x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ადამიანების სიბრიყვითა და დაუდევრობით განადგურებული ხელოვნების ნიმუშები
ხელოვნების უამრავი ქმნილება დაკარგულა და გამქრალა საუკუნეების წიაღში, განადგურებულა შეშლილი ფანატებისა და ბოროტი ადამიანების ხელით, რომლებიც ხმლით, ცეცხლითა და მჟავათი ესხმოდნენ თავს უნიკალურ ძეგლებსა და ტილოებს. არსებობს არაერთი ხელოვნების ნიმუში, რომლებიც ადამიანების სიბრიყვით, დაუდევრობითა და სრულიად უბრალო შემთხვევითობის წყალობით აღგვილა პირისაგან მიწისა. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ შემთხვევებზე გვექნება საუბარი.



image


მაშ ასე, თქვენ წინაშეა ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც ადამიანთა სიბრიყვისა და დაუდევრობის წყალობით განადგურდა.



ფრესკა "საიდუმლო სერობა"



image



თავისი შედევრი ''საიდუმლო სერობა'' ლეონარდო და ვინჩიმ XV საუკუნეში დახატა. ფრესკა დახატული იქნა სველ ტილოზე, ხელოვანი საღებავებს კვერცხის გულსა და ძმრის ნარევში აზავებდა საუკეთესო ეფექტის მისაღებად. ორიოდე წლის შემდეგ ფრესკამ დაიწყო ჩამოღვენთა და ის გაფუჭებულად იქნა მიჩნეული. XVIII საუკუნეში ფრესკას ჩამოაფარეს ქსოვილი, რომლის შიგნითაც დაგროვდა ნესტი და ქსოვილი კედელს მიეწება. როცა ტილოს ჩამოხსნა სცადეს, მას თან აჰყვა საღებავის ნაწილი. ფრესკის რესტავრაცია 21 წელი მიმდინარეობდა.



გრაგნილი " თოვლიანი მთები"


image



ჩინელი მხატვრის, ციუ რუჩჟოუს მიერ დახატული ''თოვლიანი მთები" აუქციონზე 3, 7 მილიონ დოლარად შეიძინა უცნობმა ხელოვნების მოყვარულმა. გრაგნილი სანაგვეზე იქნა გადაგდებული დამსუფთავებელი კომპანიის მუშების მიერ, რომლებმაც ის უსარგებლო ნივთად მიიჩნიეს. მომენტი სახლში დაყენებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, მაგრამ ხელოვნების ნიმუშის მოძებნის ყოველგვარი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.



ადამიანი, რომელმაც პიკასოს შედევრი გახვრიტა


image


სტივ ვინი ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება მსოფლიოში. მის საკუთრებაშია ლას-ვეგასის კაზინოებისა და სასტუმროების ნახევარზე მეტი. მაგნატი ხელოვნების ნაწარმოებების დიდი კოლექციონერიცაა. სტივის კოლექცია მოიცავს რემბრანდტის, კლოდ მონესა და პიკასოს რამოდენიმე ცნობილ ნამუშევარს. კოლექციის მთავარ სიმდიდრეს პიკასოს ტილო "ძილი" წარმოადგენდა, რომელზეც ასახულია მხატვრის 22 წლის საყვარელი მარია ტერეზა ვალტერი. ვინმა ნახატი 2001 წელს შეიძინა და 2006 წელს მის გაყიდვას საარაკო ფასად - 139 მილიონ დოლარად აპირებდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: როდესაც ვინი თავის საკუთრებას კლიენტს აჩვენებდა, სუსტი მხედველობის და იმის გამო, რომ საუბრის დროს მას ძალიან უყვარდა ხელების ქნევა, შემთხვევით იდაყვი მოარტყა ძვირფას ტილოს და გახია ის.

შედევრის რესტავრირება მილიარდერს 100 000 დოლარი დაუჯდა. ვარაუდობდნენ, რომ ამით სურათის ფასი საგრძნობლად დაეცემოდა. ექსპერტებმა დაზიანებული ნახატი მხოლოდ 85 მილიონ დოლარად შეაფასეს, მაგრამ იღბლიანმა მილიარდერმა პიკასოს რესტავრირებული შედევრი რეკორდულ ფასად - 155 მილიონ დოლარად გაყიდა.




