x
image
მანანა თურმანიძე
მშვიდობით იარაღო
image

11 გარდაცვლილი, მათ შორის 3 ოფიცერი, 6 დაჭრილი 20 წუთიანი შეიარაღებული თვდასხმის შედეგად პიტსბურგის სინაგოგაში, სქვირელ ჰილის სამეზობლოში. რობერტ ბოუერსი, რომელიც გამოირჩეოდა ანტი-სემიტური და რასისტული სიძულვილის რიტორიკით სოციალურ ქსელებში, შაბათს ლოცვის დროს შევარდა სამლოცველოში და სიტყვებით "ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს" ცეცხლი გაუხსნა მრევლს. ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობაში და აგრესიულ ქმედებებში იყო შემჩნეული. ეს ტრაგიკული ინციდენტი შეფასდა, როგორც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ებრაელებზე.


"გთხოვთ, იცოდეთ, რომ სამართალი ამ შემთხვევაში იქნება სწრაფი და მკაცრი" - განაცხადა პრესკონფერენციაზე დასავლეთ პენსილვანიის მთავარმა ფედერალურმა პროკურორმა, სკოტ ბრედმა და შემთხვევა შეაფასა, როგორც "საშინელი და ენითაუწერელი სიძულვილის გამოხატულება".


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდასხმით "გულწრფელად შეშფოთებულია". მისი თქმით ისრაელი გლოვობს გარდაცვლილთა ოჯახებს, „პიტსბურგის ებრაულ საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, ჩვენ ყველანი ვილოცებთ დაჭრილების სწრაფი აღდგენისთვის".



პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "შედეგი შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო, სინაგოგას გარკვეული სახის დაცვა რომ ჰქონოდა", ხოლო პენსილვანიის დემოკრატიულმა მმართველმა, ტომ ვულფმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "იარაღი საშიშია და ის მოქალაქეებს ზიანს აყენებს".


ამ შემთხვევამ განაახლა დებატები იარაღის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ისედაც საკმაოდ მწვავედ იდგა დღის წესრიგში ეროვნული მასშტაბით. არცთუ დიდი ხნის წინ აშშ-ში მომხდარი შემზარავი მასობრივი მკვლელობების შემდეგ ეს მტკივნეული თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის ოქტომბერში, ლას-ვეგასში, კონცერტის მიმდინარეობისას თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რამაც 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 500-ზე მეტი კი დაიჭრა. ლას-ვეგასის თავდასხმა, „ქანთრი“ მუსიკის ფესტივალზე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მასობრივი მკვლელობა იყო.


სამწუხაროდ, ამერიკა დაყოფილია იარაღის კონტროლის საკითხთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. დემოკრატიის ციტადელად წოდებულ ქვეყანაში, სადაც დიდია მასობრივი მკვლელობების რაოდენობა, ეს "ჩვეულებრივ მოვლენად" იქცა, ასე შეაფასა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მასობრივი თავდასხმები. ობამამ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის კონგრესს 15-ჯერ მიმართა მოქალაქეებისთვის იარაღის თავისუფალი მიყიდვის შეზღუდვის თხოვნით. თუმცა, მას კარგად ესმოდა, რომ იარაღის მწარმოებლებს ვერ აიძულებ, შეწყვიტონ იმ პროდუქციის წარმოება, რომელზეც მოთხოვნა მაღალია. დღეს ყველა ამერიკელ პოლიტიკოსს შესანიშნავად ესმის, რომ იარაღის ლობისთან დაპირისპირება ნიშნავს დაპირისპირებას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, რომელიც უოლ სტრიტთან ერთად ამერიკული სისტემის ფუნდამენტია. პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო პირველი, ვინც მას დაუპირისპირდა და მის საქმიანობაში გარკვევა მოისურვა, თუმცა არ დასცალდა და ყველასათვის ცნობილია, თუ რით დასრულდა ეს ისტორია.


ძნელია თქმა პარადოქსია თუ კანონზომიერება, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენს პლანეტაზე წესრიგის დამყარების სურვილით გამოირჩევა და რომელიც არცთუ უმართებულოდ თვლის, რომ ამის ძალაც შესწევს, მსოფლიოს ლიდერად იქცა ქვეყნის შიგნით ჩადენილი მასობრივი მკვლელობების რაოდენობით. ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით 1966 წლიდან დღემდე მსოფლიოში ჩადენილი მასობრივი მკვლელობების 31% აშშ–ზე მოდის. ამ მხრივ სხვა ქვეყნები ახლოსაც ვერ მოვლენ “დემოკრატიის ბურჯ” სახელმწიფოსთან. ცნობისათვის, აშშ–ში რეგისტრირებულია დაახლოებით 270-დან 310 -მდე მლნ. ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მოსახლეობა კი 2018 წლის მონაცემებით 326, 766, 748 სულს ითვლის. აშშ-ს მოსახლეობა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 4.8 %- შეადგენს, ფლობს მსოფლიოს იარაღის თითქმის ნახევარს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 29 %-მდე მოდის იარაღის ეს რაოდენობა, ანუ აშშ-ს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ფლობს ამ რაოდენობის იარაღს. აღსანიშნავია, რომ მასობრივ მკვლელებს შორის ბევრია ახალგაზრდა - მოსწავლე, სტუდენტი, რიგითი ჯარისკაცი, რომლებიც, როგორც წესი, თავს სასწავლო დაწესებულებებსა და ოფისებს ესხმიან სხვადასხვა მიზეზით. თუმცა, მიზეზი მარტივი და გასაგებია, მსოფლიოში მზარდი სიძულვილი, რომელიც ბოროტებას შობს და რომელსაც არანაირი სიკეთის მოტანა არავისთვის არ შეუძლია, ის მხოლოდ საფრთხეს უქმნის დედამიწის მოსახლეობას.


როგორც აღვნიშნეთ, საკითხი იარაღის აკრძალვა-არაკრძალვასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავედ დგას აშშ-ში და ის საზოგადოების ნარინჯისფერ მოძრაობაში გამოიხატა. საინტერესოა, რომ პიტსბურგის სინაგოგის "სიცოცხლის ხე" რაბინმა ამ თავდასხმამდე რამოდენიმე თვით ადრე გამოხატა მისი შეშფოთება ქვეყანაში იარაღის კონტროლის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მისთვის საგრძნობი იყო ის მოახლოებული საშიშროება, რომელიც შაბათს დადგა.


აშშ-ში იარაღის კონტროლის გრძელვადიანი დილემა ჯერაც გადაუჭრელია, თუმცა იმედოვნებენ, რომ ოდესმე ამერიკას მოუწევს თქვას „მშვიდობით იარაღო“ და არ გაიზიაროს ლეიტენანტ ფრედერიკ ჰენრის ბედი ჰემინგუეის ცნობილი ნაწარმოებიდან.


0
75
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0