x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
-ოლიმპიადაზე მინდა! - როგორ ხვდებიან შემთხვევითი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე
ისინი სულაც არ ბრწყინავენ რეკორდებით და წარმატებებით, თუმცა მაინც ხდებიან ოლიმპიადის გმირები...


მოგეხსენებათ, ოლიმპიადა ასპარეზობაა, რომელზეც მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები გამოდიან. მათი ცხოვრების მიზანი და ოცნება ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებაა, თუმცა თითქმის ყველა ოლიმპიადას ჰყავს რამდენიმე გმირი, რომლებიც ამ ასპარეზობაში მხოლოდ " ოლიმპიური სულის" გამო მოხვდნენ და არა რაიმე წარატების მისაღწევად. ისინი საშინლად გამოდიან, თუმცა ეს ცუდი გამოსვლაც იმდენად კურიოზულია, რომ მაყურებელს დიდხანს ამახსოვრდება. ამის ნათელი მაგალითი იყო მექსიკელი მოთხილამურის გერმან მადრასოს გამოსვლა - ის ფინიშთან უკანასკნელი მიჩანჩალდა, თუმცა ისე ამაყად აფრიალებდა თავისი ქვეყნის დროშას, გეგონებოდათ, ჩემპიონი გახდაო.



image



მაინც როგორ ხვდებიან მსგავსი ათლეტები ოლიმპიურ თამაშებზე?



გასული საუკუნის ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე ეროვნულ ნაკრებებს თავიანთ გუნდებში უფლება ჰქონდათ ნებისმიერი დონის სპორტსმენი აეყვანათ. საკმარისი იყო, მათ რაიმე შედეგი მაინც ეჩვენებინათ ადგილობრივი დონის ტურნირებზე. ამის გამო ოლიმპიადაზე ხვდებოდნენ ათლეტები, რომლებიც ვერანირ კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა მონაწილეებს. ნელ-ნელა იზრდებოდა იმ სპორტმენების უკმაყოფილება, რომლებიც წლობით ვარჯიშობდნენ, თავს იკლავდნენ და მაინც ვერ ხვდებოდნენ ოლიმპიადის მონაწილეეებს შორის, ამიტომ 1988 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო კანონი, რომელსაც ''ედი არწივის წესი'' ეწოდა: ოლიმპიადაში მონაწილეობის პრეტენდენტს უნდა მოეპოვებინა მაღალი რეიტინგი საერთაშორისო შეჯიბრებებეში. თუმცა არც ეს გამორიცხავს ამ დონის ასპარეზობებზე შემთხვევითი სპორტსმენების მოხვედრას, რადგან არსებობს საერთაშორისო შეჯიბრებები, სადაც არც ისე მაღალი დონის სპორტსმენები ასპარეზობენ, სწორედ ამის გამო ოლიმპიადაზე მაინც ხვდებიან "მოყვარულები".

კიდევ ერთი საშუალება დაბალი დონის სპორტსმენების მოსახვედრად ოლიმპიადაზე არის «wildcard»- ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური მოწვევა, რომელსაც აძლევენ ქვეყნებს, სადაც სპორტის რომელიმე სახეობა ეს-ესაა ვითარდება. მაგალითად, ასე გადიან აფრიკელი სპორტსმენები კვალიფიკაციას მათთვის არატიპიურ ზამთრის სახეობებში.




მაიკლ ედვარდსი - "არწივი ედი"





მაიკლ ედვარდსი სწორედ ის სპორტსენია, ვის გამოც ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწვეტილება შეჯიბრებაზე დაეშვათ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებსაც გარკვეული დონის მიღწევები ექნებოდთ. კალგარის 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე დიდი ბრიტანეთი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ იღებდა მონაწილეობას თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში. 25 წლის ედვარდსმა, რომელიც მანამდე მხოლოდ თხილამურებით მთიდან დაშვებაში ასპარეზობდა, სცდა ამ "ტრადიიცის" გამოსწორება.

ბრიტანელი სულაც არ ჰგავდა პროფესიონალ სპორტსმენს: მას ეკეთა სქელჩარჩოიანი სათვალეები, იწონიდა გაცილებით მეტს, ვიდრე ასეთი დონის სპორტმსენს შეშვენის და სპორტის ამ სახეობაში სულ ორიოდე თვე ვარჯიშობდა. მან ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, მაგრამ საუკეთესო იყო თავისი ქვეყნის ჩემპიონატში იმიტომ, რომ იქ მარტო გამოდიოდა და კონკურენტი არ ჰყავდა. ედვარდსი კალგარის " გმირი " გახდა და დაიმსახურა ზედმეტსახელი "არწივი ედი" თავისი მოკლე ნახტომების გამო, მან ყველა დისციპლინაში ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ სამუდამოდ შევიდა ოლიმპიადების ისტორიაში.



