x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ალილოდან" " ჭონას მარნამდე" ანუ რა კავშირია მეღვინეობასა და მომღერლობას შორის

საქართველოში, სადაც მეღვინეობის და მევენახეობის კულტია, ყურძნის კრეფა ერთგვარ სახალხო დღესასწაულს წარმოადგენს თავისი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით. წლევანდელი რთველი კახეთში უკვე ჩათავდა და მხოლოდ რაჭასა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მაღალმთიან რაიონშიღაა შემორჩენილი დაუკრეფელი ყურძენი. აბა რა ჯობს შემოდგომას სოფელში, როცა მარნებში ახლადაჩუხჩუხებული მაჭრის სურნელება იფრქვევა და ქვევრებიდან ღვინის თავბრუდამხვევი ოხშივარი ამოდის.


ჩვენს ქვეყანაში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. მეოცე საუკუნის ბოლოს პოპულარული გახდა ღვინის დაყენება ევროპული მეთოდით, ამიტომ ქვევრებში ღვინის დაყენების ტექნოლოგია ლამის დავიწყებას მიეცა, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო ხანებში შეიქმნა ბევრი ოჯახური მეურნეობა, რომლებიც სწორედ ტრადიციული წესით დამზადებულ ღვინოებს აწარმოებენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ოჯახურ მცირე მეურნეობაზე გვექნება დღეს საუბარი.


„ჭონას მარანი“ ჭონიშვილების საგვარეულო მარანია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში. ოჯახს გააჩნია ნატურალური ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობებს და დაფუძნებულია კახურ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე, რაც გულისხმობს ღვინის ქვევრში დაყენებასა და დავარგებას.

ღვინო იწარმოება საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნიდან. ვენახის მოვლა ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. ვენახის მოვლა, ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და ბოთლში ჩამოსხმა ხორციელდება ოჯახის წევრების მიერ.





image




"ჭონას მარნის" დამაარსებელი, მეპატრონე და სულისჩამდგმელი მიხეილ ჭონიშვილი გახლავთ. ჭონიშვილების ოჯახიდან სულ პირველად მიშას მეუღლე ანა გავიცანი. მშვენიერი, მოდელის აღნაგობის ახალგაზრდა ქალის მიმართ თავიდანვე მეგობრულად განვეწყვე, მაგრამ ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია იმან, რომ ეს სრულიად ახალგაზრდა გოგონა უკვე ოთხი შვილის დედა გახლდათ. მოგვიანებით ანას მეუღლეც გავიცანი - მიხეილი ანსამბლ "ალილოს" სოლისტი და ქართული მრავალხმიანი სიმღერების უბადლო შემსრულებელია. სულ რამდენიმე თვის წინ კი მიშამ მიამბო, რომ მეღვინეობით დაინტერესდა და მცირე ოჯახური საწარმო " ჭონას მარანი" დააარსა. რადგან თელავში რთველზე ჩასვლა უდროობის გამო ვერ მოვახერხე, მიხეილს თბილისში დავუკავშირდი და ვთხოვე რამდენიმე სიტყვით მოეთხრო მის მიერ დაარსებული მარნის შესახებ.




image




- მიხეილ, გვიამბეთ ცოტაოდენი რამ თქვენს შესახებ:


წარმოშობით ვარ ქალაქ თელავიდან. დავიბადე და გავიზარდე თელავში, დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. ამ პერიოდშივე დავიწყე ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელაში სიმღერა (1999 წლიდან).

