x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
მომავალზე ორიენტირებული 70 წლის სერ ალექსი
image986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიის ნაკრების წარუმატებლობას ალექს ფერგიუსონის პოპულარობისთვის ზიანი არ მიუყენებია. მას “ბარსელონაში”, “არსენალში”, “რეინჯერსსა” და “ტოტენჰემში” იწვევდნენ. თუმცა, შოტლანდიელმა არჩევანი “მანჩესტერ იუნაიტედზე” შეაჩერა.
მაშინდელი “მანჩესტერი” ამჟამინდელს სულაც არ ჰგავდა. ეს დღეს ღირს კლუბი მილიარდ დოლარზე მეტი, მაგრამ 1986 წელს იგი ჩვეულებრივი, საშუალო დონის გუნდი იყო. უფრო მეტიც, კლუბს ვალები ჰქონდა: სწორედ ამ მიზეზით გადააყენეს მაშინდელი მწვრთნელი, რონ ატკინსონი.
თავად სერ ალექსი იმ პერიოდს ასე იგონებს: “როდესაც 1986 წლის გვიან შემოდგომაზე “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა შემომთავაზეს, ჩემს მეუღლესა და ვაჟებს ჩემი მანჩესტერში გადაბარგების პერსპექტივა დიდად არ ეპიტნავათ. ისინი აბერდინში თავს ბედნიერად გრძნობდნენ. მანამდე ორჯერ “რეინჯერსის” ემისრები უარით გავისტუმრე. მთავარმწვრთნელობას ლონდონური კლუბები ”არსენალი”, “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “ვულვერჰემპტონ უონდერერზიც” მთავაზობდნენ. თანაც, ჩემს მიერ ჩამოთვლილი გუნდები “აბერდინთან” შედარებით ფანტასტიკურ კონტრაქტებზე მთავაზობდნენ ავტოგრაფის დასმას. ასე რომ, ჩემები თანდათან მიეჩვივნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე შოტლანდიაში მოუწევდათ ცხოვრება. “მანჩესტერის” წინადადების მიღებისთანავე კი ცოლს ვუთხარი, ჩემოდნების ჩალაგება დაეწყო. არასდროს დამავიწყდება მისი გაკვირვებული მზერა. მე კი იგი “მანჩესტერ იუნაიტედის” განსაკუთრებულობით “დავამშვიდე” და როგორც ხედავთ, არც შევმცდარვარ”.
არადა, სახელოვან გუნდში ალექს ფერგიუსონს ყველაფრის თავიდან აწყობა მოუხდა. იმ დროისთვის “იუნაიტედი” დეზორგანიზებული გუნდი გახლდათ და მისი ფეხბურთელები ერთ მუშტად შეკრული საფეხბურთო კოლექტივის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდნენ. ის კი არა, იმდროინდელ ინგლისურ პრესაში წამყვან მოთამაშეებს ნორმან უაითსაიდს, პოლ მაკგრატსა და ბრაიან რობსონს ბრალს ლოთობაშიც კი სდებდნენ. ფერგიუსონს მძიმე პერიოდის გადატანა მოუხდა. ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩი “მანჩესტერმა “ოქსფორდ იუნაიტედთან" წააგო (0:2). შოტლანდიელი უმალვე მიხვდა, რომ მისი გუნდის შემადგენლობას გაძლიერება ესაჭიროებოდა. მაგრამ, როგორ უნდა მოეხერხებინა ეს დიდი ფულის გარეშე? ფერგიუსონმა ერთადერთი სწორი გამოსავალი მოძებნა: აქცენტი საბავშვო სკოლაზე გააკეთა.
“დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ კარგი სკოლის გარეშე, ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლებელია. თუ ყოველწლიურად, ბავშვთა სკოლის მიერ გაზრდილი თუნდაც მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მაინც არ შეავსებს შემადგენლობას, ჩათვალეთ, რომ ეს წელიწადი ფუჭად დაკარგეთ, თუნდაც ჩემპიონატშიც მიაღწიოთ გამარჯვებას. ამაში რამდენიმე წლის შემდეგ რწმუნდები და იძულებული ხდები, ვინმე ისეთ თანხად შეიძინო, რომლითაც ბავშვთა სკოლა წელში გამართული მთელი 10 წლის განმავლობაში უპრობლემოდ იმუშავებდა. საქმე მხოლოდ ფინანსებში როდია - საკუთარი სკოლის აღზრდილი ნებისმიერ თამაშში ერთი პროცენტით უფრო მეტს გაიღებს, ვიდრე გარედან მოწვეული ფეხბურთელი. ასეთია ჩემი მოსაზრება”.
