x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქისტი ქალის ჰადიშათის სურათზე
image

მე არ მინახავს შენი ღიმილი

არც ხმა მსმენია, არც ატირება

და არც ის ვიცი, ვერცხლის ღილივით,


გულით ვის ტრფიალს დაატარებდი.


ისიც არ ვიცი: რომელ აულის

იყავ მნათობი, ან რომელ ვაჟის

გდევდა ოცნება; - მწირი, ეული

და გეძახოდა, ვით გარიჟრაჟი.


ო, არ გიცნობდი... შენთვის ურჯულოს,

ახლა სიტყვის თქმაც კი მეხათრება.

როცა მღელვარე, ჩუმი ჩურჩულით,

ჩავცქერ სურათზე მე შენს ხატებას.


იქნებ (თან თქმისთვის გული არ მერჩის, -

არ მსურს მჯეროდეს), კარგის საკუთვნო,

ვინმე აბრეკმა მრუმე ღამეში,

მოგიტაცა და დაგისაკუთრა.


2.


დავმკვიდრებულვარ შენს სამშობლოში,

შენგან დაცლილი მიდამო მელტვის;

მაგრამ უშენოდ მერევა თოში,

ვგდივარ, ვითაარ ყანაში ბელტი.


ვარ დაცხრილული ჰაჯი მურატი,

შენი სახმილი მესაფეხურა;

ღამით შენს ნაბიჯს მივაყურადებ, -

მე აქ ვიპოვე შენი სურათი,

იქნებ ეს ჭერი შენაც გეხურა.


როცა მტირალის ტოვებდი ღილღოს,

ალბად გდიოდა ცრემლი ცხრა მილი,

მე ის მდუღარე დღეს ღაწვებს მილბობს

და შენს მაგიერ ვაგრძელებ ტირილს....


როს სამშობლოდან ძალით გაგრეკეს, -

ჩემი რაყიფი ალბათ გაგიჟდა;

ვერ შეელია ამ მთებს აგრე კარგს,

ღამე იფარა, მზეო ჰადიშათ,

და გადავარდა ღილღოს აბრეკად...


ქისტის ასულო, ჩემი რაყიფის,

მე არ მახარებს ბედი ფირალის,

მაგრამ სიყვარულს - ორად გაყოფილს, -

მიჯობს ვხეთქო კლდეებს ფრიალოს...


ოი, ჰადიშათ, მე შენ გეძახი,

ისმინე ჩემი ჩარგა მწირული,

ვით აგებული შუბზე ყაზახი,

მე შენი ეშხით ვარ განწირული...


3.


ახლა სად ხარ?! - როგორ მოგისხლეს,

რტო ქალწულობის ამზევებული...

შემიგრძენ, გიხმობ ძველი მოსისხლე,

მომაქვს სურვილი დამზევებული...


თუ ჩვენს წინაპრებს ჰქონიათ მტრობა, -

რაც სისხლი სისხლით ვერ გადარეცხეს, -

შენ აპატიე ჩემს მაღალ გრძნობას,

მე კი შენს ღიმილ გადავურიცხავ!!!


ქისტის ასულო, ქვეყნის სიძულვილს,

ძუძუამომწვარს ამორძალივით,

დააშრობს ერთი შმაგი მიჯნურის,

ცეცხლოვან გულის ამოძახილი!...


ჰოი, ჰადიშათ, მე შენ გეძახი,

ისმინე ჩემი ჩარგა მწირული,

ვით აგებული შუბზე ყაზახი, -

მე შენი ეშხით ვარ განწირული!!!...


29.04.1945

ღილღო. (ინგუშეთი)

ლექსის ავტორი: გაბრიელ ჯაბუშანური.

ფოტოზე: ინგუში მარემ ბუზურკიევა.



0
377
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0