x
ოსმალეთის იმპერიის ქართველი დიდი ვეზირები
imageდიდი ვეზირი იყო ოსმალეთის იმპერიის სულთნის მთავარი მინისტრი, რომელიც მონარქის სრული ნდობით სარგებლობდა და პირადად სულთანი ანთავისუფლებდა თანამდებობიდან.


ზუსტად დიდ ვეზირს ჰქონდა იმპერიის ბეჭედი და მას, სახელმწიფო საკითხების გადასაწყვეტად შეეძლო სხვა ვეზირების მოწვევა. ოსმალეთის იმპერიის არსებობის დაწყებით ეტაპზე გამოყენებოდა მხოლოდ თერმინი «ვეზირი».


ოსმალეთის ვეზირი, რომელმაც პირველად მიიღო «დიდი ვეზირი»-ს ტიტული იყო ქარა ჰალილ-ფაშა (დიდი ვეზირი 1364–1387 წლებში, სულთან მურად I-ის დროს).


დიდი ვეზირის წოდების შემოღება საჭირო გახდა, რათა სხვა ვეზირებისგან ყოფილიყო გამორჩეული.



უკანასკნელი დიდი ვეზირი იყო აჰმეთ თევფიქ-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1909, 1918-1919 და 1920-1922 წლებში.


ოსმალეთის იმპერიის არსებობის მანძილზე სულ 280-მდე დიდი ვეზირი იყო, მათ შორის 10 ეთნიკურად ქართველი:

1). გურჯი ჰადიმ მეჰმედ-ფაშა (თურქ.: Gürcü Hadım Mehmed Paşa; დ. 1536 — გ. 13 სექტემბერი, 1626, სტამბოლი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, კაიმაკამი (დიდი ვეზირის მოვალეობის შემსრულებელი), დიდი ვეზირი (21 სექტემბერი 1622 — 5 თებერვალი 1623). 1623 წლის 5 თებერვალს ოპონენტებმა გადააყენეს და კ. როდოსზე გადაასახლეს. მურად IV-ის გამეფების შემდეგ კვლავ დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. მალე დიდი ვეზირი ჩერქეს მეჰმედ-ფაშა ანატოლიაში წავიდა და მის ადგილზე დანიშნეს (1624 წლის 28 მაისი). გურჯი მეჰმედ-ფაშას მოღვაწეობა არ მოსწონდათ იანიჩრებს, რომლებიც აჯანყდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 90 წლის ვეზირი სიკვდილით დასაჯეს.


2). გურჯი მეჰმედ-ფაშა (თურქ.: Gürcü Mehmed Paşa; დ. იმერეთის სამეფო, 1556 — გ. 1665, ბუდინი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (27 სექტემბერი 1651 — 20 ივნისი 1652). ახალგაზრდობისას დაუტყვევებიათ, მონად უყიდია დიდ ვეზირ ქოჯა სინან-ფაშას. 1651 წლის 17 სექტემბერს დანიშნეს დიდ ვეზირად. ამ დროს იმპერია მძიმე მდგომარეობაში იყო, სახელმწიფოს საქმეების მართვაში აქტიურად ერეოდა მეჰმედ IV-ის დედა - თურჰან ჰატიჯე სულთანი. უკვე 90-ს გადაცილებულმა გურჯი მეჰმედ-ფაშამ თავი ვერ გაართვა საქმეს და 1652 წელს გადააყენეს. ამის შემდეგ იყო ოჰრის სანჯაყბეგი, თემიშვარის ბეგლარბეგი 1660-1663 წლებში, კ. კვიპროსის მმართველი 1663-1664 წლებში, ბოლოს ბუდინის ბეგლარბეგი, სადაც გარდაიცვალა 1665 წელს, 109 წლის ასაკში. ის ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ხანდაზმული დიდი ვეზირია.


3). გურჯი აღა იუსუფ-ფაშა (თურქ.:Gürcü Ağa Yusuf Paşa; დ. 1652 — გ. 1713, როდოსი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (20 ნოემბერი 1711 — 11 ნოემბერი 1712), მხედართმთავარი, დიპლომატი. ბავშვობაში ტყვედ წაუყვანიათ, გაუყიდიათ და იანაიჩართა კორპუსში ჩაურიცხავთ. მალე დაწინაურდა. 1711 წლის 9 ნოემბერს ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა გადააყენეს და 20 ნოემბერს დიდ ვეზირად გურჯი იუსუფ-ფაშა დანიშნეს. ამ თანამდებობაზე დარჩა 1712 წლის 12 ნოემბრამდე. გურჯი იუსუფ-ფაშა როდოსზე გადაასახლეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.


