x
მეტი
  • 17.11.2018
  • სტატია:82806
  • ვიდეო:334259
  • სურათი:440457
ქართველებისა და თურქების ურთიერთობის ისტორია

თურქებისა და ქართველების ურთიერთობის ისტორია


მე-11 საუკუნის შუახანებში თურქ-სელჩუკები ცენტრალური აზიიდან დაიძრნენ და მალე მათ მთელი ირანი, სამხრეთ კავკასია და მცირე აზია დაიპყრეს.


1. 1065 წელს თურქებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში. ააოხრეს თრიალეთი, შემდეგ სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი. ალფ-არსლანმა აიღო ახალქალაქი და მშვიდობიანი მოსახლეობა ამოწყვიტა.


2. 1068 წელს თურქ-სელჩუკებმა მოაწყვეს მარბიელი ლაშქრობა კახეთ-ჰერეთში.


3. 1079 წელს თურ-სელჩუკებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს საქართველო.


4. 1080 წლიდან იწყება "დიდი თურქობა". ველური, მომთაბარე თურქები სასტიკად აოხრებენ შავშეთს, აჭარას, სამცხეს, შემდეგ ქართლს, არგვეთს, კლარჯეთს, მთლიანად წვავენ ქალაქ ქუთაისსა და არტანუჯს.

შემოსევებმა ამ დროიდან უკვე მუდმივი ხასიათი მიიღო. თურქები ადრიან გაზაფხულზე მოდიოდნენ საქართველოში თავიანთი ჯოგებით და დაზამთრებამდე აოხრებდნენ ქვეყანას. კლავდნენ, ძარცვავდნენ და ატყვევებდნენ ქართველებს. ამ განუწყვეტელი შემოსევების შედეგად მოიშალა სოფლის მეურნეობა, განადგურდა ეკონომიკა, მოსახლეობა მთებსა და გამოქვაბულებში აფარებდა თავს. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დამშეული ქართველები ხშირად ფოთლებით იკვებებოდნენ.



5. 1104 წ. - თურქ-სელჩუკების დიდი შემოსევა საქართველოში. ერწუხის ბრძოლა.


6. 1110 წ. - თურქ-სელჩუკების შემოსევა და მათი დამარცხება თრიალეთთან დავით აღმაშენებლის მიერ.


7. 1115 წ. - თურქ-სელჩუკების შემოჭრა საქართველოში.


8. 1118 წ. - თურქ-სელჩუკების შეჭრა ჯავახეთში. თუხარისის ერისთავის - ბეშქენ ჯაყელის მკვლელობა.


9. 1121 წ. - მუსლიმთა კოალიციის შემოჭრა საქართველოში. დიდგორის ბრძოლა და მტრის ლაშქრის განადგურება დავით აღმაშენებლის მიერ.


10. 1123 წ. - სულთან მაჰმუდ მუჰამედის შემოჭრა შირვანში და საქართველოსთვის ომის გამოცხადება.


11. 1123 წ. - თურქების შეჭრა ანისში და ქართველების მიერ ანისის გათავისუფლება.


12. 1232 წელს რუმის თურქები შემოესივნენ საქართველოს. აიღეს 30 ციხე და ამოწყვიტეს მოსახლეობა.


13. 1367 წ. - თურქებმა დაარბიეს სამცხე, გაძარცვეს და ტყვეები წაიყვანეს. შემდეგ კი დამარცხდნენ ბაგრატ მეხუთესთან ბრძოლაში.


14. 1373 წ. - თურქების შეჭრა ჯავახეთში. ალასტასთან ბრძოლაში დაიღუპა ქსნის ერისთავი.


15. 1407 წელს თურქმენები საქართველოს შემოესივნენ. მათთან ბრძოლაში გმირულად დაეცა გიორგი მეშვიდე. მეფე, რომელსაც ქედი ვერ მოახრევინა აზიის მბრძანებელმა - თემურ ლენგმა.


16. 1411 წელს თურქმენებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მეფე კონსტანტინე პირველი.


17. 1473 წ. - თურქმენების შემოსევა საქართველოში უზუნ-ჰასანის სარდლობით.


18. 1477 წ. - უზუნ-ჰასანმა მეორედ მოაოხრა საქართველო და თბილისი უბრძოლველად აიღო.


19. 1479 წ. - თურქმენების შემოსევა სამცხესი და მათი მარცხი.


