x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
«სეკურიტატე» – კომუნისტური რუმინეთის უშიშროების სამსახური (1948–1989)
«სეკურიტატე» – კომუნისტური რუმინეთის უშიშროების სამსახური (1948–1989)

«სეკურიტატე»-ს ოფიცრები«სეკურიტატე» (რუმ. Securitate — «უსაფრთხოება»), ოფიციალური სახელწოდება რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის შსს-ს «სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი» (რუმ. Departamentul Securităţii Statului) — რუმინეთის სოციალისტურ რესპუბლიკაში აღმასრულებელი ორგანო, რომელიც აერთიანებდა სპეცსამსახურებისა და პოლიტიკური პოლიციის ფუნქციებს.


— ისტორია —
«სეკურიტატე» დაარსდა 1948 წ. 30 აგვისტოს რუმინეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდიუმის განკარგულებით (221/30), საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, НКВД) უშუალო მხარდაჭერით.

«სეკურიტატე»-ს პირველი დირექტორი იყო გენერალი გეორგ პინტილიე (Gheorghe Pintilie). მისი მოადგილეები იყვნენ ალექსანდრუ ნიკოლსკი (НКВД-ს პოლკოვნიკი: 1948 წლამდე რუმინეთში კურირებდა SMERSH-ის ოპერაციას «მობილური ბრიგადა») და გენერალ-მაიორი ვლადიმერ მაზურუ. «სეკურიტატე»-ს პირველი მდივანი იყო ებრაელი ვილჰელმ ეინჰორნი (Wilhelm Einhorn).


რუმინელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი ვლადიმერ ტისმანეანუ (Vladimir Tismăneanu) წერს: «თუ თქვენ არ იცით პოლიტიკური ჯალათების, გეორგ პინტილიესა და ალექსანდრე ნიკოლსკის შესახებ, თუ რა წვლილი მიუძღვნით მათ რუმინეთში ყველაზე საშინელი სტალინის პერიოდში წარმოებული ტერორში, ასევე თუ არ იცით რა კავშირები გააჩნდათ მათ გეორგ გეორგიუ-დეჟთან და მის გარემოცვასთან, თქვენ გაგიჭირდებათ გაიგოთ სეკურიტატე-ს წარმომავლობა და როლი».

თავდაპირველად, «სეკურიტატე»-ს უამრავი აგენტი წარსულში სამეფო საიდუმლო პოლიციაში («სიგურანცა») მსახურობდა. თუმცა, მალევე გენერალ პენტილიმ ბრძანა დაეპატიმრებინათ ყველა ის თანამშრომელი ვინც მონარქის პერიოდში პოლიციაში მსახურობდა, მათ ადგილებზე კი მან რუმინეთის კომუნისტური პარტიის აქტივისტები დანიშნა, რათა ამით უზრუნველყო კომუნისტური პარტიისადმი სრული ლოიალურობა.

«სეკურიტატე»-ს მთავარი ამოცანა იყო "საშინაო და საგარეო მტრებისგან დემოკრატიული მიღწევების დაცვა და რუმინეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა".


