x
image
პროფესორი
ეშმაკის მონოლოგი(ნაწილი2)

imageნაწილი პირველი

პოლიციის განყოფილებაში სურხო ერთკაციან საკანში შეიყვანეს. თავის ახალ ბინაში იგი ზეიმით შევიდა.-მოგესალმები, შენ, დიდებულთა და კეთილშობილთა ტაძარო!
ურდულის ჭრიალის ხმა გაისმა.
თითქმის ყოველდღე დაჰყავდათ დაკითხვაზე. ზოგჯერ ნაზად, შეპარვით ესაუბრებოდნენ. ცდილობდნენ, მისი უდიდებულესობის, იმპერიის წიაღში დაებრუნებინათ “უძღები შვილი”. ზოგჯერ კი უყვიროდნენ, აშინებდნენ. სურხომაც არ იცოდა საკუთარი თავის ხელში აყვანა, არ იცავდა თავს.
წრფელი გულგახსნილობა მას ციმბირისკენ, კატორღისაკენ უმზადებდა გზას. მოხელეებს უხაროდათ.
მასთან ციხეში, ჩვეულებისამებრ, კუშტი, უსიტყვო კაზაკი მოდიოდა. იმ დღეს კი კავკასიელმა ოფიცერმა შემოუარა. გრძელ, დაბნელებულ დერეფანს მიუყვებოდნენ. წინ მიმავალი ოფიცერი გამომძიებლის კაბინეტის კარებთან უცებ შემოტრიალდა:-რატომ მომაყენე შეურაცხყოფა მაშინ, შენს სახლში?-არ შეურაცხმიყვიხარ.-შენ მე “მონა” მიწოდე. განა, არაა ეს დამცირება?-შენთვის არა. შენ მონა ხარ.
ჟანდარმს ნაპერწკლებმა გაჰკრა თვალებში, თვალის გუგები გაუწითლდა, ხელმა რევოლვერის ბუდისაკენ გაიწია.
მოძღვარმა მშვიდად გაიღიმა.
ეს შეურაცხმყოფელი ღიმილი იყო.-დომბაროვო, შენში წინაპართა სისხლმა იფეთქა, მაგრამ ხელმა ამაოდ გაიწია იარაღისკენ: ვერ გაბედავ. დიახ, მთიელისათვის სიტყვა “მონა” შეურაცხყოფაა, მაგრამ შენ უკვე აღარ ხარ მთიელი. შენ მონა ხარ. ყმა კი ისვრის მხოლოდ ბატონის ბრძანებით, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუცია შენთვის გასროლის ნება.
იარაღის ბუდეზე ხელი ცახცახებდა. ისმაილს ამ კაცის მოკვლა წყუროდა, მაგრამ არ შეეძლო, ვერ გაებედა. და წინ მდგომი ადამიანი მას პირში ეუბნებოდა ამას. ამით ისმაილის გაბოროტება კიდევ უფრო იზრდებოდა.
როცა მრისხანებამ გაუარა, ხელისგულით შუბლზე ცივი ოფლი მოიწმინდა და ჩახლეჩილი ხმით წარმოსთქვა:-წავედით!
იმ დღეს ისინი სიძულვილით გაშორდნენ ერთმანეთს. და სძულდათ ისე, როგორც ეს კავკასიელთა გულებს შეუძლიათ.
III
ჟანდარმერიის უფროსს, პეტრე ივანეს ძე ხამოვს, კვირა დღეობით დროის გატარება ახალგაზრდა ოფიცერთა საზოგადოებაში უყვარდა. იგი ყმაწვილების კერპი იყო. პეტრე ივანეს ძე განსაკუთრებულ მამობრივ მზრუნველობას იჩენდა ისმაილ დომბაროვისა და ახმახი ოფიცერის, სტეფანე გუსაკოვის მიმართ. და ამ დღეს ისინი სასიამოვნო დროის გასატარებლად განეწყვნენ.
სამივემ რესტორანს მიაშურა, შორეულ კუთხეში კაბინა მოიკავეს. რამდენიმე სირჩა კონიაკის შემდეგ ხამოვი რომანტიკულ ხასიათზე დადგა. ახალგაზრდობას თავისი ცხოვრებიდან ჭკუის სასწავლ ამბებს უყვებოდა.
