x
image
ნინო ბაისონაშვილი
ვარდების რევოლუცია : ხალხსა და ამერიკულ რბილ ძალას შორის (soft power)
საბჭოთა კავშირის დაშლამ საფუძველი ჩაუყარა ახალი ერის დასაწყისს მსოფლიო ისტორიაში. 90-იანი წლების მიწურულს დასრულდა ბიპოლარული სამყაროს ხანა კაპიტალიზმის მნიშვნელოვანი უპირატესობით სოციალიზმთან ბრძოლაში, შედეგად კი დაიწყო დასავლეთის დომინირების პერიოდი.

გლობალიზაციის პროცესებმა (დასავლური ფასეულობების გავრცელებამ), რომელიც გამოვლინდა პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროებში, საბოლოო დასასრულამდე მიიყვანა “ცივი ომი“. ზოგიერთ რეგიონში დააჩქარა ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები.

საქართველოში ეს პროცესები იწყება ვარდების რევოლუციიდან(2003 წ.ფერადი რევოლუციური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი), რომლებმაც მნიშვნელოვნად შეარყიეს პოსტსაბჭოური სახელმწიფოების კორუმპირებული და არადემოკრატიული რეჟიმები: საქართველო 2003 წელი, უკრაინა 2004-2005 წლები, ყირზიგეთი - 2005 წელი.


ვარდების რევოლუცია :“ფერადი რევოლუციების“ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი


image


“ფერადი რევოლუციების“ ფენომენი დიდი ხანია კამათის საგანს წარმოადგენს. ზოგიერთი მათ ბუნებრივ პროცესებად მიიჩნევს, არსებული სისტემის შეცვლის წყურვილად, რომელიც სათავეს საზოგადოებიდან იღებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ყველაფერი წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით მოხდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის, ნიშანდობლივად კი, ამერიკელების მხრიდან. ამ მოვლენების ირგვლივ კითხვები არ წყდება: იყო თუ არა ნამდვილად რევოლუცია, ხომ არ იყო ეს სახელმწიფო გადატრიალება თუ უბრალოდ ხელისუფლების არაფორმალური გზით გადაცემა სხვისთვის? შეესაბამება თუ არა პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი რევოლუციები ამ ცნების ტრადიციულ განმარტებას? რა განსხვავებაა “ფერად რევოლუციებსა“ და მანამდე მომხდართ შორის: ფრანგული( 1789-1968) ბოლშევიკური და შემდგომი (არაბული) გაზაფხული 2011 წლიდან?

ლექსიკონი “ლარუსი“ რევოლუციას განმარტავს, როგორც უეცარ და ძალადობრივ ცვლილებას სახელმწიფოს პოლიტიკურ და სოციალური სტრუქტურაში, როდესაც ერთი ჯგუფი ჯანყდება ადგილობრივი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ და თავად იღებს ხელში ძალაუფლებას. თუ ამ განმარტებას დავეყრდნობით, მაშინ ხაზი უნდა გავუსვათ ამ რევოლუციების მშვიდობიან, უსისხლო ბუნებას. ამ რევოლუციების სიმბოლო გახლავთ : ვარდები, ფორთოხლისფერი, ნარცისები, რაც გამოხატავს მშვიდობას, მიზნის მიღწევის მშვიდობიან იარაღს.

ამერიკელი მწერლისა და პროფესორის, ლინკოლნ მიჩელის მიხედვით, ფერადი რევოლუციები, რომელიც სერბეთიდან წამოვიდა და მოგვიანებით პოსტსაბჭთა სივრცეშიც გავრცელდა, წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შედეგს მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ იყო მხოლოდ ეროვნული მოძრაობები, მათ საერთაშორისო მნიშვნელობაც გააჩნდათ. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ეს მოვლენები დიდი სიმძლავრით შეეხო, დაიწყეს ერთგვარი წონასწორობის ძიება ამერიკა - რუსეთთან ურთიერთობებს ანუ გლობალურ და რეგიონულ პოლიტიკას შორის, თუმცა ეს ბალანსი ვერ შენარჩუნდა. ახალმა მთავრობებმა, განსაკუთრებით კი საქართველოში, აშკარად გამოხატეს განსაკუთრებული სიმპათია დასავლეთის მიმართ.

ვადების რევოლუცია - ქართველი ხალხის ნება

1990 -იანმა წლებმა ნანატრ დამოუკიდებლობასთან ერთად ახალგაზრდობას დიდი იმდებიც მოუტანა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში იწვნია ქვეყანამ უდიდესი იმედგაცრუება. დასავლეთამდე, რომლისკენაც ახალგაზრდები ასე მიისწრაფოდნენ, ძალიან გრძელი გზა რჩებოდა, მანამდე იყო ომის ნანგრევები, მთლიანად დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ცივი ბინები თუ კორიდორები.

საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, თანამედროვე დასავლურ კულტურასთან პირველი შეხვედრა გამოიხატა პირველადი მოხმარების პროდუქტების გამოჩენით: კოკა-კოლა, ცნობილი შოკოლადები: “სნიკერსი“ “მარსი“ “ბაუნტი თუ საღეჭი რეზინი : “ love “. მათ მოიცვეს სავაჭრო ბუტიკების ვიტრინები მომხმარებელთა მისაზიდავად თავაიანთი სასიამოვნო არომატით და ცოცხალი ფერებით.

პარალელურად, ამერიკული პოპკულტურა და ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი ფილმები სულ უფრო და უფრო იჭრებიან ყოფით ცხოვრებაში, ყოველდღიურ, სამეტყველო ენაში კი მკვიდრდება ახალი ტერმინები, როგორებიცაა: შოუ-ბიზნესი, ფართი, ჰოთ-დოგი და ასე შემდეგ.

