x
image
Culture Express
რა წერილი მიიღო ნანუკა ჟორჟოლიანმა აფხაზეთიდან? ტელეწამყვანის ემოციური მონოლოგი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით
image 26 სექტემბერს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ტელეწამყვანმა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მონოლოგით დაიწყო. ნანუკა ჟორჟოლიანმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მან აფხაზეთში მცხოვრები მაყურებლისგან წერილი მიიღო:



" გამარჯობა, ნანუკა. მე აფხაზეთში ვცხოვრობ. 3 წლის ბიჭი და 6 თვის გოგო მყავს. ძალიან მინდა ქართული საბავშვო წიგნები, მხოლოდ ერთი ქართული წიგნი აქვთ და სამი რუსული. არადა ჩემს ბიჭს ძალიან უყვარს კითხვა, დათვალიერება. ერთიდაიგივე წიგნები მობეზრდა. ჩვენ საჭმელს ძლივს ვყიდულობთ და წიგნები რომ ვუყიდოთ არ გვაქვს ამის საშუალება. არაფერს არ გთხოვთ. მხოლოდ წიგნები მინდა. არ მინდა ჩემი შვილები რეალობას ჩამორჩნენ. - ეს არის ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც ნანუკას შოუს მაყურებლისგან მივიღე აფხაზეთიდან.


პირველი რაც გავაკეთე ამ ადამიანის მისამართი ჩავიწერე, და ბევრი არ მიფიქრია რომ მათთვის საბას წიგნები უნდა გამეგზავნა. სახლში მივედი თუ არა გადმოვალაგე ყველა ქართული საბავშვო წიგნი და გავაგზავნეთ ჩვენთვის დახურულ ზონაში. აფხაზეთში.


თუ როგორ ამას ვერ მოგიყვებით იმიტომ რომ ოფიციალური გზით ეს შეუძლებელი იყო და კარგა ხანს არ ვიცოდი ჩააღწევდა თუ არა ადრესატამდე ჩემი და საბას გზავნილი, რომელსაც ჩემთვის აუხსნელი სიყვარული გავატანე.


რამდენიმე კვირის შემდეგ წერილი მივიღე -

image

ნანუკა, დღეს როგორც იქნა ჩამოვიდა თქვენი წიგნები. ძალიან გაიხარა პატარამ, ძალიან მოეწონა. დიდი მადლობა, იმედი აღარ მქონდა, მიყვარხართ.

ხვალ, სოხუმის დაცემიდან ზუსტად 25 წელი შესრულდება. ზრდასრული, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანის ხნის, 25 წლისაა განცდა, რომელსაც ერთდროულად დაკარგვაც ახლავს თან და მოლოდინიც, ტკივილიც და იმედებიც, სიბრაზეც და სევდიანი სიყვარულიც.


25 წელი კონლიქტის შემდეგ დაბადებული და გაზრდილი მთელი თაობაა, რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს და მხოლოდ გადმოცემით, მშობლებისგან მონაყოლით იციან..

image

რა იციან ჩვენმა შვილებმა აფხაზეთზე?

მათ, ვისაც სოხუმი მხოლოდ საარქივო კადრებში უნახავს, ის ალბათ სანატორიუმებით მოფენილი სანაპირო, მწვანე პალმები და ლურჯ ზღვაში მოცურავე დიდი თეთრი გემები ჰგონია. მაგრამ ამ დიდმა გემმა ერთ დღეს მართლა წამოიყვანა იქიდან ხალხი. აფხაზეთი მხარეა, რომელიც დროსთან ერთად ჩვენს ემოციურ მეხსიერებაში უფრო და უფრო ფერმქრთალდება.


თუ გაგვიმართლა, ვინმე შეუპარა და თანამედროვე სოხუმის, ბიჭვინთის, რწის ტბის სანაპიროს კადრების გადაღება მოასწრო, ფოტოების გამოჩენისთანავე მივაწყდებით ინტერნეტს, ვათვალიერებთ ჩვენი ქვეყნის აბსტრაქტული კუთხის აბსტრაქტულ ქუჩებს, კადრებს უკვე უცნობი აფხაზეთიდან და უნდა ვაღიაროთ რომ სადღაც გულის სიღრმეში გვიხარია რომ ჩვენი ულამაზესი აფხაზეთი რუსებს არაფრად უღირთ და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების ნაცვლად მიწასთან გაასწორეს. სოჭის ოლიმპიური ქალაქის ასაგებად გაანადგურეს აფხაზეთის სანაპირო. სადაც ღარიბი რუსი ტურისტებიც კი აღარ ჩადიან..


ზღვა რომელიც ზოგადად თავისუფლების სიმბოლოა, თითქოს ჩაკეტეს, დააბეს და ჭიქაში მოაქციეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ იქ დარჩენილი და ომის შემდებ დარჩენილი თაობისთვის საქართველოც ისეთი უცხო და აბსტრაქტული მხარეა, როგორც ჩვენთვის აფხაზეთი.


საგზაო ნიშნები დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე, ამინდი პროგნოზი საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, წარწერები გვახსოვდეს აფხაზეთი. ხიდებიდან ავტობანებიდან და თითქოს ჩემი თაობის ცნობიერებიდან ნელ-ნელა ქრება, მაგრამ არ ქრება ადამიანების გულებიდან. გონებიდან. ვისთვისაც სოხუმი ბავშვობა და ბედნიერი ცხოვრების წლებია. პირველი პაემანი ან ბოლო ადგილი, სადაც ბედნიერები იყვნენ.

image

მაგალითად დემნა გვასალიასთვის, რომელმაც თავისი 1 კოლექციით, შეძლო იმაზე მეტი, ვიდრე პოლიტიკამ ამ 25 წლის მანძილზე. თითქოს დემნას ბოლო კოლექციის მაისურის მკლავზე ცრემლიან თვალთან ერთად წარწერამ - სოხუმი, ჩვენი შვილების თაობისთვის აბსოლიტურად უცნობი ტერიტორიის და სივრცის მონატრება და მისი არდათმობის სურვილი გააღვიძა.


და თუ ახლა ისევ მიყურებთ აფხაზეთიდან. გეტყვით რომ მოვიდა თაობა, რომელთაც ომი აღარ ახსოვთ. ისინი ჩვენი თაობის მსგავსად, ამ ტკივილითდა დარდით არ ცხოვრობენ. რადგან მათ არ ჰქონიათ შეხება ომთან, დაპირისპირებასთან. ღვარძლთან, ისინი თავისუფალი სამყაროს შვილები არიან. ზოგს არ სჯერა, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ზოგი კი ოცნებობს, რომ დადგება დღე, როდესაც იტყვიან, სოხუმში მივდივარ დასასვენებლად. " - ნანუკა ჟორჟოლიანი

0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0