x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ნეფერტიტი ანუ რატომ უნდა გავუჩინოთ ქმარს ვაჟები
image
1912 წლის 6 დეკემბერს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორხარდტმა აღმოაჩინა ეგვიპტის დედოფალ ნეფერტიტის უნიკალური ბიუსტი. ნეფერტიტი დღემდე ითვლება ქალური სილამაზის და სინატიფის სიმბოლოდ.

"ძნელია სიტყვებით აღწერო მისი სილამაზე. ეს უნდა ნახო საკუთარი თვალით", - წერდა მეცნიერი თავისი აღმოჩენის შესახებ.



image



ბორხარდტი იმ დროს ხელმძღვანელობდა ელ-ამარნში (ეგვიპტის შუა ნაწილი) მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს. სწორედ აქ მდებარეობდა უძველესი ქალაქი ახეტატონი - სახელგანთქმული ფარაონის ამენხოტეპ IV-ის და მისი ცოლის - მშვენიერი ნეფერტიტის დედაქალაქი. ბიუსტი სახით მიწისკენ იწვა სამეფო სკულპტორ თუთმესის სახელოსნოს ნანგრევებში.




image



ბიუსტი სკულპტურულ მოდელს წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის დამზადებულია უშუალოდ დედოფლის სახიდან აღებული თაბაშირის ნიღბის მიხედვით და ძალიან დიდი მსგავსება აქვს ცოცხალ დედოფალთან. შესანიშნავად შემონახულ სკულპტურას მხოლოდ ერთი დანაკლისი ჰქონდა - მას აკლდა მარცხენა თვალი.



image



ნეფერტიტი მეფე ამენხოტეპ IV-ის (მოგვიანებით მას ეხნატონი ეწოდა) მეუღლე გახდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეფის მშობლები - ფარაონი ამენხოტეპ III და მისი ცოლი დედოფალი თეიე ცოცხლები იყვნენ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეგვიპტოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ნეფერტიტი ეგვიპტური წარმოშობის არ იყო, თუმცა მისი სახელი, რაც სიტყვასიტყვით "მოსულ ლამაზმანს" ნიშნავს, სუფთა ეგვიპტურია. უკვე დამტკიცებულია, რომ ნეფერტიტის მშობლები ნამდვილად ეგვიპტელები იყვნენ: მამა გახლდათ მეფის კარისკაცი და საკმაოდ შეძლებული დიდებული ეისე და დედა კი მშვენიერი თიია, რომელიც დედოფალ თეიეს ნათესავი იყო.

თითოეულ ეგვიპტელ ფარაონს უამრავი ცოლი ჰყავდა, თუმცა "მეფის უმაღლეს მეუღლესა" და " მეფის მცირე მეუღლეს" შორის კოლოსალური განსხვავება იყო. ნეფერტიტი, გახდა რა ფარაონის მთავარი ცოლი, მისი სხვა ცოლები დაჩრდილა სილამაზით და გონიერებით. ლეგენდა გვიამბობს, რომ მანამდე ეგვიპტელებს არ ენახათ ასეთი სილამაზე. მას უწოდებდნენ "სრულყოფილ ქმნილებას". ეგვიპტის ყველა კუთხეში აგებულ ტაძარს ამშვენებდა ნეფერტიტის სახე.

თავად ეხნატონი ცოლს "მისი გულის ნავსაყუდელს" უწოდებდა და სურდა, რომ საყვარელ ქალს საუკუნოდ ეცოცხლა. პაპირუსში, რომელშიც ფარაონის ცხოვრებაა აღწერილი, მოთხრობილია, თუ როგორ უყვარდა ცოლ-ქმარს ერთმანეთი და რა იდეალური ოჯახური ცხოვრება ჰქონდათ მათ. ეგვიპტურ ხელოვნებაში კი გაჩნდა ისეთი ნაწარმოებები, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა - სცენები, რომლებიც ცოცხლად წარმოგვიდგენს სამეფო წყვილის გრძნობებს.



image



ახეტატონში აღმოჩენილ ერთ-ერთ რელიეფზე აღბეჭდილია, თუ როგორ ნაზად ეხვევა და კოცნის ეხნატონი ნეფერტიტს. ალბათ ეს არის სიყვარულის პირველი გამოხატვა ხელოვნების ისტორიაში.



