x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334504
  • სურათი:441825
პროტოქართველები ბიბლიაში

პროტოქართული ხალხები ბიბლიაში


ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნის - დაბადების მე-10 თავში ჩამოთვლილია ერების დასახელებები, რომელიც წარმოდგებიან იაფეტის 7 ვაჟისგან, ესენია: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშეხი და თირაზი. აქედან ბოლო 3 - თუბალი, მეშექი და თირაზი არიან პროტო-ქართველური ხალხები.


ბიბლიის ეზეკიელის წიგნში კი ჩანს, რომ იუდეველთა ღმერთი პროტოქართველური ხალხების წინააღმდეგ არის განწყობილი და ემუქრება მათ განადგურებით: "ძეო კაცისავ, მიმართე შენი პირი გოგისკენ, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშეხისა და თუბალის უმაღლესი მთავრისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ გოგ, როშის, მეშეხისა და თუბალის უმაღლესო მთავარო! და მოგიტრიალებ შენ და გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ ბრბოს აბჯრითა და ფარით, ყველა მათ, მახვილის დამჭერთ... (ეზეკიელი 38:2; 38:3 და ასევე 39:1)



ასევე ეზეკიელის წიგნში მოხსენიებულია ქართველური ხალხები, რომლებიც აწარმოებდნენ სხვადასხვა ნაწარმს და ვაჭრობდნენ იუდეველებთან: "იავანი, თუბალი და მეშეხი, ესენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი, ადამიანთა სულსა და სპილენძის ჭურჭელში გაძლევდნენ სანაცვლოს." (ეზეკიელი 27:13)


ასევე ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში მოხსენიებულია შემდეგი: " იქ არიან მეშექი, თუბალი და მთელი მისი სიმრავლე. მის ირგვლივაა მისი საფლავები, ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით დახოცილნი, რადგან შიშის ზარი იყო მოგვრილი მათგან ცოცხალთა ქვეყანაში." (ეზეკიელი 32:26)


თუბალი არის იგივე ტიბარენები, პროტოქართული ტომი, ხოლო მეშექი - მესხები არიან.

მაგალითად უძველეს წყაროებში სწორედ ასეა მოხსენიებული ეს ხალხები. ტიგლათ-ფილესერის (მეფობდა ძვ.წ. 1117-1080 წლები) ასირიულ უძველეს დოკუმენტებში და ასევე ასურბანიფალ II-ის (მეფობდა 883-859 წწ.) მეშეხი წოდებულია როგორც მუშქი. მუშქები ანუ მეშეხები სახლობდნენ აღმოსავლეთ ანატოლიის ვრცელ ტერიტორიებზე, ხოლო შემდეგ გადმოინაცვლეს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებისკენ და დასახლდნენ სამხრეთ საქართველოს ისტორიულ რეგიონში - მესხეთში. კლასიკურ წყაროებში შემდგომ ისინი იწოდებიან როგორც მოსხი.


თუბალი ხშირად ასევე დაკავშირებულია თაბალთან, რომელიც დაარსდა ძვ.წ. მე-9 და მე-8 საუკუნეებში სამხრეთ-ცენტრალურ ანატოლიაში. მდინარე ისიკუმის სანაპიროებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თაბალის მეფეთა სია დაწერილია ლუვიურ ენაზე. თაბალი მიჩნეულია, რომ იყო პროტოქართული სამეფო, იმ ხალხისა, რომელიც მიგრირდა ანატოლიაში შავი ზღვის მეტად ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებიდან, დაახლოებით დღევანდელი ტაო-კლარჯეთ-ლაზეთიდან სამხრეთისაკენ და დაარსა ეს სამეფო, ხოლო იმ ხალხს, რომელიც მიგრირდა, ერქვა ტიბარენები. თუმანოვი (1963) აღნიშნავს, რომ თუბალები შესაძლოა დაკავსირებულნი იყვნენ შუმერებისშემდგომ მესოპოტამიურ ქალაქთან - ბად-თიბირასთან.


ტირასი - იაფეტის ყველაზე ახალგაზრდა ვაჟი ასოცირებულია ბიბლიაში მცირე აზიაში დასახლებულ ხალხებთან, რომლებიც არ იყვნენ არც სემიტური, არც ქამიტური, არც თურქმანული და არც ინდო-ევროპული ხალხები, არამედ იყვნენ იბერიელები, მათი განსახლების არეალი საკმაოდ დიდი იყო, იწყებოდა მცირე აზიაში და კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებამდე გრძელდებოდა. (Baker 1992d).

ეს ხალხი ასევე ჩნდება ეგვიპტურ ისტორიულ წყაროებში ტერეშის (ან ტურშა) სახელით. ეს იყო ერთ-ერთი იმ "ზღვის ხალხთაგანი", რომელთაც სცადეს ეგვიპტის დაპყრობა რამზეს III-ის მეფობის მე-8 წელს (ძვ.წ. 1178 წელს.)