ყოველი მონაყოლი მის სამსახურთან და ჟანდარმერიასთან იყო დაკავშირებული. ავაზაკების დაჭერა, ბრძოლები მთებში, დევნა, თავდასხმა, თანამდებობები, ეპოლეტები, სასიყვარულო თავგადასავლები. რა არ გადახდომია და უნახავს! ათ სიცოცხლეს ეყოფოდა.-იცით, პეტრე ივანეს ძევ, მე მოვკლავდი ამ ადამიანს. სამსახური რომ არა.-კი მაგრამ რატომ, ძვირფასო?-მან მე „მონა“ მიწოდა, მაშინ, თავის სახლში. ჩვენში ეს ძალიან დამამცირებელია. ამ სიტყვისათვის სიკვდილით უსწორდებიან შეურაცხმყოფელს!
უფროსმა სავარძელში უკან გადაიწია და გადაიხარხარა.-ფუჭია, ძვირფასო! ეს მხოლოდ მახეში გაბმული თაგუნას ნაკბენია.
შეურაცხმყოფელისათვის ასეთმა არცთუ საქებარმა შედარებამ თვით ისმაილიც გააცინა.
მათ ოფიციანტი მიუახლოვდა და ამცნო, რომ ხამოვის საყვარელი პაპიროსი, სამწუხაროდ, არ მოიპოვებოდა რესტორანში. მოსამსახურემ მოიბოდიშა.-ახლავე ვიშოვი, მოვიტან-წამოხტა ისმაილი-თვალის დახამხამებაში დავბრუნდები.
როგორც ყველა მთიელი, იგიც თავაზიანი იყო, მაგრამ ყველასათვის არაა გასაგები მთიელთა ხათრიანობა.-არა უშავს-წაიდუდუნა ხამოვმა-რაც გვექნება, ის გავაბოლოთ.
მაგრამ ისმაილი უკვე რესტორნის გასასვლელისაკენ მიქროდა.
ეტლს მოახტა და ნახევარ საათში მთელი ქალაქი მოიარა. ერთ დაჩიავებულ ფარდულში მიაგნო პაპიროსებს, ხუთი შეკვრა იყიდა და რესტორანში დაბრუნდა. ძლიერ გახარებული იყო თავისი წარმატებით, და გმირობად მიაჩნდა.
კაბინასთან მიახლოებისას უფროსის გუსაკოვთან საუბარი მოესმა.
მისი სახელიც ახსენეს. იგი არც შეჩერდებოდა, შემთხვევით გაგებული ფრაზა რომ არა, რომელიც გულზე ისე მოხვდა, როგორც სახეზე გადაჭერილი წკნელი.-ჭეშმარიტად გეუბნები, სტიოპა, მართალი თქვა მასწავლებელმა: მონა მონაა.
“როგორ თუ მართალია? რა „მონა“… როგორ?-ისმაილს კითხვები ტვინში გაეჩხირა. იგი მოულოდნელობისაგან გაშეშდა.
-მე არ მესმის თქვენი, პეტრე ივანეს ძევ. მასწავლებლის სიტყვებში არანაირი ლოგიკა არაა. ეს, უბრალოდ, უსუსურობისგან თქმულია. მხოლოდ შხამია-შეეპასუხა გუსაკოვი.-არა, არაა შხამი-სიმართლეა. სურხოს გონიერი თავი და მამაცი გული აქვს.
მით უარესი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ასეთებმა აღარ იარსებონ.-არ მესმის თქვენი. თქვენ არ გამეცით პასუხი, თუ რატომაა დომბაროვი მონა.-მონაა, რადგან მონაა და მორჩა!-მაშ, მეც მონა გამოვდივარ. ჩვენ ხომ ერთ სამსახურს ვასრულებთ.-შენ ერთი ხარ, იგი სხვაა. შენ შენი წარმომავლობით უნდა იყო ტახტის საყრდენი, ეს შენი საქმეა. ის კი ჩვენ უნდა გვებრძოდეს.-რატომ?-ჩვენ მისი სამშობლო დავიპყარით, მისი სამშობლოს სხეული, ახალ კი ვიღვწით მისი სულის დასამორჩილებლად, რამეთუ მანამ, სანამ სული დაუმორჩილებელია, გამარჯვება საეჭვოა.