image



ბედნიერ წყვილს ერთი პრობლემა ჰქონდა - ნეფერტიტი ერთიმეორის მიყოლებით აჩენდა ბავშვებს, მაგრამ ყველა მათგანი გოგონა იყო, ეხნატონს კი ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ვაჟი, რომელიც ტახტის მემკვიდრე გახდებოდა. ქორწინების 12 წლის თავზე ერთ-ერთი ქალიშვილის- პრინცესა მაკეტატონის გარდაცვალებამ ცოლ-ქმრის ისედაც გაბზარულ ურთიერთობაზე საბედისწეროდ იმოქმედა. ეხნატონმა ნეფერტიტი მიატოვა: ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება და დედოფალი სამუდამოდ ქრება ისტორიული არენადან.



image



ეხნატონის მმართველობის მე-15 წლიდან დაწყებული ნეფერტიტი, თითქოს აორთქლდაო, ისე გაუჩინარდა ყველანაირი ისტორიული წყაროდან - მისი სახელი ფარაონის სახელთან ერთად უკვე არსად აღარაა მოხსენიებული, როგორც ეს მანამდე იყო. უფრო მეტიც: აღმოჩენილია თიხის დაფები იეროგლიფებით, რომლებზეც ეხნატონის გვერდით დაწერილი ნეფერტიტის სახელი გადაშლილია. მოგვიანებით გაჩნდა კიდევ უფრო უცნაური არტეფაქტი - ნეფერტიტის და ეხნატონის ქალიშვილის კირქვის ფიგურა, რომელზეც დედოფლის სახელი განადგურებულია, ხოლო თავად ნეფერტიტის პროფილზე სამეფო გვირგვინი საღებავითაა გადღაბნილი. ეს ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ფარაონის ბრძანებით. როგორც ჩანს, მან შეიძულა ერთ დროს მშვენიერი დედოფალი და ახალი სიყვარული იპოვა.

სწორედ ამ პერიოდიდან ეხნატონის გვერდით ჩნდება მისი ახალი მთავარი ცოლი კიია. სავარაუდოდ, სწორედ კიია იყო დედა პრინცების, სმენხკარის და ტუტანხამონისა, რომლებმაც მოგვიანებით ეხნატონის და ნეფერტიტის ქალიშვილებზე იქორწინეს.



image



ქმრის საძინებლიდან განდევნილმა ნეფერტიტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქალაქგარეთ, მეორეხარისხოვან სასახლეში გაატარა. თუ როგორ ცხოვრობდა ის და როდის ან რით გარდაიცვალა - უცნობია. დედოფლის მუმია ნაპოვნი არაა და არც გარდაცვალების თარიღია მოხსენიებული ჟამთა აღწერაში.

სკულპტორ თუთმესის სახელოსნოში ნაპოვნია კიდევ ერთი ფიგურა, რომელზეც უკვე ხანში შესული ნეფერტიტია გამოკვეთილი. ისევ ის მშვენიერი სახე, თუმცა მას უკვე განვლილი წლების დაღი ასვია.



image



ახალგაზრდობადაკარგული ფიგურა მშვენიერ, ნორჩ ქალიშვილს კი არ ეკუთვნის, არამედ 6 შვილის დედას, თუმცა ჩვენს მეხსიერებაში ნეფერტიტი მუდამ დარჩება სილამაზის, ქალურობის, სინატიფის სიმბოლოდ - ისეთად, როგორსაც ამ ფოტოზე ვხედავთ...

ფრანგმა არქეოლოგებმა სწორედ ასე აღადგინეს ეგვიპტის უმშვენიერესი დედოფლის სახე.


image


თქვენ კი, ქალებო, აუცილებლად გაუჩინეთ ქმარს ვაჟები - ნეფერტიტის სევდიანი ისტორია ჭკუის სასწავლელი კარგი მაგალითია...ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. დღეს უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ ქალს მხოლოდ ქალიშვილები უჩნდება, ამ საქმეში მხოლოდ დედა არაა " დამნაშავე" და ლომის წვლილი მამაკაცსაც მიუძღვის.

3
1303
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1303
  
2018, 21 სექტემბერი, 10:09
თავი ქუდში გვქონია)))))
2018, 21 სექტემბერი, 9:58
მეც, თან ორი :)
2018, 21 სექტემბერი, 9:37
კიდევ კარგი, გავუჩინე))))))))))))))
0 1 3