x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სიკვდილი, შენი ხვედრია!!

image

უხსოვარი დროიდან არსებობდა მრავალი მოსაზრება სიკვდილთან დაკავშირებით. ყოველ ჩვენთაგანში ეს სიტყვა შფოთვასა და შიშის გრძნობას ბადებს. ამ ცხოვრების ყველაზე დიდი მოულოდნელობა სიკვდილია და ერთადერთი, რაშიც დარწმუნებულები ვართ არის ის, რომ აუცილებლად დავიხოცებით, ვერ ავუვლით გვერდს დასასრულისა და სიკვდილის მარწუხებს. რამდენად ტრაგიკულადაც უნდა გვეჩვენებოდეს ყოველივე ეს, სწორედ სიკვდილი გვანიჭებს იმ სიხარულს, რაც მხოლოდ მოკვდავთა ხვედრს წარმოადგენს. განა ასეთი საშინელია სიკვდილი?! იქნებ ყველაფერი პირიქით შეიძლება იყოს, იქნებ ჩვენი არსებობა სადღაც შორს, უკეთეს სამყაროში გრძელდება. მაშინ, როცა ჩვენი მოკვდავი სხეული მწვანე ბალახებს შორის იხრწნება, ჩვენი სული შესაძლოა ტკივილის, ან ბედნიერების უსასრულო დერეფნებში დაეხეტებოდეს. და მაინც.... სიკვდილი ყველასთვის საშინელია, სიკვდილი გვართმევს ყველაფერ იმას, რაც უსაზღვროდ გვიყვარს. ჩვენ გვიყვარს იმის შეგრძნება, რომ ცოცხლები ვართ, ჩვენ გვინდა ვსუნთქავდეთ და ყოველ დილით ვუყურებდეთ მზის ამოსვლას. და მაინც.... რა ლამაზია ეს სამყარო თავისი უთვალავი ფერითა და უკუნითი სიბნელით. საკვირველი კი ის არის, რომ ადამიანს შეუძლია ყველას სიკვდილს შეეგუოს, მაგრამ, როდესაც საკუთარ სიკვდილს წარმოიდგენს, პანიკა და სასოწარკვეთა იპყრობს. როგორ შეიძლება დედამიწამ იტრიალოს ჩვენი არსებობის გარეშე? პანიკურია, იმის წარმოდგენა, რომ სხვები გააგრძელებენ ცხოვრებას უჩვენოდ, ისევ გაიღიმებენ, ისევ დატკბებიან სამყაროს მშვენიერებით და ისევ შეძლებენ სიყვარულს. ეს შეიძლება ზედმეტად ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ ეგოიზმი ყოველი ადამიანის დამახასიათებელი ნიშანია. სანამ ვიცოცხლებთ, სიკვდილზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ. რა აზრი აქვს გარდაუვალ მოვლენაზე ფიქრს, მისი საიდუმლოს ამოხსნისკენ სწრაფვას. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჭეშმარიტების გააზრებას, როდესაც უშუალოდ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. სიკვდილი აუცილებლად მოვა, სიკვდილი ხელს ჩაგვჭიდებს, მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად გვენდომება წასვლა. ადამიანს შეიძლება ყველაფერი წავართვათ: სიმდიდრე, სიხარული, ბედნიერება, მაგრამ ის, რაც ჩვენს ერთადერთ საკუთრებაში იმყოფება, მხოლოდ სიკვდილია და ჯობს ეს კარგად გავიაზროთ. ყოველი ჩვენგანი ყოველ დილით იღვიძებს ისე, თითქოს ეს სამუდამოდ გაგრძელდება, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს ტკივილი შეგვიპყრობს, თავის ბრჭყალებს ჩაგვასობს და აღარასდროს გაგვიშვებს. ნეტავ ჩვენი ცნობიერება სამუდამოდ თან გვსდევდეს იმ სამყაროშიც. რა აზრი აქვს სულის უკვდავებას, თუ ჩვენი არსება, ცნობიერება განადგურდება, მაშინ აღარ გვემახსოვრება ჩვენი წარსული, ადამიანები, რომლებიც გვიყვარდა და საკუთარი „მე“. სიკვდილი ყველა ენაზე ნიშნავს, გაქრობს, არარაობას. მხოლოდ ქართულში გვაქვს სიტყვა "გარდაცვალება", რომელიც მიუთითებს ერთი სამყაროდან, მეორეში გადასვლას. იქნებ ასეც არის, იქნებ არ დავიკარგოთ გარდაუვალ უსასრულობაში, იქებ იქაც შევძლოთ სიცოცხლე.....

image

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:თეა აბუაშვილი
თეა აბუაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0