x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
როზენკროიცერული ცხოვრების წესი - Salutem Punctis Trianguli
image


ხშირად დაწერილა, რომ როზენკროიცერობა არ ნიშნავს რაიმე წრის კუთვნილებას მხოლოდ, რამდენადაც როზენკროიცერობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ცნობიერების გარკვეულ ფორმასა და ეტაპს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი კუთვნილება, წარმომავლობა, სქესი, კანის ფერი, სოციალური სტატუსი თუ სხვა მსგავსი. ქვემოთ შესაძლებელია გაეცნოთ ცხოვრების იმ წესებს, რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში, ამ ტიპის ცნობიერების ადამიანები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მისდევენ. ორდენის ერთ ერთი ამოცანაა, სწორედ ჰარმონიული ცხოვრებისა და თანაცხოვრების დამკვიდრებაა ადამიანთა შორის, რაც ევოლუციის აუცილებელი წინაპირობაა.


როზენკროიცერული ცხოვრების წესი.


1. დილას, სანამ წამოდგები, მადლობა გადაუხადე ღმერთს, რომელიც შენს გულში სუფევს, იმისათვის, რომ გაქვს პატივი ახალი დღე გაატარო მიწიერ ცხოვრებაში, და შესთხოვე ღვთაებრივს მოგანიჭოს შთაგონება მთელი დღის მანძილზე. შემდგომ დადექი სახით აღმოსავლეთისაკენ, აიღე ღრმა სუნთქვა შვიდჯერ და დააკვირდი მაცოცხლებელ ძალას, რომელიც იღვიძებს შენში. ამის შემდეგ შესვი ჭიქა წყალი და შეუდექი შენს ყოველდღიურ საქმიანობას.



2. მიუხედავად ყოველგვარი სირთულისა და განსაცდელისა, მუდამ მიიჩნიე სიცოცხლე უძვირფასეს ძღვნად, რაც კი კოსმოსს ოდესმე ადამიანთათვის უბოძებია, რადგან იგია საშუალება ჩვენი სულიერი ევოლუციისა და იმ ბედნიერების წყარო, რომელსაც დავეძებთ. მეტიც, მიიღე შენი სხეული როგორც შენი სულის ტაძარი და დიდად იზრუნე მასზე.


3. თუკი ეს შეგიძლია, გამოყავი ადგილი შენს სახლში ლოცვისთვის, მედიტაციისთვის და როზენკროიცერული სწავლების მიღებისათვის. აქციე იგი შენს საკუთარ წმინდა კუთხედ, საკუთარ საყდრად და მოარიდე ყოველგვარ საამქვეყნო საკითხებსა და საქმეს.


4. საკვების მიღების წინ, ყოველთვის შემადლე ღვთაებრივს საკვების ქონის ბედნიერებისათვის და იფიქრე ყოველ იმათგანზეც, რომელთაც არ გააჩნიათ დანაყრების შესაძლებლობა. თუკი მარტო ხარ ან ორდენის სხვა წევრებთან ერთად იმყოფები, დაიჭირე ხელები საკვებს ზემოთ, მიმართე ხელისგულები ქვემოთ და გონებაში ან ხმამაღლა წარმოსთქვი ეს სიმბოლური შელოცვა: "დაე, ეს საკვები განიწმინდოს და დაიმუხტოს ჩემი ხელებიდან გამომავალი ვიბრაციით, რათა შეავსოს ჩემი სხეულისა და სულის საჭიროებანი. დაე, ყოველ მშიერს ეწილადოს ეს საკვები და შეხვდეს მისი სარგებლის სულიერი წილი. დაე, იყოს ასე!


5. შენ იცი, რომ ყოველი ადამიანის მიზანი საკუთარი თავის სრულყოფა და უკეთეს ადამიანად ქცევაა. შესაბამისად, გამუდმებით ეცადე გამოაღვიძო და გამოხატო შენი მაცოცხლებელი სულის ღირსებანი. ამგვარად შენ ხელს შეუწყობ საკუთარ ევოლუციას და სამსახურს გაუწევ კაცობრიობის საფუძველს.