გასაგებია? ისმაილიკოს მამა-პაპანი თავდადებით ებრძოდნენ ჩვენს შემოტევას. მათი დევიზი იყო-„ერთი მთელი წკვარამის წინააღმდეგ“. ისინი რაინდები იყვნენ, თავისუფლების ჭეშმარიტი რაინდები, თავისუფლების ფანატები! მათი შთამომავალი კი ჩვენი მსახურია, ჩვენ გვეხმარება თავისი ქვეყნის სულის დამორჩილებაში. და ვინ არის იგი, თუ არა მონა! ყველა ისინი, ვინც ჩვენ გვემსახურება, მონაა. საზიზღარი მონა. მაგრამ ჩვენ გვჭირდებიან ისინი, გუსაკოვო. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავამხოთ მათი სამშობლო, მათი მშობელი დედა.
დე, თვით დომბაროვებმა შეკრან იგი. რომ დავიმორჩილოთ, ჩვენ ჯერ უნდა დავამციროთ იგი; რომ დავამციროთ, უნდა გავაუპატიუროთ. ეს ძნელია. უფრო იოლი იქნეა, თუკი დომბაროვები გათოკავენ და ფეხქვეშ მოგვიგდებენ მას. ისმაილიკო და მისთანანი კი ამას აკეთებენ, გუსაკოვო! ჩვენ დიად საქმეს ჩავდივართ. შენ ჯერ წარმოდგენაც არ გაქვს ამის თაობაზე. შენ არ უწყი ამ საქმის სიღრმე და სიდიდე.
ჯეელი ხარ შენ, სტეფანე. ჯეელი ხარ!-განცვიფრებული ვარ თქვენი სიტყვებით, პეტრე ივანეს ძევ-ხმადაბლა წარმოსთქვა გუსაკოვმა-არავისგან არ მომისმენია ასეთი რამ.-ამას ხმამაღლა არ გაიძახიან. მაშინ ჩვენ აღარ გვეყოლებიან ისეთი ყმები, როგორიც ისმაილიკოა. მათ არ უნდა იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ მათ სულ სხვას ვეუბნებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ მათ თავის ერში სინათლე და ცივილიზაცია შეაქვთ. ჩვენ შთავაგონებთ, რომ თავისუფლება მოგვაქვს მათთვის.
და საჭიროა, რომ დავუბნელოთ გონება, რათა კითხვა არ შემოგვიბრუნონ: თავისუფლება ვისგან? ამგვარად უნდა ფიქრობდნენ დომბაროვ-გამყიდველები და მათი ხალხი. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე. მე შენ გაგენდე. ამოგარჩიე. მომწონხარ. ჩვენ, უფროს თაობას, შემცვლელები გვჭირდება. მოდი, კონიაკი დამისხი…
გაისმა კონიაკის დასხმის ხმა.
ფარდულში მყოფმა ისმაილმა ღრმად ამოიოხრა. ტანში ვერანაირად ვერ ჩაიწყნარა ცახცახი და ვერც გონება დაიმშვიდა, რომელსაც არ უნდოდა გაგონილის დაჯერება. არა, მას არ ეძინა. «აგერ მეც: ხელები, მკერდი, სამხრეები; იქ დარბაზია, მთვრალები, მეძავები; აქ კი, ამ კაბინაში… ბებერი ტურა ახალგაზრდას მოძღვრავს. გააგრძელე, გააგრძელე! მგონი, რაღაცას ვხვდები…»
მან მცველის სახე მიიღო, თითქოს საგუშაგოზე იდგა და კაბინაში მყოფ მნიშვნელოვან პირს იცავდა დარბაზის ხალხისაგან და ამგვარად ყურს უგდებდა საუბარს. საუბარი კი გრძელდებოდა.-განაგრძეთ, პეტრე ივანეს ძევ, მე გისმენთ. ჩემთვის საინტერესოა-თითქოს სიზმარში ვიმყოფებოდე.
