრებმა ამ გადასასვლელებით. უნახავთ გამათხოვრებული ხალხის არმია, რომელსაც უკვე ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსებიც შეემატნენ, გზას რომ გიღობავენ და ქუდს გიწვდიან შემწეობისთვის? გული მიკვდება, ყველას ხომ ვერ დაეხმარები, ან რამდენს დაეხმარები, შეუძლებელია, იმდენი არიან!


ჩახუტების, გულთან ახლოს მიტანის, მოფერებისა და გაგებით მოკიდების სურვილის აღძვრაც მიღწევაა, თუმცა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, ნეტავ იციან, დამსაქმებლები როგორ დასცინიან ხალხს და რა მიზერს უხდიან? ის თუ იციან, რომ პენსია წამლებისთვისაც არ ჰყოფნით პენსიონერებს? იციან, როგორ გაუფასურდა ლარი და გაძვირდა პროდუქტები, თუმცა არ გაიზარდა შემოსავლები? ან ის თუ იციან, რას სჩადიან ბანკები, მიზანმიმართულად რომ აკოტრებენ ხალხს?


ამას წინათ ბანკმა კიდევ ერთხელ დამცინა და დამირეკა, ვალი რომ გაქვთ პრაიმ ქარდზე და განვადების ბარათზე, როდის უნდა გადაიხადოთო! ეს პირველად არ ხდება, შემაქვს თანხა ფეიბოქსში და არ აისახება არსად, არა და ვალი რჩება და ემატება ჯარიმები! ირკვევა, რომ თურმე ვიზა კლასიკის ნაცვლად, რომელიღაც სხვა ბარათზე შემიტანია. ამჯერად მარტო არ ვიყავი ფეიბოქსთან, როდესაც შევიტანე, გვერდით მედგა ჩემი შვილი, რომელიც დეტალებზე იმდენად ორიენტირებულია, ცოტა მაღიზიანებს კიდეც. ყველაფერს ამჩნევს, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ყველა ქმედებას მიკონტროლებს, როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ! ანუ, აქამდე მე მაჯერებდნენ, რომ შემეშალა და იდიოტი ვარ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი მოუვიდათ, ორივეს შეგვეშალა? არა, გამორიცხულია! არადა, ერთხელ რომ ასეთი შემთხვევა მოხდა, მას შემდეგ მართლა იდიოტი უნდა ვყოფილიყავი, რომ მეშლებოდეს და ამის გამო ვიხდიდე ჯარიმებს! პასუხად ბანკის კლერკს, რომელიც ფაქტიურად არაფერ შუაშია, კითხვა დავუსვი - შვილო, მაინცდამაინც მშიერი ბუნტი გინდათ მოხდეს ქვეყანაში? მაინტერესებს, ამ 3 მილიონიან ქვეყანაში ყველას რომ გააკოტრებთ, მერე ვინ ჯანდაბის ბანკები ან ხელისუფლება იქნებით, დაფიქრებულხართ თუ დავალება გაქვთ ასეთი, ჩვენი გაყრა ან განადგურება გინდათ და სხვა ხალხის ჩამოსახლება? მგონი თითქმის მიაღწიეთ საწადელს, ამ ქვეყანას ფეხზე თუ კიდევ რამე დააყენებს აღარ მგონია, ხალხი დაბეჩავებულია!


მოკლედ ჩახუტება თუ გინდოდათ, მეგობრული გულის გადაშლა და ყურში ჩაჩურჩულება ეს იყო, ჩახუტების პასუხად!


0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0