მეთოდები: უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვადასხვა მეთოდით ხორციელდებოდა:
 ზოგადი სადაზვერვო თვალთვალი ("supraveghere informativa generala", შემოკლ. S.I.G.). თვალთვალის პირველადი ფორმა, რომელიც ხორციელდებოდა გარკვეული პიროვნების ან ჯგუფის მიმართ ხანმოკლე დროის მონაკვეთში (როგორც წესი 30 დღე), რათა მომხდარიყო პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება;
 პრიორიტეტული სადაზვერვო თვალთვალი ("supraveghere informativă prioritară", შემოკლ. S.I.P.). შემდგომი ქმედებები უმეტესად ხორციელდებოდა პირზე ან საზოადოების ჯგუფზე, რომლებიც რაღაც მომენტში ოპერატიულ ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ;
 ფაილების დაცვა ("mapă de verificare", შემოკლ. M.V.). პიროვნის შემოწმების საფუძველზე «სეკურიტატე»-ს მიერ მიღებული ინფორმაციის დაარქივების ფორმა.
 ინდივიდუალური თვალთვალის დოსიე ("dosar de urmarire individuală", შემოკლ. D.U.I.). მოიცავდა იმ დოკუმენტებს, რომელსაც გასცემდა უსაფრთხოების განყოფილება პიროვნების ან ჯგუფზე თვალთვალის დროს მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, სადაც მითითებული იყო, რომ თვალთვალის დროს გამოიყენებოდა უფრო რთული ოპერატიული ზომები. ფაილის გახსნა ან მისი დახურვა უნდა დამტკიცებულიყო «სეკურიტატე»-ს ცენტრალური ან ადგილობრივი სამმართველოების უფროსების მიერ (ან მათი მოადგილეების ან უწყებების უფროსების მიერ). პარტიის წევრების შემთხვევაში, ფაილის გახსნისათვის აუცილებელი იყო რუმინეთის კომუნისტური პარტიის (რუმ. Partidul Comunist Român, PCR) ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის თანხმობა;
 ობიექტის დოსიე ("dosar de obiectiv", შემოკლ. D.O.). მასში შედიოდა მსხვილი დაწესებულებების ან ადამიანთა დიდი გაერთიანებების (განათლება, კულტურა, რელიგიური სექტები) საინფორმაციო თვალთვალის, ან უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი დაწესებულებების და ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების დოკუმენტები. საქმის მასალების გასაჯაროვება ხდებოდა ცენტრალური ორგანოების წინადადების საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით.
 პრობლემური დოსიე ("dosar de problemă"). ყოფილი პოლიტპატიმრები, "რკინის გვარდიის" ყოფილი წევრები, რელიგიური ორგანიზაციები და სხვა;
 ელემენტების დოსიე ("dosar de mediu"). მწერლები, მღვდლები და სხვა.


1980-იან წლებში «სეკურიტატე»-მ დაიწყო რუმინეთში განსხვავებული აზრთან ბრძოლის მასიური კამპანია. ამ მიზნისთვის ის მიმართავდა სხვადასხვე ხერხებს: დასავლურ სადაზრვერვო ორგანოებთან თანამშრომლობის დაბრალება, მაქინაციები, ფალსიფიცირება, ჩაშვების ინსტიტუტის გამოყენება, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ერთმანეთთან გადაკიდება, დისიდენტების საჯარო დამცირება, ცენზურის გამკაცრება და ინტელექტუალების მცირედი დამოუკიდებელი ქმედებების ჩახშობა. «სეკურიტატე» თერმინს "ინტელექტუალური" ხშირად იყენებდა უმაღლესი განათლების მქონე დისიდენტების აღსაწერად (უნივერსიტეტების და კოლეჯების სტუდენტები, მწერლები, რეჟისორები და მეცნიერები), რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუმინეთის კომუნისტური პარტიის ფილოსოფიას. მის მერე, რაც «სეკურიტატე»-ს მაღალი რანგის ოფიცერი იონ მიჰაი პაჩეპა დასავლეთში გაიქცა, ჩაუშესკუმ 1978 წ. მისი ლიკვიდაციისთვის $2 მლნ. დააწესა. იასირ არაფატმა და მუამარ კადაფიმ ამ "ჯილდოს" კიდევ $1 მლნ. დაამატეს. 1980-იან წლებში, «სეკურიტატე»-ს თანამშრომლებმა გენერალ ი.მ. პაჩეპას ლიკვიდაციისთვის თითქოს კარლოს ტურა (რამირეს სანჩესი) დაიქირავეს.


