x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ყველაზე მაღალანაზღაურებადი უწყების შენობიდან ქუჩაში შუშები ისევ ცვივა
image


თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობიდან შუშა კვლავ ჩამოვარდა და მისი ნამსხვრევები ქუჩაში ეყარა. ამჯერად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, — ეს ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.


ეს სწორედ ის შენობაა, სადაც საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური — საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა განთავსებული და მისი მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე მოღვაწეობს, რომლის შემოსავალი წელიწადში 341 700 ლარს შეადგენს. სწორედ ზუმბურიძის დაქვემდებარებაშია შენობა, სადაც რამდენიმე თვის წინ, შუშის ჩამოვარდნით მოზარდი გადაიცვალა. ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა.


რა ხდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობაში და რატომ ცვივა სისტემატურად შუშები პირდაპირ ქუჩაში, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს? უწყებაში მომხდარი უარყვეს და განაცხადეს, შუშის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი მტკიცებით, შუშა დაზიანდა და მხოლოდ გამოცვალეს, სხვა შემთხვევა არ მომხდარა.



„საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის“ თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე პერიმეტრი მყისიერად შემოიღობა სპეციალური ლენტით და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. საქმე უკვე აღიძრა 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, განხორციელდა დაზიანებული მინების დემონტაჟი ისე, რომ არავინ დაშავებულა, “ - განაცხადეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.


კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა შუშების შემოწმების ღონისძიება და რა მდგომარეობაშია ამჟამად შენობა? უწყებაში პასუხობენ, „მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზას შუშების საშიშროების არსებობა არ დაუდგენია, უსაფრთხოების მიზნით, მთელ პერიმეტრზე დამატებითი სამაგრები გაკეთდა, რაც შუშის ჩამოვარდნას გამორიცხავს.“


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 თებერვალს შუშის ჩამოვარდნას 14 წლის ბიჭის, ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ელექტროსისტემის შენობიდან ჩამოავრდნილი შუშა 6 მოზარდს დაეცა.


ორბელიანის მოედანზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად მოსწავლის დაღუპვასთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლით მოსპობას გულისხმობს.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0