ერიკ მუსამბანი




2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე სოკ-მა «wildcard» გაუგზავნა მოცურავეს ეკვატორიალური გვინეიდან ერიკ მუსამბანს, თუმცა მოცურავის წოდება მას ნამდვილად არ შეეფერებოდა: სპორტსმენმა ცურვა ოლიმპიადამდე 8 თვით ადრე ისწავლა და სასტუმროს პატარა აუზში ვარჯიშობდა, რადგან მის მშობლიურ ქალაქში პროფესიონალური აუზი არ იყო. ცურვის ტექნიკა მომავალ ოლიმპიელს მეთევზეებმა შეასწავლეს.

22 წლის მუსამბანი სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე აღმოჩნდა და მხოლოდ აქ იხილა პირველად 50 მეტრი სიგრძის აუზი, რომლის დანახვამ ის, ცოტა არ იყოს, შეაშინა. ერიკისათვის ოლიმპიადა იყო არამარტო პირველი სერიოზული შეჯიბრება, არამედ პირველი გასვლა საზღვარგარეთ. რადგან სპორტსმენს მწვრთნელი არ ჰუავდა, მას სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ ვარჯიშში.

საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მუსამბანს ბრძოლა მოუხდა ტაჯიკ და ნიგერიელ სპორტსმენებთან, თუმცა ორივე მათგანს დისკვალიფიკაცია მისცეს ნაადრევი სტარტის გამო. გვინეელი სპორტსმენი მარტოდმარტო დარჩა უზარმაზარ აუზში. პირველი ნახევრის გადაცურვა მან როგორღაც მოახერხა, მაგრამ უკან დასაბრუნებელ გზაზე მუსამბანი იმდენად დაიღალა, რომ მაყურებლების თვალწინ დაიწყო ჩაძირვა, რადგან ფეხები წაერთა. ასე თუ ისე, ახალგამოჩეკილმა ოლიმპიელმა როგორღაც მოახერხა ფინიშამდე მისვლა, რასაც თითქმის 3 წუთი მოანდომა (ოლიმპიური რეკორდი ამ დისტანციაზე 41 წამია).



რობელ ჰაბტე - ნეპოტიზმის მსხვერპლი





კიდევ ერთი მოცურავე-ეთიოპიელი რობელ ჰაბტე, რომელიც სულ შემთხვევით მოხვდა რიოს ოლიმპიადაზე. მან მუსამბანზე ოდნავ უკეთ დაძლია დისტანცია-1 წუთი და 45 წამი, თუმცა ყურადღება მიიქცია თავისი არასპორტული ფორმით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხაბტე ეთიოპიის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის შვილი იყო.



ფილიპ ბოიტი





კენიელი ფილიპ ბოიტი ოლიმპიადების ერთ-ერთი ცნობილი "თეთრი ლეგენდაა". მან სამ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო მისი გამოსვლა ნაგანოს ოლიმპიურ თამაშზებზე 1998 წელს. ათლეტი სირბილში პატარაობიდან ვარჯიშობდა, მაგრამ თოვლი პირველად მხოლოდ 1995 წელს ნახა ფინეთში ასპარეზობის დროს. ბოიტი იხსენებდა: ''ჰელსინკში -17 გრადუსი იყო, მე მუხლები მეკვეთებოდა და ვეცემოდი თხილამურების ჩაცმის დროს".

რამდენიმეთვიანი ვარჯიშის შემდეგ სპორტსმენი ნაგანოში აღმოჩნდა. დადიოდა ლეგენდები, რომ გუნდში ადგილისათვის ის სხვა კენიელს ეჯიბრებოდა და ისინი ერთად მუშაობდნენ სპორტული აღჭურვილობის შესაძენად. ნაგანოში ბოიტმა მონაწილეობა მიიღი ათკილომეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში და რაღა თქმა უნდა, უკანასკნელი მივიდა ფინიშთან. ოქროს მედალი ნორვეგიელმა ბიორნ დელიმ მოიპოვა, ის მთელი 20 წუთი იდგა ფინიშთან და ელოდებოდა ბოიტს, რომ მისთვის ფინიშამდე მშვიდობიანი მისვლა მიელოცა.

ეს ოლიმპიადა კენიელი და ნორვეგიელი სპორტსმენების დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდა: ფილიპმა თავის პირველ შვილს დელი ბოიტი დაარქვა. ყოფილი სპორტსმენები დღემდე მეგობრობენ ერთმანეთთან.