4). გურჯი ისმაილ-ფაშა (თურქ.: Gürcü İsmail Paşa; დ. 1668 — გ. 1738) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (12 ივლისი 1735 — 9 იანვარი 1736). ჩაირიცხა იანაიჩართა კორპუსში. 1732 წლის აგვისტოში დაინიშნა რუმელიის პროვინციის გუბერნატორად. დიდი ვეზირის პოსტიდან განთავისუფლების შემდეგ კუნძულ ქიოსზე გადაასახლეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შეიწყალეს.


5). გურჯი ირმისექიზადე მეჰმედ საიდ-ფაშა (თურქ.: Yirmisekizzade Mehmed Said Paşa; დ.? — გ. 1761) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (25 ოქტომბერი 1755 — 1 აპრილი 1756). მამამისი, ირმისექიზადე მეჰმედ ჩელები იყო ოსმალეთის წარმომადგენელი საფრანგეთში 1720–1721 წწ. (მისიის დროს იყო მამამისის პირადი მდივანი). თავისუფლად საუბრობდა ფრანგულად.


6). გურჯი ჰაზინედარ შაჰინ ალი-ფაშა (თურქ.: Hazinedar Şahin Ali Paşa; დ.? — გ. 13 ივნისი, 1789) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (30 აპრილი 1785 — 25 იანვარი 1786).


7). გურჯი ქოჯა იუსუფ-ფაშა (თურქ.: Gürcü Koca Yusuf Paşa; დ. 1730, საქართველო — 1800, ჯიდა) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. ორჯერ ეკავა დიდი ვეზირის თანამდებობა (25 იანვარი 1786 — 28 მაისი 1789, 12 თებერვალი 1791 — 4 მაისი 1792). 1790 წელს დაიკავა ბოსნიის გუბერნატორის თანამდებობა, მომვდევნო წლებში კი გახდა ჯიდას გუბერნატორი.


8). ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა (თურქ.: Kör Yusuf Ziyaüddin Paşa; დ.? — გ. 1819, ჩიოსი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (30 აგვისტო 1798 — 24 აპრილი 1805, მარტი 1809 — 10 აპრილი 1811). ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშას დაბადების თარიღი დღემდე უცნობია. ის იყო ქართული წარმოშობის. მოხვდა ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარზე. 1792 წელს მიიღო ვეზირის წოდება. 1793 წელს დაინიშნა დიარბაქირის ბეგლარბეგად. 1794 წელს იგი გახდა ერზურუმის მმართველი. 1798 წლის 30 აგვისტოს სულთან სელიმ III-მ ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნა საფრანბოლულუ იზეთ მეჰმეთ-ფაშას ნაცვლად. 1805 წლის 24 აპრილს ზიაუდინ-ფაშა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის მაგივრად დიდ ვეზირად ჰაფიზ ისმაილ-ფაშა დაინიშნა. დანიშნა ტრაბზონის გამგებლად. ცოტა ხანში ერზურუმში დაიწყო აჯანყება და ზიაუდინ-ფაშა მის გამგებლად დანიშნეს, რათა ჩაეხშო აჯანყება და მან ეს მოახერხა კიდეც. 1808 წელს იგი სერასკერის გამგებლად დანიშნეს. 1809 წლის მარტში ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა კვლავ დანიშნეს იმპერიის დიდ ვეზირის თანამდებობაზე ჩავუშბაში მემიშ-ფაშას ნაცვლად. ზიაუდინ-ფაშას ხელმეორედ მმართველობის პერიოდში ოსმალეთის სულთანი მაჰმუდ II იყო. 1811 წლის 24 აპრილს ზიაუდინ-ფაშა კვლავ გაათავისუფლეს დიდი ვეზირის თანამდებობიდან და დანიშნეს როდოსის მმართველად. 1815 წელს ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა დაინიშნა კუნძულ ეუბეას მმართველად. 1817 წელს კი ჩიოსზე გაგზავნეს.


9). ჰურშიდ აჰმედ-ფაშა (თურქ.: Hurşid Ahmed Paşa; დ.? — გ. 30 ნოემბერი, 1822) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (5 სექტემბერი 1812 — 1 აპრილი 1815).


10). მაჰმუდ ნედიმ-ფაშა (თურქ.: Mahmud Nedim Paşa; დ. 1818 — გ. 14 მაისი 1883) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი (7 სექტემბერი 1871 — 31 ივლისი 1872, 26 აგვისტო 1875 — 12 მაისი 1876).


0
752
3-ს მოსწონს
ავტორი:ვასილ პაპავა
ვასილ პაპავა
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0