საბჭოთა რეჟიმის მიერ აკრძალულმა ჯინსებმა, როგორც დასავლური თავისუფლების სიმბოლო, მთლიანად დაიპყრო ბაზარი.

დასავლელი ახალგაზრდების ცხოვრების სტილით მოხიბლულ ახალგაზრდობას, რომელსაც იგი ფილმების და ვიდეოკლიპების საშუალებით იცნობდა, სურვილი უჩნდებოდა, მათ დამსაგავსებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არაერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი უშლიდა ხელს დასავლური ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებას. კოლექტიურ ცნობიერებაში ჯერ ისევ მრავლად იყო შემორჩნილი სტერეოტიპები თუ საბჭოთა რეფლექსები.

ძირითადად ძველი კადრებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რეჟიმი სრულიად დაცლილიყო ახალი რეფორმების გატარების ნებისა თუ შესაძლებლობებისგან. მთავრობისადმი უნდობლობა და მისდამი სიძულვილი ყოველწლიურად იზრდებოდა. ასკოვან ხალხს მძიმე სიბერის შიში იპყრობდა, ხოლო ახალგაზრდებს - უპერსპექტივო მომავლის.

არსებული რეჟიმით უკმაყოფილებამ ყველა სოციალური ფენა და თაობა მოიცვა. საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებაში უმთავრესი როლი მაინც სტუდენტურმა მოძრაობამ ითამაშა. შესაბამისად, საზოგადოებამ მიაღწია რადიკალური ცვლილებების განხორციელების საწყის ფაზას.

ვარდების რევოლუციის მომზადება

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებმა პროცესები დააჩქარა და უბიძგა ხალხს, მასობრივად გამოსულიყვნენ ქუჩაში გაყალბებული შედეგების გასაპროტესტებლად. საპროტესტო გამოსვლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამავდროულად, დაკარგულმა ტერიტორიებმა, სიღარიბემ, მასობრივმა კორუფციამ და მთავრობის მუშაობით უკმაყოფილებამ ბიძგი მისცა დამოუკიდებელი ტელეარხების შექმნას, რომლებიც სატირული გადაცემების თუ ვიდეოკლიპების მეშვეობით, ავრცელებდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ აზრს.

1990 იან წლებში პოსტკომუნისტურ სივრცეში ფუნქციონირებდა დასავლური ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც იყო საკუთარი წვლილის შეტანა ლიბერალური დემოკრატიის განვითარებაში.

საერთაშორისო თანამეგობრობასთან და დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ თავიანთი როლი შეასრულეს ადგილობრივი დასავლური ტიპის ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში, როლებიც აკრიტიკებდნენ საჯარო მართვის მოძველებულ მეთოდებს, აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს და ცდილობდნენ ახალი საზოგადოებრივი წესრიგისთვის ჩაეყარათ საფუძველი, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებული იქნებოდა აზრთა სხვადასხვაობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

image

1996 წელს საქართველოში პირველი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება “თავისუფლების ინსტიტუტის“ სახით, რომელმაც დროთა განმავლობაში მეტად გააფართოვა მოქმედების არეალი და იკავებდა პირველი ადგილს ჟურნალისტური გამოძიების და კვლევების კუთხით საქართველოში. “თავისუფლების ინსტიტუტი“ იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც გამოვიდა რწმენის თავისუფლების დასაცავად და ალაპარაკდა ფანატიზმზე, ექსტრემიზმსა თუ კორუფციაზე ქართული ეკლესიის წიაღში.


ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე

ახალგაზრდა პოლიტიკოსების, ინტელექტუალების და სტუდენტების მიერ მართულმა მანიფესტაციებმა ერთ თვეზე ნაკლებ ხანს გასტანა, რაც 2003 წლის 23 ნოემბერს ძველი ხელისუფლების გადადგომით და ხელისუფლებაში ახალი, პროდასავლური გუნდის მოსვლით დასრულდა.

პოსტრევოლუციურ პერიოდში გატარებულმა რეფორმებმა გარკვეული კითხვები გააჩინა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში. არაერთი პოლიტიკოსი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და ექსპერტი აღნიშნავდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “მართვის მეთოდები, კრიმნალისადმი ე. წ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შორს იყო დასავლური დემოკრატიისგან. მიუხედავად ამისა, ის იდეა, რომ “ვარდების რევოლუციამ“ მოდენიზაციის პროცესებში უდიდესი წვლილი შეიტანა, მათთვის სადაო არ არის.

საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობამ საგრძნობლად გააძლიერა მესამე სექტორი, რომელიც ეგრეთ წოდებული, ამერიკული რბილი ძალის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს, ეს კი ვარდების რევოლუციის უდიდეს მიღწევად ითვლება. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ არა მხოლოდ ახალი პროექტების შემუშავებაში მთავრობასთან ერთად, ასევე აკონტროლებენ და აფასებენ დემოკრატიის ხარისხს, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ქვეყანაში. მათ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სოციალური ნორმების შეცვლის საქმეში, მონაწილეობას იღებენ დასავლური სამყაროსთვის დამახასიათებელი ლიბერალური ღირებულებების გაძლიერებაში: ლაიციზმი, ინდივიდუალიზმი, ქალთა ემანსიპაცია, ადამიანის უფლებები, კერძოდ, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წინ წამოწევის გზით.


შენიშვნა : სტატია თარგმნილია ფრანგულიდან, სტატიის ავტორი: შორენა ასაბაშვილი - პარიზის უნივერსიტეტის სოცპოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი.


0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0