20. 1482 წ. - თურქმენების მიერ ახალციხის აღება. სამცხისა და დმანისის დარბევა, აწყურის ციხის აღება.


21. 1487 წ. - თურქმენების ლაშქრობა საქართველოში. ქვემო ქართლის დარბევა.


22. 1488 წ. - თურქმენები იღებენ თბილისს და მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან.


23. 1489 წ. - ქართველებმა უბრძოლველად დათმეს თბილისი. თურქმენებმა თბილისში გარნიზონი ჩააყენეს.


24. 1498-1500 წწ. - ოსმალების შემოსევები სამხცესა და ჭანეთში.


25. 1510 წ. - ოსმალები სულთნის მემკვიდრე სელიმ ფაშას მეთაურობით იმერეთის სამეფოს დაესხნენ თავს. დაარბიეს და გადაწვეს ქალაქი ქუთაისი.


26. 1513 წ. - ქართლში თურქების ლაშქრობა.


27. 1520 წელს ყიზილბაშებმა შაჰ-ისმაილის სარდლობით თბილისი აიღეს და გადაწვეს. შემდეგ კი სამცხეში მოაწყვეს მარბიელი ლაშქრობა.


28. 1543 წ. - ოსმალები 22 ათასკაციანი ლაშქრით შეიჭრნენ ტაოში და ოლთისს ალყა შემოარტყეს. ბაგრატ მესამემ მორჩილება გამოუცხადა თურქებს. შემდეგ წამოეწია უკან გაბრუნებულ თურქებს და სასტიკად დაამარცხა მათივე ზარბაზნებით.


29. 1545 წელს ოსმალებმა დიდძალი ჯარი გამოგზავნეს სამცხეში. გადამწყვეტ ბრძოლაში სოხოისტასთან ქართველები დამარცხდნენ.


30. 1549-1551 წწ. - ოსმალებმა მესხეთი ააოხრეს. აიღეს თორთუმის ციხე, მესხების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დაატყვევეს და მონებად აქციეს. ამის შემდეგ ოსმალები გურიას შეესივნენ და ჭანეთი მოწყვიტეს გურიას. 1551 წელს ოსმალებმა არტაანი აიღეს და დაასრულეს სამცხის დაპყრობა.


31. 1555 წ. - ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი ოსმალეთს შეხვდა. აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი კი - ირანს. როდესაც სულეიმანი სტამბულს დაბრუნდა, დედამ ჰკითხა: მიხარია, მშვიდობით რომ დაბრუნდი შვილო ჩემო, მაგრამ ქართველები ხომ არ დაგსხმიან თავს?

- არა დედა, ნუ გეშინია, ვინაიდან მე აღვმართე უმაღლესი კედელი ოსმალეთსა და საქართველოს შორის.

- როგორ შეძელი შვილო, კედლის აშენება ამხელა მანძილზე?

- შევძელი დედაჩემო, შევძელი, მე იგი ქართველების ხორცით და სისხლით ავაგე. ამიერიდან ვეღარასოდეს გადმოლახავენ ქართველები ოსმალეთის საზღვარს. - მიუგო სულეიმანმა (ლ. სანიკიძე. "დედა ისტორია", 2005, გვ. 183)


სულეიმან პირველი


32. 1578 წ. - ჩილდირის ველზე ერთმანეთს ოსმალეთი და ირანი დაუპირისპირდა. ირანის მხარეს "ირანელი მესხები" იბრძოდნენ, "თურქთა მესხები" კი არ ჩანდნენ. ბრძოლა თურქების გამარჯვებით დასრულდა. მანუჩარ ჯაყელი გვიან გამოცხადდა ბრძოლის ველზე და დაგვიანებისთვის მოიბოდიშა. თურქების სარდალმა - ლალა ფაშამ ირანის მხარეს მებრძოლი მესხები გამოიყვანა და მანუჩარის თვალწინ ყველანი კოცონზე დააწვევინა.



33. 1578 წ. - თურქები შევიდნენ გადამწვარ თბილისში. შემდეგ კი მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს.


34. 1579 წ. - სიმონ მეფის ბრძოლა ქართლის დასაბრუნებლად. ოსმალების განდევნა ქართლიდან.