შემდგომში კლასიკურ ისტორიულ წყაროებში ეს ერი იხსენიება როგორც ტირსენი. სწორედ ტირსენმა დაუდო სათავე ეტრუსკებს, მას შემდეგ რაც მცირე აზიიდან განდევნილნი იქნენ ევროპისკენ, ინდოე-ევროპელი ხალხების, კერძოდ ფრიგიელების მიერ ძვ.წ. 1100 წელს. ისინი მიგრირდნენ მცირე აზიიდან დასავლეთით, მიაღწიეს, იტალიას ძვ.წ. მე-8 საუკუნეში და მას შემდეგ იქ დასახლდნენ.


პროტოქართული ხალხები ბიბლიაში


რაც შეეხება დასავლეთის იბერიას, დაბადება 10:4, თარშიშს მოიხსენიებს იავანის შვილებს შორის (ელიშას, დოდანიმის და ქითიმთან ერთად). ძველ აღთქმაში თარშიში 30-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. ეს ხალხი მოხსენიებულია როგორც მწარმოებელი, დამმუშავებელი და მომწოდებელი დანარჩენი მსოფლიოსთვის ძვირფასი მეტალების, ძვირფასი ქვების, ბევრი სხვა ეგზოტიკური ნაწარმისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში გადატანილი იყო ფინიკიური გემებით. ბერძნული წყაროების მიხედვით ტარტეზუსი (ტართსო ან თარშიში) დაარსდა ძვ.წ. 1100 წელს ტროელი ლტოლვილების მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ტროაც იბერიელი ხალხის ქალაქი გახლდათ.


ტარტესიელები მინერალების ნაკეთობებს ჰყიდდნენ სარდინიაზე, სადაც შემდგომში მათ კოლონიაც დააარსეს, სახელად "ნორა". ეს ცნობილია ე.წ. "ნორას ხელნაწერებიდან", რომელიც ძვ.წ. 800 წლით თარიღდება. ტარტესიელების მიერ ნაწარმოები მინერალებისა და მეტალის ნაკეთობების მაშინდელი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აღინიშნება სტრაბონის ნაშრომებში (გეოგრაფიკა III, II, 11) ასევე დიოდორუს სიკულუსის (ბიბლიოთეკა ჰისტორიკა V.35) და პლინიუსის მიერ (ნატურალის ჰისტორია III.4, III, 157, XXXIII.31).


სახელი ტარშიში ან თარშიში შესაძლოა მომდინარეობდეს აქადური სიტყვიდან "რაშასუ" (მდნობელი. აქ მადნის ან მეტალის დამმუშავებელი.)

არსებობს მტკიცებულებები, რომ ტარტესიელების ნაწარმი იყიდებოდა ასევე ბრიტანეთის კუნძულებზე. (ზათიაშვილი. 2008)


სტრაბონის მიხედვით ტურდეტანიანები (იგივე ტარტესიელები) არიან განხილულნი, როგორც იბერიელთა შორის ყველაზე ბრძენნი. ისინი იყენებდნენ ანბანურ დამწერლობას, რომ ჩაეწერათ თავიანთი უძველესი ისტორია, პოემები, კანონთა კრებულები, რომელიც, როგორც თავად ტარტესიელები ამბობდნენ 6 ათასი წლისაა" (გეოგრაფიკა. III.I.6)

შესაძლოა ცნობილი და დღემდე გაუშიფრავი "ვოინიჩის მანუსკრიფტი", რომელიც როგორც ჩანს ესპანეთში შეიქმნა, სწორედ ძველ იბერიულ ენაზე იყოს ჩაწერილი.


ქართველური ტომები, რომლებიც ანატოლიის ვრცელ ტერიტორიებზე იყვნენ განსახლებულნი, იყვნენ მეტალურგიის გამოგონებლები. მაგალითად ხალიბები იყვნენ ქართველური ხალხი, რომლებიც სახლობდნენ მდინარე ხალის სანაპიროების გასწვრივ და სწორედ აქედან იღებდნენ სახელსაც.

ამიანუს მარცელინუსის მიხედვით სწორედ ხალიბები იყვნენ ის ხალხი დედამიწაზე, ვინც პირველებმა მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. (Res Gestea XXII.8.21)

ბერძნული სიტყვა ხა-ლუი, რაც ნაწრთობ რკინას ნიშნავს, სწორედ ხალიბებისგან მოდის.


ხალიბები არ იყვნენ რიცხობრივად ძალიან ბევრი, მაგრამ დიდი პატივისცეით სარგებლობდნენ უძველეს სამყაროში სწორედ მათი მეტალურგიული საიდუმლოებების ცოდნის გამო. "ეს ხალხი არ იყო რიცხვმრავალი და ექვემდებარებოდნენ მოსინიკებს (კიდევ ერთი ქართველური ხალხი), და მათი (ხალიბების) უმეტესობა მთელ ცხოვრებას რკინის დამუშავებაში ატარებდა. (ქსენოფონტე, ანაბისისი)


ხალიბები ასევე მოხსენიებულნი არიან, როგორც ჰალიზონები, ჰომეროსის მიერ (ილიადა. II.856-857) როგორც "ხალხი აფარიდან, ალიბედან, სადაც ვერცხლის სამშობლო არის."

