x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მუშნი ზარანდიასა და სეგედის საუბარი
image

«მივიღე მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიესგან ოცდახუთი ათასი რუსული მანეთი. პოლკოვნიკი სახნოვი».

– ჟანდარმერიის პოლკოვნიკმა სახნოვმა, – ჩავილაპარაკე მცირედი დუმილის შემდეგ, – შეფის მოადგილემ, საგანგებო საბჭოს წევრმა, დიდი მთავრის ნათლულმა მიიღო ოცდახუთი ათასი რუსული

მანეთი ავსტრო–უნგრეთის ჯაშუშისგან – ფროილაინ ჟანეტ დე ლამიესგან... ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ეს სკანდალია, ეს მისი უდიდებულესობის საერთაშორისო კომპრომეტაციაა!..


მუშნი საიდან გაქვთ ეს ხელწერილი?!

– ჰაჯი–სეიდმა გადმომცა.

– ჰაჯი–სეიდს რატომ უნდა ჰქონოდა ეს?

– მადმუაზელ დე ლამიე ინფორმაციის ვენაში გადასაგზავნად ჰაჯი–სეიდის არხებით სარგებლობს...

– თავი დაანებეთ ზღაპრებს! თქვენი ინსპირირებულია ყველაფერი რაც სახნოვის გარშემო ხდება!

– ეგრეც რომ იყოს, მე მაინც ისე უნდა ვილაპარაკო, როგორც ვლაპარაკობ. მაგრამ, გრაფ, საინტერესო ის არის, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ვლაპარაკობ.

– როგორ, თქვენ დე ლამიესთან პირადი კონტაქტი არ დაგიმყარებიათ?

– ჯერ არა, ზეგ, თქვენო ბრწყინვალებავ, პორუჩიკ სტარინ–კოვალსკისთან მისი დაპირისპირების წინაღამეგ დავამყარებ პირად კონტაქტს. ხვალინდელი დღე, უკეთ ვთქვათ, კულაგინების ვახშამი მჭირდება. ეს საქმე, ყოველ მიზეზს გარეშე, თექვსმეტამდე უნდა მორჩეს. ჩვიდმეტში პაემანი მაქვს სამეგრელოში, დათა თუთაშხიასთან...

– მომითმინეთ... საიდან იცით, თუ რა ხდება სახნოვსა და დე ლამიეს შორის, როცა ისინი მარტონი არიან?

– ჰაჯი–სეიდისგან, თქვენო ბრწყინვალებავ, და ქალბატონ ტერეხოვასგან. ეს მანდილოსანი მეტად ნიჭიერი აღმოჩნდა.

– ბატონო ზარანდია, მე მსურს და მოვალე ვარ, ვიცოდე ყველაფერი!

– თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენ იცით სწორედ იმდენი, რამდენიც მე. ეს უკვე მომხდარს ეხება. ხოლო თუ რა არის მოსალოდნელი, ანუ ვარაუდით რა უნდა დაგვრჩეს ჯამის ხაზს ქვეშ – მზად ვარ, მოგახსენოთ.

– ბრძანეთ... და უზღაპრებოდ თუ შეიძლება!

– გრაფ, – სიცილით მითხრა ზარანდიამ, – თქვენ სრული უფლება გაქვთ, დაეჭვდეთ ჩემს სიმართლესა და გულახდილობაში, მაგრამ არავითარი საფუძველი არ გაგაჩნიათ, ეჭვი შეიტანოთ ჩემს ერთგულებაში!

– მუშნი, ადამიანები, ხშირად ხდება, მათგან მოულოდნელ თვისებებს ამჟღავნებენ ხოლმე. განაგრძეთ!

ზარანდიამ თავი სინანულით დააქიცინა და თქვა:

– ლიკვიდირებული იქნება ავსტრო–უნგრეთის, ირანისა და თურქეთის საჯაშუშო რეზიდენტურები და ქსელები. აღიკვეთება – ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, თურქთა პანისლამისტური მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენს დაზვერვას შეემატა თითო გამოცდილი აგენტი ჟენევაში, თეირანში, რომში. სამსახურიდან გადადგება პოლკოვნიკი სახნოვი და გადადგომის ნამდვილი მიზეზი ჩვენ ორის მეტს არავის ეცოდინება. რეორგანიზებულ იქნება ან სრულიად გაუქმდება ხმების გავრცელების სამსახური. დიდი მოღულის ხალიჩა პატრონს დაუბრუნდება და პოლკოენიკ გლებიჩს დაენიშნება ახალი ადიუტანტი. მართალია, ჩემს ნათქვამში ზოგი რამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ეს ვარაუდი ფაქტად უნდა იქცეს, თორემ – თქვენ ჯვარი გწერიათ და, – მე იქნებ, ციმბირშიც ამოვყო თავი, თუ ყარა–ისმაილმა და მოლებმა მეტეხის ციხეშივე არ მოასწრეს ჩემი დახრჩობა! – ზარანდიამ გულიანად გაიცინა.

0
349
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0