x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ასეთ უბადრუკ მდგომარეობაში არიან რუსები" - გოჩა ბარნოვი
image

მსოფლიო საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნდა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქებს შორის შემდგარი საუბრის სრული ჩანაწერი, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კონსტანტინოპოლს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვეტილი აქვს. ჩანაწერში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ამბობს, რომ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიაა, ძველი ისტორიული დოკუმენტებით დასტურდება, რომ კონსტანტინოპოლმა რუსეთს მხოლოდ დროებით გადასცა უკრაინის მიტროპოლიტების ხელდასმის უფლება და ახლა მსოფლიო საპატრიარქო თავად გადაწყვეტს შვილობილ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს.


საპასუხოდ რუსეთის ეკლესიიდან კეთდება განცხადებები, რომ ეს ისტორიული დოკუმენტები ხელახლაა გადასამოწმებელი და უკრაინის თემაზე დიდ სამეცნიერო დისკუსიაც უნდა გაიმართოს.


კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქებს შორის შეხვედრა 31 აგვისტოს შედგა სტამბულში და ეს ჩანაწერი სწორედ ამ შეხვედრის მთელ დიალოგს ასახავს.



ამ შეხვედრისას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან მოხდა ისტორიულ დოკუმენტების წარდგენა, რომელიც არქივებიდანაა მოპოვებული და სადაც წერია, რომ კონსტანტინეპოლს მოსკოვისთვის კანონიკურ ტერიტორიად არასდროს გადაუცია კიევის მიტროპოლია. გადაეცა მხოლოდ „ფინანსური მიზეზების გამო", აუცილებლობიდან გამომდინარე და ის „დროებით ხასიათს ატარებდა".


„ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს იმას, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიას თავისი კანონიკური უფლებები, რომელიც უკრაინის ეკლესიაზე გააჩნდა, დე იურედ მოსკოვისთვის არასოდეს გადაუცია. ამრიგად, მსოფლიო პატრიარქს აქვს უფლება და მოვალეობა გამოხატოს დედობრივი ზრუნვა უკრაინის ეკლესიაზე ყველა იმ შემთხვევისას, რასაც აუცილებლობად ჩათვლის", - განმარტებულია ტექსტში.


გარდა ამ დოკუმენტების წარდგენისა საინტერესოა ბართლომეოსისა და კირილის დიალოგიც. ბართლომეოს რუსეთის საპატრიარქოს საყვედურსაც უცხადებს. ამბობს, რომ „ერთობა და ერთსულოვნება არ დაუყვია მსოფლიო საპატრიარქოს. ამის განყოფას აკეთებენ ისინი, ვინც მსოფლიო პატრიარქის პრიმატის დაკნინებას ცდილობენ, ძირს უთხრიან კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიას და ცდილობენ "დაამდაბლონ".


მოსკოვის პატრიარქის შეკითხვაზე, ჩვენ გვგულისხმობთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ბართლომეოსის პასუხია - რა თქმა უნდა.


გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელ მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს დაემუქრა შეჩვენებით.


როგორც ბართლომეოსი ამბობს, ალფეევმა საჯარო სივრცეში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მსოფლიო საპატრიარქოს საჩუქრები გაუგზავნა და ალფეევს სთხოვს ან დაამტკიცოს ეს ფაქტი, ან განზრახ ტყუილზე მას დედა-ეკლესია შეაჩვენებს.


როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პატრიარქი კირილი შეეცადა ალფეევისათვის მხარის დაჭერას, თუმცა ბართლომეოსმა რუსეთის პატრიარქს განუცხადა, რომ ალფეევი გამოირჩევა მტრული გრძნობებით კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიის მიმართ და მას რუსეთის პატრიარქმა პასუხი უნდა მოსთხოვოს.


თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი გასაჯაროვდა და ახლა ელოდება იმ დოკუმენტების გასაჯაროვებასაც, სადაც დასაბუთებულია, რომ რუსეთის ეკლესიას უკრაინა სამართავად მე-17 საუკუნეში მხოლოდ დროებით გადაეცა.


„მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს ღიად განუცხადა, რომ ის აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას და ეს ძალიან მალე მოხდება. კონსტანტინოპოლი უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს ყველა იმ დოკუმენტსაც, რომელიც უკრაინისა და რუსეთის ეკლესიების თემას ეხება. ბართლომეოსმა ილარიონ ალფეევსაც მიმართა, რომ ალფეევისგან მხრიდან იყო ცილისწამება, თითქოს პორშენკომ მას ქრთამი გადასცა და თუკი ამას ვერ დაამტკიცებ, მაშნ დედა-ეკელესიისგან წყევლას მიირებ, რადგან ეს ცრუ ბრალდებაა საკუთარი დედა-ეკლესიისადმი. შემდეგ მოსკოვის პატრარქმა ალფეევის დაცვა დაიწყო, თუმცა მასაც მოუწოდა ბართლომეოსმა, რომ პასუხი აგებინოს ალფეევს. ასეთ უბადრუკ მდგომარეობაში არიან რუსები, "- მიიჩნევს ბარნოვი.


მისი პროგნოზით, რუსეთის დიდი ბრძოლის მიუხედავად ოქტობრის ბოლოს ან ნოემბერში უკრაინის ავტოკეფალია უკვე გამოცხადდება. ის ამბობს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მხარდამჭერთ ჯგუფი ისედაც ძალიან დიდია.


„უპირველეს ყოვლისა, რუმინეთი, ვფიქრობ, პოლონეთიც, ალექსანდრია, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ალბანეთი, ელადის ეკლესია, კვიპროსი. საეჭვოა სერბეთი, რადგან მაკედონიის ეკლესიაც ითხოვს ავტოკეფალიას და ალბათ, მათაც მიანიჭებს მსოფლიო პატრიარქო, ამიტომ ამ მიეხრობიან სერბები უკრაინის თემას. ასევე რუსეთის გუნდში მოიაზრება ანტიოქიაც, რომელიც სირიაშია და რუსეთის გავლენის ქვეშაა და ასევე ბულგარეთი, რომელიც მოსკოვის კა-გე-ბეს აგენტებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს პოზიცია ჯერ უცნობია და არ მგონია, რუსეთის მხარე დაიჭიროს. ეს წამგებიანი იქნება, "- აღნიშნავს ბარნოვი.


მისი თქმით, შესაძლებელია რუსეთმა აფხაზეთის ფაქტორით დააშანტაჟოს საქართველო, თუმცა აფხაზებისათვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთის მხრიდან ეს ანტიკანონიკური იქნება, ისეთივე ანტიკანონიკური, როგორიცაა ამერიკის ეკლესია, რომელსაც მხოლოდ რუსეთი და საქართველო აღიარებენ.


„ამერიკის რუსულ ეკლესიას სამწუხაროდ საქართველო აღიარებს და საქართველო და საქართველო ამის გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ამერიკის ეკლესიას რუსეთმა ეთნიკური ნიშნით მისცა ავტოკეფალია. ამიტომაც ახლავე უნდა შეიკრიბოს საქართველოს ეკლესიის სინოდი და დიპტიხიდან გაიტანოს ამერიკის ეკლესია. ეს დაუყოვნებლივ გასაკეთებელი საქმეა, - დასძენს ბარნოვი.



„ველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, შემდეგ რუსეთის საპატრიარქო, ასე რომ, ჯერ ძალიან რთულად არის საქმე", - განაცხადა მოსაყდრე შიომ.


ბარნოვის თქმით, ეს განცხადება ძალიან ცუდია.


„რატომ შემდეგ რუსეთი? რუსეთს ელოდება რას გააკეთებს? ეს პრორუსული განცხადებაა და შემდეგ უკვირთ პრორუსს რატომ მეძახიანო, "- ამბობს ბარნოვი.image

0
325
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0