x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უფასო ონკოლოგიური კვლევისას დედოფლისწყაროში საკმაოდ ბევრი დაავადებული გამოვლინდა
image


„კოტე მარდალეიშვილის სახელობის ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრისა“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ მედიკოსებმა 29 სექტემბერს დედოფლისწყაროს ახლადაშენებულ საავადმყოფოში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გამართეს. უფასო სამედიცინო კონსულტაციები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მუნიცპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მიეღო მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის: უროლოგის, ონკოლოგის, გასტროენტეროლოგის, ენდოკრინოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, მამოლოგისა და გინეკოლოგის. დედაქალაქის წამყვანი მედიკოსების კაბინეტებთან დილიდან რიგები და მაღალი დაინტერესება შეინიშნებოდა. პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ თბილისში გამგზავრებისა და წამყვან კლინიკებში დიაგნოსტიკისთვის საჭირო ფინანსური სახსრები არ აქვთ, ამდენად ათეულობით წლის მანძილზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კოტროლის გარეშე რჩება. ამ ფონზე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური ექიმები დედოფლისწყაროში ჩადიან და მოსახლეობის გამოკვლევა მათთის საინტერესო კუთხით ადგილზე, სრულიად უფასოდ ხდება.


„ძალიან მნიშვნელოვანია შვილო, მართლა კარგი საქმეა. ძალიან კმაყოფილი ვართ ორგანიზატორებისაც და ექიმებისაც. დღევანდელ გაჭირვებულ ცხოვრებაში ამაზე კარგს რას გააკეთებენ, რომ სოფლებში ჩავიდნენ და გაჭირვებულ მოსახლეობას გვერდით დაუდგნენ, უფასოდ გამოიკვლიონ. ყველას ხომ არ აქვს საშუალება, თბილისში წავიდეს, წარმოუდგენლად მაღალი ფასებია კლინიკებში. მხოლოდ კონსულტაციები 100 ლარამდე ჯდება. ისეთი დრო დაგვიდგა, პენსიონერს, გლეხს, უმრავლესობას არ აქვს ამის საშუალება. სოფლებიდან დედოფლისწყაროში ამოსვლაც გვიჭირს და დედაქალაქში მითუმეტეს. მედიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ ქართველი ერის გაჭრვება, არარეალური ფასები შეამცირონ და, არაფერი დაშავდება თუ წელიწადში ერთხელ რეგიონებში უფასოდ გამოიკვლევენ ადამიანებს. ხშირად უნდა ტარდებოდეს ასეთი აქციები, მითუმეტეს დედოფლისწყაროში სიმსივნის გავრცელების რისკი არსებობსო, ამაზე სულ საუბრობდნენ. ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ჯანმრთელობის ფასი არაფერია ამ ცხოვრებაში, ამიტომ მთელი აქცენტი ჯანმრთელობის დაცვას და მის გაუმჯობესებას უნდა დაეთმოს, “ - აღნიშნავდნენ დედოფლისწყაროელები.



„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს კლინიკას, სადაც დილიდან საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ეწვია. მერი გაესაუბრა როგორც თბილისიდან ჩამოსულ მედიკოსებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იყვნენ მოსულნი. ჯანიაშვილმა მოსახლეობა მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებზე დააკვალიანა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. სხივური მედიცინისა და მარდალეიშვილის კლინიკის მედიკოსებს მერმა მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ სამომავლოდ მერია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს უფასო სამედიცინო აქციების დაგეგმვას, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში.


„დედოფლისწყაროს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხშირად ჩატარდეს უფასო სამედიცინო აქციები ჩვენს რაიონში. კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ამგვარი აქტივობები ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ამიტომაც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა კლინიკებთან მჭიდრო თანამშრომლობა დავამყარეთ. სისხლის ბანკიდან დაწყებული, წითელი ჯვრით გაგრძელებული, სხვა წამყვანი კლინიკების ჩათვლით არაერთხელ იყვნენ როგორც ქალაქ დედოფლისწყაროში, ისე მის სხვადასხვა ზონებში. ვცდილობთ ექიმები მოწყვეტილ სოფლებშიც ჩავიყვანოთ, რათა სრულად ავითვისოთ ტერიტორია და მაქსიმალურად ყველას მივაწვდინოთ ჩვენი კეთილი ნება. ზონების მიხედვით ვგეგმავთ ხოლმე და მიხარია, რომ ჩემი მერობის განმავლობაში ეს ჩვენი მუშაობის ერთერთი აქტიური მიმართულებაა. ამის თაობაზე თქვენი გაზეთიც აქტიურად წერდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რათა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგეს, “ - აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.


„სხივური მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბესიკ სურგულაძე გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას ამბობს, რომ დედოფლისწყაროში 200-მდე პაციენტი გამოიკვლიეს, რომელთა შორის საკმაოდ ბევრი დაავადება დაფიქსირდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ გამოვლინდა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის რამდენიმე შემთხვევაც.


„ჩავატარეთ უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები. მინდა გითხრათ, რომ ასეთ გასვლით ღონისძიებებს ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. ამჯერად ვესტუმრეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს. კახეთის გუბერნატორისა და დედოფლისწყაროს მერის მხარდაჭერით შევძელით აქ ჩამოსვლა და სხვადასხვა პროფილის ექიმის ჩამოყვანა. ათზე მეტი სპეციალისტი ჩამოვიდა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული ეს აქცია, ძალიან დიდი ხელშეწყობა გვქონდა. დატვირთული დღე იყო, ბევრი მსურველი მოვიდა, საბოლოოდ 200-მდე პაციენტი გავსინჯეთ. მე ვფიქრობ, ძალიან საჭირო ღონისძიებებია, რადგან ამ კვლევების შედეგად გამოვლინდა საკმაოდ ბევრი პაციენტი, რომელიც მკურნალობას საჭიროებს და უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ზოგადად, რაიონებში ჭირს ვიწრო სპეციალიზაციის ექიმები, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. მათ შორის რეგიონებში პრობლემაა ონკოლოგების არსებობა, ეს ცოტა სპეციფიური სფეროა. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ასეთი ერთჯერადი უფასო აქციები ტარდება, გადავწყვიტეთ ხელშეკრულებები და მემორანდუმები გავაფორმოთ რეგიონებში მდებარე კლინიკებთან და სოფლების ამბულატორიებთან, რადგანაც ჩვენთვის, დიდი კლინიკებისთვის ამბულატორიები და რაიონული კლინიკები არის პირველი ხაზი. მათ პირველივე ეტაპზე უშუალო შეხება აქვთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან და პათოლოგიების აღმოჩენის შემდეგ ხდება პაციენტების დაკვალიანება. მათ უფრო მეტად ჭირდებათ სპეციალისტების გვერდით დგომა. ხელშეკრულებების ნაწილი უკვე გაფორმებულია, ზოგგან ახლა მიმდინარეობს მემორანდუმის გაფორმების პროცესი. ამ ორმხრივი ვალდებულებების ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, მჭიდრო კავშირი კი ვითარებას ბევრად გააუმჯობესებს და დაავადებების დროულ გამოვლენასა თუ პრევენციას შევძლებთ. ასე რომ, სამომავლოდ, ჩვენც ხშირად ვაპირებთ, მათ შორის საქველმოქმედო, თუ შეღავათიანი პირობებით სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლო იქნება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის, “ - აცხადებს ბესიკ სურგულაძე.


პროცესი კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება. მედიკოსებმა ამჯერად საგარეჯოში გადაინაცვლეს.


0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0