“მანჩესტერთან” ერთად პირველი ტიტული ფერგიუსონმა 1990 წელს მოიპოვა, როდესაც ინგლისის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა. გუნდს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა: ალექსს ყოველთვის შეეძლო საჭირო ფეხბურთელების შერჩევა, მიწვევა და მათი საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად გამოვლენაზე მუშაობა. ამას მოჰყვა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვება 1991 წელს, ხოლო “მანჩესტერის” სკოლამ იმ პერიოდისთვის პირველი “ნაყოფი” უკვე გამოიღო - მისგან ძირითადი გუნდის შემადგენლობაში დენის ირვინი და რაიან გიგზი მოხვდნენ.
“როგორ ვეძებ მოთამაშეებს? ძალიან მარტივად - ვაკვირდები, როგორ თამაშობენ ისინი, რამდენად იხარჯებიან თითოეულ მატჩში. ის, ვინც ფეხებს ზოგავს, ჩემს გუნდში ვერ მოხვდება. და კიდევ, ფეხბურთელს თვალებში ვაკვირდები - იქ ყველაფერი წერია. თუ მას ჩემთან მუშაობა სურს, მას ისე ათამაშებაში დავეხმარები, როგორზეც არც უოცნებია. მაგრამ მთავარი გუნდური ინტერესია. თუ ფეხბურთელი ოდნავ მაინც შეეცდება “საბნის თავისკენ გაქაჩვას” - ის უმალვე სხვა კლუბში აღმოჩნდება. თუ მე, კლუბში პირველი კაცი ამას არ ვაკეთებ, ვთვლი, რომ ამისი უფლება არც სხვას აქვს”, - აცხადებდა “მანჩესტერის" თავკაცი.
“მენიუ" საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე ტრადიციულად მხოლოდ პირველობისთვის იბრძვის, სერ ალექსმა კი ლაკონურად ჩამოაყალიბა საკუთარი გავლილი გზა, სამწვრთნელო კრედო და სამომავლო გეგმები. “მიღწეული წარმატება მრავალი კომპონენტის სინთეზია, მაგრამ უმთავრესი მაინც მოთმინების უნარია. მთელი ოცწლეულის განმავლობაში ბედი ხან გვიღიმოდა, ხანაც დაუნდობლად არ გვწყალობდა, მაგრამ “იუნაიტედმა” ყველაფერს გაუძლო. ჩვენ კი არასდროს მოვშვებულვართ და დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგვყავდა. 1994, 1999 და 2008 წლებში კარგი გუნდი ჩამოვაყალიბე. ვგრძნობ, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი “იუნაიტედის" ფორმირების გზაზე ვდგავართ. ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება დავაგროვეთ, რაც ევროთასების მატჩებში შეუფასებლად დიდ დახმარებას გვიწევს. გასვლით მატჩებში თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ, ბურთსაც უფრო მეტხანს ვაკონტროლებთ და მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. ეს უკანასკნელი თვისება უმნიშვნელოვანესია. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე თავისებურ სტილში ასპარეზობს და უკვე მინდორზე გასულებს გვიწევს შესფერისად გადაწყობა. “ბარსელონასთან” ფინალის წაგების შემდეგ გუნდის გადასხვაფერება დავიწყე. ძალიან მინდა, კიდევ ერთხელ, მესამედ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ჩემი ცხოვრების და სამწვრთნელო მუშაობის უმთავრესი ამოცანაა. “რეალმა” ჩემპიონთა თასი (ლიგა) 9-ჯერ მოიგო, “მილანმა” 7-ჯერ, “ლივერპულმა” 5-ჯერ, “აიაქსმა” და “ბაიერნმა” ოთხჯერ – “მანჩესტერ იუნაიტედი” ვალდებულია, მათ არ ჩამორჩეს. საამისოდ არაფერს დავიშურებთ”, - 70 წელს მიტანებული სერ ალექს ფერგიუსონი კვალავინდებურად სამომავლო წარმატებებზეა ორიენტირებული.
ზუსტად 7 წლის წინთ, 2004 წლის 23 ნოემბერს, “ლიონის” წინააღმდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა მეათასედ გაიყვანა სათამაშოდ “მანჩესტერ იუნაიტედი”...
0
34
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:bossGK
bossGK
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0