x
image
პროფესორი
9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელი,რომელიც დილას დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა
image

9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელი, რომელიც დილას დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა. რაც შეეხება სახლს, სადაც მისი სისხლის კვალია აღმოჩენილი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სახლის მეპატრონე კი კომენტარს არ აკეთებს. რა გახდა 9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოძიება ამაზე არ საუბრობს. რაც შეეხება დაკავებულს, ის წარსულში ნასამართლევია და იმ ადგილას დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული მამაკაცი სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა მოკლულის სახლის მახლობლად.

რაც შეეხება ვერსიებს, ერთ-ერთი ვერსიით დაკავებული შეიძლება იყოს ფსიქიკურად ავადმყოფი, რადგან მას ჰქონდა მოკლულის ფოტოები და შესაძლებელია 9წლის ბავშვთან გარკვეულ კომუნიკაციაშიც იყო შესული, თუმცა გაუგებარია, როგორ მოხდა ეს გოგონა იმ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა.

გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირას ადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.


imageიაგო ნებიერიძემ საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი ნასამართლევი იყო ქალზე ძალადობის ბრალდებით და იმასაც ამბობს, რომ მის შვილს უცნობი მცირეწლოვანი ბავშვების სურათები ტელეფონში ჰქონდა.

ამასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განცხადება გააკეთა:"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო-საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა დეტალურად თითეული ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ დაკავებული იქნა. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".


ასევე, კომენტარი გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმაც:"ეს არის მთელი ქალაქის და ქვეყნის ტრაგედია, რომელმაც შეძრა ყველა, ვინც ეს საზარელი ამბავი შეიტყო. მინდა გითხრათ, რომ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და დაკავებულია პირი, რომელიც სავარაუდო დანაშაულის ჩამდენია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ადრეც არის ნასამართლევი".


ამ ეტაპზე უცნობია, მისცა თუ არა ჩვენება დაკავებულმა და აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სავარაუდოდ, შს სამინისტროში განცხადება კიდევ გაკეთდება.

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0