6. განმარტოვდი მცირე ხნით ყოველდღიურად, სასურველია საკუთარსავე წმინდა ადგილას და გაუგზავნე სიყვარულის, ჰარმონიისა და ჯანმრთელობის ფიქრები მთლიანად კაცობრიობას და განსაკუთრებით ყველა იმათგანს, ვინც წუხს ფიზიკური და მენტალური სირთულეების გამო. ამასთანავე შესთხოვე ღვთაებრივს დაეხმაროს მათ ყოველმხრივ და დაიცვას ისინი ცხოვრებისეული განსაცდელებისგან რამდენადაც ეს შესაძლებელია.


7. მოიქეცი იმგვარად, რომ ყველამ, ვინ შენთან ერთად ცხოვრობს და შენთან კავშირშია, მიგიჩნიოს სამაგალითოდ და ისურვოს გახდეს შენნაირი. დაე შენი ეთიკა, ნაკარნახევი შენი სინდისის მიერ, იყოს რაც შეიძლება წმინდა, და დაე შენი საზრუნავი მუდმივად იყოს ის, რომ იფიქრო კეთილად, ისაუბრო კეთილად და მოქმედებდე კეთილად.


8. იყავი შემწყნარებელი და დაიცავი განსხვავებულობის უფლება. არასოდეს განსაჯო დადანაშაულების თუ გაკიცხვის მიზნით, რადგანაც შენ არ შეგიძლია სხვისი გულისა და სულის წაკითხვა. შეხედე მათ დიდსულოვნად და გულკეთილად და დაინახე ის რაც საუკეთესოა მათში.


9. იყავი სულგრძელი მათ მიმართ, ვისაც დახმარება ესაჭიროება ან შენზე ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ისე მოაწყვე საკითხნი, რომ ყოველდღე მოახერხო თუნდაც ერთი კარგი საქმის გაკეთება ვინმესთვის. რაც არ უნდა კარგი საქმე გააკეთო, არ იტრაბახო და მადლობა გადაუხადე ღვთაებრივს იმისათვის, რომ მოგცა შესაძლებლობა სხვათა კეთილდღეობას შეუწყო ხელი.


10. იყავი ზომიერი შენს ქცევაში და მოერიდე უკიდურესობებს ყოველგვარ საკითხში. იყავი თავდაჭერილი და ყოველ ვითარებაში მისდიე გზას, რომელიც შუაში ძევს.


11. თუკი შენ გიკავია ძალაუფლების მქონე პოზიცია, არ იამაყო ზედმეტად ამით და არ გაბრუვდე მისით. არასოდეს გამოიყენო შენი პოზიცია იმისათვის, რომ ვინმეს დააძალო იმის გაკეთება, რაც მას არ სურს, ან უსამართლოა, უკანონოა, ან ამორალურია. თავმდაბლობით იტვირთე თანამდებობა და მოახმარე იგი საერთო სიკეთეს.


12. იყავი თანამოაზრე სხვათა და ისაუბრე მზრუნველობით. თუკი აკრიტიკებ, დარწმუნდი რომ ამას ყოველთვის მწყობრად და თანმიმდევრულად აკეთებ. თუკი ვინმე გთხოვს რჩევას საკითხზე რომელიც არ იცი კარგად, თავმდაბლობით აღიარე არცოდნა. არასოდეს დამდაბლდე ტყუილის თქმით, ცილისწამებით თუ სხვისი ავად ხსენებით. თუკი ღვარძლიან ხმებს გაიგონებ, არასოდეს დაუჭირო მხარი მონდომებული ყურის დაგდებით.


13. პატივი ეცი შენი ქვეყნის კანონებს და ეცადე იყო კარგი მოქალაქე. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ადამიანის წინსვლის გადამწყვეტი ფაქტორი ცნობიერების ევოლუციაში მდგომარეობს.