თუმც, უფრო გარკვევით ისაუბრეთ, ყველაფერი მესმის.-სტეფანე, დიდი ხანია, რაც თვალს გადევნებ და როგორც ვამჩნევ, ჩემი საქმის ღირსეული გამგრძელებელი იქნები. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ კატის კნუტი ხარ, მაგრამ მე შენგან პანტერას გავხდი.-რატომ პანტერას?-ნიანგს, მახრჩობელა გველს, ეშმაკმა წაიღოს! რა უფრო შეგესაბამება შინაგანად?-…?-შენ უნდა გქონდეს შემპარველი, ტკბილი ხმა, რომლითაც ადამიანებს მიიზიდავ. სამსახურში ისევე უნდა იქცეოდე, როგორც პანტერა, რბილად, უხმოდ, ელვისებურად. ობობასავით უნდა იცოდე ქსელის დახლართვა. უნდა შეგეძლოს, აუჩქარებლად, საქმიანად, კრძალვის გარეშე, სადისტურად შემოეკრა მსხვერპლს. ჰო, ჰო, არაა საჭირო სახის დაღრეცვა-სწორედ, რომ სადისტურად.
ჩვენი სამსახური სადიზმის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ჩვენი პროფესიული სენია. ყველაა მისით სნეული. მსხვერპლს სული ამოსდის. მას შიშის ზარი ტანჯავს. იგი გრძნობს თავის აღსასრულს. მსხვერპლის თვალებში სასოწარკვეთილებაა.
ეს ტკბობას უნდა განიჭებდეს: ვნებიანს, ფიზიკურს, შეგრძნებადს. მხოლოდ მაშინ იქნები ღირებული თანამშრომელი, ტახტის ღირსეული საყრდენი.
ჩვენ მრავალი მოკავშირე გვყავს. ეს ადამიანთა მანკიერებებია. ჩვენ მათ უნდა ვეყრდნობოდეთ, უნდა ვისწავლოთ მათით ზემოქმედება. მაგალითისათვის: აი, შენი თანამშრომელი დომბაროვი. მასში მეტადაა განვითარებული პატივმოყვარეობა. ხშირად შეაქე ხოლმე, განადიდე, ხოლო საჭირო დროს-«ეცი!».
იგი საკუთარ მამასაც მიუვარდება ძაღლური ერთგულებითა და მგლური გაავებით. ვერცერთმა მომთვინიერებელმა ვერ შესძლო მგლისგან ქოფაკის გამოყვანა. ჩვენ კი გამოგვდის.
ისმაილიკოს მანკიერება პატივმოყვარეობაა. მისი პატივმოყვარეობა-ჩვენი მოკავშირე. რას დაგიჭყეტია თვალები? ბიბლიის ხომ გწამს? გწამდეს! ადამს ორი ვაჟი ჰყავდა: აბელი და კაენი. კაენმა მოკლა აბელი. მას ეშმაკმა ასწავლა.
ჩვენ უნდა გავითავისოთ ეს მეთოდი. ჩვენ კი არ მოვკლავთ, არამედ ვასწავლით მკვლელობას. არა ხორცის, არამედ სულის მკვლელობას. სული კი მტკიცე აქვთ აი, ამ კავკასიელებს. აქ ბოროტებაა სათესი, სიცრუე, სისასტიკე, უთანხმოება, გარყვნილება, ყველაფერი-ყველაფერი, რაც კი ცუდია, და უნდა ჩავჩიჩინებდეთ, რომ ეს კარგია. ამ მოდგმის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა ჩვენ არ დაგვიწყია. მას, ალბათ, ასე.
შვიდი-რვა ათასი წლის წინ დაედო საფუძველი. აქ, კავკასიაში, ახლა დაახლოებით ორმოცდაათამდე ხალხი ცხოვრობს.
ოდესღაც კი ერთი და ძლიერი ერი არსებობდა. ფარაონებს ეშინოდათ მათი. გააჩნდათ ერთი ენა, ერთი სარწმუნოება, ერთი ზნე-ჩვეულება. მათმა მტრებმა სასტიკი ბრძოლებით შესძლეს დაენაწევრებინათ ამ ერთი დიდი ერის სხეული. შემდგომ დაანაწევრეს მათი რელიგია, და ამის ნიადაგზე ერთმანეთს სამტროდ განაწყობდნენ.
ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. “გათიშე და იბატონე!”. გაიგე? ეს იმათი უძველესი მოწოდებაა, ვისაც დაპყრობა სურს. ეს უდიდესი მოწოდებაა-“გათიშე და იბატონე”.
