x
image
გიო თუთიაშვილი
ციფრული ხელოვნების მუზეუმი
აქ ხელოვნების ნიმუშები ოთახებში თავისუფლად მოძრაობენ, ურთიერთობენ ადამიანებთან, ხან მათზე გავლენას ახდენენ, ხან თვითონ იცვლებიან - მნახველის ქცევის შესაბამისად. აქ ადამიანი და ხელოვნება ერთანეთში ზავდება. აქ შენ ხარ შემოქმედიც და შემოქმედებაც.



image



ეს მორის ციფრული ხელოვნების მუზეუმია.

რაც არ უნდა მეოცნებე იყო, ადვილია, ჩაიკარგო მატერიალურ რეალობაში და სამყაროს უნიკალურობა დაივიწყო. ხელოვნება კი ერთ-ერთი ხერხია რუტინული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად.




image



მხტვრობით მოხიბლული ადამიანები, როგორც წესი, ცდილობენ, არტისტის გრძნობებს ჩაწვდნენ და საკუთარი თავი მხატვრის შემოქმედების ნაწილად წარმოიდგინონ ხოლმე. მეც მახსოვს, როგორ მისეირნია ვან გოგის მზით გადახრუკულ მინდვრებში, ან, საღამოთი, პარიზის, ან გოგენის ჯადოსნურ ხიდზე ვმჯდარვარ და მდინარეში ყვავილები მისვრია.

მე და ჩემნაირებს უკვე შეგვიძლია ბევრი აღარ ვიფანტაზიოროთ, რადგან ტოკიოში მორის ციფრული ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.



image



ეს არის ადგილი, რომელსაც შეუძლია მნახველსა და შემოქმედს შორის ზღვარი წაშალოს.

აქ შეგიძლია იმოქმედო გარემოზე და ისეთი გახადო, როგორიც შენ ხარ.



image



ამ სიმულაციური რეალობის მისაღწევად საჭიროა 520 კომპიუტერი და 470 მაღალტექნოლოგიური პროექტორი და რამდენიმე სფერო: მეცნიერება, ხელოვნება, ტექნოლოგია, დიზაინი.

მუზეუმში ხუთი სხვადასხვა სივრცეა. პირველი - „უსაზღვრო ზონა“ - ინტერაქციულ ციფრულ პეიზაჟებს გვთავაზობს, სადაც მნახველს ამ პეიზაჟებში სასიარულო ბილიკი თავად შეუძლია შექმნას.



image



აქ შეგიძლია ციფრულ ჩანქერში გაიარო, მანათობელ ჩიტებს შეეხო და კომპიუტერულ ტყეებსა და მინდვრებში გაისეირნო. სეზონები განუწყვეტლივ იცვლება, იცვლება ისიც, რასაც ხედავ. დრო გადის, ყველაფერი ბრუნდება, მაგრამ საგნები აღარასოდესაა ისეთი, როგორიც იყო. აქ ზღვარი ნიმუშსა და მნახველს შორის, ინსტალაციასა და ვიზიტორს შორის ქრება. მუდმივად მიედინება ციფრული ხელოვნების ნიმუშები. აწმყო განუწყვეტლივ იცვლება და გარდაისახება ადამიანის მოქმედების შესაბამისად.



image



მეორე ზონა „ათლეტური ტყეა“. აქ შეგიძლია სხეულით გამოცადო და შეიგრძნო გარემო. ეს ფიზიკური, კრეტიული სივრცეა. ადამიანის ტვინში ჰიპოკამპუსის ზრდას უწყობს ხელს და სივრცითი აღქმის ცნობიერებას წვრთნის. აქ შეგიძლია გალაქტიკებს შორის გადახტე; იმოძრაო კოსმიურ სივრცეში, ან იცოცო შავი ხვრელის ღრმულებზე. ან დაიცვა ბალანსი ორ პლანეტას შორის გადებულ ბონდზე, ფერად ნათებაში.



image



„ექსპერიმენტულ ადგილას“, ანუ მესამე ზონაში, შენ შეგიძლია თავად ჩაერიო ხელოვნებაში და მისი შექმნის მონაწილე გახდე. აქ შენ არჩევ პერსონაჟების ხასითსა და მდგომაროებას. შეგიძლია ხელზე დაისვა პეპელა, ან გაუშვა, როცა ყურადრღების სხვა რამეზე გადატანა მოგინდება.

