x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82948
  • ვიდეო:334276
  • სურათი:440632
10 ტრადიციული საცხოვრებელი სახლი მსოფლიოს ქვეყნებიდან

image

კაცობრიობის იტორიის მანძილზე, ადამიანის შესაძლებლობებისა და იარაღების განვითარებასთან ერთად, მისი საცხოვრებელიც იცვლებოდა: გამოქვაბულიდან ნეოლითის ხანის ქოხამდე თუ რომაული სასახლეებიდან თანამედროვე ვილამდე. შედეგად მივიღეთ სახლების არქიტექტქურის მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისა და კულტურის მიხედვით განსხვავდება. ამ საგანძურიდან ათი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტიპურ საცხოვრებელ სახლს წარმოგიდგენთ.

თურქული საკიზი

image

თურქეთში გავრცელებული საცხოვრებელი სახლებიდან აღსანიშნავია საკიზი. საკიზი, რომელიც ახლა მზარდი პოპულარობით სარგებლობს, მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და ძირითადად თურქეთის ეგეოსის ზღვის სანაპირო რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი. გამოირჩევა ჩაშენებული წინა შესასვლელითა და შიშველი ფასადებით, რომლებზეც მცირე ზომის ერკერები (კედლიდან გამოწეული ნახევრად წრიული ან წახნაგოვანი შემინული ნაწილი) ან აივნებია დატანებული. მისი სივრცითი დაგეგმარება ვერტიკალური განფენილობის აქცენტირებასა და გათბობისა და კონდიცირების ბუნებრივ ბალანსს უზრუნველყოფს.

რუსული იზბა

imageimage

ილუსტრაციებიდან თუ ფოტოებიდან, ალბათ, ბევრს გახსოვთ რუსული ხის სახლები, მოჩუქურთმებული ფანჯრებითა და ექსტერიერის სხვადასხვანაირი დეკორით. იზბას ინტერიერისა და ექსტერიერის მთავარი ელემენტი ფიჭვია – ხის ტანები საერთო ჩარჩოს კრავს. ქვა და მეტალი მშენებლობაში თითქმის არ გამოიყენება. სახლის კედლების რაოდენობა ოთხი ან ხუთია. მოჩუქურთმებული დეტალების გარდა, იზბას სამკაულია ცნობილი რუსული ღუმელი, რომელიც მე-15 საუკუნიდან მისი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. შვეიცარიული შალე

imageimage

შალე ხის სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ტიპია, წარმოშობით შვეიცარიიდანაა და ალპებშია გავრცელებული. ყველაზე მეტად შალეს ის საინტერესო გზა გამოარჩევს, როგორც ის იგება: ხე მძიმე, 3-6 ინჩი სისქის ფიცრებად იჭრება და ფრთხილად იკვრება, მთლიანი ხის ტანისგან აგებული სახლების მსგავსად. აღსანიშნავია მისი მძიმე, რბილად დამრეცი წვეტიანი სახურავი კარგად გამოხატული, ფართო ქონგურებით, ასევე დიდი ფანჯრები და აივნის მოაჯირების დეკორი.

ფრანგული შატო

imageimage

დღეს მსოფლიოში ასე გავრცელებული შენობის ტიპი ასწლეულების განმავლობაში მხოლოდ ფრანგი არისტროკრატების რეზიდენციებთან ასოცირდებოდა (château – ქართ. „ციხესიმაგრე“). ფრანგული შატოს მთავარი მახასიათებლებია მეტად კომპლექსური, ციცაბო და ორფერდა სახურავები და ფასადები, ხან ამოზნექილი, ხან კი ჩაღრმავებული დონეებით. გარდა ამისა, შატოს გამოარჩევს დახვეწილი, სახასიათო ფანჯრები, გარე კუთხეები და თაღები.

ესპანური მასია

imageimage

მასია კატალონიაში გავრცელებული ტრადიციული სახლია. სტრუქტურისა და ექსტერიერის მიხედვით, ის აშკარად ენათესავება რომაულ ვილას. ამ დიდ, იზოლირებულ შენობებს სულ ცოტა ორი სართული მაინც აქვთ და სიმაღლით დაახლოებით ხუთ მეტრს აღწევენ. ძირითადი კორპუსის ასაშენებლად დაუმუშავაბელი ქვა გამოიყენება, ფანჯრებისა და თაღების ამგები ქვა კი ყოველთვის მოპირკეთებულია.