14. იყავი კაცთმოყვარე. მიიღე მთელი კაცობრიობა როგორც საკუთარი ოჯახი. რასის, კულტურისა და რწმენის მიუხედავად, ადამიანები ერთმანეთის ძმანი და დანი არიან. შესაბამისად, ყველა მათგანი თანაბარ პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებს.


15. მიიჩნიე ბუნება ყველაზე მშვენიერ საყდრად და ღვთაებრივი სრულყოფილების დედამიწაზე გამოვლინებად. პატივი ეცი სიცოცხლის ყველა ფორმას და შეხედე ცხოველებს როგორც ცნობიერ და მგრძნობიერე არსებებს და არა როგორც უბრალოდ ცოცხალ არსებებს.


16. იყავი და დარჩი თავისუფალ მოაზროვნედ. იფიქრე შენეულად და არა სხვა ადამიანთა ფიქრების მიხედვით. ამისდა მსგავსად, ყველას მიეცი საშუალება იაზროვნოს თავისუფლად. არ მოახვიო საკუთარი იდეები სხვას თავს და ყოველთვის გახსოვდეს რომ შენი იდეებიც ვითარდება.


17. პატივი ეცი ყველა რელიგიურ თუ ფილოსოფიურ შეხედულებას, თუკი იგი არ ლახავს ადამიანის ღირსებას. არ დაუჭირო მხარი ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის არანაირ ფორმას. საკუთარი რწმენით ცხოვრებისას დარწმუნდი, რომ შენ არც დოგმატური ხარ არც მწვალებლური.


18. იყავი ერთგული საკუთარი სიტყვისა და საქმის. როდესაც იძლევი ღირსების სიტყვას, მიიჩნიე იგი იმ წმინდა ფიცად, რომელიც გაკისრია. თუკი გიწევს დადო ფიცი, იფიქრე ვარდსა და ჯვარზე, როგორც შენი ეთიკური იდეალის სიმბოლოზე და გახსოვდეს, რომ ყოველ ტყუილს რომელსაც იტყვი, თან კარმული შედეგები მოჰყვება შენი მისამართით. მართალია, შესაძლოა სხვათა მოტყუება, მაგრამ ვერავინ გაექცევა ღვთაებრივ სამართალს.


19. თუკი ამის შესაძლებლობა გაქვს და ამის ნებაც, დაეხმარე ორდენს მატერიალურად რათა ხელი შეუწყო მის საქმიანობასა და ამ საქმიანობის განგრძობას.


20. ორდენის მიზანია ხელი შეუწყოს ცნობიერების განვითარებას და მისი საუკუნისეული სწავლების გადაცემას. შესაბამისად, ეცადე შეგეძლოს გადასცე მისი იდეალები და ფილოსოფია მათ, ვინც ეძებს ცოდნას, თუმცაღა ყოველგვარი ძალდატანების მცდელობის გარეშე.


21. არასოდეს შეეცადო დაარწმუნო ვინმე, რომ ორდენის წევრები არიან სრული ჭეშმარიტების მქონე ბრძენები. მათ, ვინც შეიძლება იკითხოს, წარუდგინე საკუთარი თავი ფილოსოფიურ ადამიანად, რომელიც ეძებს სიბრძნეს. არასოდეს მოიტყუო თითქოს იყო როზენკროიცი, არამედ თქვი, რომ შენ ხარ სრულყოფისათვის მოწადინებული როზენკროიცერი.


22. საღამოს, დაძინებამდე, შეაჯამე მიწურული დღე და ეცადე დაინახო რა მხრივ იყო იგი სასარგებლო ან პირიქით. შენს სულსა და გონებაში აწონ-დაწონე რაც იფიქრე, თქვი და გააკეთე დღის განმავლობაში. აქედან მიიღე შენი სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო გაკვეთილები და გააკეთე მტკიცე დასკვნები. როდესაც ამას მორჩები, გაუგზავნე დადებითი ფიქრები სრულიად კაცობრიობას და მიანდე შენი სული ღვთაებრივს სანამ დაიძინებდე.


დაე, იყოს ასე!


0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0