x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრებს თბილისში
image

რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრებს თბილისში, რომელთა გამოსვლები ბოლო დროს ძალიან მოხშირდა, განსაკუთრებით აღმაშენებლის გამზირზე? სწორედ ასეთი დაჯგუფების წევრებს დაუკავშირდა 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ერთ-ერთი ბარის სიახლოვეს, 25 წლის უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობაც.


როგორც "ჩართულობის და განვითარების ცენტრი" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აცხადებენ, საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა - გიორგი სოხაძე, მეტსახელად "სლეიერა" და ავთანდილ კანდელაკიშვილი - ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, თანაც, თვითმხილველების მტკიცებით, კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა, ჩხუბიც იმის გამო დაიწყო, რომ საფაროვი რუსულად საუბრობდა, ამიტომ უფლებადამცველები ითხოვენ, რომ წაყენებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს უფრო მძიმე ბრალდებით - 109-მუხლით, რაც ეთნიკურ ნიადაგზე ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.


2018 წლის 30 სექტემბერს ბარ "ვარშავის" სიახლოვეს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს, თავდამსხმელები მიიმალნენ, საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. იგი "ჩართულობისა და განვითარების ცენტრში" მუშაობდა. შს სამინისტრომ იმავე დღეს საქმეზე ორი პირი დააკავა. მათგან 20 წლის კანდელაკიშვილს წაყენებული აქვს დამამძიმებელი გარემოებების გარეშე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლი, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო 23 წლის გიორგი სოხაძეს - 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, რაც 2-დან 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.



"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელ ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს, რადგან უფლებადამცველის ცემა და მკვლელობა ჯგუფურად მოხდა, ამ დანაშაულში 3 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც გაათავისუფლეს. მათი მოთხოვნაა, ეს არასრულწლოვანიც მიეცეს პასუხისგებაში და დანარჩენ ორსაც დაუმძიმდეს ბრალი.


"აქ იკვეთება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნები, რასაც 109-ე მუხლი ითვალისწინებს და სწორედ ეს ბრალდება უნდა იყოს მიყენებული სამივე დაკავებულისადმი. მკვლელობა ბარ "ვარშავის" მახლობლად მოხდა და ამ ბარის პერსონალი წინა შემთხვევებსაც იხსენებს, რომ დაკავებულები აგრესიულად იქცეოდნენ წარსულშიც, სწორედ ქსენოფობიური და რასისტული აგრესიით გამოირჩეოდნენ და თავს ესხმოდნენ ან ავიწროებდნენ ბარის უცხოელ სტუმრებს. მაგალითად, რასისტული ეპითეტებით თავს დაესხნენ ფერადკანიანებს, ამბობდნენ, რომ ვინც ქართველი არ არის, ყველა უნდა მოკვდეს.


ბარის თანამშრომლების თქმით, რამდენჯერმე პოლიციაც გამოიძახეს, პოლიცია მივიდა, მაგრამ ოქმი არ შედგა. საბოლოოდ, სწორედ უყურადღებობის გამო მივედით ამ ფატალურ შედეგამდე. ჩვენ ისედაც ვხედავთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის ზრდას, ვხედავთ ნეონაცისტური ჯგუფების გააქტიურებასაც და სწორედ ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ერთ-ერთი შედეგი იმ უყურადღებობისა, რასაც ხელისუფლება იჩენს დაჯგუფებების მიმართ, " - აცხადებს ცქიტიშვილი.


მისივე თქმით, ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის სავარაუდო ლიდერი სწორედ გიორგი სოხაძეა, რომელსაც ბრალად შეუტყობინებლობა აქვს წაყენებული. ის სხვადახვა ფორუმზე "სლეიერას" მეტსახელით ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ფაშისტური კომენტარებით და მოწოდებებით.


"სლეიერი" (ინგლისურად "მკვლელი" - რედ.) არის ამერიკული მძიმე მეტალის ჯგუფი და მეტსახელიც იქიდან აქვს აღებული. ჩვენ ახლა საჯარო სივრცეში მის გამონათქვამებსაც ვკრებთ, რათა გამოძიებას გადავცეთ. ეს სამივე ადამიანი ე.წ ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, რომლებიც ქსენოფობიას და შუღლს აღვივებენ, " - ამბობს ცქიტიშვილი.


ორგანიზაციის იურისტი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ გიორგი სოხაძეს "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე საკმაოდ ბევრი ფოტო და სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც ჩანდა, რომ ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის წევრია, თუმცა ახლა გვერდი წაშლილია.


"ამ ე.წ. ნეონაცისტურ ჯგუფს რაღაც ქვეჯგუფებიც აქვს, რომლებიც სხვადასხვა მოწოდებით გამოირჩევიან, მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც აქვთ და როგორც მითხრეს, გიორგი სოხაძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ის არაერთ ბარშია "გაშავებული", არ უშვებდნენ იმის გამო, რომ უცხოელებს აგრესიულად ექცეოდა. ამ "სლეიერმა" ერთ-ერთ ბარმენთან თავი "მოიწონა", რომ ცემისას უსახლკარო ადამიანი შემოაკვდა. ბარმენმა ამის შესახებ პოლიციაშიც განაცხადა, თუმცა, მისივე თქმით, რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ადამიანი დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, თუმცა, თვითმხილველების თქმით, ჩხუბში უშუალოდ მონაწილეობდა. მეორე დაკავებული, ავთანდილ კანდელაკიშვილი, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია და მკვლელობისთვისაა დაკავებული. ამ მკვლელობაში მონაწილეობდა მესამე პირიც, არასრულწლოვანი. ისიც ამ დაჯგუფების წევრია, თუმცა დაპატიმრებული არ არის.image

1
230
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
230
  
2018, 15 ოქტომბერი, 12:15
მკვლელებს არ ვამართლებ, მაგრამ კეთილი ინებონ საფაროვებმაც, ჯაფაროვებმაც და სხვებმაც და ისაუბრონ ქართულად...
0 1 1