ინგლისური კოტეჯი

imageimage

მყუდრო ინგლისური კოტეჯები, ალბათ, ყველასათვის ნაცნობია და წვიმიან ამინდთან ასოცირდება. მისი ექსტერიერის მთავარი მახასიათებელი ნახევრად ფერდობიანი სახურავებია, რომლებმაც შეიძლება შექსპირის დროინდელი ჩალის სახურავებიც კი მოგვაგონოს. ტიუდორების სტილის ელემენტები ინგლისურ კოტეჯებში ხშირად გვხვდება. ამას გარდა, ნისლიანი ალბიონის ტიპურ საცხოვრებლებს დამატებით განსაკუთრებულობას დიდი, გამორჩეული საკვამურები სძენს.

ისლანდიური ტორფის სახლი

imageimage

ტორფის სახლების მშენებლობის ტრადიცია ისლანდიაში მე-9 საუკუნიდან იღებს სათავეს. მკაცრი კლიმატისგან თავდასაცავად, ამ ტიპის სახლებს ქვეყნის ყველა ეკონომიკური კლასის წარმომადგენლები აშენებდნენ, ყველა ფუნქციის მქონე შენობისათვის. ტორფის სახლი შემდეგნაირად შენდება: ბრტყელი ქვისგან აგებულ საძირკველს ზემოდან ეშენება ხის ჩარჩო, რომელსაც ტორფის ბლოკები შემოევლება. იატაკი ხის ან ქვისგან მზადდება, სახურავზე ხშირად შეხვდებით ბალახს.

ინდონეზიური ტონგკონანი

imageimage

ტონგკონანი ინდონეზიაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის წარმომაგენლებში – ტორაჯებში გავრცელებული ტრადიციული სახლია. ტონგკონანის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ნავის ფორმა და უნაგირისმაგვარი სახურავია, რომლის წვერიც მკვეთრად ზემოთაა მიმართული. შთამბეჭდავ სახურავთან შედარებით, შიდა სივრცე საკმაოდ პატარაა და ფანჯრების სიმცირის გამო ნაკლებად განათებულიც. იტალიური ტრულო

imageimage

ეს საინტერესო კონუსისებრი სახლები სამხრეთ იტალიაში მდებარე აპულიის რეგიონის ტრადიციული საცხოვრებელია. შენდება მშრალი წყობის მეთოდით, კირქვის ან ტუფისგან. გამორჩეულად სქელი კედლები და მრავალსართულიანი სტრუქტურის შექმნის შეუძლებლობა ტრულოს სოფლის ტიპის სახლად აქცევს. ტრულო შეიძლება წრიული ან კვადრატული დაგეგმარების იყოს. მისი სახურავი ორი გარსისგან შედგება: შიდა გარსს კირქვისგან აგებული თაღები წარმოადგენს, რომლებიც ბოლოში ქვითაა შეკრული; გარეთა ფენის ფილები იმგვარადაა წამახული, რომ სახურავის წყალგაუმტარობას უზრუნველყოფს.

ქართული ოდა

image

ოდა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საცხოვრებლის ტიპია და მისი ზოგადი სახელი „კოლხური ოდა-სახლია“. ოდა-სახლი 70სმ. სიმაღლის ქვის ან ხის ბოძებზეა დაფუძნებული, რომლებიც მიწაში კი არაა ჩამარხული, არამედ უშუალოდ მასზეა დაყენებული. თავდაპირველად ოდა-სახლები მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა. მოგვიანებით გაჩნდა ორ და სამოთახიანი ოდები. ოდა-სახლები გამოირჩევა დახვეწილი და მრავალფეროვანი დეკორით გაფორმებული ხის აივნებით. ოდები გადახურულია ოთხფერდიანი სახურავით, რომელიც კრამიტით ან ყავარით არის გადახურული.

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0