ამ წლის ბოლოსვე მოვხვდი ბატონ გურამ თამაზაშვილთან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკეთებდა ანსამბლს. აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ამ საოცარ კაცთან, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ამ ანსამბლის ნაკრებიდან შეიქმნა ანსამბლი "ზარები", რომელსაც შემდგომში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაერქვა ანსამბლი "ალილო". 1999 წლიდან დღემდე ვმღერი ჯგუფ ''ალილოში''.
-როდის დაინტერესდით მეღვინეობით და როდიდან გაიხადეთ ის მეორე პროფესიად? ანუ არსებობდა თუ არა ქვენს ოჯახში ღვინის დაყენების
ტრადიციები?
- ჩემი მეღვინეობით დაინტერესება ბავშვობიდანვე დაიწყო, რადგან ოჯახში მრავალ თაობას ჰქონდა ღვინის დაყენების ტრადიცია. მეღვინეობას უფრო სერიოზულად მივუდექი 2010 წლიდან, როდესაც გავაშენეთ საკუთარი ვენახი და დავიწყეთ საკუთარ მარანში საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნის დაწურვა. რაც შეეხება განათლებას, გარკვეული ცოდნა ამ მხრივ მქონდა ოჯახიდან, ასევე ვეცნობოდი ლიტერატურას ამ კუთხით. გავიარე მეღვინეობა-მევენახეობის კურსები ღვინის ეროვნულ სააგენტოში. იმდენად საინტერესო და ამოუწურავი თემაა, რომ დღესაც განვაგრძობ ამ კუთხით განათლებასა და კითხვას.
- თქვენ თვითონ გაქვთ საკუთარი ვენახი თუ ''ჭონას მარნისთვის" ყურძენს გლეხებისგან ყიდულობთ. როგორი მოსავალი მოიწიეთ წელს და დაახლოებით რამდენი ტონა ყურძენი დაწურეთ?
ჩემ ოჯახურ მეურნეობას გაგვაჩნია საკუთარი ვენახები წინანდლის მიკრო ზონაში, სოფელ კურდღელაურში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მეტრზე. ვენახი გაშენებულია ორ ჰექტარზე და მისი მოვლა ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. წელს მივიღეთ დაახლოებით 12 ტონა ყურძენი. ძირითადი ჯიშებია კახური მწვანე, რქაწითელი და საფერავი.