35. 1582 წ. - ოსმალები შემოიჭრნენ ქართლში და აიღეს გორის ციხე, მაგრამ დამარცხდნენ სიმონ მეფესთან ბრძოლაში. ჰადიმ ფაშამ მარცხი მანუჩარს გადააბრალა და გადაწყვიტა მისი მოკვლა. იგი კარავში მიიწვია მოსალაპარაკებლად და უიარაღო მანუჩარს 10 შეიარაღებული ოსმალო დაახვედრა. ერთ-ერთი ოსმალო მანუჩარს გადაუდგა იარაღით, მაგრამ მანუჩარმა თვალის დახამხამებაში გამოჰგლიჯა ხელიდან ხმალი და ისე ხეთქა, რომ თავი მუცლამდე გაუპო. ამის შემდეგ დანარჩენებს დაერია. თვით მეჰმედ ფაშას 5 ჭრილობა მიაყენა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ სამცხეში სახალხო აჯანყება დაიწყო და განდევნეს ოსმალები სამცხის ციხეებიდან.


36. 1584 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ. სიმონმა და მანუჩარმა ოსმალები სასტიკად დაამარცხეს.


37. 1585 წელს ოსმალები ისევ შემოიჭრნენ ქართლში. კვლავ დაიკავეს ქალაქი გორი, ლორე და მოაოხრეს ახლომდებარე სოფლები.


38. 1599 წელს ნახიდურთან ბრძოლაში ქართლის მეფე სიმონი ოსმალებმა ტყვედ იგდეს. მიუხედავად სიმონის შვილების მცდელობისა, და უამრავი გამოსასყიდის მიცემისა, მეფე ვერ დაიხსნეს. ოსმალებმა ფული ფულად მიითვალეს, სიმონ მეფეს კი ტყვეობაში ამოხადეს სული.


39. 1609 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ. გზაში მათ ადგილობრივი მღვდელი თევდორე შეიპყრეს და უბრძანეს, ცხირეთის ციხეში წაეყვანა ისინი, რათა ქართლის მეფე ტყვედ ჩაეგდოთ. სანაცვლოდ ოსმალები დიდძალ ოქროს სთავაზობდნენ მღვდელს. უარის თქმის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯას შეჰპირდნენ. თევდორემ მოსაფიქრებლად ცოტა დრო ითხოვა. მუხლებზე დაემხო და საქართველოს მომავალი შეავედრა ღმერთს. შემდეგ კი ოსმალთა სარდალს მიუბრუნდა და უთხრა: თანახმა ვარ, მიგიყვანთ მეფესთან.

თევდორემ ოსმალები სულ სხვა გზით წაიყვანა. და დააშორა მეფის ბანაკს, რითაც ქართველებს დრო მიეცათ ლაშქრის შესაკრებად. როცა ეს ოსმალების სარდალმა გაიგო, თევდორე სასტიკად აწამა, და ბოლოს ხმლით აკუწა. ქართლში შემოჭრილი ოსმალები ქართველებმა გიორგი სააკაძის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს. მათი დიდი უმრავლესობა ამოწყვიტეს, ხოლო ნაწილი ტყვედ წაასხეს.


40. 1634 წ. - ოსმალური დესანტის გადასხმა აფხაზეთში და აფხაზეთის აოხრება.


41. 1703 წ. - დიდი მარბიელი ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში.


42. 1723 - 1736 წწ. - თურქები ძალით იკავებენ შავი ზღვის არმოსავლეთ სანაპიროს. რითაც საქართველომ დაკარგა ზღვაზე გასასვლელი. ფოთში თურქებმა ფაშა დასვეს. დასავლეთ საქართველოს მრავალრიცხოვან ციხეებში კი თურქული გარნიზონი ჩააყენეს.


43. 1723 წ. - თურქების მიერ თბილისის უბრძოლველად დაკავება.


44. 1733 წელს ოსმალებმა აზოვის სანაპიროების გამოხსნა გადაწყვიტეს. და ამისთვის დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები მოიწვიეს. დადიანმა უარი განაცხადა ლაშქრობაში მონაწილეობაზე. რის გამოც ოსმალებმა სამეგრელო სასტიკად ააოხრეს.


45. 1737 წ. - ახალციხის ფაშას მიერ სადამსჯელო ოპერაციის წამოწყება აჭარაში. ეს არის ახალციხის მუზეუმში დაცული ხელნაწერი, თუ როგორ ექცეოდნენ თურქები ქართველებს. სამცხესა და აჭარაში. არც ისე შორს, მე-18 საუკუნეში - "რომელ ხორციელ ენას შეუძლია წარმოთქვას, იმდროინდელ მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი?! ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ. ვის შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ. ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ. რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ."


46. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში იმერეთის მეფემ - სოლომონმა სასტიკად დაამარცხა იმერეთში შემოჭრილი თურქები.


47. 1758 წელს თურქებმა 2 ლაშქრობა მოაწყვეს იმერეთის დასასჯელად, მაგრამ სოლომონმა შეძლო მათი მოგერიება.


48. 1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს ტყვეთა სყიდვის აღდგენა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. სულთანმა იმერეთზე გალაშქრება ბრძანა. იმავე წელს იმერეთის ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს იმერეთში შემოჭრილი თურქების 20 ათასკაციანი ლაშქრი.


49. 1763 წელს იმერეთმა თურქების 13-ათასიანი ჯარი მოიგერია, რომელსაც სათავეში ერზრუმის ფაშა ედგა.


50. 1763 წელს მეორე ლაშქრობა მოაწყვეს თურქებმა იმერეთში, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდნენ.


51. 1764-1766 წლებში თურქებმა კიდევ რამდენიმე ლაშქრობა წამოიწყეს იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ. მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლოს ქალაქ ქუთაისსაც მიაღწიეს. სოლომონი იძულებული გახდა ქუთაისს გაცლოდა და უკან დაეხია. იმერეთში ახალციხის ფაშამ 4000-იანი გარნიზონი ჩააყენა. სოლომონი მარცხს არ შეგუებია. ლეკების დამხმარე ჯარი გამოიყვანა და თავისი პოზიცია აღადგინა.


52. 1783 წ. - მუსლიმთა კოალიციური ლაშქრობა ქართლ-კახეთზე, ახალციხის ფაშას მეთაურობით.


53. 1853 წელს ოსმალთა 60, 000-იანი ლაშქარი დასავლეთ საქართველოს შეესია. გურიის საზღვარზე მათ ქართულ საგუშაგოზე მიიტანეს იერიში. საგუშაგოს რუს-ქართველთა რაზმები იცავდა. მათ ბოლომდე იბრძოლეს და გმირულად შეაკვდნენ მტერს.


54. 1855 წელს ოსმალებმა დიდი დესანტი გადმოსხეს აფხაზეთში. იქიდან კი სამეგრელოს შეესივნენ.


55. 1917 წელს რუსეთში რევოლუცია მოხდა და კავკასიის ფრონტი დაიშალა. ამით ისარგებლეს თურქებმა და საზღვარი გადმოლახეს. ახლადჩამოყალიბებულმა ქართულ-სომხურმა გვარდიებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა თურქებს. თურქებმა მოახდინეს ბათუმის, ყარსის ოლქების, ოზურგეთის მაზრის და ახალციხის მაზრის ოკუპაცია.


56. 1921 წელს თურქეთი ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საქართველოს და მოახდინა ტაო-კლარჯეთის ოკუპაცია და შემდგომ ანექსირება. ამას არ დასჯერდნენ და თურქები აჭარაში შეიჭრნენ, მაგრამ დამარცხდნენ გენერალ მაზნიაშვილთან ბრძოლაში და უკან დაიხიეს.


ყველაზე დიდი და აუნაზღაურებელი ზარალი, რაც თურქეთმა მოგვაყენა, ეს არის მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა. ცნობილია, რომ მე-12 საუკუნეში თამარის მეფობის დროს ქართველების რაოდენობა 8 მილიონს აღწევდა. გამუდმებული ომიანობის, ტყვეთა სყიდვის, თარეშის, გენოციდის და მშვიდობიანი მოსახლეობის ინტენსიური და შეუწყვეტელი ხოცვის გამო მე-18 საუკუნეში ქართველები, როგორც ეთნოსი, სრული გადაშენების პირას დადგნენ. მე-12 საუკუნიდან 6 საუკუნის გასვლის შემდგომ ქართველთა რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა და 400, 000-მდე დაეცა.




ავტორი: გიორგი ჯანაძე https://bit.ly/2ERpn4C




ასევე იხილეთ: თემურ ლენგის აპოკალიფსური მასშტაბის ომი საქართველოს წინააღმდეგ


გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს



თორნიკე ფხალაძე


1
351
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
351
  
24 ოქტომბერი, 6:58
ჰოოდა უყურონ ღრუზინმა ქალებმა(და აქა იქ კაცებმაც) ხბოს აღტაცებით თურქულ სერიალებს
0 1 1