ექსპრესიონისტ მარკ როდკოს ტილო "შავი ყავისფერზე"


image


ეს არის ხელოვნების ქმნილების გაფუჭების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა: დამლაგებელმა, ვლადიმირ უმანეცმა ცნობილი ექპრესიონისტის, მარკ როდკოს 83, 5 მილიონ დოლარად შეფასებულ ტილოზე დააწერა: "ვლადიმერ უმანეცი 12, იელოუიზმის პოტენციური ნიმუში (Vladimir Umanets'12. A Potential Piece of Yellowism). დაკავებულმა ბოროტმოქმედმა თავისი ქმედება ახსნა იმის სურვილით, რომ მას უნდოდა ეჩვენებინა განსხვავება ხელოვნების ნამდვილ ნაწარმოებსა და უაზრო ნაბოდვარს შორის.



ინსტალაცია "ჩემი საწოლი"


image


უმეტეს შემთხვევაში მომსახურე პერსონალი თავის საქმეს საგულდაგულოდ და პირნათლად ასრულებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მათ პედანტობას ხელოვნების ქმნილებები ეწირება. ჩვენს შემთხვევაში საუბარია ტრეისი ეიმნის 150 ათას დოლარად შეფასებულ ინსტალაციაზე ''ჩემი საწოლი''. ინსტალაცია წარმოადგენდა არეულ ლოგინს და მის გარშემო მიმოფანტულ ფლოსტებს, გაზეთებს, დახეულ კოლგოტკებს, საფერფლესა და ჟურნალებს. საგამოფენო დარბაზის მუშამ იფიქრა, რომ ვანდალებმა ხელოვნების ნიმუშის განადგურება სცადეს, ამიტომ მან საგულდაგულოდ აალაგა საწოლის გარშემო მიმობნეული საგნები და გაასწორა არეული ლოგინი (მე თუ მკითხავთ, ეს დამლაგებელი ძალიანაც სწორად მოიქცა.. ხელოვნების ასეთ ნაწარმოებს ხომ თითქმის ყოველ მეორე საძინებელში იპოვით).



ფრესკა, რომელიც ცნობილი გახდა წარუმატებელი რესტავრაციის შემდეგ


image


ელიას გარსია მარტინესის ფრესკა Ecce Homo, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეიქმნა, საეჭვოა ოდესმე პოპულარული გამხდარიყო, რომ არა 80 წლის სესილი ჰიმენესის მიერ ჩატარებული "რესტავრაცია".

მან შენიშნა, რომ ეკლესიის კედელზე დახატული ფრესკა სიძველის და სინესტის გამო ნელ-ნელა იშლებოდა, მოხუცმა ქალმა, რომელიც ეკლესიის მრევლი იყო, დამოუკიდებლად გადაწყვიტა მისი აღდგენა, რის შედეგადაც იესო ქრისტეს სახე მაიმუნისას დაემსგავსა. სურათს ახლა ხუმრობით «Ecce Mono»-ს (მაიმუნს უწოდებენ) ძველი სახელწოდების «Ecce Homo» (ადამიანი)– ის მაგივრად.
ეკლესია, რომელიც ესპანეთის პატარა ქალაქ გორხაში მდებარეობს, სწორედ ჰიმენესის მიერ ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ გახდა ტურისტული ღირსშესანიშნაობა და დღეს აქ ათასობით ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ფრესკის სანახავად.




ბუდას ქანდაკება ჰინდუკუშის მთის ძირას


image


ავღანეთში, ჰინდუკუშის მთის ძირას მდებარე ბუდისტური ქანდაკება 1700 წელს ითვლიდა. 2001 წელს ავღანური მოძრაობა "თალიბანი"-ს ლიდერმა მულა მუჰამედ ომარმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნდა განადგურებულიყო ყველა ძეგლი, რომელსაც ისლამთან საერთო არაფერი ჰქონდა. განადგურებულ ძეგლებს შორის აღმოჩნდა ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბუდას უზარმაზარი ქანდაკებაც.

თალიბებმა ეს ბარბაროსული საქციელი იმით ახსნეს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უარი თქვა ავღანელი ხალხის დახმარებაზე მაშინ, როცა ქვეყანას გვალვები, მიწისძვრა და ომები ტანჯავდა.
მას შემდეგ, რაც ტანკებითა და საზენიტო ქვემეხებით მიყენებულმა სროლებმა ბუდას ქანდაკებას ვერაფერი დააკლო, თალიბებმა ის უბრალო დინამიტით ააფეთქეს.