ჩემო ძვირფასო ნაშიერო, ისწავლე უთანხმოების თესვა. მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. ერთმანეთისადმი მტრულად რომ განაწყო, ერთი სისხლის ხალხი სამარადისოდ რომ წაჰკიდო ერთურთს, ამას დიდი ხელოვნება სჭირდება. საჭიროა დიდი სიფრთხილე, დახვეწილობა.
უნდა დაიწყო ძნელად შესამჩნევი ხლართებით. ეს ისეთივე, როგორც ორი ბრმის შემთხვევაში. ჯერ ერთს უნდა გაარტყა, მერე-მეორეს და ბოლოს შეჰყარო ერთმანეთს. ისინი მუშტებს დაუშენენ ერთურთს. ისინი ბრმები არიან. ის, ვინც უვიცია, ბრმაა და უვიცი ერებიც ბრმები არიან. როგორ უნდა წაჰკიდო ერთმანეთს ერები? ფრთხილად.
წყნარად. თუკი ხალხი ამას მიხვდება, დავმარცხდებით ჩვენ, ჩვენი იმპერია, მმართველი ელიტა, მე და შენ. ეს ჩვენი სამმართველოა, მესამე განყოფილება, მისი რეზიდენტები ადგილზე, მისი მაუწყებლები. ეს უზარმაზარი რვაფეხაა, ათიათასი საცეცით. ამ საცეცებმა არა მარტო მოიცვეს, არამედ გამსჭვალეს იმპერია. ჩვენ ცოცხალ სისხლსა ვსვამთ. ჩვენ ვმეფობთ… ხე-ხე-ხე! ეტყობა, შევტოპე.
როგორ უნდა მოვაწყოთ ერის მკვლელობა, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ერთაშორისი მკვლელობა? მოვიყვან მაგალითებს… საუკუნოდ გაქრა მშვიდობა ოსებსა და ინგუშებს შორის. ეს ჩვენ გავაკეთეთ. ამიერიდან ისინი ხოცავენ ერთმანეთს. ჩვენ კი მოვდივართ და ვკიცხავთ მათ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ თანაცხოვრება. ჩვენ უფროს ძმასავით ვართ, წავუტყაპუნებთ ცელქობისათვის. ხოლო ისეთი “სილის გაწვნაც” შეიძლება, რომ ჯანი გავარდეთ. შენ არ გესმის, თუ რას ვგულისხმობ… ქართველები-სომხები, სომხები-აზერბაიჯანელები დღესდღეობით ერთმანეთს ვერ იტანენ.
ეს ჩვენმა ხალხმა გააკეთა ამხელა საქმე. ახლა კი გამომუშავებულია გეგმა, რათა ერთმანეთს წავკიდოთ სისხლით ნათესავი ქართველები და ჩრდილოკავკასიელი ხალხები: ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ადიღები…
დასაწყისისათვის პარალელი: ქართველები-დაღესტნელები. ფრთხილი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში პუბლიკაცია გამოვაქვეყნეთ. “ავტორს” თითქოსდა შემთხვევით, მოჰყავს ისეთი “ფაქტი”, თუ როგორ დაესხნენ თავს მთიელები საქართველოს შამილის ბძანებით. დაიწერა, რომ “მთიელები პატივს ჰხდიდნენ მანდილოსნებს, ტყვედ ასხამდნენ მამაკაცებს, ხოლო ბავშვები ცხენთა ფლოქვებქვეშ ითელებოდნენ”. შემდეგ ბოლოსიტყვაობა, რომ “ეს მოხდა დიდი ხნის წინ, სხვა ეპოქაში, ახლა კი ყველანი მეგობრულად და ძმურად ცხოვრობენ ერთიანი იმპერიის ფარგლებში”.
ვნებათაღელვა იქნება, გუსაკოვო, და კიდევ როგორი ვნებათაღელვა! დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ რამეს ჩავაგდებთ-რამენაირ “ისტორიულ ფაქტს”, თუკი მოიძებნა, თუ არადა-არაა დიდი ბედენა: ჩვენ გაგვაჩნია გასაიდუმლოებული ინსტიტუტები, რომელნიც გამოიმუშავებენ, ქმნიან ასეთ “ფაქტებს”. იქ ბიჭები ფანტაზიით მუშაობენ! პრესაში გატარებული სიცრუე სიმართლედ გადაიქცევა. მას ჭეშმარიტებად მიიღებენ. მაშ, რა ხდება? შეთხზე, გამოიგონე, დაბეჭდე! ვინც კი დაეჭვდება, მას ციხეში ვუკრათ თავი. როგორ გაბედა? იგი ცივილიზაციის მტერია. ის საშიში რეციდივისტია. მას ზიანი მოაქვს საზოგადოებისათვის.