შემდეგი ზონა „ჩირაღდნების ტყეა“. მნახველი სხვადასხვა ფერად განათებაში დგას და აკვირდება, ნათება მოძრაობისას როგორ იცვლება.



image



ბოლო ოთახი „ჩაის სახლია“. თუ გინდოდათ, თავი ალისად წარმოგედგინათ, საოცრებათა ქვეყანაში, მისი განხორციელება სწორედ აქ შეგიძლიათ. შეუკვეთეთ მაჩას ჩაი, რომელიც, ასევე, მომავლის სასმელია და უბრალოდ ისიამოვნეთ, როგორ აყვავდება ყვავილი თქვენს ჭიქაში. თუ არ დაგენანებათ, შეგიძლიათ, მიირთვათ კიდეც.



image



აუცილებლად აღსანიშნავია მუზეუმის მუსიკა, რომელიც, ამ გარემოში მომავლის ხმად ჩაგესმის. ფსიქოდელიური ტრეკებისა და იაპუნური ხალხური მუსიკის შერწყმა სრულიად არარეალურ გარემოს ქმნის.



image



მორის ციფრული ხელოვნების მუზეუმი, ციფრული ხელოვნებით ცნობილმა, არტისტულმა კოლაბორაციამ „თიმლაბმა“ 2018 წელს დააარსა.

„თიმლაბის“ სურვილია, ხელოვნების მეშვეობით გამოიკვლიოს ურთიერთობები ადამიანსა და ბუნებას შორის, პიროვნებასა და სამყაროს შორის. ციფრული ტექნოლოგიები ხელოვნებას ფიზიკური საზღვრებისგან ათავისუფლებს.



image




ყველაფერი ერთ ადამიანშია და ერთი ადამიანი არის ყველაფერში. ყველაფერი უსაზღვრო ცხოვრების განგრძობითობაში არსებობს…. მსხვრევადი, მაგრამ ამავდროულად საოცარი. ჩვენ ვიკვლევთ ახალი ურთიერთობის გზას, რომელიც გადალახავს ზღვარს ადამიანებს შორის, ასევე ადამიანსა და სამყაროს შორის“, - ამბობს „თიმლაბის“ დამფუძნებელი ტოშიუკი ინოკო.


image


მორის მუზეუმში შესვლისას, გირჩევთ, კომფორტული ტანსაცმელი მოირგოთ. სარკეებით სავსე ოთახებში უფრო მოხერხებულად რომ იყოთ, შარვლის ჩაცმა ჯობია.



image



ათლეტური ოთახისთვის კი სპორტული ფეხსაცმელი გამოგადგებათ. თან, ათლეტურ ტყეში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შესვლა, უსაფრთხოების მიზნით, ნებადართულიც არ არის. გალაქტიკებში ხტუნვის გამოცდილება ამის გამო არ უდნა გამოტოვოთ. ფეხსაცმლის ქირაობა იქვეა შესაძლებელი. თუმცა, უკვე მომზადებული რომ მიხვალთ, გამოცვლაში დროს აღარ დაკარგავთ.



image



დამეთანხმებით, ეს საოცარი გარემო მეგობრებისთვის გასაზიარებლად და, განსაკუთრებით, ინსტაგრამის ფოტოებისთვის არაჩვეულებირვი ადგილია. ჩემი რჩევაა, ფერადი ტანსაცმელი გეცვათ, რომ მუზეუმის ჩრდილებში არ ჩაიკარგოთ და თქვენც ვიზუალის გამორჩეული ნაწილი გახდეთ.




image




თუ ტოკიოში ხართ, ამ მუზეუმს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ეწვიოთ. ის კარგი არჩევანია ოჯახური შუადღის გასატარებლად და ყოველდღიური ცხოვრებისგან განსატვირთავად, ან კიდევ იმისთვის, რომ წინასწარ ციფრულ მომავალთან შეხვედრის რეპეტიცია გაიაროთ.

4
45
9-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
45
  
2018, 14 ნოემბერი, 0:14
ჩემსავით ფერადია :)
2018, 11 ოქტომბერი, 14:46
მადლობა მეგობარო
2018, 11 ოქტომბერი, 13:39
ლამაზად წასაკითხი სტატიაა...
0 1 4