პიტა ტაუფატაფუა





რიოს ოლიმპიადაზე ეს ცნობილი ტოგელი ტაეკვანდოში ასპარეზობდა, მაგრამ 2017 წელს მან მკვეთრად შეიცვალა სპორტის სახეობა და გადაწყვიტა სათხილამურო სპორტში ეცადა ბედი. სპორტსმენის თქმით, ის ოლიმპიადის დაწყებამდე მხოლოდ 12 კვირა ვარჯიშობდა, თუმცა კონკურენტის არყოლის გამო მაინც მოახერხა სამხრეთ კორეაში მოხვედრა. ტოგელის დებიუტი თხილამურებით 15 კილომეტრიან დისტანციაზე რბოლაში 114 ადგილით დასრულდა, მასზე უარესად მხოლოდ კოლუმბიელი და მექსიკელი გამოვიდნენ. შეჯიბრების დასასრულს მიცემულ ინტერვიუში პიტა კმაყოფილი აღნიშნავდა, რომ მან წარმატებით გაართვა თავი ორ დავალებას: რბოლა სტადიონის დახურვამდე დაასრულა და რაც მთავარია, არ შეჯახებია ხეს, რისიც მას ძალიან ეშინოდა.

2020 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენი ასპარეზობას სრულიად სხვა სახეობაში- უკვე ცურვაში აპირებს. ასე რომ, ის იქნება ერთადერთი სპორტსმენი, ვინც მონაწილეობა მიიღო სამ ოლიმპიადაზე სპორტის სამ სხვადასხვა სახეობაში.



ადრიან სოლანო





ვენესუელელი სპორტსმენი, სამწუხაროდ, ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ფინეთში გამართული მსოფლიო თასის გათამაშების გმირად იქცა თხილამურებით სრიალში. საინფორმაციო საშუალებებმა სოლანოს უწოდეს" ყველაზე ცუდი მოთხილამურე მსოფლიოში". მან აჩვენა სრიალის მეტად უცნაური ხერხი, უამრავჯერ დაეცა, დისტანციიდან გადაუხვია და მოსანიშნად დასმული ჯოხები დაამტვრია.

ტურნირის დაწყებამდე სპორტსმენს უნდოდა შვედეთში ევარჯიშა, მაგრამ სავარჯიშო ბაზამდე მიღწევა ვერ შეძლო-მესაზღვრეებმა არ დაიჯერეს, რომ ის მოთხილამურე იყო და ქვეყნიდან დეპორტი გაუკეთეს.



ვანესა მეი- როგორ მოხვდა ვოლინოს ვირტუოზი ოლიმპიადაზე





2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე სახელგანქთმული მევიოლინე ვანესა მეი სამთო მოთხილამურის როლში მოგვევლინა. მუსიკოსი ტაილანდის დროშის ქვეშ გამოდიოდა. ყველა გაოცებული იყო იმით, თუ როგორ მოახერეხა ვანესამ საკვალიფიკაციო ტურის გავლა, რადგან ის პროფესიული სპორტით არასოდეს ყოფილა დაკავებული. კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება მის გულშემეტკივრებს ოლიმპიადის მსველობისას ელოდათ, რადგან ვანესამ შესარჩევ ტურნირებზე გაცილებით უარესი შედეგები აჩვენა. განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოძიებაც კი ჩაატარა, თუ როგორ მოხვდა მსგავსი დონის "სპორტსმენი" ესოდენ სოლიდურ ასპარეზობაზე. გამოირკვა, რომ იმ შეჯიბრებებზე, სადაც ვანესას კვალიფიკაცია მიანიჭეს, მსაჯებმა კოეფიციენტები სპეციალურად აწიეს იმ კომპანიის დავალებით, რომელიც მევიოლინის სპონსორი გახლდათ და მის გაყვანას ცდილობდა ოლიმპიადაზე. აფიორის მონაწილეები დასაჯეს, თუმცა ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია- ვანესა მეიმ მოახერხა და სამუდამოდ შევიდა ოლიმპიადების ისტორიაში, როგორც ერთადერთი მუსიკოსი სპორტსმენი.

2
167
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
167
  
2018, 12 ოქტომბერი, 23:37
უნდა დავამოკლო სტატიები...ეტყობა ეზარებათ გრძელი სტატიების კითხვა. ისე, სხვათა შორის, დავაკვირდი ერთ რამეს: რაც უფრო ხარისხიანია სტატია, მით ნაკლები ნახვა აქვს (თავს ვიმშვიდებ) :)
2018, 12 ოქტომბერი, 11:51
ვრცელი და ხარისხიანი სტატია ჩვეულ სტილში
0 1 2