სიკვდილი მას!… ისევ გადავუხვიეთ მთავარ ხაზს, გუსაკოვო. მე ვერთობი აქ, კავკასიის ფრონტზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა-არ იყოს ორი ერი, რომელიც კი პატივს სცემს ერთმანეთს, ვინც კი თანაუგრძნობს ერთმანეთს.
ეს კავკასიელები ძალიან ძნელად ექვემდებარებიან დამუშავებას. მაგარი მასალაა, მაგრამ თუკი რაიმეს გამოქანდაკებას შესძლებ მისგან, მაშინ ეს საფუძვლიანი იქნება. ჩვენი “მოქანდაკეები” კი თავიანთი საქმის ოსტატები არიან! იქ ისეთი ჭკუის კოლოფები სხედან!
მან მოსვა და ჩაფიქრდა…
დომბაროვი ფართოდ დაღებული თვალებით იდგა, მთლად სმენად იყო გადაქცეული. და მონოტონურად დამრიგებლურმა ხმამ კვლავ განაგრძო:-ჩემო ძვირფასო მემკვიდრევ, უნდა იცოდე, რომ ერის ცხოვრებას ისევე, როგორც ადამიანისას, ბოტანიკური გაგებით, -აქვს მრავალი ნიშანდობლიობა. იმისათვის, რომ ხალხისაგან სასურველი რამ ჩამოქნა, უნდა შეცვალო მისი ცხოვრების ყველა მხარე და ფორმა. მეთოდურად, გამუდმებით, მაგრამ ჯიუტად უნდა ზემოქმედებდე ყველაფერზე, ყოველივე უნდა შეცვალო.
სისხლი, ენა, სარწმუნოება, ჩვეულებები, ფსიქოლოგია, თვით მათი მიწის იერიც კი უნდა მიეცეს ცვლილებას. ამ ტომს ძლიერი სისხლი აქვს, საკუთარი, სუფთა სისხლი. სისხლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ წინ. თუმცა, საიდუმლო ინსტიტუტების მიერ წარმოებს კვლევა-ძიება, წარმოებენ ცდები. ამ გამოკვლევათა შედეგები უცნობი იქნება საზოგადოებისათვის. ეს საიდუმლო ცოდნაა, ეს არის ყველა ერისა და ენის განადგურების მეცნიერება ყოველგვარი ხილული ტერორის, ომის გამოცხადების გარეშე. ისტორიამ გვიჩვენა, რომ ჩვეულებრივი იარაღით განადგურებას ვერ მიაღწევ.
იძულებულნი ვხდებით, სხვა საშუალებებს მივმართოთ. თუკი ვერ მოვახერხეთ ერების მკვლელობა, ისინი საკუთარ წიაღში უნდა შევიწოვოთ… აი, გადავსანსლოთ, მოვინელოთ. აქ კი ომი წარიმართება არა ეთნიკური ერთეულების, არამედ-სისხლის წინააღმდეგ.
თუ ამჩნევ, რამდენადაც უფრო გამძლეა, სტაბილური სისხლი, მით უფრო სიცოცხლისუნარიანია ერი. სისხლის სისუფთავე მოქმედებს ხალხის გარეგან იერზე, მის სულიერ თვისებებზე. შენ ვერც კი ამჩნევ, რომ ისინი თითქმის ყველანი მოხდენილები არიან. მათ ბევრი საერთო გააჩნიათ იერში: კანის ოდნავ მუქი ფერი, არწივისებური ცხვირი, გამოკვეთილი ნაკვთები.
თითქმის ყველა კავკასიელს მეტყველი სახე აქვს. სისხლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გამოვიმუშავეთ პროგრამა. იგი ორ ნაწილად იყოფა; პირველი-50% სხვა სისხლის შეტანა, მეორე-სრული ასიმილაცია. ერისშვილი, რომელიც ანგარების მიზნით ცოლად სხვა ერის წარმომადგენელს ირთავს, უნამუსო მოღალატეა. ასეთ ადამიანთა ირგვლივ საჭიროა კარგი საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ასეთები გმირის ხარისხში უნდა ავიყვანოთ, მორალურად და მატერიალურად უნდა ამოვუდგეთ მხარში. ისინი ჩვენი ხალხია.