მუზეუმის თანამშრომელი, რომელმაც ნაპოლეონის სკამი გატეხა


image



2014 წლის დასაწყისში ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოისურვა, წამით ნაპოლეონად ეგრძნო თავი და "ერთი ადგილი" ჩამოდო სკამზე, რომელიც დიდ ფრანგ იმპერატორს ეკუთვნოდა და რომელიც უამრავ ბრძოლაში თან დაჰქონდათ მისთვის. ძვირფასმა ექსპონატმა ვერ გაუძლო "ახალგამომცხვარი ნაპოლეონის" სიმძიმეს და გატყდა.
სკამს რესტავრირება გაუკეთეს და აღადგინეს, ხოლო ბრიყვი მუზეუმის თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.




ადამიანი, რომელმაც 850 000 დოლარად ღირებული ლარნაკი გატეხა


image


2006 წელს ინგლისში, კემბრიჯის მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელზეც სხვა ექსპონატებთან ერთად წარმოდგენილი იყო ცინების დინასტიის სამი ლარნაკი. მუზეუმის თანამშრომლებმა საკმაოდ ბრიყვული გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ეს ლარნაკები დადგეს კიბის თავში, აბსოლუტურად დაუცველ ადგილას... და აი, აქ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა - ერთ-ერთ დამთვალიერებელს, 42 წლის ნიკ ფლინს, რომელიც კიბიდან ჩასვლას აპირებდა, ფეხი გაებლანდა ფეხსაცმლის გახსნილ თასმაში და პირდაპირ ზედ დაეცა ამ ლარნაკებს. ერთ წამში 850 ათასი დოლარის ღირებულების სამი ლარნაკი ფაიფურის ნამსხვრევების გროვად იქცა. ფლინი, მიხვდა რა თავის დანაშაულს, სასწრაფოდ წამოხტა ადგილიდან და მალევე დატოვა მუზეუმი, მაგრამ ის იპოვეს და ბრალი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში წაუყენეს.



ნაცისტების მიერ მოპარული ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც სამუდამოდ გაქრა?


image


1933-1945 წლების განმავლობაში ნაცისტებმა მოიპარეს ევროპული კულტურის ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშების მეხუთედი ნაწილი. უკანასკნელი მონაცემებით, ნაპოვნი არაა დაახლოებით 100 000 უძვირფასესი ხელოვნების საგანი. ნაცისტებს დაპყრობილი ქვეყნებიდან გაჰქონდათ ხელოვნების ნაწარმოებები, რათა გაემდიდრებინათ თავიანთი მუზეუმები და საკუთარი კოლექციები. ისინი ძარცვავდნენ მდიდარი ებრაელების სახლებს, შემდეგ კი მათ პატრონებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ.

ცნობილი "ქარვის ოთახი", რომელიც ეკატერინეს სასახლის ერთ-ერთ დარბაზში მდებარეობდა და შექმნილი იყო მაღალი ხარისხის ქარვის, ალმასების, ზურმუხტების, ნეფრიტის, ონიქსისა და ძოწისაგან, ერთ-ერთია ომის წლებში გამქრალი ხელოვნების ნიმუშებიდან. გერმანელებმა ოთახი დაშალეს და საგანძური გადაიტანეს კალინინგრადის სასახლეში, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში ინახებოდა.
1945 წლის იანვარში ბრიტანეთის ავიაციის გამუდმებული დაბომბვების გამო ფაშისტები იძულებული გახდნენ კვლავ დაეშალათ "ქარვის ოთახი" და გადაეტანათ უსაფრთხო ადგილას, თუ სად - ეს არავინ იცის. "ქარვის ოთახის" ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია.



სკულპტურა "მთვრალი სატირი"


image


თიხისა და თაბაშირისაგან შექმნილმა 1800 წლის სკულპტურამ " მთვრალი სატირი" მარცხენა ფეხი დაკარგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სტუდენტი-ტურისტი ქანდაკებაზე აძვრა უნიკალური სელფის გადასაღებად.



მაიას 2300 წლის ტაძარი


image


მაიას ცივილიზაციის 2300 წლის ტაძარი განადგურებული იქნა გზის მშენებელი მუშების მიერ, რომლებმაც ტაძრის ნანგრევები გზის გასაყვანად გამოიყენეს. უნიკალური რელიქვია ექსკავატორებითა და ბულდოზერებით დაანგრიეს და იქედან გაიტანეს რამოდენიმე ტონა კირქვა-ტაძარი სწორედ ამ მასალით იყო აშენებული. ეს ვანდალური აქტი ჩადენილი იქნა საწვავის ეკონომიის მიზნით-ტაძარი შესანიშნავი ხარისხით კირქვით იყო ნაშენები და თან ის მშენებარე გზასთან ახლოს მდებარეობდა.