ინფორმაციის მისაღებად «სეკურიტატე» ახორციელებდა სახლებში და ოფისებში იძულებით შესვლას და მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას. სატელეფონო საუბრები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა (ყველა შიდა და საერთაშორისო ფაქსი და ტელეგრაფი კონტროლდებოდა). მას შემდეგ, რაც ქვანახშირის მაღაროელების პროფკავშირებმა გაფიცვა გამოაცხადეს, რამდენიმე ლიდერი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ «სეკურიტატე»-ს ექიმებმა მათ ორგანიზმში კიბოს გაღვივებისთვის 5 წუთიანი გულმკერდის რენტგენოგრაფია ჩაუტარეს. მას შემდეგ, რაც შობადობამ იკლო, «სეკურიტატე»-ს აგენტები გინეკოლოგიურ პალატებში განათავსეს ანალიზების შესამოწმებლად, ქალებისთვის კი სავალდებულო გახდა ორსულობის ტესტების ჩატარება, აბორტის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო დიდი ჯარიმები.


«სეკურიტატე»-ს ყოვლისმომცველობა იმდენად მყარად იყო გამჯდარი მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ მათ სჯეროდათ, რომ ოთხიდან ერთი რუმინელი უშიშროების ინფორმატორი იყო. სინამდვილეში, 43 რუმინელზე «სეკურიტატე»-ს 1 აგენტი ან ინფორმატორი იყო გათვალისწინებული. რეჟიმი ხელს უწყობდა ამგვარი გრძნობების გაღვივებას, რადგან მიიჩნევდა, რომ შიშის გრძნობის დათესვა იყო საკმარისი იმისათვის, რომ ხალხი დამორჩილებულიყო ჩაუშესკუს ნებას. მაგალითისთვის, დისიდენტთა ერთი ჯგუფი, «სეკურიტატე»-ს აგენტებისგან თავის დაცვისთვის მხოლოდ სამი ოჯახით შემოიფარგლა. სინამდვილეში, აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურს («შტაზი») გაცილებით დიდი აგენტურული ქსელი გააჩნდა ვიდრე «სეკურიტატე»-ს: ინფორმატორების ჩათვლით, «შტაზი»-ს 6.5 გერმანელზე ერთი ჯაშუში ჰყავდა.

მიუხედავად იმისა, რომ «სეკურიტატე» ჩაუშესკუს რეჟიმის ხერხემლად მიიჩნეოდა და იარაღის გამოყენებით იცავდა მას 1989 წლის რევოლუციის დროს, მის რიგებში იყვნენ იონ ილიესკუს მომხრეები.

image«სეკურიტატე»-მ, დაარსებიდან მალევე გაითქვა სახელი, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ქვეყნების ყველაზე სასტიკი სპეცსამსახური. «სეკურიტატე»-სთან თანამშრომლობაში თანამედროვე რუმინეთის პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და საზოგადო მოღვაწეთა უმრავლესობაა ეჭვმიტანილი. სხვადასხვა მონაცემებით, სტალინიზმის პერიოდში, რუმინეთის უშიშროების ორგანოებმა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მოკლეს.

აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებთან შედარებით, რუმინეთის უშიშროების სამსახური ერთ-ერთ უმსხვილეს საიდუმლო პოლიციის ძალად მიიჩნეოდა.

«სეკურიტატე»-ს პირველ ბიუჯეტში (1948 წ.) 4, 641 ადამინის შტატი იყო გათვალისწინებული — 1949 წლის თებერვლისთვის შტატში მხოლოდ 3, 549 ადამიანი ფიქსირდებოდა, რომლებიც მოსახლეობის სხვადასხვა ფენიდან იყვნენ: 64% მუშა, 4% გლეხი, 28% კლერკი, 2% სხვადასხვა წარმომავლობის და 2% ინტელექტუალი. 1951 წლისთვის «სეკურიტატე»-ს პერსონალი 5-ჯერ გაიზარდა, ხოლო 1956 წლის იანვარში «სეკურიტატე»-ს უკვე 25, 468 თანამშრომელი ჰყავდა.

1985 წლისთვის, 22 მილიონიანი ქვეყანაში «სეკურიტატე»-ს 11, 000 აგენტი და ნახევარი მილიონი ინფორმატორი ჰყავდა.

imageჩაუშესკუს დროს, «სეკურიტატე» მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საიდუმლო პოლიციად მიიჩნეოდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ათასობით ადამიანის დაპატიმრებაზე, წამებასა და სიკვდილში.