- ღვინოს როგორ ამზადებთ: ევროპულად თუ ტრადიციული კახური მეთოდით - ქვევრში დადუღებით?
ღვინოს ვაყენებთ კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს ღვინის ქვევრში დაყენებასა და დავარგებას. ვენახის მოვლა, ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და ბოთლში ჩამოსხმა - ხორციელდება ოჯახის წევრების მიერ.
image
- როგორც ვიცი, ბოთლის და ეტიკეტის დიზაინი თქვენმა მეუღლემ თავად მოიფიქრა და შეიმუშავა?
- დიახ, ეტიკეტი და "ჭონას მარნის" ემბლემა ანას შემოქმედებაა. პროფესიით მხატვარია და მისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენდა.
image
- და ბაზრის საქმე როგორაა? საქართველოში იყიდება თქვენი ღვინო თუ საზღვარგარეთაც გაგაქვთ?
- ღვინო იყიდება როგორც საქართველოში, ასევე დავიწყეთ მცირე ექსპორტი გერმანიასა და ამერიკაში. ჯერჯერობით რაოდენობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფართო ექსპორტი განვახოციელოთ, თუმცა ყველაფერი წინაა.
- რაც შეეხება გასაღებას. დამეთანხმებით, საქართველოში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გასაღების ბაზარია. რაიმე სახის რეკლამა თუ გაქვთ ან როგორ იზიდავთ კლიენტებს?
- ჯერჯერობით აქტიურ რეკლამას არ ვიყენებ გამომდინარე იქედან, რომ ვზრდი ღვინის სპექტრს. 2018 წლის მოსავლიდან მექნება უკვე 4 სახეობის ღვინო. მანამდე მქონდა მხოლოდ თეთრი (ქარვისფერი) მშრალი ღვინოები: მწვანე, რქაწითელი და მწვანისა და რქაწითელის კუპაჟი. ამ წლიდან მექნება აგრეთვე საფერავი, რის შემდეგაც გამოვიყენებ ალბათ ძირითადად ციფრულ რეკლამას. ასევე ვღებულობ მონაწილეობას სხვადასხვა ღვინის ფესტივალებსა და გამოფენებში.
- როგორ უხამებთ ერთმანეთს მომღერლობას და მეღვინეობას ( მე თუ მკითხავთ, შესანიშავი ტანდემია)?
- მომღერლობა და მეღვინეობა ძალიან უხდება ერთმანეთს და ახლოსაა ისედაც, აქედან გამომდინარე, მსიამოვნებს როგორც ერთი, ასევე მეორე საქმე. ჩვენთან ღვინის დაგემოვნება ხდება ქართული სიმღერის თანხლებით, სადაც მღერიან როგორც ოჯახის წევრები, ასევე სტუმრები, მეგობრები...
- ორიოდე სიტყვა თქვენი ოჯახის შესახებ..
- მყავს მეუღლე და ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი გოგონა.
- და ბოლოს, როგორია "ჭონას მარნის გეგმები?
ჭონას მარანი წლიდან წლამდე იზრდება და ხდება პოპულარული როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ვაპირებთ ექსპორტის გარზდასა და ახალ ბაზრებზე შესვლას. ჩვენი მიმართულებაა ქვევრის ორგანული ღვინო. ამჟამად ვიმყოფებით მარნის გადიდების პროცესში. მომავალი წლისთვის ეს პროცესი დასრულდება და მივიღებთ 20 ტონაზე გათვლილ მარანს. ჩვენი მიმართულება მცირე წარმოების მაღალხარისხიანი ღვინოა, რომელიც როგორც საზღვარგარეთ, აგრეთვე საქართველოში გაიყიდება მაღალ სეგმენტში.
- წარმატებებს გისურვებთ!
image
p.s. როდესაც ჩივიან, რომ საქართველოში წარმატების მიღწევა შეუძლებელია და მიზნის მისაღწევად მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლაა ერთადერთი გამოსავალი, საშინლად ვღიზიანდები და გამუდმებით ვეკამათები ოპონენტს, რომ დღეს ჩვენთანაც მშვენივრად შეიძლება წარმატებული მომავლის შექმნა, ოღონდ ამისთვის ცოდნა, პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ჩემს ირგვლივ უამრავი წარმატებული ადამიანია, რომლებმაც საკუთარი ხელებით შეიქმნეს მომავალი...ჭონიშვილების ოჯახი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. სწორედ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას საქართველო. გვიმრავლოს ასეთი ოჯახები ჩვენს ქვეყანაში!
4
99
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
99
  
2018, 18 ოქტომბერი, 9:20
ოჰ. ნუგო
2018, 18 ოქტომბერი, 9:20
აუცილებლად აქ უნდა გააგრძელო მოღვაწეობა და შრომა, ლელ..მჯერა, რომ მიზანდასახულობა და ბევრი შრომა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. საკუთარ თავზე და შვილებზე ეს უკვე გამოვცადე. გული მტკივა, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა რომ გარბის ქვეყნიდან. აბა თუ მიხვდები, რატომ აქვს ამ და სხვა ასეთ სტატიებს ცოტა ნახვა?- იმიტომ, რომ არავის არ აინტერესებს საქმე, მხოლოდ საღლიცონოდ იცლიან და მერე უკვირთ, რატომ არ გამოსდით არაფერი.
აუცილებლად დავწერ შენზე..იმედია მანამდე ვიცოცხლებ, როცა შენ წარმატებული ქალი იქნები
2018, 18 ოქტომბერი, 0:49
პალიტრა მედია, დააფასეთ ეს ჟურნალისტი დააფასეთ
2018, 17 ოქტომბერი, 18:15
სტატია ხო დიდებულია, მაგრამ P,s.-მა უფრო მეტად მომხიბლა და სტიმული მომცა ჩემი საქმის უკეთ კეთებისა... მეც მუდამ იმის მტკიცებაში ვარ, რომ არ უნდა გავრბოდეთ და აქ ვაშენებდეთ..... :D გავთამამდები და გეტყვი, თუ ჩემი საქმე კარგად აეწყო სტატიას შეგიკვეთავ :D :D :D
0 1 4