x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არასოდეს არავინ თქვას არასოდეს" - ანა ლაშხელი-ონიანის ხსოვნას

საოცარი რამაა ვირტუალური სამყარო-ძალიან იოლად გაახლოებს ან პირიქით - გაშორებს ადამიანს. ხშირად ხდება, რომ სოციალურ ქსელში გაიცნობ ადამიანს და ის ძალიან ძვირფასი და ახლობელი ხდება შენთვის, თანაც ისე, რომ რეალურ ცხოვრებაში არასოდეს გინახავს. სწორედ ასე გავიცანი ახალგაზრდა მწერალი ანა ლაშხელი ონიანი, უფრო სწორად, ანამდე მისმა გულშიჩამწვდომმა მოთხრობამ "აკვანმა" მიმიყვანა. როდესაც ნოველა პირველად წავიკითხე, მეგონა, რომ ის რომელიმე ცნობილი მწერლის კალამს ეკუთვნოდა, მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი - "აკვანის" ავტორი ერთი სიფრიფანა, უნაზესი სხეულისა და სულის პატრონი კაფანდარა გოგონა აღმოჩნდა. მეგობრობის შეთავაზებაზე ანას უარი არ უთქვამს; ასე გავხდი ანა ლაშხელის რომანტიკული, მეოცნებე, ლამაზი სამყაროს თანამონაწილე. აგერ უკვე სამი წელია სულმოუთქმელად ველოდებოდი მის გვერდზე გამოქვეყნებულ ახალ-ახალ მოთხრობებს, ნოველებსა და სტატუსებს. ასე გავიცანი "მეეზოვე", "ვირტუალური დედა", ''გაუცვეთელი ფეხსაცმელები", " რა მოულოდნელად ბერდებიან მშობლები" და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ნოველა თუ ჩანახატი.



image



ახალგაზრდა მწერალი ქალი ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული - იგი მეგობრებთან ერთად ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება "თბილი სამყაროს" სახელით მიუსაფარ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარებოდა, რის გამოც სატელევიზიო პროექტ "იმედის გმირის“ მონაწილე გახდა. აი, რას ამბობდა ამის შესახებ ანა ლაშხელი:

''- სიტყვა „იმედი“ ძალიან მიყვარს. რაც შეეხება „გმირს“, ეს სიტყვა მე ვერ მოვირგე. ჩემზე გადაღებულ ფილმს რომ ვუყურებ, უხერხულობის მეტს ვერაფერს განვიცდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ტელეკომპანია "იმედს“ და განსაკუთრებით ნინია ახვლედიანს ამ ფილმის გამო. მათ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალეს: ქუჩაში ხალხი მცნობს და თბილად მესალმება. გზაზე მიმავალს მოხუცები მაჩერებენ და მლოცავენ, ეს ძალიან სასიამოვნოა და იმ გადაცემამ ორგანიზაცია“თბილ სამყაროს“ მომავლის სტიმული მისცა. საერთოდ, ბევრი ადამიანია, ვინც უფრო მოირგებდა გმირის სახელს, მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ერთხელაც აუცილებლად მექნება ვარდისფერი სახლი, რომელსაც "იმედის სახლი“ ერქმევა…''


image



მაგრამ სამწუხაროდ, ოცნებები ყოველთვის როდის ხდება: კაცმა არ იცის, რას გიმზადებს ბედისწერა - სწორედ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ანას ფეისბუკ-სტატუსი, რომელიც მან ორიოდე კვირის წინ გამოაქვეყნა და რომელმაც შეძრა ყველა ის ადამიანი, ვინც ვირტუალურად თუ რეალურდ იცნობდა ამ საოცარ, უნიჭიერეს გოგონას:

''-არასოდეს არავინ თქვას არასოდეს...
უკვე მჯერა რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა...და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.
20 დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს.არ ვიტყვი რა.იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს არც თანადგომას.ეს მე უნდა ავაკეთო.დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისთვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის.დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები.ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება.მე არაფრის მეშინია.პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან, ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს...

მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში განწირული არ ხარ, რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები. მიუხედავად იმისა რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას, ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე, ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს.მადლობა უფალს, რომ მომცა შანსი ბრძოლის, იმედის...
მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები, რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება ვიცი.
მადლობა ყველას, ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები, ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ, რომ თქვენთვის მეთქვა, მე არაფრის მეშინია. ყველაფერი არის და იქნება კარგად.

მე დავწერ წიგნს- მე დავამარცხე კიბო".


სამწუხაროდ, საშინელი სენის წინაშე ანას მებრძოლი სულიც კი უძლური აღმოჩნდა. ის ორი დღის წინ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა - ახალგაზრდა ქალის დასუსტებულმა სხეულმა ვერ გაუძლო ქიმიოთერაპიის პირველ კურსს. კიდევ ერთი ნიჭიერი, გამორჩეულად ლამაზი და ფაქიზი სულის ახალგაზრდა ადამიანი დააკლდა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას. საშინლად არ მომწონს გამონათქვამი "ღმერთსაც კარგები უნდა თავისთვისო"... იქნებ ვმკრეხელობ, მაგრამ თუკი ის ასე კეთილია, რატომ ტანჯავს ბავშვებს, სიცოცხლეს უსწრაფავს ნიჭიერ, სიკეთის მთესველ გოგო-ბიჭებს, აუბედურებს დედებს, აობლებს შვილებს... ალბათ მე არ მესმის ამ სამყაროსი!


''მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ,
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს
და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს.'' (ოთარ ჭილაძე)



image


1
169
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
2018, 9 ოქტომბერი, 23:26
:(
0 1 1