— სტრუქტურა —
ტექნიკური ოპერაციების გენერალური დირექტორატი (General Directorate for Technical Operations)
შეიქმნა 1954 წელს საბჭოთა სპეციალისტების მხარდაჭერით. «სეკურიტატე»-ს სტრუქტურაში მას წამყვანი პოზიცია ეკავა.

უფლებამოსილება: ყველა სახის სატელეკომუნიკაციო არხის თვალთვალი, საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სახლების მოსმენა (სპეციალური მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება).


კონტრდაზვერვის დირექტორატი (Directorate for Counterespionage)
უფლებამოსილება: უცხოელების გადაადგილების მონიტორინგი, რუმინეთის მოქალაქეებთან უცხოელების კონტაქტის აღრიცხვა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ 24 საათის განმავლობაში აღნიშნულ შეხვედრაზე ემცნოთ «სეკურიტატე»-სთვის. უცხოელებს არ ეკრძალებოდათ ქვეყანაში გადაადგილება, თუმა «სეკურიტატე» ცდილობდა არ დაეშვა მათი კონტაქტირება ადგილობრივ მოსახლეობასთან. გარდა ამისა, დირექტორატი დისიდენტებს უცხოეთის საელჩოებში თავშესაფრის მოპოვებაში ხელს უშლიდა.


სასჯელაღსრულების დირექტორატი (Directorate for Penitentiaries)
უფლებამოსილება: რუმინეთის ციხეების, პატიმრების დაკითხვებისა და წამების მართვა. რუმინულ ციხეებში პატიმრები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ რეგულარულად ფიზიკურად უსწორდებოდნენ, უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე, არ აძლევდნენ ოჯახთან გასაუბრების საშუალებას (თუნდაც ფოსტის მეშვეობით).


შიდა უსაფრთხოების დირექტორატი (Directorate for Internal Security)
უფლებამოსილება: თავდაპირველად შეიქმნა რუმინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლისათვის. 1978 წელს მოხდა მისი რეორგანიზება, რომლის შემდეგ ის უშუალოდ ნიკოლაე ჩაუშესკუს დაექვემდებარა და მის კომპეტენციაში შევიდა «სეკურიტატე»-ს დანარჩენი დეპარტამენტების კონტროლი (ანუ, ფაქტიურად ის გახდა «სეკურიტატე — სეკურიტატეში»). დირექტორატის თანამშრომლების მთავარი ამოცანა იყო კომუნისტურ პარტიაში განსხვავებული აზრის მქონე წევრების იდენტიფიცირებისა და "პრობლემური ელემენტების" აღმოფხვრა. ამ დირექტორატს გააჩნდა საკუთარი განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებული იყო ჩაუშესკოსადმი უპირობო ერთგული ადამიანებით.


ვიზებისა და პასპორტების ნაციონალური კომისია (National Commission for Visas and Passports)
უფლებამოსილება: აღნიშნული დეპარტამენტი რუმინეთის მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებისა და ქვეყანაში დაბრუნების კონტროლს ახორციელებდა. ქვეყნის დატოვების პრივილეგია (შვებულებით)მხოლოდ მარტიულ მაღალჩინოსნებს გააჩნდათ. ებრაელები და გერმანელები ვიზებს ისრაელის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობების შუამავლობით იღებდნენ, რომლებიც თითოეულ ემიგრანტისთვის 5-დან 10 ათას დოლარამდე იხდიდნენ. როდესაც, 1988 წელს მოხდა ემიგრაციის კანონების ლიბერალიზაცია, რუმინეთის 40 ათასი მოქალაქე უნგრეთში გაემგზავრა და უკან არ დაბრუნებულან.

სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების დირექტორატი (Directorate for Security Troops)
უფლებამოსილება: დირექტორატი დაარსდა 1940-იანი წლების ბოლოს და 1989 წლისთვის მის რიგებში 20, 000 ჯარისკაცი ირიცხებოდა, რომელთა განკარგულებაში საარტილერიო შეიარაღება და ჯავშანტრანსპორტიორები იყო. დირექტორატს კურირებდა ქვეყნის შსს მინისტრი, რომელიც უშუალოდ ჩაუშესკუს ექვემდებარებოდა. უსაფრთხოების ძალების დანაყოფები იცავდნენ სატელევიზიო და რადიოსადგურებს, სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო დაწესებულებებს. აღნიშნული ქვედანაყოფის მებრძოლები უფრო მკაცრი დისციპლინით გამოირჩეოდნენ (ვიდრე არმია) და ისინი უზრუნველყოფილიყვნენ მსახურების განსაკუთრებული პირობებით, რომელიც არმიის დონეს აღემატებოდა (მაღალი ხელფასები, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და სხვა). ამ ძალების მისია ასევე იყო — სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის განეიტრალება, არეულობების და გაფიცვების ჩახშობა.


მილიციის დირექტორატი (Directorate for Militia)
უფლებამოსილება: შინაგან საქმეთა ორგანოების კონტროლი. 1990 წელს რუმინეთის პოლიციის შემადგენლობაში შევიდა.

დირექტორატის თანამშრომლები ფაქტიურად პოლიციელები იყვნენ. მათ მოვალეობაში შედიოდა არაპოლიტიკური დანაშაულებების გამოძიება, რაიონების პატრულირება და საგზაო მოძრაობის კონტროლი.


დირექტორატი «V» (Directorate V)
უფლებამოსილება: ახორციელებდა თანამდებობის პირებისა და პარტიის ლიდერების უსაფრთხოების დაცვას.


«სეკურიტატე»-ს მემკვიდრე სპეცსამსახურები
1991 წლის შემდეგ რუმინეთის პარლამენტის დადგენილებით მოხდა სპეცსამსახურების რეორგანიზაცია და შეიქმნა შემდეგი უწყებები:
• SRI (რუმ. Serviciul Român de Informaţii) — კონტრდაზვერვა
• SIE (რუმ. Serviciul de Informaţii Externe) — საგარეო დაზვერვა
• SPP (რუმ. Serviciul de Protecţie şi Pază) — მაღალჩინოსნების დაცვა
• STS (რუმ. Serviciul de Telecomunicaţii Speciale) — ტექნიკური დაზვერვა
• ჟანდარმერია (რუმ. Jandarmeria Română)


ლიტერატურა
• (рум.) Gabriel Catalan, Mircea Stănescu, Scurtă istorie a Securităţii («Краткая история Секуритате»)
• Crampton, R. J. (1997), Eastern Europe in the twentieth century and after, Routledge, ISBN 0-415-16422-2
• Turnock, David (1997), The East European economy in context: communism and transition, Routledge, ISBN 0-415-08626-4
• Lavinia Stan, ed., Transitional Justice in Eastern Europe and the Former Soviet Union: Reckoning with the Communist Past, London: Routledge, 2009.
• Lavinia Stan and Rodica Milena Zaharia, "Romania's Intelligence Services. Bridge between the East and the West?", Problems of Post-Communism, vol. 54, no. 1 (January 2007), pp. 3–18.
• Lavinia Stan and Lucian Turcescu, "The Devil's Confessors: Priests, Communists, Spies and Informers", East European Politics and Societies, vol. 19, no. 4 (November 2005), pp. 655–685.
• Lavinia Stan, "Spies, Files and Lies: Explaining the Failure of Access to Securitate Files", Communist and Post-Communist Studies, vol. 37, no. 3 (September 2004), pp. 341–359.
• Lavinia Stan, "Moral Cleansing Romanian Style", Problems of Post-Communism, vol. 49, no. 4 (2002), pp. 52–62.
• Lavinia Stan, "Access to Securitate Files: The Trials and Tribulations of a Romanian Law", East European Politics and Society, vol. 16, no. 1 (December 2002), pp. 55–90.

0
83
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვასილ პაპავა
ვასილ პაპავა
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0