შემდგომში ხალიბები მოხსენიებულნი არიან ჰიტიტურ წყაროებში, ჰიტიტები მათ ქვეყანას უწოდებდნენ "ხალი-ვას" ანუ ჰალის ქვეყანას.



სტრაბონის მიხედვით ხალიბების ტერიტორიას "აქვს მაღაროები, მხოლოდ რკინის მაღაროები დღევანდელ დროში, თუმცა უძველეს დროში მას ასევე ჰქონდა ვერცხლის მაღაროები. მისი მთები დაფარულია ხშირი ტყეებით და უამრავი მაღაროთი."


საინტერესოა ჰეროდოტეს აღწერა მოვიყვანოთ აქ კიდევ ერთი ტომისა, სახელად არგიპეი. ის ალთაის რეგიონში იყო განსახლებული, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ხალხი განსახლებული იყო იმ სავაჭრო გზაზე, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ქართველები.


"არავინ ერჩის ამ ხალხს (არგიპეის), ვინაიდან წმინდად მიიჩნევიან, ისინი არ ატარებენ რაიმე საომარ იარაღებს. როდესაც მათი მეზობლები წაკინკლავდებიან, ისინი აგვარებენ კამათს. და თუკი ვინმე მივა მათთან თავშესაფარის სათხოვნელად, ისინი დაიცავენ მთხოვნელთ ყოველგვარი გასაჭირისგან." (სპარსული ომები. IV.23)


"შესაძლოა არგიპეის ხალხი სწორედ იმიტომ იყო მიჩნეული წმინდად და ხელშეუხებლად, რომ ისინი ფლობდნენ მეტალურგიის დიდ ცოდნას, რითაც გარშემო მყოფი ხალხები ვერ დაიკვეხნიდნენ. ისინი ყველა თავისი მეზობლისთვის ქმნიდნენ შეკვეთით იარაღს ამიტომ მათი არსებობა და სიმშვიდე ყველა ხალხს აწყობდა გარშემო. ასეთივე ხელშეუხებლობით სარგებლობნდნე აფრიკის კონტინენტის მეტალურგები." (სულიმირსკი, 1970, გვ. 70)


კიდევ ერთი უძველესი ქართველური ტომი იყო დაიაენი, რომელიც გამოჩნდა პირველად ასირიულ ისტორიულ ჩანაწერებში. ტიგლათფილესერ I-მა ორჯერ გადაკვეთა ტაურუსის ქედი (114 - 1112 წლებში) და შეებრძოლა ნაირის 23 მეფეს, ერთ-ერთი ამ მეფეთაგანი კი იყო ასია (იგივე სიენი) - დაიაენის მეფე. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი სალმანასარ III (859-824 წწ.) დაიაენის მიწებს შეესია და ასევე გაანადგურა ურარტუს დედაქალაქი არზაშკუნი.


ძვ.წ. 700 წელს კიმერიელების შემოსევამ გაანადგურა კოლხთა დედაქალაქი აია. და ძვ.წ. მე-7 საუკუნის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰეგემონები გახდნენ ქაშქაის ქართველური ხალხი. ქაშქებმა ძვ.წ. 1200 წელს დიდი წვლილი შეიტანეს ჰიტიტების იმპერიის განადგურებაში. შემდეგ განსახლდნენ სამხრეთ დასავლეთით, სადაც კონფლიკტი მოუვიდათ ასირიელებთან, მათთან დამარცხდნენ და ჩრდილოეთით დაიწყეს განსახლება, სადაც დასავლეთ ქართველთა, მათ შორის დაიაენელთა ტერიტორიები იწყებოდა, შეერივნენ დანარჩენ ქართველურ ტომებს და დააარსეს აიას ახალი სამეფო დინასტია. კოლხეთის სამეფო კვლავ აღდგა, დედაქალაქით აია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. აია კი დღევანდელი ქუთაისია.


ბევრი ქართველური ტომი, მათ შორის მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები შემდგომ პერიოდში მოექცნენ სპარსეთის კულტურის გავლენის ქვეშ და სამხრეტ კავკასიაში გავრცელდა ზოროასტრიზმი ანუ მაზდეანობა, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა.


ქსენოფონტს აღწერილი აქვს ერთ-ერთი ქართული ტომი - მოსინიკები ძვ.წ. 400 წელს თავის ანაბაზისში. მოსინიკების ქვეყანას ამგვარად აღწერს ქსენოფონტი: "ამ ადგილების უდიდესი ნაწილი შემდგომნაირი იყო: დაბები 80 სტადიონის მანძილზე იყო დაშორებული ერთმანეთისგან. ეს საშუალოდ, ხოლო ზოგიერტი უფრო ახლოს და ზოგი უფრო შორს. თუმცა დაბების მოსახლეებს შეეძლოთ გაეგონათ ყვირილის ხმა თავისი მეზობელი დაბიდან. ამგვარი მჭიდრო დასახლებები იყო მათ ქვეყანაში."



განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
468
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0