ახლა კი სისხლის ტემპერამენტის შესახებ.
ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ იგი ფიცხია, ფეთქებადი, ძლიერი. ეს ტემპერამენტი კავკასიელს ძლიერ შთამომავლობას აძლევს. მათი ბუნება ცეცხლის მსგავსია. ხელი უნდა შეეწყოს მის გამოთავისუფლებას. გამოვა ხანძარი, რომელშიც თვით კერის პატრონი დაიღუპება. უძველესი ტირანების ეშმაკობა სექსია.
დატბორეთ ეს ქვეყანა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით. სამუშაოდ ჩაიყვანეთ, ძალით გაირეკეთ, მთის რომანტიზმით ჩამოიტყუეთ, ფულით, როგორც გინდათ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი და მეტი რაოდენობით. ჩვენ უკვე ყოველ წელიწადს იმპერიის სხვა და სხვა მხრიდან ჩამოგვყავს აქ სახელმწიფო მეძავები. ეს ჯარი მოწოდებულია, თავის ჩახუტებაში მოახრჩოს, გაცვითოს, გაანადგუროს კავკასია. ის, რაც ერმოლოვმა და მისმა მიმდევრებმა თავისი ზარბაზნებითა და შუბებით ვერ შესძლეს, საწოლში შეძლებენ ჭკუამხიარული გოგონები. სექსი აქ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიიღებს. ზნეობა, წეს-ჩვეულება, სარწმუნოება, საწყისები, ხასიათი, ფსიქოლოგია-ყველაფერი ეს განქარდება.
კავკასიელს მხოლოდ ერთი ოცნება, ერთი სურვილი, ერთი მისწრაფება, ერთი რელიგია ექნება და ეს ყოველივე თავს მსხვილბარძაყა დიაცში მოიყრის. მისთვის იგი თანამემამულესაც, ძმასაც და მამასაც გასწირავს.
ჰოი, ამაყო კავკასიავ! სასირცხვილო ხვედრი გაქვს გამზადებული-მეძავის წიაღში ჰპოვებ შენს უღირს აღსასრულს!…
-კიდევ დამიგდე ყური. ჩვენ უნდა წავართვათ მათ მშობლიური ენა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ავუკრძალოთ მათ მასზე საუბარი. დე, ილაპარაკონ, ჯერ-ჯერობით მაინც. გაითვალისწინე, რომ გვიახლოვდება პროგრესის ხანა. განვითარება წარმოუდგენელია განათლების გარეშე.
აი, სწორედ, ეს პროგრესი მოგვეხმარება მათთვის მშობლიური ენის წართმევაში. ჩვენ მათ მივცემთ განათლებას. გავხსნით დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთა ფართო ქსელს. საკითხი ჭკვიანურად უნდა დაისვას. მე ასეთი შემოთავაზება მაქვს: დაწყებითი და საშუალო სკოლები მშობლიურ ენაზე გავუხსნათ. დაასრულებს რა მათ, კავკასიელი სწავლის გაგრძელებას მოისურვებს. თუმცა, არ შეეძლება გამოცდის ჩაბარება საიმპერიო ენის უცოდინარობის გამო.
ყველა უწყება ჩვენს ენაზე იმეტყველებს. მას არ შეეძლება იქ მუშაობა. დასკვნა: სკოლადამთავრებული კავკასიელი მომავლის პესპექტივას დაკარგავს. და მაშინ, თვითონ კავკასიელები მოითხოვენ სკოლებს ჩვენს, თავიანთი ბატონების დიადი ტახტის ენაზე. “მოსახლეობის სურვილის-და შესაბამისად” ჩვენ მათთვის სხვა სკოლებს გავხსნით, საიდანაც მშობლიური ენა გაძევებული იქნება. ცოდნის ტაძარში მას ქურუმის ადგილი არ ექნება. ჩვენ მას მეეზოვის ხარისხს მივცემთ.

გაგრძელება იქნება.......

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0