x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამაოების სევდა

image

ეს საუკუნე იმდენად გადაერთო ტექნოლოგიურ განვითარებაზე, იმდენად გაიმარტივა ყოველდღიური ყოფა ადამიანმა, რომ დაავიწყდა უმთავრესი: ურთიერთობა, მეგობრობა და სიყვარული. ადამიანებს აღარ რჩებათ დრო ერთმანეთისთვის, იმისთვის, რომ იყვნენ ბედნიერები, ლაღები, ისეთები, როგორებიც ღმერთმა შეგვქმნა თავის უზენაეს სამყოფელში. ფული გახდა ადამიანის უმთავრესი საძიებელი, ცხოვრებისეული მიზანი, რომლისკენ სწრაფვაშიც ისინი კარგავენ, ხშირ შემთხვევაში, ყოველგვარ ძალასა და მომხიბვლელობას. მაშინ, როდესაც წლების შემდეგ მიზანი მიღწეულია, მათ ფულის გარდა აღარ რჩებათ არაფერი. მათ აღარ აქვთ უნარი უბრალოდ იცხოვრონ, უბრალოდ უყვარდეთ. ნუ დაკარგავთ ძვირფას წლებს იმის ძიებაში, რაც რეალურად არ გაბედნიერებთ. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ძვირფასი ნივთები, ვაკეთოთ ის, რაც გულით გვწადია, მაგრამ მხოლოდ ისეთი ადამიანები ხვდებიან ამ ყველაფრის ამაოებას, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ბევრი ფულისა და ცარიელი სულის ტრაგედია. ეს ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ჭირს ზღვარი გავავლოთ რეალურ ცხოვრებასა და მის მიღმა არსებულ სამყაროს შორის. ყოველი ადამიანი პატარა სამყაროს წარმოადგენს და ეს სამყარო გაცილებით ვრცელია, ვიდრე თითოეულ ჩვენთაგანს ჰგონია. ყოველი ადამიანი საკუთარ თავში მალავს რეალურ სახეს, რომელიც სხვებისგან მალულად საზრდოობს იმ ხორცითა და სისხლით, რომელიც აერთიანებს რამდენიმე პიროვნულ ვარიაციას. ყველა ირგებს გარკვეულ ნიღაბს ცხოვრებაში და საბოლოოდ ყველას უწევს ამ ნიღბის მოხსნა, დამსხვრევა, რაც გარდაუვალია. საბოლოოდ, ნიღაბთან ერთად ქრება ყველაფერი: ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ ჩვენი არარეალური სახე, მეგობრები, რომლებიც სამუდამოდ ჩვენთან უნდა დარჩენილიყვნენ და სიყვარული, რომელიც არასდროს გაქრებოდა. ადამიანებო გამოფხიზლდით! ნუ მოირგებთ ნიღბებს, შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და აღარ დაგჭირდებათ ცხოვრების თავიდან დაწყება. იმედგაცრუება და ტკივილი მოიტოვეთ წარსულში და ნუ იქცევით ისეთ ადამიანებად, რომელთა დანახვაც ერთ დროს ჟრუანტელს გგვრიდათ. სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, რომ დრო არ გვრჩება ცხოვრებისთვის და თქვენც ნუ გახდებით სხვათა მსგავსად ნიღბების მსხვერპლი, რომელმაც ეს ცხოვრება აქცია ყოველდღიურ ამაოებად.


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:თეა აბუაშვილი
თეა აბუაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0