x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, გონების დაკარგვამდე ჯგუფურად სცემეს"
image

მირზა სუბელიანს 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად ნაცემი და მოგვიანებით გარდაცვლილი 24 წლის პატიმრის, ლევან კორტავას დედა მძიმე ბრალდებას უყენებს და შვილის მკვლელობის საქმეზე სუბელიანისთვის ბრალის წარდგენას ითხოვს.


ხათუნა კორტავა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელი გეგუთის ციხის ე.წ. მაყურებელი ზვიად მუშკუდიანია, რომელიც სუბელიანის დეიდაშვილია. სწორედ ნათესაური კავშირისა და სუბელიანის გავლენების წყალობით, მუშკუდიანს მკვლელობა “შერჩა”.


მეტიც, როგორც გარდაცვლილი პატიმრის დედა ირწმუნება, მას შემდგ, რაც ლევან კორტავა სიკვდილის პირას მიიყვანეს, სუბელიანმა მუშკუდიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაიყვანა.



აღსანიშნავია, რომ 6 წლის წინ, მირზა სუბელიანი სასჯელარსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, სასჯელარსრულების მინისტრის სავარძელს კი სოზარ სუბარი იკავებდა.


„ლევანის მკვლელობაში წვლილი მიუძღვის ზვიად მუშკუდიანს, რომელიც გეგუთის ციხის „მაყურებელი“ იყო და როგორც გაირკვა, ის მირზა სუბელიანის ალალი დეიდაშვილია. ეს ვიცი მაღალჩინოსნებისგან. ისიც გავარკვიე, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლევანი სულს ღაფავდა, მუშკუდიანი მისმა ნათესავმა, მირზა სუბელიანმა ჯერ ციხიდან გაიყვანა, მერე კი საერთოდ ქვეყნიდან გააპარა.


სუბელიანი იცავდა მკვლელებს, სუბელიანს იცავს ფარცხალაძე, ფარცხალაძეს კი მთელი ოცნება, ამასობაში კი 6 წელი გავიდა და ჩემი პირტიტველა შვილის მკვლელობისთვის არავინ დასჯილა“– აცხადებს ხათუნა კორტავა.


შვილმოკლული დედა მაშინდელი გენერალური პროკურორის, არჩილ კბილაშვილის დაკითხვასაც ითხოვს.


„ნაცვლიშვილისა და კბილაშვილის პროკურატურამ გამწირა, მურუსიძის სასამართლოს კი განაჩენი ამ დრომდე არ გამოუტანია. საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, მკვლელი თავისუფლად დათარეშობს. ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის მსგავსად, ჩემი შვილის მწამებლების საქმეც გაუხსნელია – მკვლელები დასჯილები არ არიან. ვითხოვ სუბელიანისთვის ბრალის წარდგენას“– აცხადებს კორტავას დედა.


2013 წლის 12 მაისს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. საქმის მასალების თანახმად, ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა.


გამოძიების ინფორმაციით, “2013 წლის 12 მაისს, სად-ის N14 დაწესებულებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა – ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, გონების დაკარგვამდე ჯგუფურად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა”.


საქალაქო სასამართლომ კორტავას საქმეზე ბრალდებულ 5 პირს თავისუფლების 15 წლით, ხოლო ერთ პირს 22 წლით აღკვეთა მიუსაჯა.image

0
1450
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0