x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
" იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს."

image
წიგნი ადამიანს გარკვეულწილად ცვლის და ეს ცვლილება აისახება მის მსოფლმხედველობასა და აღქმაზე. არსებობენ ავტორები, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან მეხსიერებაში, ან უკვალოდ ქრებიან ჩვენი გონებიდან. მიგელ დე უნამუნო არის ავტორი, რომელიც თავს გამახსოვრებს საკუთარი წერის მანერით, ფორმით, რომელიც გამოარჩევს სხვა მწერლებისგან. მისი ხელწერა არის განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ არ გამოირჩევა მხატვრული სიღრმით, რაც ბევრი შემოქმედის „კოზირს“ წარმოადგენს. უნამუნო არის არა გულის, არამედ გონების მწერალი. მისი ყოველი სიტყვა გაჟღენთილია ფილოსოფიით, ჭეშმარიტების ძიება მუდამ თან სდევს მის ყველა პერსონაჟს. უნამუნო აღიარებს, რომ მთავარი არა ჭეშმარიტების პოვნა, არამედ მისი ძიების პროცესია, რაც ყოველი ჩვენთაგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ეს აზრი აქცევს უნამუნოს, საუკუნის ყველაზე დიდ სკეპტიკოსად, რაც გამოიხატება არა მარტო დაეჭვებაში, არამედ ძიებაშიც. მისი წერის ფორმის ასეთი რადიკალური სხვაობა, ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ესპანური ენა არ წარმოადგენს მის მშობლიურ ენას, იგი ბასკია, რაც მის შემოქმედებას მკვეთრ ხაზს უზვამს. იგი ფიქრობს მშობლიურ ენაზე და გადმოსცემს ესპანურზე, რაც სძენს ორიგინალურობას უნამუნოს შემოქმედებას. იგი არ ეკუთვნის რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობას, მაგრამ მის რომანებს დიდი დაღი აქვთ დასმული ეგზისტენციალიზმისა. უნამუნოს შემოქმედება ანარეკლია მისი პირადი, ტრაგიკული ცხოვრებისა, რაც არაერთგზის იჩენს თავს უნამუნოს რომანებში. მისი პერსონაჟები, თითქოს, არ არიან ნამდვილები, თითქოს მთელი ცხოვრება ერთ გზას მიუყვებიან და გზის დასასრულიც იციან. რა აქცევს უნამუნოს დიად მწერლად, თუ არა მისი მსოფლმხედველობის მასშტაბურობა, რა მიზეზითაც მისი სახელი უკვდავყოფილია და მის მიერ წამოჭრილი საკითხები დღემდე არ კარგავს აქტუალურობასა და საზოგადოების ინტერესს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მისი რომანები „ქრისტიანობის აგონია“ და „ცხოვრების ტრაგიკული გრძნობის შესახებ ადამიანებსა და ხალხებში“ დღემდე აკრძალულ წიგნთა სიაში შედის, რაც უფრო აცხოველებს ინტერესს მისი შემოქმედებისადმი. უნდა აღინიშნოს ის, რომ მან დაასწრო ეგზისტენციალურ კონცეფციებსა და მხატვრულ ექსპერიმენტებს, რაც დროთა განმავლობაში სააშკარაოზე გამოვიდა. დონ მიგელ უნამუნო არის მწერალი, რომელიც უკვალოდ არ იკარგება გონებიდან. უნამუნოს შემოქმედების გაცნობისას, მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება გრძნობა, თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე მას დაუწერია, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. დიდი იმედი მაქვს, საქართველოშიც ისე შეიყვარებენ დონ მიგელს, როგორც ესპანეთში. ამ სტატიაში კონკრეტულად არ ვისაუბრებ მის რომელიმე რომანზე და შევეცდები ინტერესი უფრო მეტად გაგიღმავოთ მისი რამოდენიმე ციტატით :


„კარგი, მაგრამ, - ვეკითხები საკუთარ თავს, - მაინც რა არის შენი რელიგია? - და თავადვე ვპასუხობ - ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა - ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე, - როგორც წერენ ხოლმე პედანტები, - ვერც იმას დავჯერდები, „ბედს ვერსად წაუხვალო“, რომ აუკვიატებიათ. ვგმობ ამ თქვენს გაქვავებულ იგნორაბიმუს-ს, სულერთია, ვერავინ და ვერაფერი ამაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე; დიახ, მე ვბედავ მივწვდე მიუწვდომელს.“



„ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის.“


ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ის, რომ ჩემი მკითხველი თვითონვე მიხვდეს და შეიგნოს, მე მას არასოდეს შევთავაზებ მზამზარეულ აზრებს.“


„არსებობს სამი ტიპის ადამიანი, ერთნი ჯერ ფიქრობენ და მერე აკეთებენ; ასეთები ფრთხილები არიან, მეორენი არ ფიქრობენ, ისე აკეთებენ; ასეთები გაბედული ადამიანები არიან, მესამენი აკეთებენ და ფიქრობენ ერთდროულად, ანუ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ და აკეთებენ იმას, რაზეც ფიქრობენ; ასეთები ძლიერი ადამიანები არიან.“

image






0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თეა აბუაშვილი
თეა აბუაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0