ცინების დინასტიის ლარნაკი


image


ამ შესანიშნავი ლარნაკის მფლობელებმა არ იცოდნენ მისი ნამდვილი ფასი, არადა ის მინიმუმ 50 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირდა. მათ გადაწყვიტეს უსარგებლო ნივთისაგან ესოდენ საჭირო ღამის სანათი გაეკეთებინათ - ლარნაკს ძირი გაუხვრიტეს და შინ ნათურიანი ელექტრო-სადენი შეიყვანეს. სანათის ფუნქციას ცინების დინასტიის ლარნაკი 40 წელი ასრულებდა. ერთხელაც ოჯახის მემკვიდრემ გადაწყვიტა, კოლექციონერისათვის ეჩვენებინა ეს ნივთი. სპეციალისტები განცვიფრებული დარჩნენ მისი ხილვით, თუმცა ჩადენილმა ვანდალურმა აქტმა ლარნაკს ფასი საგრძნობლად დაუქვეითა და მის მფლობელს მხოლოდ 5000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს.



ელგინის მარმარილო


image


ელგინის მარმარილო უნიკალური კულტურული რელიკვიაა, რომელიც დემონტირებული იქნა 1800 წელს და საგამოფენოდ გაიგზავნა ბრიტანეთში. ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ მარმარილო ჭუჭყიანი იყო. თავდაპირველად ის გარეცხეს წყლით, შემდეგ კი აზოტის სიმჟავით და ამიაკით და გახეხეს რკინის სახეხით. ზედმეტი გულმოდგინების წყალობით ხელოვნების ნიმუში დაზიანდა და მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა.



ნიკო ფიროსმანი- "მამალი და კრუხ-წიწილა"


image


"მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, კარგ ტანსაცმელში გამოვეწყობოდი, ოთახს დავიქირავებდი და ვხატავდი და ვხატავდი", - ნიკალას ეს ოცნება ბოლომდე აუსრულებელი დარჩა. მხატვარმა, რომლის ნამუშევრები დღეს მილიონებად იყიდება და ჩვენი ქვეყნისთვის დაუფასებელ საგანძურს წარმოადგენს, ბნელ სარდაფში სიცივეში, შიმშილში და სიმარტოვეში დალია სული. ნიკალა ძირითადად დუქნების კედლებზე ან მუყაოზე ხატავდა, ამიტომ დღეს დაზუსტებით არცაა ცნობილი, თუ მისი რამდენი ნამუშევარია დაკარგული ან უბრალოდ გადაღებილი მედუქნეების და ხელოვნებაში გაუთვითცნობირებელი ადამიანების მიერ.

დღეს მინდა ნიკალას ერთი ნახატის ისტორია მოგიყვეთ. საუბარია ფიროსმანის შედევრზე "მამალი და კრუხ-წიწილა".

ფიროსმანის ამ ნახატს თავიდანვე ცუდი ბედი დაჰყვა. ის სრულიად შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. პაპუნა წერეთელი იხსენებდა: “ეზოში რომ ჩავდიოდი, უნებურად ჩემი ყურადღება მიიპყრო მუყაომ, რომელსაც ნაგავთან ერთად ხვეტავდა მეეზოვე. მის ერთ მხარეს რაღაც ლაქები ემჩნეოდა, მეორე კი ყავისფერი იყო, სწორედ იმ ფერის, როგორიც ნიკოს ნახატებია. აღელვებით ვიღებ ხელში მუყაოს და ცხვირსახოცით ვწმენდ ტალახს. დიდი განცვიფრებით ვუყურებ, როგორ აღდგა ჩემ თვალწინ სოფლის ეზო, ქალი, კრუხი წიწილებით.”

“მამალი და კრუხწიწილა” ცოტა ხნით გადაეცა ეროვნულ გალერეას. თაღლითური ჯგუფის წევრები მისი ქვეყნიდან გატანას აპირებდნენ. ნახატი ნახევარ მილიონადაა შეფასებული და მხატვრის 147-ე სამუზეუმო ექსპონატად იქცა.


0
247
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0